მოსკოვი უკვე ღიად ლაპარაკობს ურთიერთობების გამწვავებაზე არა მხოლოდ თურქეთთან, არამედ ნატოსთანაც. რამდენჯერმე ჩაშლილი რუსულ-თურქული მოლაპარაკებების ფონზე ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, რუსეთი შეეცადოს შური იძიოს თურქეთზე, რასაც სავარაუდოდ, ვითარების გამწვავება მოჰყევბა.
მრავალი შესაძლო სცენარი განიხილება და მოვლენათა განვითარების შესაძლო ვერსიებზე მსჯელობაც არ წყდება. სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში ანალიტიკოსები უკვე კავკასიაშიც პროგნოზირებენ საომარი კერების გააქტიურებას.
რამდენად მისცემს დასავლეთი რუსეთს საკუთარი შორსმიმავალი, ამბიციური გეგმების განხორციელების საშუალებას ამ თემაზე ექსპერტი, ვახტანგ მაისაია გვესაუბრება.
ბატონო ვახტანგ, ცნობილი გახდა, რომ სირიის კონფლიქტში კიდევ ერთი ევროპული სახელმწიფო ჩაერთვება,- საუბარია გერმანიაზე, რომელიც თურეთში, ნატოს ბაზაზე განალაგებს თავის სამხედრო ტექნიკას. ეს ცვლის ძალთა ბალანსს, რომელიც არსებობს ამჟამად ახლო აღმოსავლეთში?
- გერმანიის ჩართვა მხოლოდ სიმბოლური ჟესტია, რადგან კონსტიტუციის მიხედვით გერმანელ ჯარისკაცებს ეკრძალებათ საბრძოლო მოქმედებებში ჩართვა, ანუ ეს არ იქნება ქმედებები, რომელსაც განახორციელებს ბრიტანეთი, ამერიკა, საფრანგეთი ან რუსეთის ფედერაცია, მაგრამ ეს არის ჟესტი, რომლითაც გერმანია თავის მონაწილეობას აფიქსირებს.
თუმცა ეს თვისობრივად არ ცვლის სურათს კონფლიქტში ძალთა განლაგებაში, ასევე ნაადრევია პროგნოზირება, რამდენად შეიკვრებიან ნატოს წევრი ევროპული ქვეყნები ერთ კოალიციად, რადგან ამ ეტაპზე ეს სახელმწიფოები დამოუკიდებელ მოთამაშეებად არიან წარმოდგენილნი, იმის მიუხედავად, რომ საერთო ამოცანაა.
ანუ გამოდის, რომ ჯერ კიდევ არ არის ცხადი, რამდენ ხანს გასტანს კონფლიქტი ან ვინ გაატარებს სირიაში საკუთარ პოლიტიკას ომის შემდეგ?
- მართალია, ამერიკის ეგიდით ჩამოყალიბდა ანტიხალიფატური კოალიცია, მაგრამ ყველა სახელმწიფო მაინც საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. ისიც საკითხავია, რამდენად მოახერხებს საფრანგეთი თავის გარშემო კოალიციის შექმნას.
სირიის კონფლიქტში უშუალოდ მხოლოდ რუსეთი და თურქეთი არიან ჩარეული და სავარაუდოდ, ცივი ომი, რომელიც არის დასავლეთსა და რუსეთს შორის უშუალოდ აისახება თვითონ სირიის კონფლიქტში. რაც მთავარია, დასავლეთშიც არ არის ერთიანი მიდგომა ამ პრობლემის გადაჭრისადმი - ანუ ყველა ყველას წინააღმდეგია და ყველას საკუთარი ინტერესი აქვს...
რაც შეეხება იმას, თუ ვინ გაატარებს თავის პოლიტიკას, რუსეთი თუ დასავლეთი, ესეც არ არის გამოკვეთილი და უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული. გადავხედოთ რა სიტუაციაა - უკვე რამდენჯერმე ჩაიშალა რუსეთ-თურქეთის მოლაპარაკებები და მხარეები გადადიან საშიშ რიტორიკაზე; პრინციპში, ამას რიტორიკაც აღარ ჰქვია, უკვე საომარ მოქმედებებზეა საუბარი. ფაქტობრივად, ფარული მობილიზაციაა გამოცხადებული და ულტიმატუმის ენაზეა საუბარი. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ამ ყველაფრის გაგრძელება იყოს შეიარაღებული კონფლიქტი როგორც სირიაში, ასევე კავკასიაში. არ ვამბობ, რომ აუცილებლად ეს სცენარი განვითარდება, მაგრამ ალბათობა უკვე საკმაოდ მაღალია.
როდესაც სამხედრო პოტენციალის ფარულ მობილიზაციაზე მიდგა საქმე, როდესაც სამხედრო „მუსკულების დემონსტრირებას“ იწყებენ, ეს ნიშნავს, რომ მხარეები მზად არიან საბრძოლველად.
გავიხსენოთ პუტინის ერთ-ერთი ბოლო განცხადება, რომელიც მან სათათბიროს წინაშე გააკეთა - საუბარი იყო იმაზე, რომ მათ კარგად იციან, როგორ უნდა მოექცნენ თურქეთს და ზომები მიღბულია. ეს პირდაპირი მინიშნებაა, რომ რუსეთს შეუძლია წავიდეს ომის გზით თურქეთისკენ. პლუს, ისლამური სახელმწიფო რა „სიურპრიზებს“ გადმოისვრის, ესეც საკითხავია. არ არის გამორიცხული, ცენტრალური აზიის მიმართულებითაც დაიწყოს სერიოზული ქმედებები.
გასაგებია, რომ რუსეთის ინტერესში არ შედის მოლაპარაკებები თურქეთთან, მაგრამ ისიც საინტერესოა, იმ ფონზე, რომელიც უკრაინის შემდეგ შეიქმნა, რუსეთს რაში აწყობს კიდევ ახალი ომი?
- საომარი მოქმედებები ხაზს გაუსვამს რუსეთის დომინანტ როლს პოსტსაბჭოთა სივრცეში, ასევე, მოსახლეობის მობილიზაციისა და საკუთარი რეჟიმის გახანგრძლივებისთვისაც ეფექტური საშუალებაა. გარდა ამისა, როდესაც მოხდება რიტორიკის მობილიზება სამხედრო მიზნებისათვის, ეს კიდევ უფრო მოახდენს ეკონომიკური სანქციების ეფექტის შემცირებას თვითონ რუსეთის შიგნით. პარადოქსია, მაგრამ რუსეთში სახელმწიფოებრივი კონსოლიდაციისთვის ომი საკმაოდ ეფექტური საშუალებაა.
თქვენ ახსენეთ შეიარაღებული კონფლიქტის საფრთხე კავკასიაში, ჩრდილოეთ კავკასიაზეა საუბარი?
- რასაკვირველია, ისლამური ხალიფატის გააქტიურების გამო ასეთი რისკები არსებობს ჩრდილოეთ კავკასიშიც, მაგრამ საუბარია სამხრეთ კავკასიაზე, ვგულისხმობ სომხეთ-თურქეთის საზღვარს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გააქტიურებას, ასევე - სხვა ტიპის კონფლიქტების გაჩენას საზღვრისპირა ტერიტორიებზე.
გასულ კვირას ყარაბაღში უკვე მოხდა მსგავსი პრეცენდენტი. ასევე ცნობილია, რომ სომხეთ-თურქეთის საზღვარზე რუსული სამხედრო ძალების მიერ კონტროლის გაძლიერება მიმდინარეობს. გარდა ამისა, რუსულ მედიაში დიდი ხანია, აქტიურად განიხილება, რა მარშრუტით შეიძლება გადაისროლოს რუსეთმა თავისი სამხედრო პოტენციალი თურეთისკენ და სერიოზულად განიხილება საქართველოს ტერიტორიის გამოყენების შესაძლებლობაც...
- სამწუხარო რეალობა ისაა, რომ საქართველოს ტეროტორიის გამოყენების ალბათობა საკმაოდ მაღალია. უბრალოდ, გადახედეთ, როგორ გაიზარდა რუსული „რბილი ძალა“ როგორც ქართულ მედიაში, ასევე საზოგადოებრივ და პოლიტიკურ დონეზე. ვწუხვარ, რომ ეს უკვე აშკარად იგრძნობა ტელესივრცეშიც და მგონია, რომ არჩევნების წყალგამყოფი შეიძლება გახდეს საგარეო პოლიტიკა - ანუ ძალთა ჭიდილი მოხდეს საგარეო ვექტორის გათვალისწინებით.