საქართველოს მთავრობა საერთაშორისო კინოინდუსტრიის წარმომადგენელთა მოზიდვას აპირებს. უცხოელებს შესაძლებლობა ექნებათ, ფილმები, კლიპები, სერიალები საქართველოში გადაიღონ. ამით ადგილობრივი მუშახელი დასაქმდება და ეს ტურიზმის განვითარებასაც წაადგება.
როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ორი ქვეკომპონენტი დაემატება, მათ შორის, ერთი სწორედ კინოინდუსტრიის განვითარებას შეეხება, ხოლო მეორე-სასტუმროების ქსელის გაფართოებას.
პრემიერის ამ ინიციატივას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კინოინდუსტრია ჩვენთვის ახალი მიმართულებაა, მაგრამ ამ კუთხითაც არსებობს უდიდესი პოტენციალი.
„შესაბამისი პროექტი კულტურის სამინისტროსთან ერთად მომზადებულია. ჩვენ გვინდა, შევქმნათ მასტიმულირებელი პაკეტი, რომელიც მოიზიდავს საერთაშორისო ფილმებს, სერიალებს, კლიპებს იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში მოხდეს მათი გადაღება. ეს შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, გამოიწვევს პროფესიონალების ჩამოყალიბებას, გადასაღები მოედნების შექმნას და, საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სარგებელია“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
იმ ფონზე, როცა კინოსტუდია „ქართული ფილმი“ აღარ არსებობს, საინტერესოა, რა პოტენციალი დახვდებათ საერთაშორისო კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს საქართველოში?!
კინორეჟისორი გიორგი შენგელაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ასეთი ინვესტიციების მოზიდვა სასარგებლოა ქვეყნისთვის, ვინაიდან საქართველოში გადაიღებენ სურათებს, თავიანთ ფულს დახარაჯავენ და ჩვენს ხალხს დაასაქმებენ. რასაკვირველია, უცხოელები თავიანთი აპარატურით ჩამოვლნენ, თორემ ჩვენ კაპიტალი ხელზე არ გვაქვს, რომ სხვის ფილმებს მოვემსახუროთ.
„დღეს ქართულ კინოს პოტენციალი არ აქვს, რომ რომელიმე უცხოურ დიდ ევროპულ კინოსტუდიას სრულფასოვნად მოემსახუროს. კინოინდუსტრიის მხრივ ჩვენს ქვეყანას, ფაქტობრივად, რესურსები არ გააჩნია. ჩვენი რესურსების შემნახველი კინოსტუდია „ქართული ფილმი“ გამოშიგნულია. თავის დროზე სააკაშვილის დროს გაიყიდა იქიდან რაღაცები, მერე მოძველდა მთელი ეს აპარატურა. შექმნის თუ არა ეს მრავალ სამუშაო ადგილს, ეს დამოკიდებული იქნება უცხოელების ჩამოსვლის მასშტაბზე. გულახდილად გითხრათ, არ ველოდები, რომ დიდი მასშტაბი იყოს. თორემ აქამდეც გამოჩნდებოდნენ საერთაშორისო კინოინდუსტრიის წარმომადგენლები, განსაკუთრებული კუთხით რომ იყვნენ დაინტერესებულნი საქართველოთი. როგორც წესი, ამერიკელები და ევროპელები ფილმებს იღებენ სხვა ქვეყნებში, სადაც იაფი მუშახელია. საქართველოშიც იაფი მუშახელია და შეიძლება, აქ ამიტომაც ჩამოვიდნენ. ეს ჩვენი ხალხისთვის მაინც კარგი იქნება, რაღაც კაპიკებს მაინც აიღებენ. თორემ რითი უნდა იყვნენ დაინტერესებულნი საქართველოთი? ახლა ეგენი საქართველოს ისტორიიდან სიუჟეტებს არ გადაიღებენ, არამედ თავიანთ ხალხს, თავიანთ მსახიობებს ჩამოიყვანენ და თავიანთ აპარატურას ჩამოიტანენ“, - აცხადებს გიორგი შენგელაია და განმარტავს, რომ მსგავსი კოოპერაცია თანამედროვე კინოინდუსტრიის ბიზნეში მიღებულია. ერთობლივ დადგმებს ახორციელებენ იტალიელები საფრანგეთში, ფრანგები იტალიაში, გერმანელები პორტუგალიაში და სხვა. რა თქმა უნდა, ქართული ტურიზმისთვისაც წამახალისებელი იქნება, თუკი საქართველო ეკრანზე გამოჩნდება და ვიღაც გადაწყვეტს, წავალ და ვნახავ ამ ქვეყანასო.
ხელოვნებათმცოდნე ლელა ოჩიაური For.ge -სთან საუბარში აცხადებს, რომ საერთაშორისო კომპანიები უკვე დაინტერესებულნი არიან ჩვენი ქვეყნით და რამდენიმე ფილმი საქართველოში უკვე გაკეთდა. მაგალითად, ასეთია მიშელ ხაზანავიჩუსის ერთ-ერთი ფილმი, რომელიც მან მთლიანად საქართველოში და ქართველი კაცის მონაწილეობით გადაიღო. გარდა ამისა, ინდოელებმა გადაიღეს საქართველოში ფილმები.
ლელა ოჩიაურის თქმით, არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელმაც შეიძლება ქართული კინოს მიმართ ინტერესი გამოიწვიოს. კერძოდ, ბოლო პერიოდში უამრავი ფესტივალი ტარდება და თითქმის არ დარჩენილა ისეთი ფესტივალი, საიდანაც ქართული ფილმი გამარჯვებული არ დაბრუნებულიყოს.
„მართალია, კინოსტუდია „ქართული ფილმი“ ისეთი ძალის აღარ არის, როგორც ადრე, მაგრამ რამდენიმე ათეული დამოუკიდებელი კინოსტუდია და სერიოზული პროდიუსერი გვყავს, რომლებიც თავიანთი კინოსტუდიების მეშვეობით სრულ პაკეტს უქმნიან ნებისმიერ ადამიანს, ვინც შეიძლება საქართველოში ჩამოვიდეს და გადაღებები აწარმოოს. ვეთანხმები გიორგი შენგელაიას, რომ ჯერჯერობით, ჩვენი ე.წ. მუშახელი იაფია, მაგრამ ის იაფი ანაზღაურებაც არ არის შეურაცმხყოფელი, რადგან ყველა ქვეყანამ დასაქმების ეს გზა გაიარა. ეს არ ნიშნავს ხუთ ლარს, არამედ რამდენიმე ასეული ლარის შესატყვისობაში გამოიხატება. თუ პირობები შეიქმნება, ჩვენი მძღოლები, გამნათებლები, ასისტენტები, რეჟისორები დასაქმდებიან. რომელიმე ფილმზე მომუშავე ქართველი გამნათებელი ან რეჟისორის ტექნიკური ასისტენტი მიიღებს ათას ლარს, ხუთი წლის შემდეგ კი ის მიიღებს ხუთი ათას ლარს. მთავარია, დავიწყოთ. გარდა ამისა, აუცილებელია კანონი სპონსორობისა და ქველმოქმედების შესახებ. ყველა ხელისუფლების დროს ხელოვანები შეღავათებს ითხოვდნენ. ამისთვის ძალიან დიდი თანხა სახელმწიფომაც უნდა გაიღოს, თორემ მარტო შემოსავლების მოლოდინში, რომ ვიღაც ჩამოვა და ფულს შემოიტანს, ვერ განვითარდება კინოინდუსტრია. საშუალო სიძლიერის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა მაინც უნდა შექმნას ქვეყანამ, სახელმწიფომ უნდა დაახვედროს სერიოზული ბაზა თანამედროვეობის მნიშვნელოვან რეჟისორს თუ რიგით რეჟისორს, რომ მას კომფორტული მუშაობის საშუალება ჰქონდეს. მაშინ ის აუცილებლად ჩამოვა საქართველოში“, - აცხადებს ლელა ოჩიაური.
ამასთან, განმარტავს, რომ საქართველოს მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს გეოგრაფიული მდებარეობა იწვევს. ამ პატარა ქვეყანაში ყველა გეოგრაფიული ზონაა, დაწყებული ზღვიდან, დამთავრებული მთით, უდაბნოც კი გვაქვს. რაც მთავარია, გვაქვს ქალაქები, რომლებიც სხვადასხვა ეთნოტიპს მიესადაგება და საბჭოთა ეპოქის, თუ საბჭოთა პერიოდამდელი წარსულის სერიოზულ არქიტექტურულ სახეს ატარებს.
ვინ არიან ჩვენი პოტენციური კონკურენტები საერთაშორისო კინოინდუსტრიის წარმომადგენელთა მოზიდვის თვალსაზრისით?! ამის შესახებ ლელა ოჩიაური აცხადებს, რომ უცხოელები უკვე დიდი ხანია ჩადიან ბულგარეთში, თურქეთში, ჩეხეთში, სადაც გადაღებებისთვის კარგი პირობებია. ასევე, ქართველებიც მიდიან ჩეხეთში და არა-ჰოლივუდში, რადგან ჩეხეთი შედარებით იაფ მომსახურებას სთავაზობს. ერთი პერიოდი, საერთაშორისო ინდუსტრიის წარმომადგენლები ფილმებს ინტენსიურად იღებდნენ ტაილანდშიც.