„ფარმაცევტული ინდუსტრიის გავლენა პირდაპირ აისახება ექიმების კლინიკურ გადაწყვეტილებებზე“

„ფარმაცევტული ინდუსტრიის გავლენა პირდაპირ აისახება ექიმების კლინიკურ გადაწყვეტილებებზე“

რამდენად არიან დაცულნი ქართველი პაციენტები ექიმების უკანონო გარიგებისგან, რომლებიც ფარმაცევტულ კომპანიებთან შეთანხმებით გასამრჯელოს ბონუსური სისტემით იღებენ? რატომ გახშირდა სამშობიარო სახლებში არაკეთილსინდისიერი მედპერსონალის მხრიდან რჩევები, თითქოს დედის რძეს ხელოვნური საკვები სჯობს? რა კავშირშია ეს ყველაფერი ხელოვნური კვების კომპანიების აგრესიულ მარკეტინგთან?

For.ge-სთან საუბარში „ჯანდაცვის ექსპერტთა კლუბის“ თავმჯდომარე თინა ტურძილაძე აცხადებს, რომ ფარმაცევტული ინდუსტრიის გავლენა ექიმებზე ძალიან დიდია. სამწუხაროდ, ეს პირდაპირ აისახება ექიმების კლინიკურ გადაწყვეტილებებზე და პოლიპრაგმაზიის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია, როცა ბევრი წამალი ინიშნება, ზოგჯერ საფრთხის შემცველი კომბინაციების სახითაც.

თინა ტურძილაძის თქმით, ჯანდაცვის პოლიტიკის მონიტორინგის ფარგლებში მათ ბევრი ასეთი „დანიშნულების“ შესახებ შეიტყვეს. ისეთი ფაქტებიც დააფიქსირეს, როცა ერთი ფორმულის წამალი ერთდროულად სამი სხვადასხვა ბრენდის სახით ჰქონდა დანიშნული პაციენტს.

„სამწუხაროდ, ფარმაცევტული ინდუსტრიისა და ექიმების ფორმალური თუ არაფორმალური კოოპერაცია, ხშირად წამლების გაყიდვების თაობაზე შეთანხმებას წარმოადგენს, რაშიც ექიმები ბონუსური სისტემით იღებენ ანაზღაურებას. ანაზღაურების სქემები სხვადასხვაა. მაგალითად, საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა, როცა ექიმი კონკრეტული წამლის დანიშვნისთვის ამ წამლის ღირებულების გარკვეულ პროცენტს იღებს (10%, 50% და მეტი). ამ პრაქტიკას ფარმაცევტული ინდუსტრია გაყიდვების გაზრდისთვის იყენებს. გარდა ამისა, არსებობს ფასდაკლების ბარათი, რომელსაც ექიმი აძლევს პაციენტს და ამ ბარათით აგზავნის კონკრეტულ საცალო ქსელში. ცხადია, ექიმი ამაში ბონუსებს ღებულობს. ამერიკაში და ევროპის რიგ სახელმწიფოებში ფარმაცევტული ინდუსტრიის საპრომოციო ხარჯები (ანუ თანხები, რასაც ინდუსტრია ჯანდაცვის პერსონალს უხდის) საჯაროა. უფრო მეტიც, ფარმაცევტულ კომპანიებს ოფიციალურ ვებგვერდზე ექიმების სახელისა და გვარის მითითებით დეტალური ინფორმაციის განთავსება ევალებათ, თუ რა მატერიალური, ან არამატერიალური სარგებელი აქვთ მათთვის გადახდილი. ეს ნებისმიერ საქონელსა და მომსახურეობას ეხება, რომლის ფასიც ათ დოლარს აღემატება. ამ კანონს ამერიკაში ჰქვია „სანშაინ აქტი“. თავის მხრივ, ამერიკელ პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ, ექიმის სახელი და გვარი მონაცემთა ბაზაში მოიძიონ და შეიტყონ, რა თანხები აქვს დახარჯული ფარმაცევტულ ინდუსტრიას ამ ექიმზე. ცხადია, ეს რეგულაცია ბოლომდე პრობლემას ვერ ხსნის, მაგრამ მისი შეფასების შესაძლებლობას იძლევა. ქართულ რეალობაში კი პრობლემა უფრო ღრმა და მწვავეა, ვინაიდან არის ეჭვი, რომ აქ სამედიცინო პროვაიდერები ფარმაცევტული ინდუსტრიის მფლობელობაში არიან“, - აცხადებს თინა ტურძილაძე.

პედიატრთა აკადემიის პრეზიდენტი ქეთი ნემსაძე For.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ საქართველოში აქცენტს აკეთებენ ლიცენზირებულ მედიკამენტებზე, ამ დროს კი, სამწუხაროდ, ქალის ძუძუს რძე არ არის ლიცენზირებული. მისი თქმით, საქართველოში არსებობს კანონი „ძუძუთი კვების ხელშეწყობისა და ხელოვნური საკვების კონტროლირებადი მოხმარების შესახებ“, სადაც მკაფიოდ წერია, რომ ექიმს, სამედიცინო დარგის მუშაკს არ აქვს უფლება, ძუძუთი კვებაზე მყოფ პაციენტს, ან ორსულ ქალს რომელიმე ხელოვნური საკვები ურჩიოს. ეს კრიმინალურ ქმედებად ითვლება.

უფრო მეტიც, ექიმი ვალდებულია, ჩვილის დედას ბუნებრივი კვების უპირატესობის შესახებ ზუსტად აუხსნას. ეს მნიშვნელოვანია, რადგან როდესაც ასოცირების ხელშეკრულებაზე მიდგება საქმე, ჩვენს ქვეყანას ყველა მოსთხოვს, დაცულ იყოს საერთაშორისო კანონი „ხელოვნური საკვების აგრესიული მარკეტინგის რეგულირების შესახებ“, რომელიც 1989 წელს გადაიქცა საქართველოს კანონად და ეს კანონი ძალიან დიდი პროგრესი იყო.

„ამ კანონის დარღვევა ბავშვთა ჯანმრთელობის წინააღმდეგაა მიმართული. სამწუხაროდ, სამშობიარო სახლიდან გამოსულ ძალიან ბევრ დედას ვნახულობ, რომლებიც ხელოვნურ საკვებს აჭმევენ ჩვილებს. ეს დაახლოებით, ნარკოტიკის პირველი დოზის ტოლფასია, რადგან როდესაც ბავშვს სამშობიაროში საწოვარი ბოთლიდან საკვებს მისცემ, ის უარს იტყვის დედის რძეზე. სამშობიაროს თანამშრომლები დედებს ეუბნებიან, თითქოს ხსენი ცუდია, პატარა მშიერია და ხელოვნური საკვების მიცემა მისთვის აუცილებელია. სინამდვილეში, მუცლად ყოფნის პერიოდში ბავშვის კუჭი, ფაქტობრივად, არ ფუნქციონირებს და ის მცირე რაოდენობით იღებს წყალს. ამიტომ ყველა კანონმდებლობით, აკრძალულია სამშობიარო სახლებში ხელოვნური საკვების უფასო ნიმუშების შეტანა. საექიმო საქმიანობის შესახებ კანონმდებლობით, ექიმს პაციენტისთვის ზიანის მიყენების უფლება არ აქვს“,-აცხადებს ქეთი ნემსაძე და განმარტავს, თუკი დასაბუთდება, რომ პაციენტს ესა თუ ის მედიკამენტი არ ესაჭიროება და ექიმი მას მაინც უნიშნავს თანხის ინტერესის გამო, ეს უკვე კრიმინალია.