„გამორიცხული არ არის, უწმინდესის კეთილი ნება გამოიყენონ და პილატე პონტოელივით ხელები მას შეახოცონ“

„გამორიცხული არ არის, უწმინდესის კეთილი ნება გამოიყენონ და პილატე პონტოელივით ხელები მას შეახოცონ“

„მე თვითონ ვიყავი იმ თეატრში, ვესწრებოდი სპექტაკლს პატიმარი ქალების მონაწილეობით, სადაც პატრიარქმა პატიმრების შეწყალებაზე ისაუბრა. უნდა ვაღიარო, ძალზე ამაღელვებელი სცენა იყო“, - ამ სიტყვებით დაიწყო For.ge-სთან საუბარი „ყოფილი პატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა ნანა კაკაბაძემ და განსაკუთრებით ის სასცენო ეტიუდი გამოყო, როცა ერთი პატიმარი ქალი თამაშობდა დედის როლს, მეორე პატიმარი ქალი კი - შვილის როლს. ეს იყო ძალზე მძაფრი სცენა, სადაც გამოკვეთილად ჩანდა დედობის სურვილი - დედა, რომელიც შვილს იყო მოწყვეტილი და შვილი, რომელსაც ოჯახი და დედა ენატრებოდა.

ნანა კაკაბაძის თქმით, ასევე, ამაღელვებელი იყო, როდესაც პატიმარმა ქალბატონებმა იგალობეს პატრიარქის საგალობელი „დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან, უფალო“...

და, ეს იყო მომენტი, როდესაც დარბაზში თითქმის არ დარჩენილა ადამიანი, ცრემლი არ მოსდგომოდა თვალზე და არ ეტირა ამ სცენის შემხედვარეს. შესაბამისად, პატრიარქს აბსოლუტურად ბუნებრივი რეაქცია გაუჩნდა და სპექტაკლის დამთავრებისას თქვა კიდეც, რა მოხდებოდა, მეც მქონოდა შეწყალების უფლებაო. უწმინდესს უნდოდა, ეს გოგონები გაეთავისუფლებინა პატიმრობიდან და ეს იყო ჰუმანური, ადამიანური, სწორედ პატრიარქისთვის დამახასიათებელი რეაქცია. თუმცა ცალკეულმა ადამიანებმა პატრიარქს ვერ გაუგეს. მის მიერ პატიმრების შეწყალების სურვილშიც შორსმიმავალი „ზრახვები“ დაინახეს და, როგორც სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზმა პეტრე (კვარაცხელიამ) მართებულად შენიშნა, გამორიცხული არ არის, „უწმინდესის კეთილი ნება გამოიყენონ და პილატე პონტოელივით ხელები მას შეახოცონ“. 

ზოგიერთებმა პატრიარქის ამ სურვილში თეოკრატიული სახელმწიფოსკენ სწრაფვის ელემენტი დაინახეს. განსაკუთრებით, გააქტიურდნენ რესპუბლიკელები. მათ საქართველოს ისტორია მოიშველიეს და განმარტეს, სასულიერო პირებმა ზედმეტი უფლებების მოპოვება რომ დააპირეს დავით აღმაშენებლის დროს, დავითმა რუის-ურბნისის კრება მოუწყოო.

თუმცა რესპუბლიკელებს რატომღაც გამორჩათ, რომ სწორედ თავის სულიერ მოძღვარს - გიორგი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელს ეკითხებოდა რჩევებს დავით აღმაშენებელი და ყოველ ორშაბათს „სააჯო კარი“ იმართებოდა, რომელსაც მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი წარმართავდა და მასზე სისხლის სამართლებრივი თუ სამოქალაქო საჩივრები იხილებოდა.

როგორც წესი, შეწყალების კომისია ისეთი ადამიანებით უნდა იყოს დაკომპლექტებული, რომელთა მიმართაც საზოგადოებაში კითხვები ნაკლებია. თუ გავითვალისწინებთ, რომ თვით NDI-ის გამოკითხვამაც ვერ მიჩქმალა, რომ ჩვენს საზოგადოებაში პატრიარქის ნდობა ყველაზე მაღალია, მაშინ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ პატრიარქმა ცალკეული მსჯავრდებულების შეწყალება მოინდომა.

პატიმართა საქმეებში პატრიარქის ჩარევის აუცილებლობა განსაკუთრებულად იდგა ყოფილი ხელისუფლების პირობებში. იმ დროს იყო შემთხვევები, როცა უწმინდესმა ცალკეული პოლიტპატიმრების თუ სინდისის პატიმრების შეწყალების თხოვნით მიმართა პრეზიდენტ სააკაშვილს, მაგრამ ამ უკანასკნელს უწმინდესის თხოვნა არ ესმოდა. არადა, შესაძლოა, ბევრი ადამიანი გადარჩენილიყო, სერგო თეთრაძიდან დაწყებული...

იმ დროს უსამართლოდ მოხვდნენ ციხეში მართლმადიდებელი ბიჭები, რომლებსაც სიტყვებისთვის „ნუ შემიგინებთ ღვთისმშობელს“, 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. იმ დროს მძევლად აღმოჩნდა ნორა კვიციანი და სხვები, რომელთა პატიმრულ ცხოვრებაზეც განსაკუთრებული კვალი დატოვა პატრიარქის ზრუნვამ.

მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტსა და პარლამენტს მიმართა, იმსჯელონ პატრიარქისთვის პატიმრების შეწყალების უფლების მინიჭების საკითხზე, ამან ცალკეულ ადამიანთა რიტორიკა კიდევ უფრო გაამკაცრა. გაჩნდა ეჭვები, „ამ ინიციატივის შემდეგ ყველა ხომ არ მივიდოდა ეკლესიაში საქმეების ჩასაწყობად“?! ამის საწინააღმდეგოდ, გავრცელდა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრ ირმა ინაშვილის მოსაზრება,
„თუ ზვიად ქორიძეს აქვს შესაწყალებელთა სიის წარდგენის უფლება, პატრიარქს რატომ არ უნდა ჰქონდეს ეს უფლება?!“ ასეთივე პოზიცია გამოხატა ლუკა კურტანიძემაც - „თუ ზვიად ქორიძეს აქვს შეწყალების უფლება, პატრიარქსაც შეიძლება სახელმწიფოს დახმარების სურვილი ჰქონდეს“.

უნდა ჰქონდეს თუ არა პატრიარქს ცალკეული ადამიანების შეწყალების უფლება?! ამის შესახებ ჩვენს რესპონდენტთა პოზიციები განსხვავებულია.

„სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ წევრი რატი მაისურაძე ერთ-ერი მათგანია, რომელიც ყოფილმა ხელისუფლებამ მას შემდეგ დააკავა, რაც ამერიკის მაშინდელმა ელჩმა ჯონ ბასმა ტელეკომპანია „კავკასიაში“ მომხდარი ინციდენტის სასწრაფოდ გამოძიება მოითხოვა. რატი მაისურაძეს, სხვა სინდისის პატიმრებთან ერთად, შეეძლო, ციხის კედლებიდან თავი დაეღწია, თუკი არჩადენილ დანაშაულს „აღიარებდა“, მაგრამ მან მაშინვე აღნიშნა, საქართველო ციხედ იქცა და რა მნიშვნელობა აქვს, რომელ ციხეში ვიჯდებიო. თუმცა ნამდვილ საპყრობილეშიც რატი მაისურაძემ ჩეჩენი მუსლიმანი ქრისტიანულად მონათლა. მართალია, მართლმადიდებელ ბიჭებს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას თავიდანვე სთავაზობდა, მაგრამ განსასჯელებმა უარი განაცხადეს, ცილისწამება დიდი ცოდვაა და საკუთარ თავს ცილს ვერ დავწამებთო, ხოლო, როდესაც განაჩენს უცხადებდნენ, ისინი გალობით ეგებებოდნენ უსამართლობის ზეიმს. იყო მოლოდინი, რომ სააკაშვილი რელიგიურ დღესასწაულებზე მაინც შეიწყალებდა რწმენის პატიმრებს, მაგრამ სააკაშვილი ამ ნაბიჯის გადადგმას არ ჩქარობდა.

დღეს ყოფილი პოლიტპატიმარი რატი მაისურაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ პატრიარქის ყოველ ინიციატივას, როგორც წესი, იწუნებენ სოროსის ფონდისგან, ასევე, უცხოური ორგანიზაციებისგან დაფინანსებული ორგანიზაციები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ჩვენს ეკლესიას და, რომელთაც სურთ, დააკანონონ ყოველგვარი უზნეობა ჩვენს ქვეყანაში.

„რასაკვირველია, პატრიარქს უნდა ჰქონდეს იმ ადამიანების შეწყალების უფლება, რომელთა შესახებაც ეკლესია მიიჩნევს, რომ ისინი საზოგადოებასთან და ეკლესიასთან ურთიერთობით უფრო გამოსწორდებიან, ვიდრე ციხეში ჯდომით. ციხეში ძალიან ბევრი ადამიანი მინახავს, რომელთაც სინანულის გრძნობა აქვთ, მათ მძიმე დანაშაული არ ჩაუდენიათ, მაგრამ იქიდან გამოსულები საზოგადოებასთან რეაბილიტირებას ვერ ახდენენ. სხვათა შორის, შეწყალების განცხადება არ დამიწერია, მე არავის შეწყალება არ მჭირდებოდა, რადგან იმ დანაშაულზე, რაც არ ჩამიდენია, როგორ მოვითხოვდი პატიებას?! თუმცა პატრიარქმა პრეზიდენტს ჩვენი გამოშვების თაობაზე რამდენჯერმე სთხოვა, რაც მან არ გაითვალისწინა. უწმინდესის ძალისხმევით, სიძნელეებს ვუმკლავდებოდით. დიდი იმედი მოგვეცა, როდესაც პატრიარქი ციხეში გვესტუმრა და, ჩვენთან ერთად, სხვა პატიმრებსაც უამრავი საჩუქარი მიუტანა. მერწმუნეთ, თითოეულ იქ მჯდომ პატიმარს დღემდე აქვს ეკლესიისა და პატრიარქის იმედი, ერთადერთ ხსნას ისინი ლოცვაში ხედავენ და გამუდმებით წმინდა წერილებს კითხულობენ. პირადად მე 90% ასეთი ადამიანი შემხვდა“, - აღნიშნა რატი მაისურაძემ და პატრიარქის ადრინდელ ინიციატივასაც გამოეხმაურა, როცა უწმინდესმა სასაზღვრო ზოლში პატიმრების ჩასახლების სურვილი გამოთქვა. საუბარია ჯავახეთზე, კახეთის საზღვრისპირა რეგიონებზე, რაც ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.

„მავანის მოსაზრება, თითქოს ზოგიერთები შეეცდებიან, ეკლესიაში მივიდნენ და სასულიერო პირებთან ჩააწყონ საქმე, არასწორად მიმაჩნია. ამის დამცავი მექანიზმები არსებობს და ასე ზედაპირულად არ იქნება. პატიმართა შეწყალებაზე სერიოზული ჯგუფები იმუშავებენ, სერიოზული კვლევები ჩატარდება და ამის შემდეგ იქნება მეუფეების, მამების რეკომენდაციები. კონკრეტული საბჭო შეისწავლის ამ ადამიანების საქმეებს, თორემ, ცხადია, ერთი ხელის მოსმით არ შეიძლება პატიმრების შეწყალება“.

წმინდა მარინეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მამა დავით ისაკაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, თუ რა იგულისხმა პატრიარქმა პატიმრების შეწყალების საქმეში, კონკრეტულად არ ჩანს დეტალები, უწმინდესი შესაწყალებელთა სიის გადაცემას ითხოვდა თუ სხვა საკითხებს, მაგრამ ერთი რამ ცხადია, თუკი პრეზიდენტს ენიჭება პატიმართა შეწყალების უფლება, მაშინ რატომ არ უნდა ჰქონდეს ეს უფლება პატრიარქს?!

„კონკრეტულად ამ პრეზიდენტს, რომლის ნდობის ხარისხიც ნული მთელი ასი მეასედი შეიძლება იყოს, აქვს პატიმრების შეწყალების უფლება. მაშინ გაუგებარია, უდიდესი ნდობის მქონე პატრიარქს რატომ არ უნდა ჰქონდეს იმის უფლება, რომ პარლამენტის ან ამა თუ იმ უწყების წინაშე კონკრეტული პიროვნების შეწყალების საკითხი დააყენოს?! მაგალითად, ცნობილია, რომ შესაწყალებელთა სიის წარდგენის უფლება აქვს ზვიად ქორიძეს, ადამიანს, რომელსაც აქვს თავისი კონკრეტული მიზნები ეკლესიასთან და ეროვნულობასთან ბრძოლის თვალსაზრისით. ამ ფონზე პატრიარქის ინიციატივას რატომ ებრძვიან?!“

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, მართალია, პატრიარქის ბუნებრივ რეაქციას გამრუდებული ადამიანების შეფასებები მოჰყვა, მაგრამ უწმინდესს ჩვეულებრივი ხედვის გარდა, სხვა ხედვის უნარიც გააჩნია. ამიტომ პატიმრებთან დაკავშირებით პატრიარქის კარგი ინიციატივები ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს.

„მე ვფიქრობ, პატრიარქის ასეთი რეკომენდაცია გათვალისწინებული უნდა იყოს პრეზიდენტის მხრიდან და პატრიარქის სიტყვა საკმარისი უნდა იყოს, რომ ცალკეულ ადამიანს შეეხოს შეწყალება. მაგრამ ის, რომ თვითონ საპატრიარქო და პატრიარქი ახორციელებდეს შეწყალებას, შორსაა რეალობისგან. წარმოიდგინეთ, არსებობს კი ისეთი ადამიანი, ვისაც პატრიარქი უარს ეტყოდა გათავისუფლებაზე, მას რომ საამისო ბერკეტები ჰქონოდა? ის სიყვარული, ჰუმანიზმი, რაც უწმინდესს გააჩნია, განაპირობებდა იმას, რომ გათავისუფლებაზე ყველას თანხმობას ეტყოდა იმ იმედით, რომ გათავისუფლებული ადამიანებისთვის წუთიერი შეცდომის შემდეგ გამოსწორების შანსი მიეცა. თვითონ პატრიარქი, ალბათ, არ უნდა ახორციელებდეს შეწყალებებს, არა მგონია, ეს მიზანშეწონილი იყოს სახელმწიფოსა და პატრიარქისთვის, რადგან მთელი საქართველო მას მიაწყდება და ის სხვა ფუნქციის შესრულებას ვეღარ შეძლებს, მათ შორის, ვერ შეძლებს წირვა-ლოცვის ჩატარებას“, - აცხადებს ნანა კაკაბაძე.