პატრიარქის ინიციატივამ უმრავლესობაში ბზარი გააჩინა

პატრიარქის ინიციატივამ უმრავლესობაში ბზარი გააჩინა

უწმინდესი მსჯავრდებულთა შეწყალების უფლების მინიჭებას ითხოვს. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა თხოვნით მიმართა პრემიერ–მინისტრს, რომ ხელისუფლებამ განიხილოს პატრიარქისთვის მსჯავრდებულთა შეწყალების უფლების მინიჭების საკითხი. სასჯელაღსრულების მინისტრი თვლის, რომ პატრიარქს შეწყალების უფლება უნდა ჰქონდეს.

„მეც მიმაჩნია, რომ პატრიარქს უნდა ჰქონდეს ეს უფლება. ერის წინამძღვარია. მასზე ბრძენი ადამიანი არ ვიცი ვინ არის, ამიტომ ნამდვილად უნდა ჰქონდეს მას შეწყალების უფლება. როდესაც საქართველოს პატრიარქი გამოდის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივით, ადამიანი, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება თავის თავზე იღებს სხვის ცოდვებს და ამბობს, რომ მეც მომეცით შეწყალების უფლებაო, ჩემთვის წარმოუდგენელია როგორ შეიძლება ეს ინიციატივა არ განიხილო “, – აცხადებს კახი კახიშვილი.

პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში პატრიარქის ჩართულობის გაზრდას პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია. შესაბამისად, უწმინდესის თხოვნის საფუძველზე, მთავრობის მეთაური საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის დაწყების თხოვნით მიმართავს.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ქართველი ერის სულიერი წინამძღვარია და მისი რჩევა ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია“, –აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე აცხადებს, რომ არ ახსენდება მსგავსი პრეცედენტი რომელიმე ქვეყანაში არსებობდეს.

„საკითხი არის ძალიან საინტერესო, განსახილველი, აქტუალური და დასაფიქრებელი. რაც შეეხება საკითხის მიღება–არმიღებას, არსებობს სამართლებრივი პროცედურები და ეს საკითხი განსახილველია პარლამენტის მიერ. თუ ეს პროცედურები იქნება დაცული, თემა გადაიწევს საკანონმდებლო ორგანოში. პირადად მე არ მახსენდება, რომ მსგავსი პრეცედენტი რომელიმე ქვეყანაში არსებობდეს. დანარჩენი არ ვიცი, ბუნებრივია, მოვიკითხავთ, განვიხილავთ, ვიმსჯელებთ. თემა განსახილველია“, – აღნიშნა ზაზა ვაშაყმაძემ.

უწმინდესის ინიციატივასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა უმრავლესობაში. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია თვლის, რომ პატრიარქს მსჯავრდებულთა შეწყალების უფლება უნდა ჰქონდეს. ბესელია დარწმუნებულია, რომ ამ ინიციატივას ბევრი მხარდამჭერი ეყოლება.

„საქართველოს პატრიარქსაც ჰქონდეს ეს განსაკუთრებული უფლება, როგორც ადამიანს, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის ყველაზე დიდი ნდობა აქვს“, – ამბობს ეკა ბესელია.

უმრავლესობის წევრი, რესპუბლიკელი დავით ბერძენიშვილი თვლის, რომ უწმინდესის თხოვნის საფუძველზე, მთავრობის მეთაურის მხრიდან პრეზიდენტისთვის და პარლამენტისთვის აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის დაწყების თხოვნით მიმართვა არასწორი ნაბიჯია.

„საკითხი ძალიან მკაფიოა, ერთადერთი ადამიანი, ვისაც პატიმართა შეწყალების უფლებათმოსილება აქვს, არის სახელმწიფოს მეთაური. ჩვენს შემთხვევაში ეს არის ქვეყნის პრეზიდენტი. ამიტომ მიკვირს, თუ რატომ მოგვმართა პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს, ან რატომ მიმართა პრეზიდენტს და რატომ აიცილა პასუხისმგებლობა თავიდან. მანაც მშვენივრად იცის, ის ერთადერთი თანამდებობის პირი, ვისაც ეს უფლებამოსილება აქვს და ეს კონსტიტუციაში შავით თეთრზე წერია – ეს არის პრეზიდენტი.

ამიტომ პრემიერის ინიციატივა, აღნიშნული საკითხის პარლამენტისთვის განსახილველად შეთავაზების შესახებ, სწორ ნაბიჯად არ მიმაჩნია. საერთოდ, ასეთი რამ არ მოხდება. შეიძლება სხვადასხვა სურვილები, კეთილი ზრახვები არსებობდეს, მაგრამ ასევე არსებობს წესები, არსებობს კონსტიტუცია, დემოკრატია და პროცედურები. პატიმართა შეწყალების საკითხს კონსტიტუცია ძალიან კარგად და მკაფიოდ განსაზღვრავს“, – აცხადებს დავით ბერძენიშვილი.

აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულთა შეწყალების უფლებამოსილება საქართველოს კონსტიტუციით არის განსაზღვრული, რაც იმას ნიშნავს, რომ პატრიარქის ინიციატივის განხილვის შემთხვევაში, აუცილებელია საკონსტიტუციო ცვლილება. საკონსტიტუციო ცვლილებისთვის 113 ხმა არის საჭირო, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ამ ცვლილებას მხარს არ უჭერენ „ნაციონალური მოძრაობა“, რესპუბლიკელები თვლიან, რომ მსგავსი ტიპის საკონსტიტუციო ცვლილება საქართველოში არ განხორციელდება.

კონსტუტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე თვლის, რომ აღნიშნული ცვლილება ნიშნავს ეკლესიისთვის სახელმწიფო ძალაუფლების გადაცემას. მენაბდე პატრიარქის ინიციატივას მხარს არ უჭერს და აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებით ეკლესიისთვის სახელმწიფო ძალაუფლების გადაცემა დაუშვებელია.

„პატრიარქისთვის შეწყალების უფლებამოსილების მინიჭება ნიშნავს ეკლესიისთვის სახელმწიფო ძალაუფლების გადაცემას. ამის განხილვა რომ გვიწევს არასერიოზულია, ცხადია ამას სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებები, მაგრამ რა წამს შევა ეს ცვლილება, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს კონსტიტუცია არ არის და უბრალოდ ქაღალდების გროვაა“, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

თეოლოგი ლევან აბაშიძე მიიჩნევს, რომ თუ პატრიარქს შეწყალების უფლება მიენიჭება, ეკლესიისთვის ცუდი იქნება. „პირადად მკვეთრად უარყოფითად ვარ განწყობილი, როგორც თეოლოგიური თვალსაზრისით, ისე იურიდიული კუთხით. ეს ძალიან ცუდია თავად ეკლესიისთვის. ყველა მივა ეკლესიაში, რომ ჩააწყოს საქმეები“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ლევან აბაშიძემ.

ფილოსოფოსი, ზაზა ფირალიშვილი ამბობს, რომ შეწყალება არ არის სასულიერო პირების კომპეტენცია, მათ შეუძლიათ ცოდვები მიუტევენ იმ ადამიანებს, რომლებიც ციხეში არიან. როგორც ფილოსოფოსი აცხადებს, არ უნდა დაისვას საკითხი ისე, თითქოს მართლაც შეიძლება რაღაც სამართლებრივი ცვლილებები განხორციელდეს, რომ პატრიარქს ჰქონდეს შეწყალების უფლება. მისი თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პატრიარქს ეს უფლება მიენიჭება, შედეგი იქნება ის, რომ მალე დავრწმუნდებით, თუ რამდენად აბსურდული სიტუაცია შეიქმნება.

„პატრიარქი არ გახლავთ პოლიტიკური ფიგურა. ის არ გახლავთ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი ან ხელმძღვანელი. ის არის ჩვენი უმთავრესი რელიგიური მიმდინარეობის ლიდერი და მას თავისი კომპეტენცია აქვს. მას უფალმა უმაღლესი კომპეტენცია მისცა – ადამიანის ცოდვების მიტევების. რაც შეეხება შეწყალებას, ეს არის წმინდა ადმინისტრაციული ფუნქცია, ეს არის პრეზიდენტის ფუნქცია. ახლა ისეთი ელემენტარული ანბანური რაღაცის განმარტება მიწევს, უხერხულიც არის.

შეწყალება არ არის სასულიერო პირების კომპეტენცია. მათ შეუძლიათ ცოდვები მიუტევენ იმ ადამიანებს, რომლებიც ციხეში არიან. შეწყალება არ გახლავთ იოლი პროცესი. საყოველთაოდ ცნობილია, რომ სინანულს ყველაზე მძაფრად გამოხატავენ მძიმე დამნაშავეები, რომლებიც გამოსვლისთანავე იმეორებენ დანაშაულს. ასე რომ, პრაქტიკულად ეს შეუძლებელია და იმედი მაქვს, რომ ცოტა ხანში შენელდება ამ თემაზე საუბარი“, – განაცხადა ზაზა ფირალიშვილმა.

დღის ბოლოს საპატრიარქომ პატრიარქის ინიციატივასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

„5დეკემბერს რუსთაველის თეატრში შედგა სპექტაკლი პატიმარი ქალების მონაწილეობით. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო თეატრის სცენა და დარბაზი მჯავრდებულებს დაეთმო. წარმოდგენაც და შექმნილი გარემოც მეტად ემოციური იყო. მისმა უწმინდესობამ სწორედ ამ ფონზე ბრძანა, რომ კარგი იქნებოდა,  პატრიარქსაც ჰქონოდა პატიმრების შეწყალების უფლება.

ეს იყო მათდამი სოლიდარობის, მათი დახმარებისა და თანადგომის სურვილით ნათქვამი აზრი და არა მოთხოვნა საკანონმდებლო დონეზე ამ წინადადების განხილვისა“, - აღნიშნულია განცხადებაში.