მთიანი ყარაბაღის ზონაში ვითარება დაიძაბა. დაპირისპირებულ მხარეებს შორის მორიგ შეიარაღებულ დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა. კონფლიქტის ესკალაციის ფონზე გაიმართება აზერბაიჯანის და სომხეთის პრეზიდენტების შეხვდრა. კონფლიქტის ზონაში დაპირისპირებას წინ უძღოდა თურქეთის პრემიერ-მინისტრის, აჰმეთ დავუთოღლუს განცხადება, რომ მთიან ყარაბაღში კონფლიქტის დასარეგულირებლად და რეგიონში მშვიდობის მისაღწევად, საჭიროა ოკუპირებული აზერბაიჯანული მიწების სრული გათავისუფლება. დავუთოღლუმ მოუწოდა სომხეთს, გაათავისუფლოს მიწები, რომელიც მას არ ეკუთვნის.
მიდის თუ არა პროცესები იმ კონდიციამდე, რომ გაიხსნას მესამე ფრონტის ხაზი და რა რეაქცია შეიძლება მოჰყვეს დავუთოღლუს განცხადებას თურქეთში, სადაც ძალიან ბევრი სომეხი ცხოვრობს? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
დავუთოღლუს განცხადებიდან რამდენიმე საათში ვითარება დაიძაბა მთიანი ყარაბაღის ზონაში. დაძაბული თურქულ-რუსული ურთიერთობის ფონზე, პრემიერის გზავნილის „სომხეთმა უნდა გაათავისუფლოს მიწები, რომელიც მას არ ეკუთვნის“ - ადრესატი არის სომხეთი, თუ რუსეთი, რომელიც ამ შემთხვევაშიც არის კონფლიქტის ერთ-ერთი მხარე?
- რასაკვირველია, რომ ეს არის რუსეთის საყურადღებოდ გაკეთებული განცხადება, რომელიც მიუთითებს იმაზე, თუ რა პოზიციის დაკავებას იწყებს ამ კონფლიქტის შემთხვევაში თურქეთი.
ამ განცხადებით თურქეთმა რუსეთს აგრძნობინა, რომ კიდევ ერთ საკითხში იქნება მწვავე დაპირისპირება მათ შორის?
- რა თქმა უნდა. იმის მიუხედავად, რომ პუტინი უფრო ომახიანი იყო და ფაქტობრივად, გაამწვავა დაპირისპირების თემა და უკომპრომისო იყო, მისი პოზიციები საკმაოდ სუსტია. თურქეთი არის ნატოს წევრი ქვეყანა და თუკი დაპირისპირება მოხდა, ამ დაპირისპირებაში თურქეთი მარტო არ იქნება.
გამოჩნდა კიდევაც, რომ ამ დაპირისპირებაში თურქეთი მარტო არ არის. ალიანსი წევრი ქვეყნები აცხადებენ, რომ ისინი მხარს უჭერენ თურქეთს, რაც ერთგვარი სიგნალია ალბათ, რუსეთისთვის...
- ასეთივე სიგნალია რუსეთისთვის, რომ მისი ბრალდება, თითქოს თურქეთი ნავთობს „ისლამური სახელმწიფოსგან“ ყიდულობს, მყარ საფუძვლებს არ ეყრდნობა. ვნახეთ ქურთისტანის რეაქცია, რომ ეს ჩვენი სატრანპორტო საშუალება იყო და რატომღაც თურქეთს მიაწერესო. ანუ, სხვადასხვა საკითხებში ნელ-ნელა წყალი უდგება რუსეთის პოზიციებს. გარდა ამისა, რუსეთს ორი ომი აქვს წამოწყებული, თუ მესამე დაპირისპირებამაც სამხედრო კონფლიქტის სახე მიიღო, ეს რუსეთის ეკონომიკისთვის კიდევ უფრო მეტი ტვრითი იქნება და საერთოდ, რუსეთი ეკონომიურად ვერ გაუძლებს ამ პროცესს.
პროცესები მიდის იმ კონდიციამდე, რომ გაიხსნას მესამე ფრონტის ხაზი?
- არც იმას ველოდით, რომ რუსეთი, როგორც თვითონ იძახდა თავის სისხლს და ხორცს - უკრაინას გადაიმტერებდა. ყველაფერს ელოდა ანალიტიკური საზოგადოება, გარდა ამ დაპირისპირებისა, თვითონ რუსული საზოგადოებისთვისაც მოულოდნელი იყო, მაგრამ ვნახეთ, რომ ასეთ მოულოდნელ ნაბიჯზე წავიდა პუტინი. უშუალოდ პუტინის ხასიათისა და მისი მართვის სტილის გამოხატულება იყო კონფლიქტზე წასვლა. მე მგონია, რომ პუტინი წამსვლელია ახალ კონფლიქტზე. უკან დასახევ გზებს რომ იჭრის ადამიანი, სწორედ, რომ ანალოგიურ ნაბიჯებს დგამს რუსეთის პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფო მოღვაწე. მისი ქვეყნისთვის უკან დასახევი გზები ნელ-ნელა მცირდება.
თურქეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კონფლიქტის დარეგულირების საკითხში თურქეთი აზერბაიჯანს დახმარებას ყოველთვის გაუწევს. ტერიტორიების სრულ გათავისუფლებამდე თურქეთი აზერბაიჯანის გვერდით იქნება, დამეთანხმებით, რომ საკმაოდ ხმამაღალი განცხადებაა, რა რეაქცია შეიძლება მოჰყვეს დავუთოღლუს განცხადებას თურქეთში, სადაც ძალიან ბევრი სომეხი ცხოვრობს?
- ნაკლებად მოსალოდნელია მეორე გენოციდი. უბრალოდ იმიტომ, რომ მსოფლიო არის სხვანაირი და არა იმიტომ, რომ თურქებს სიმპათიები აქვთ სომხების მიმართ. ევროპის კარებთან არის მიმდგარი თურქეთი და ახალა ისეთი ნაბიჯს არ გადადგამს, რომელიც შუა საუკუნეებისკენ დააბრუნებს თურქეთს. ამ კონფლიქტში წამყვანი თემა თურქულ-რუსული ურთიერთობაა, სომხეთის ინტერესებს, როგორც წიწილას ისე მიაკლავენ ამ თემას. მით უმეტეს, რომ თურქეთი და აზერბაიჯანი პარტნიორები არიან. საერთოდ, რუსულ-თურქულმა ურთიერთობებმა და დღევანდელმა მდგომარეობამაც შეიძლება გავლენა მოხდინოს აფხაზეთზეც.
რა თვალსაზრისით?
- იმდენად, რამდენადაც ოკუპირებული აფხაზეთი ამ სახელმწიფოებთან პარტნიორობაზეა დაყრდნობილი. თუ ამ ორმა საყრდენმა ერთმანეთთან ომი დაიწყო, რა თქმა უნდა, აფხაზეთი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. მით უმეტეს, რომ ყარაბაღთან მას თავისი ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობები აქვს - არაღიარებული ქვეყნების სოლიდარობა აკავშირებთ.
თუ თურქეთმა მძაფრი პოზიცია დაიკავა ყარაბაღის მიმართულებით, ეს ნიშნავს, რომ აფხაზეთთან მიმართებაშიც იგივე პოზიცია უკავია. თურქეთის ასეთი პოზიცია აფხაზეთისთვის დისკომფორტის შემქმნელია. ბევრი პრობლემური საკითხები წამოიჭრება, თუკი პროცესები ისე განვითარდება, როგორც დღეს არის.
გარდა იმისა, რომ მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში, არის მუქარებიც. ფაქტია, რომ სირიის მიმართულებით რუსეთ-თურქეთის პოზიცია თანხვედრაში არ არის. პრაქტიკულად, სირიის ფრონტზე რუსეთი მარტო დარჩა, ამ ფონზე შესაძლებელია, რომ რუსეთმა პროცესი გაამწვავოს ყარაბაღის მიმართულებით?
- არ მგონია, რომ ყარაბაღის თემის წამოწევა ხელსაყრელი იყოს რუსეთისთვის, რომელსაც თავისი გასაჭირი აქვს. რიხიანი განცხადებები გასაკვირი არ არის, მაგრამ თუკი ეკონომიკის თვალით შევხედავთ, რუსეთი ყველაზე უფრო ნაკლებად არის მზად ახალი პრობლემის გაჩენისთვის.
თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ ყარაბაღის თემის წინ წამოწევა აწყობდებს რიგ ქვეყნებს და არიან ასეთები, რომელთაც რაც შეიძლება მეტ კონფლიქტში სურთ რუსეთის ჩართვა, რათა საომარ მოქმედებებში მისი ეკონომიკა კიდევ უფრო დაასუსტონ.
ამ შემთხვევაში ყარაბაღის კონფლიქტს ის თავისებურება აქვს, რომ ნატოს ფრთის ქვეშ მყოფი ტერიტორია არ არის და დასავლეთს არ აიძულებს ჩაერთოს სამხედრო ოპერაციაში, რუსეთის ეკონომიკას კი აიძულებს კვებოს ყარაბაღის კონფლიქტი.
რუსეთის ეკონომიკაზე პირველი დარყმა არის თურქეთის გადაწყვეტილება, რომ ის უარს ამბობს რუსულ გაზზე? აზერბაიჯანული მედია წერს, რომ TANAP საშუალებას მისცემს თურქეთს, გაზარდოს იმპორტირებული აზერბაიჯანული გაზის მოცულობა 6 მილიარდი კუბური მეტრით ყოველწლიურად. ტრანსანაციონალური გაზსადენი თურქეთზე გაივლის საქართველოს საზღვრიდან თურქეთ-საბერძნეთის საზღვრამდე. ამ გაზსადენზე მიწოდება დაგეგმილია აზერბაიჯანიდან და თურქმენეთიდან, საქართველოს გავლით თურქეთში და შემდეგ - ევროპაში...
- ნებისმიერი ეკონომიკური ნაბიჯი დაწყებული ხილ-ბოსტნეულის ბლოკირებით და დამთავრებული ასეთი მსხვილი პროექტის ბლოკირებით, პირდაპირი დარტყმაა რუსეთის ეკონომიკაზე. თურქეთის მხრიდან სურსათის ბლოკირებამ რუსეთი იძულებული გახდა, რომ ეგვიპტიდან და სხვა უფრო შორეული ქვეყნებიდან შემოიტანოს იმავე ტიპის სურსათი, რაც შემოჰქონდა თურქეთიდან. ეს თითქოს უმნიშვნელო ეკონომიკური ნაბიჯი ურტყამს რუსი მოქალაქის ჯიბეს, შესაბამისად, ეს საკითხი შეიძლება ეკონომიკური უკამყოფილების სტიმული გახდეს. ამდენად, ამ პროცესში ჩართული თითქმის ყველა დეტალი ეკონომიკაზე გადის.