მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვას არასამთავრობოები საკონსტიტუციო და ევროპის სასამართლოში გაასაჩივრებენ. მათი აზრით, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ადამიანის არჩევანის თავისუფლებასა და საკუთრების უფლებას ზღუდავს და ეწინააღმდეგება, როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ასევე - საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობას საგნების თავისუფალი მიმოქცევის შესახებ.
თავის მხრივ, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი განმარტავს, რომ არასწორია ინფორმაცია, თითქოს მარჯვენასაჭიან მანქანებზე დამატებითი გადასახადი წესდება, ან იკრძალება მოძრაობა მარჯვენასაჭიანი ავტომანქანებით. მისი თქმით, მფლობელებს, ვისაც გააჩნიათ უკვე რეგისტრირებული მარჯვენასაჭიანი ავტომანქანები ან ავტომანქანები გადატანილი საჭით, შეუძლიათ, მთელი ცხოვრება გამოიყენონ ეს მანქანები. უბრალოდ, სამომავლოდ მსგავსი მანქანების რეგისტრაცია აიკრძალება. ანუ მინისტრმა განმარტა, რომ იკრძალება რეგისტრაცია და არა - იმპორტი, ტრანზიტი, დროებითი შემოყვანის რეჟიმი, რეექსპორტი.
„ასეთი რამ მსოფლიოს ორ ქვეყანაშია, სადაც მარჯვენასაჭიანი მანქანებით არის ნებადართული გადაადგილება, ეს ქვეყნებია ავღანეთი და ბირმა. თუ ჩვენ გვინდა, დავემსგავსოთ ავღანეთს და ბირმას, შეგვიძლია, დავრჩეთ იმავე რეჟიმში და გავაგრძელოთ ამ ავტომანქანების იმპორტი. მაგრამ მაქსიმალური პროცენტი ყველა ევროპულ ქვეყანაში არის 10%, ამ დროს კი საქართველოში სტატისტიკა საგანგაშოა და 2015 წლის მონაცემებით, მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტი საქართველოში 50%-ს გაუტოლდა“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
გარდა ამისა, სიახლეა ისიც, რომ მართვის მოწმობის ვადა ჯარიმების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული. კერძოდ, 1-ელი იანვრიდან ყველა კატეგორიის მართვის მოწმობას 100 ქულა მიენიჭება და პატრულის მიერ დაჯარიმების შემთხვევაში, ქულათა გარკვეული რაოდენობა დააკლდება. თუკი ქულათა რაოდენობა ნულამდე ჩამოვა, მართვის მოწმობის მფლობელს ეს მოწმობა გაუუქმდება და გამოცდის ხელახლა ჩაბარება მოუწევს.
ავტომანქანის მფლობელებისთვის დაწესებული ახალი რეგულაციების შესახებ არასამთავრობოები აცხადებენ, რომ მარჯვენასაჭიანი მანქანების აკრძალვის შედეგი საპირისპირო იქნება - მანქანები გაძვირდება, რადგან იაფიანი მარჯვენასაჭიანი მანქანები აღარ შემოვა, გარდა ამისა, ეკოლოგიური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება, რადგან შემოვა შედარებით ძველი მარცხენასაჭიანი მანქანები და გამონაბოლქვი უფრო მეტი იქნება.
„კავკასიის ავტოიმპორტის“ დირექტორი გიორგი სურგულაძე მიიჩნევს, რომ მარჯვენასაჭიან მანქანებს მარცხენასაჭიანი ამორტიზებული ავტომობილები ჩაანაცვლებს და ეს რეგულაცია ბაზარზე სიტუაციას გააუარესებს.
ავტოიმპორტიორი კომპანია „ჯეოავტომოტივის“ ხელმძღვანელი ნიკოლოზ როსტიაშვილი კი აცხადებს, რომ ეს ისეთი გადაწყვეტილებაა, რომელიც მის და მისნაირ ბიზნესს დახურავს. მისი თქმით, დღეს ხალხი სიღატაკის ზღვარზეა, ამიტომ ქვეყანა ჯერ ეკონომიკური კრიზისიდან უნდა გამოსულიყო და მსგავსი კანონები მერე მიეღოთ.
ორგანიზაცია „მძღოლი, გზა, სამართალი“ პრეზიდენტი რობერტ იანტბელიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მცდარია მოსაზრება, თითქოს ჩვენს ტრასებზე სწორედ მარჯვენასაჭიანი მძღოლები იწვევენ საავარიო სიტუაციას. მისი თქმით, უბრალოდ, მარჯვენასაჭიანი მანქანა პრობლემას უქმნის თავად მძღოლს, ვინც ამ მანქანას მართავს და გასწრების დროს ასეთი მანქანის მძღოლი უფრო მეტად ყურადღებიანი უნდა იყოს და ლავირების მეტი უნარი ჰქონდეს. თორემ იმდენი მარცხენასაჭიანი არღვევს მოძრაობას და იმდენმა არ იცის მანქანით გადაადგილება, რომ ავარიებთან მიმართებით მარჯვენა და მარცხენა საჭე არაფერ შუშია. უფრო მეტიც, რობერტ იანტბელიძე თვლის, რომ თუკი მარჯვენასაჭიანები ქმნიან პრობლემას, მაშინ სტატისტიკა უნდა დაიდოს, ათი საგზაო შემთხვევიდან რამდენი მოახდინა მარჯვენასაჭიანმა სწორედ მარჯვენა საჭის მიზეზით.
„მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების შემოყვანა 1-ლი მარტიდან იკრძალება. თორემ ახლა ვისაც მარჯვენასაჭიანი მანქანა ჰყავს, იმის აკრძალვაზე არ არის საუბარი. რაც შეეხება გარემოს დაცვის მინისტრის, გიგლა აგულაშვილის განცხადებას, რომ კვლევების თანახმად, ჰაერის ძირითადი დამაბინძურებელი წყარო არის ავტომობილები და აუცილებელია გარკვეული ზომების მიღება, მე ვფიქრობ, რომ გიგლა აგულაშვილი დაინტერესებულია, ამოქმედდეს ტექნიკური დათვალიერების, ანუ ფულის კეთების ცეხები. ტექნიკური დათვალიერება რომ შემოიღოს ქვეყანამ, პირველ რიგში, უნდა უზრუნველყოს კარგი ბენზინის შემოტანა. რომ შემოიყვანო ახალი მანქანა და სამი თვის განმავლობაში ჩვენი ცუდი ბენზინი ჩაასხა, ცხადია, მანქანა დაიწყებს პრუტუნს“,-აცხადებს რობერტ იანტბელიძე.
ამასთან, იანტბელიძე იმ ფაქტსაც ეხმაურება, რომ მართვის მოწმობის ვადა ჯარიმების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული. მისი აზრით, ეს არის ძველებური ტალონების გახვრეტის სისტემა, როცა გაჩერებდა ინსპექტორი და ორ დარღვევას ტალონზე გიწერდა, მესამე დარღვევაზე კი იყო ჯარიმა, ან გიკრძალავდნენ მართვის უფლებას.
„ასე რომ, ეს ვარიანტიც ძველია, შემოთავაზებული ქულათა რაოდენობით, მაგრამ მანდ გაუგებარია, ქულები თუ დაგიმთავრდება, ორი თვის გასვლის შემდეგ უნდა ჩააბარო გამოცდა თეორიაში?! ჯერ ერთი, ორი თვე რატომ მაყურყუტებ. მაგალითად, მე ვარ ავტობუსის მძღოლი, ოჯახს ავტობუსით ვინახავ, რატომ უნდა ველოდო ორი თვე მართვის უფლებას. გამოდის, „ლიშენიას“ მაძლევ, თანაც კიდევ მაჯარიმებ 57 ლარით, რადგან სწორედ 57 ლარი ღირს თეორიის გამოცდის ღირებულება. ამით რა გამოდის, ერთ დანაშაულზე ორ სასჯელს მაძლევ? ეს არასწორი მიდგომაა. ისიც გვეყოფა, თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახურში ზოგიერთები რომ სხედან და გაგებაში არ არიან, რა უნდა გაკეთდეს თბილისში, ავტომოძრაობა რომ განიტვირთოს. თბილისი ჩამხრჩვალია არასწორად დარეგულირებულ საგზაო ნიშნებში, სწორად არსად არ ანთია შუქნიშანი, შუქნიშნის რეჟიმები არ არის ნორმალურად დათვლილი, ბორდიურები არ არის სწორად დამონტაჟებული, არ არის მოედნები, ან ძალიან დიდია. მინიმუმ, ორი-სამი ხიდი მაინც უნდა გაკეთდეს თბილისის სანაპიროზე, რომ ქალაქში მოძრაობა განიტვირთოს“.
„ეკოტრანსპორტის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ვასილ ურუშაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე გეგმავს საქართველოს პარლამენტის წევრებს მოუწოდოს, მხარი არ დაუჭირონ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვის კანონპროექტს, ხოლო, თუ პარლამენტი ამას მაინც დაამტკიცებს, მაშინ გაასაჩივრებს საკონსტიტუციო და შემდეგ ევროპის სასამართლოში, რადგან ეს რეგულაცია ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონმდებლობას საგნების თავისუფალი მიმოქცევის შესახებ.
„მარჯვენასაჭიანების აკრძალვის შემდეგ ავტომობილების გაძვირება მოსალოდნელია, მაგრამ დღეს ამაზე საუბარი ნაადრევია. ამ რეგულაციით, იაპონიიდან შემოყვანილი შედარებით ახალი, იაფიანი, უსაფრთხო და ეკოლოგიური ავტომობილების არჩევანს ვართმევთ ადამიანებს. რჩება მხოლოდ ევროპიდან იმპორტირებული მარცხენასაჭიანი ავტომობილები, რომლებიც ბევრად უფრო ამორტიზებული და საფრთხის შემცველია. არც ერთ ქვეყანაში მთლიანად არ არის აკრძალული მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მოხმარება. გარკვეულ ქვეყნებში არის შეზღუდვები, განბაჟების გადასახადი, არის ქვეყნები, სადაც სპეციალური მართვის მოწმობა სჭირდებათ მარჯვენასაჭიანზე რომ დასხდნენ. ახლა კი, ეს ახალი შეზღუდვა შეიძლება გაასაჩივროს ნებისმიერმა ავტომწარმოებელმა კომპანიამ, მათ შორის, იაპონურმა კომპანიებმა, რომლებიც მხოლოდ მარჯვენასაჭიან მოდელებს აწყობენ, რადგან მათთვის ეს ბაზარი საქართველოში დაიკეტება“, - აღნიშნა ვასილ ურუშაძემ.