„ნუ დააბრუნებთ გირგვლიანის საქმის მოსამართლეს სასამართლოში“

„ნუ დააბრუნებთ გირგვლიანის საქმის მოსამართლეს სასამართლოში“

საქართველოს მასშტაბით სასამართლო სისტემაში 61 ადგილია ვაკანტური. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეობაზე პრეტენზიას 12 მოსამართლე აცხადებს, მათ შორის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში თავმჯდომარე, ლევან მურუსიძე, რომლის წინააღმდეგ გამოდის სამოქალაქო სექტორის, იურისტების და საზოგადოების დიდი ნაწილი.

საზოგადოების პრეტენზია მიუღებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გარკვეული წევრებისთვის, რომლებიც საბჭოში მურუსიძის ინტერესების გამტარებლები არიან. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი შოთა გეწაძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისგან ითხოვს მურუსიძის მიმართ გამოთქმულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე რეაგირებას. თავად ნინო გვენეტაძე ამბობს, რომ გაეცნობა ამ განცხადებებს.

ლევან მურუსიძე ადასტურებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეობა სურს და ამბობს, რომ შესაბამის კენჭისყრაშიც მიიღებს მონაწილეობას. მურუსიძის განცხადებით, ის აბსოლუტურად კანონიერად მოქმედებს და როგორც მოსამართლეს, სრულიად კანონიერი უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს კენჭისყრაში.

რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოების პრეტენზიებს, მურუსიძეს მიაჩნია, რომ გარკვეული ჯგუფები სასამართლოს და მის წინააღმდეგ აწარმოებენ შავ პიარს, რასაც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეც შეუერთდა.

„გარკვეულ პირებს აქვთ ცუდი ზრახვები, რომ სასამართლო იყოს ხელისუფლების დაქვემდებარების ქვეშ, რაშიც მე ხელს ვუშლი. სასამართლოში არსებობს გაცილებით დიდი პრობლემები, ვიდრე ლევან მურუსიძის საკითხი და იმის ნაცვლად, რომ ამ პრობლემებზე ვისაუბროთ, ისინი ფიქრობენ თავიანთ ცუდ ზრახვებზე, რომ სასამართლო იყოს ხელისუფლებაზე დამოკიდებული, იყოს კორუფცია და ეტყობა, ამაში ხელს ვუშლი.

სამწუხაროდ, ზაზა ხატიაშვილი შეუერთდა ამ სიტუაციას და მე ველოდები, რომ სხვადასხვა პირებიც შეუერთდებიან მას და ესენი არიან ის პირები, რომლებიც დაინტერესებული არ არიან სასამართლო სისტემის განვითარებით“, - აღნიშნა ლევან მურუსიძემ.

მურუსიძის მოსამართლეობა მიუღებელია საია-ს თავმჯდომარისთვისაც. ანა ნაცვლიშვილი მოუწოდებს იუსტიციის საბჭოს წევრებს, ნუ მოაწერენ ხელს „შემსრულებელი მოსამართლეების დაბრუნებას.

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ამ კონკურსში მონაწილეობას იღებს არაერთი ის მოსამართლე, რომელსაც ხელი აქვს მოწერილი ოდიოზური განაჩენებისა თუ გადაწყვეტილებებისათვის, მათ შორის იუსტიციის საბჭოს ამჟამინდელი მდივანი ბატონი ლევან მურუსიძე (გირგვლიანის, მოლაშვილის და „ქართუ ბანკის“ საქმეების მოსამართლე) ასევე სტრასბურგში გირგვლიანის საქმეზე განსხვავებული აზრის ავტორი მოსამართლე, ბატონი ირაკლი ადეიშვილი.

მოვუწოდებ იუსტიციის საბჭოს წევრებს, ნუ მოაწერენ ხელს „შემსრულებელი“ მოსამართლეების დაბრუნებას სისტემაში, თანაც, არა 10 წლიანი ვადით, არამედ უკვე სიცოცხლის ვადით. ნუ დააბრუნებთ გირგვლიანის საქმის მოსამართლეს სასამართლოში“, - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

ლევან მურუსიძის კანდიდატურის წინააღმდეგ გამოდიან ადვოკატებიც, რომელთა განცხადებით, მურუსიძის ადგილი სასამართლო სისტემაში არ არის. მურუსიძეს უკანონო და მიკერძოებული გადაწყვეტილების გამოტანაში ადანაშაულებს ადვოკატი ანზორ ჩოჩიშვილი, რომელიც ბიზნესმენ მურთაზ უგულავას ინტერესებს იცავს, რომელსაც მიხიელ სააკაშვილის ხელისუფლებამ ქონება ჩამოართვა.

„ბატონი მურუსიძე ობიექტურად არ იხილავს საქმეებს, იყო მიკერძოებული და გამოჰქონდა ისეთი განაჩენები, რაც აწყობდა ხელისუფლებას. ჩენთან მიმართებაშიც გამოიჩინა მიკერძოებულობა. პირველმა ინსტანციამ გამოიტანა ობიექტური გადაწყვეტილება, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ სრულიად გაუგებარი მოტივით შეცვალა განაჩენი.

მურუიძემ კი ჩვენი საკასაციო საჩივარი არ დაუშვა იმიტომ, რომ საქმეში ფიგურირებდა „საქართველოს ბანკი“, ამიტომ დაუშვებლად სცნო ჩვენი საკასაციო სარჩელი. მურუსიძის ქმედება შეიცვას დანაშაულის ნიშნებს. ჩვენ განცხადებით მივმართეთ მთავარ პროკურატურას და ვითხოვთ რეაგირებას. სასამართლო უნდა განთავისუფლდეს ასეთი მოსამართლისგან“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანზორ ჩოჩიშვილი.

ადვოკატი ირმა ჭკადუა ამბობს, რომ ამ ხელისუფლების ყველაზე დიდი მინუსია ის, რომ ასეთი კატეგორიის მოსამართლეებს პრეტენზია აქვთ ისევ მოსამართლეობაზე.

„ნაცვლად იმისა, რომ ეს ადამიანები იყვნენ იქ, სადაც კანონით უნდა იყვნენ, ბედავენ და პრეტენზიას აცხადებენ მოსამართლეობაზე. მათ პასუხი უნდა ეგოთ ყველა იმ უკანონო გადაწყვეტილებაზე, რაც გამოიტანეს 9 წლის განმავლობაში და ეს არ ეხება მარტო ლევალ მურუსიძეს. ამ ქვეყანაში იყო 220 პოლიტპატიმარი, ეს ნიშნავს, რომ საშუალოდ 100 მოსამართლე და 100 პროკურორი მაინც იყო ჩართული უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში. თუნდაც იმისთვის, რომ მომავალში მსგავი ტიპის ქმედებები არ მომხდარიყო, აუცილებლად უნდა დასჯილიყვნენ ამ უკანონო განაჩენის ავტორები.

არ ვიცი როგორ წარმოუდგენია ხელისუფლებას ასეთ მოსამართლეებთან თანამშრომლობა. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია მურუსიძის მოსამართლეობა. ირინა ენუქიძე გარდაიცვალა სწორედ მისი შვილის გამო, მაგრამ ამ ქვეყანაში ცხოვრობს საზოგადოება, რომელსაც ეს ყველაფერი ახსოვს. ნურავის ნუ გგონია, რომ საზოგადოება, რომელიც ჩართული იყო ამ საქმეებში, დაუშვებს დამნაშავეების წახალისებას“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირმა ჭკადუამ.

ადვოკატი ნათია კორკოტაძე თვლის, რომ ლევან მურუსიძე არა თუ სააპელაციო სასამართლოში, არამედ საერთოდ არ უნდა იყოს სასამართლო სისტემაში, რადგან ის არის მოსამართლე, რომელსაც ძალიან ბევრი უკანონო და საბედისწერო განაჩენი აქვს გამოტანილი.

„ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, სანდრო გირგვლიანის საქმეს მოაწერა ხელი. ყველაზე მეტად იცით რა მაინტერესებს, თეა წულუკიანმა კარგად იცის სანდროს საქმე, დღეს გამოდის და ამბობს, რომ თურმე მურუსიძეს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს კონკურსში, რას ნიშნავს ეს? 17 წელია ადვოკატი ვარ, არ მახსოვს პრეცედენტი უზენაეს სასამართლოში ზეპირი მოსმენის გარეშე განეხილათ საქმე. ეს იყო ერთადერთი პრეცედენტი, როდესაც საქმე განიხილეს ზეპირი მოსმენით და 6 თვით სარჩელი შეუმცირეს სანდროს მკვლელებს.

მურუსიძე დღესაც ნაციონალების დაკვეთას ასრულებს და სანაცვლოდ მიიღო იუსტიციის საბჭოს მდივნობა. მას არანაირი უფლება არ აქვს, რომ ეცვას მოსამართლის მანტია. მისი სააპელაციო სასამართლოში გადაყვა ქართველი ხალხისთვის სულში ჩაფურთხების ტოლფასია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ნათია კორკოტაძე.