კახიშვილი ქართველი პატიმრებისთვის პირობების გაუმჯობესებას ითხოვს თურქი კოლეგისგან

კახიშვილი ქართველი პატიმრებისთვის პირობების გაუმჯობესებას ითხოვს თურქი კოლეგისგან

თანხმობის შემთხვევაში, თურქეთის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ერთ ციხეში განთავსდებიან. თურქეთის 36 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს 274 მოქალაქე იმყოფება. აქიდან 121 ქართველი სასჯელს სტამბოლის საპატიმრო დაწესებულებაში იხდის. თურქეთის პენიტენციურ დაწესებულებებში საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულთა სასჯელის მოხდის პირობები იყო სასჯელაღსრულების მინისტრის, კახი კახიშვილის და თურქეთის იუსტიციის მინისტრის, ბექირ ბოზდაღის შეხვედრის მთავარი საკითხი.

აღსანიშნავია, რომ თურქეთის საპატიმრო დაწესბულებებში არსებული მძიმე მდგომარება, ხშირად საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკის საფუძველი ხდება, რადგან პატიმრებს მძიმე მდგომარეობაში უწევთ სასჯელის მოხდა. საქართველოს მოქალაქე პატიმართა უფლებრივი მდგომარეობის და მათი პირობების გაუმჯობესების საკითხები დააყენა კახი კახიშვილმა თურქეთის იუსტიციის მინისტრთან.

სასჯელაღსრულების მინისტრმა, იუსტიციის მინისტრს საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულთა ერთ დაწესებულებაში განთავსება, მათი ქართულენოვანი არხებით უზრუნველყოფა, ქართული მხარის მიერ თურქეთის პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკებისთვის ქართულენოვანი ლიტერატურის მიწოდების საშუალება, ასევე, ქართველ მსჯავრდებულთათვის სამლოცველო ოთახის გამოყოფა და დღესასწაულებზე შესაბამისი კვების რაციონით უზრუნველყოფა სთხოვა.

გარდა ამისა, განხილვის თემა იყო თურქეთის საპატიმრო დაწესებულებებიდან გათავისუფლებული საქართველოს მოქალაქე პრობაციონერების საკითხიც. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც არც დეპორტაციას ექვემდებარებიან და გარკვეული პერიოდი აკრძალული აქვთ თურქეთის ტერიტორიის დატოვება, რის გამოც ფინანსური და ყოფითი პრობლემები ექმნებათ. ისინი ვალდებულნი არიან აიღონ ბინადრობის ნებართვები, რაც სირთულეებთან არის დაკავშირებული.

თურქეთის იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულთა თანხმობის შემთხვევაში, მათ ერთ დაწესებულებაში განათავსებენ, ასევე, უზრუნველყოფენ ქართულენოვანი არხებით. რაც შეეხება პრობაციონერთა და გასაჩივრების საკითხებს, ბექირ ბოზდაღის თქმით, ამ მიმართულებით საკანონმდებლო რეგულირების პროცესი და რეფორმა უკვე დაწყებულია.

აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ მოგვარებულია საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი თურქი მსჯავრდებულების პრობლემები. კერძოდ, საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში თურქეთის 93 მოქალაქე იხდის სასჯელს. ისინი უზრუნველყოფილი არიან თურქულენოვანი არხებით, გამოყოფილია სპეციალური სამლოცველო ოთახები, სადაც ლოცვის და რიტუალების ჩატარების საშუალება აქვთ.

გარდა ამისა, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა აქვთ შეხვდნენ სასულიერო პირს. მათთვის ხელმისაწვდომია კვების სპეციალური რაციონი მარხვისა და დღესასწაულების პერიოდში. თურქ პატიმრებს აქვთ ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალება, საქართველოს პენიტენციურ სისტემებში არსებულ ბიბლიოთეკებში ხელმისაწვდომია თურქულენოვანი ლიტერატურაც.

ექსპერტი საერთაშორისო სამართლის საკითხებში, ლია მუხაშავრია აცხადებს, რომ პატიმრისთვის მნიშვნელოვანია, რომ მისი აღმსარებლობის შესაბამისი ლოცვის და საეკლესიო, თუ რელიგიური რიტუალის ჩატარების შესაძლებლობა ჰქონდეს. მისი თქმით, ევროსაბჭოს სტანდარტები ითავალისწინებს ამ საკითხების მოგვარებას, როგორც სავალდებულო პირობას, რომ ადმინისტრაციამ უზრუნველყოს პატიმრისთვის მისი აღმსარებლობის შესაბამისად ლოცვის თუ რელიგიური რიტუალი ჩატარების შესაძლებლობა.

„როგორც წესი, მთელს მსოფლიოში ციხის ადმინისტრაცია ხელს უწყობს პატიმარს, რომ ჰქონდეს ლოცვის და რელიგიური რიტუალის ჩატარების შესაძლებლობა. საქართველში ეს საკითხი მოგვარებულია. მუსლიმ პატიმრებს ცალკე ანთავსებენ, მათთან მიდის მათი რელიგიური მოძღვარი.

ძალიან კარგია, თუკი, ანალოგიური სტანდარტი იქნება თურქეთშიც, ერთად განთავსდებიან ქართველი პატიმრები და რაც მთავარია, მათ ექნებათ რელიგიური რიტუალის ჩატარების საშუალება.

მოგეხსენებათ, რომ თურქეთი ისლამური სახელმწიფოა და იქ მართლმადიდებლური რელიგიური წეს-ჩვეულების ჩატარება პრაქტიკულად შეუძლებელია. ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ლია მუხაშავრია.

იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, იურისტი დავით ჯანდიერი ამბობს, რომ ხელისუფლების კონსტიტუციური მოვალეობაა საკუთარ მოქალაქეებს ზრუნვა და მათ შორის პატიმართა უფლებებზე.

„ვერ ვიტყვით, რომ ერთ საპატიმრო დაწესებულებაში განთავსებით შეიძლება პრობლემის მოგვარება, ვინადან, პარტიმრების პირობები უკავშირდება მათ საპატიმრო პირობებს და ყოველდღიურ ყოფას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. თუმცა, ის, რომ ქართველ პატიმრებს შესაძლებლობა მიეცემათ საკუთარ თანამემამულეებთან ერთად ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ მოიხადონ სასჯელი და რაც მთავარია, ჰქონდეთ ლოცვის საშულაება, ეს მათ მდგომარეობას შეამსუბუქებს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია საქართველოს ხელისუფლების ეს ნაბიჯი“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას დავით ჯანდიერმა.

იურისტი ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ სურვილების გაჟღერება არ ნიშნავს, რომ საკითხი გადაწყდა. რადგან, მისი თქმით, როდესაც საკითხი სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს შეეხება, ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების სუვერენული უფლება ამავე სახელმწიფოს ხელშია.

„მნიშვნელოვანია მინისტრის მხრიდან ამ საკითხის დაყენება, მაგრამ ჯერჯერობით საკითხი გადაწყვეტილი არ არის. ამიტომ მიმაჩნია, რომ არ შეიძლება ამ საკითხების ისე წარმოჩენა, რომ საკითხი მოგვარდა, რადგან, ეს თავისთავად გააჩენს არასწორ მოლოდინებს“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ლევან ალაფიშვილი.