„რა იყო დავით აღმაშენებლის დროს, მე არ ვიცი… აფხაზეთი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში არ ყოფილა“, - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის მსგავსი განცხადებები პერიოდულად საქართველოს საზოგადოების აღშფოთებას იწვევს.
მართალია, ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ მან არ იცის, რა იყო მე-12 საუკუნეში, მაგრამ კარგად იცის, რომ „ჩვენ გვაქვს ერთადერთი გამოცდილება აფხაზეთთან ერთად სახელმწიფოს მოწყობისა და ეს არის საბჭოთა კავშირი“.
ამ კონკრეტული განცხადების შემდეგ ზაქარეიშვილი საკუთარი ნათქვამის გამოსწორებას შეეცადა და აღნიშნა, რომ მისი განცხადება კონტექსტიდან ამოგლეჯილად გავრცელდა, მაგრამ სათქმელი უკვე ითქვა, რომ თურმე „საქართველოში ყველაზე კარგი, ეფექტური ფორმა კონფლიქტების მოგვარებისა არის მისი ფედერალური მოწყობა - ასიმეტრიულ რეგიონალიზმზე დაფუძნებული, ე.ი. სხვადასხვა რეგიონების მიმართ სხვადასხვა სტატუსი, ხოლო აფხაზების მიმართ - განსაკუთრებული სტატუსი“.
იმის შესახებ, თუ რა სტატუსი ჰქონდა აფხაზეთს დავით აღმაშენებლის დროს, For.ge „სახალხო ფრონტის“ ლიდერს ნოდარ ნათაძეს ესაუბრა.
პაატა ზაქარეიშვილი ხაზს უსვამს, რომ ფედერაციული მოწყობა ძალიან შორეული პერსპექტივაა და დღევანდელი მთავრობა ამაზე არ მსჯელობს. პარალელურად, სახელმწიფო მინისტრი 2004 წელს მისი და, ასევე, მისი მეგობრების ინიციატივით გამოქვეყნებულ კონცეფციას ფედერალიზაციის შესახებ ძალზე საინტერესოდ მიიჩნევს. თქვენ ზაქარეიშვილის იდეას პრიმაკოვის ანტიქართული გეგმის გახმოვანებად აფასებთ. დღესაც ასე ფიქრობთ?
- „საქართველოს ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობას“ სრული საფუძველი აქვს, მიიჩნიოს, რომ პაატა ზაქარეიშვილი რუსეთის პირდაპირი აგენტია. მოკლედ რომ ვთქვათ, საქართველოში რუსეთის შპიონია. მათ მიერ გაზეთ „24 საათში“ გამოქვეყნებული აფხაზეთის დაბრუნების გეგმა ფედერალიზაციასთან დაკავშირებით, რუსეთის დაზვერვის ყოფილი უფროსის, პრიმაკოვის ანტიქართული გეგმაა. სინამდვილეში, ეს ფედერალიზაცია არ იყო, ეს იყო კონფედერაცია. რაც შეეხება ფედერალიზაციას, ეს აბსურდი, უკან გადადგმული ნაბიჯია, რადგან სეპარატისტების ქმედუნარიანობას აძლიერებს და პიროვნულად და ფსიქოლოგიურად დანარჩენი საქართველოს დეცენტრალიზაციას ნიშნავს. ეს ქართული ერთიანი ცნობიერების დაშლაა კუთხურ-პროვინციულ თვისობრიობათა ჯამად.
ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ მან არ იცის, რა იყო დავით აღმაშენებლის პერიოდში. არადა, ისტორიულად ცნობილია, რომ დავით აღმაშენებელი „მეფედ აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა, სომეხთა, შარვანშა და შაჰანშად“ იწოდებოდა და ამ ტიტულის პირველ ორ ჩამონათვალში („აფხაზთა და ქართველთა“) სწორედ ქართველებით დასახლებული უპირველესი ტერიტორიები მოიაზრებოდა, რომ არაფერი ვთქვათ კახთა და სხვა დასახლებებზე. დავით მეფის ეს ტიტულიც არაფერს ნიშნავს?
- ფაქტია, რომ ზაქარეიშვილი უმეცარია, მაგრამ ამას აკეთებს რუსული დავალებით. ასეთი კრეტინული წინადადების წამოყენება სხვაგვარად არ შეიძლებოდა. „რესპუბლიკური პარტია“, რომელსაც ის ეკუთვნის, ერთადერთი პოლიტიკური „სპეციალობის“ პატრონია - ისინი თავიანთ ქართულ გვარებს ანტიქართული დოკუმენტების ხელმოწერებისთვის აქირავებენ. სხვათა შორის, ფედერალიზაციის გეგმა მათ დიდი ხანია აქვთ. ნაწილობრივ, ეს კანონებშიც გაატარეს, კერძოდ, საუბარია საქართველოში მოქმედ ადგილობრივი თვითმმართველობის კანონზე. ამ კანონის ამოქმედება უფრო უარესად უნდოდათ, მაგრამ უარესად ვერ მოახერხეს.
პაატა ზაქარეიშვილის მსგავსად, ცალკეული ადამიანებიც ვერ ხედავენ გამოსავალს და აფხაზებს ფედერალურ მოწყობას სთავაზობენ. არადა, ჩვენმა მემატიანეეებმა კარგად იცოდნენ, რომ ძველ აფხაზებს, ამ ქართველურ ტომებს, საერთო არაფერი ჰქონდათ ჩრდილო კავკასიაში მოსახლე მრავალრიცხოვან აფსარულ-ჩერქეზულ ტომთან, რომელთა მხრიდან დასუსტებული საქართველოს დაკავება თითქმის სამი საუკუნე გრძელდებოდა და, რომელთა მოგერიებაც ვერ შეძლეს იმერთა სამეფოსა და სამეგრელოს სამთავროს გაერთიანებულმა ძალებმა. ასევე, ქართლ-კახეთის გაერთიანებულმა ძალებმა ვერ შეძლეს დაღესტნური ტომების შეკავება, რის შემდეგაც ლეკებმა თვით კახთა სამეფოს ქალაქები (ძეგამი და ბაზარ-ქალაქი) დაიკავეს, ანუ დღევანდელი საინგილო. მათგან განსხვავებით, ინგუშური ტომების (ქისტების) მოძალება ხევსურებმა და სხვა ქართველურმა ტომებმა აღკვეთეს, ყაბარდოელები კი სვანებმა შეაკავეს.
- დღევანდელი აფხაზები, ანუ, სინამდვილეში, აფსუები, საქართველოში მე-16 საუკუნის დამლევიდან, ძირითადად, მე-17 საუკუნეში შემოვიდნენ და დასახლდნენ. ხშირ შემთხვევაში, ეს შემოსვლა მშვიდობიანი, ხანდახან არამშვიდობიანიც იყო, მაგრამ მათ არასოდეს მიუყვანიათ თავიანთი დემოგრაფიული წარმატება იმ ნიშნულამდე, რომ ეს ტერიტორია საქართველოსთვის იურიდიულად მოეწყვიტათ. ასეთი გამონაკლისი არც ერთ წამს არ ყოფილა, აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა. იგი იყო ვასალი ან დადიანისა (დადიანი კი, თავის მხრივ, იყო ვასალი იმერეთის მეფისა), ან პირდაპირ ვასალი იყო იმერეთის მეფისა. ამ ტერიტორიის ავტოქტონური მოსახლეობა ქართულია, ანუ ის მოსახლეობა, რომელმაც ეს ტერიტორია ხელუხლებელი ბუნების მდგომარეობიდან განვითარებული ფეოდალური ცივილიზაციის მდგომარეობაში გადაიყვანა.
სეპარატისტების პრეტენზია იმაზე, რომ ვეტოს უფლება ჰქონდეთ ყოველგვარი პროექტის მიმართ, რომელიც წარდგენილ იქნება აფხაზეთის სიტუაციის მოგვარებისთვის, მათი წინააღმდეგობა, რომ „არ გვინდა“, „ხოში არ გვაქვს“, დაუშვებელია. პაატა ზაქარეიშვილი და ვითომ ისტორიკოსი გიორგი ანჩაბაძე ახლა გამოდიან და ამბობენ, ამას აფხაზები არ მიიღებენო. არადა, სეპარატისტები აცხადებენ პრეტენზიას არა მხოლოდ ვეტოს უფლებაზე, არამედ პრეტენზიას აცხადებენ დაუფარავ ეთნოკრატიაზე, ანუ აფხაზების, როგორც ეთნოსის განუყოფელ მმართველობაზე აფხაზეთში, როცა აფხაზთა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს, მთლიან პოპულაციასთან შედარებით, პროცენტულად ბევრი სამთავრობო პოზიციის დაკავება შეუძლიათ და ამ პოზიციებს სხვა ეთნიკური ჯგუფების დისკრიმინაციის ხარჯზე გამოიყენებენ. ეს ემყარება ისტორიულ დებულებას, თითქოს აფსუები აქ ყველაზე ადრეულ მოსახლეობას წარმოადგენდნენ. სინამდვილეში, ეს სიცრუეა. ამის დამადასტურებელ ფაქტებსაც გეტყვით.
არავითარი მონაცემი, არაფერი აფსუურისა ამ ტერიტორიაზე ბუნებაში არ არსებობს, საპირისპირო ფაქტები კი არსებობს, რაც ქართველთა ავტოქტონურობას ადასტურებს. მაგალითად, „არგონავტები“. არგონავტიკის ამბავი ჩვ.წ. აღ-მდე მე-8 საუკუნეს ეკუთვნის, თავად არგონავტების შესახებ პოემა კი უფრო გვიანდელია. სიტყვა „არგონავტიკა“ (შეადარეთ სიტყვას „კოსმონავტიკა“, „ასტრონავტიკა“), რაც ნიშნავს მგზავრობას, ცურვას, იმით ახსნეს, რომ თურმე იასონის გემს ერქვა „არგო“. სინამდვილეში, არავითარი გემი „არგო“ არ ყოფილა, არავითარი შინაარსი ამ სიტყვას ბერძნულ კულტურასა და ბერძნულ ენაში არ ჰქონია. ეს არის სახელი იმ ქვეყნისა, სადაც ისინი წამოვიდნენ და ამ ქვეყანას ერქვა „არგ“. რომელ სიტყვაშია დღეს შემორჩენილი სიტყვა არგ? ეს არის „მ-არგ-ალ-ი“ (მეგრულად და ლაზურად), ქართულად კი ეს სიტყვა მეგრელს ნიშნავს. ანუ ეს ქვეყანა ქართულად არის ეგრისი და ლაზურად არის არგისი. ე.ი. ამ ქვეყანას, როდესაც აქ იმოგზაურეს არგონავტებმა, ერქვა ეგრისი (ქართულად) და არგისი (მეგრულად) და მედეა და აიეტი, ანუ აიას ქვეყნის ხალხი მეტყველებდა მეგრულ-ლაზურის წინაპარ-კოლხურ ენაზე.
ქართული სიტყვა „მეგრელი“ და მეგრული „მარგალი“ ერთი და იგივეა, ერთი და იგივე წარმოება აქვს გრამატიკულად ისევე, როგორც ძველ ქართულად ეგვიპტელს ჰქვია არა „ეგვიპტელი“, არამედ „მეგვიპტელი“. ასე რომ, კოლხეთში აფსუები არ ყოფილან. გარდა ამისა, თამაზ გამყრელიძეს, ამ სერიოზულ ლინგვისტს, დასაბუთებული აქვს, რომ სიტყვიდან „აფხაზი“ სიტყვა „აფსუა“ არანაირად არ წარმოიშობა და არც -პირიქით. მას აქვს გამოკვლევა, რომელსაც წყალი არ გაუვა, რომ ოქროს საწმისის ბერძნული სახელი „კოვო“ (კოვა) ეს არის მეგრული ვარიანტიდან, რომელსაც ქართულად ჰქვია ტყავი და მეგრულად ტყოვ/ტკოვ ფორმა. სიტყვა „კოვ“ ბერძნებმა უთუოდ შეითვისეს იმ ქვეყანაში, სადაც გავრცელებული იყო ცხვრის ტყავის კულტი. ეს კი ნიშნავს, რომ ბერძნების მოსვლის ეპოქაში დასავლეთ საქართველოში გავრცელებული ყოფილა მეგრულ-ლაზურის წინაპარი დიალექტი, რომელზეც ტყავი აღინიშნებოდა ტყოვ-ტკოვ ფორმით. ამ დიალექტის დღევანდელი გაგრძელებაა მეგრული და ლაზური.
ამას გარდა, აფხაზები ამბობენ, თითქოს მე-8 საუკუნეში დაარსდა აფხაზთა სამეფო, შემდეგ ნელ-ნელა გავრცელდა ეს დასახელება და მთელ დასავლეთ საქართველოს დაერქვა აფხაზეთი. არადა, ამავე საუკუნის დამლევს აფხაზეთის მეფესთან მივიდნენ გრიგოლ ხაძთელისგან გაქცეული ბერები - თეოდორე და ქრისტეფორე და აფხაზთა მეფემ მათ სთხოვა, მონასტერი დამიარსეთ, რათა აქ ბერძნული წირვა-ლოცვის ნაცვლად ქართული შემოვიტანოთო, რაც აფხაზეთში ქართულენოვანი მოსახლეობის არსებობას ადასტურებს.
კიდევ ერთი არგუმენტის შესახებ - თამარ მეფის დროს ლაშა-გიორგი რომ იშვა, მემატიანე წერს, „უწოდეს სახელად ლაშა, რომელ აფსართა ენითა მანათობელად ითარგმანების“. ახლა ეს „ლაშა“ არის „ლაშარი“, ლაშარის ჯვარი ფშავში. აფსართა ენა ცნობილი იყო, ისინი მართლაც იყვნენ ჩრდილო კავკასიაში და აფსუურ ენაზე დღესაც ეს სიტყვა ნიშნავს მანათობელს, მზეს. თამარ მეფის დროს ჩვენ სხვადასხვა ეთნოსი ვიყავით, ჩვენ ჩვენი ენა გვქონდა, აფსუებს -თავიანთი. ლაშარი მართლაც აფსუური სიტყვაა და ძველ აფხაზებთან, ანუ ქართველურ ტომთან კავშირი არ აქვს.
სხვათა შორის, მდინარე ჭოროხს ცოტა ადრე ერქვა აფსაროსი, ხოლო ჭოროხის შესართავში იყო ნავსადგომი, რომელსაც ერქვა აფსარეია. ეს აბო თბილელის მარტვილობაშიცაა ნახსენები. შესაძლებელია, იქ აფსუების დასახლების რაიმე კოლონია იყო, მაგრამ იქიდან არაფერი არ შემორჩენილა, როდესაც აფხაზები მე-17 საუკუნეში შემოსახლდნენ საქართველოში, მათ აქ თავიანთი ტომის ხალხი არ დახვედრიათ.
„10 წელი გავიდა, ვინმემ რამე შემოგვთავაზა?!“-ეს კითხვა უჩნდება პაატა ზაქარეიშვილს, რომელიც, თავის მხრივ, ითხოვს, თუ ვინმე ამ კონფლიქტის მოგვარების სხვა გზას ხედავს, თავისი ვარიანტი წარადგინოს.
- რა თქმა უნდა, ყოველთვის ხაზს ვუსვამ, რომ აფხაზეთში ქართველთა გენოციდი მოხდა. აფხაზი ხალხის მნიშვნელოვანმა ნაწილმა რუსეთის მიერ ორგანიზებულ გენოციდში მიიღო მონაწილეობა, სადაც სომხებიც მონაწილეობდნენ და სხვებიც. ამის დაუსჯელად დატოვება არ შეიძლება, მაგრამ ეს სასჯელი ვერ გავრცელდება და არც შეიძლება გავრცელდეს იმაზე, ვისაც ამაში მონაწილეობა არ მიუღია. ანუ არ შეიძლება, ეს სასჯელი შეეხოს აფხაზების მომავალ სტატუსს საქართველოში. ვინც ახლა იზრდება და ხვალ და ზეგ დაიბადება აფხაზეთში ამ სასჯელისგან თავისუფალია. ამიტომ, ეს სტატუსი ისე უნდა განისაზღვროს, რომ ამ ხალხს, რომლებსაც თავიანთი სამშობლო საქართველოს გარეთ აღარ აქვთ, უნდა ჰქონდეთ საშუალება, ეროვნული თვითრეალიზაცია შეეძლოთ.
სხვათა შორის, შავი ზღვის სანაპიროზე მე-17 საუკუნეში ჩამოსახლებული აფსუები თავს არასდროს იხსენიებდნენ აფხაზებად. ეს მაშინ, როცა აფსარებთან (ანუ ჩერქეზებთან) ასიმილირებული ადგილობრივი ქართველური ტომები ცდილობდნენ, აფსარების ახალი ეთნოჯგუფი აფხაზებად მოეხსენიებინათ. გარდა ამისა, 1866 წლის აჯანყების შემდეგ თურქეთსა და სირიაში გადასახლებული მოსახლეობის ნაწილი, რომელთაც ქართველები აფხაზებს ვუწოდებთ, საკუთარ თავს არც აფხაზებად და არც აფსარებად არ მოიხსენიებენ, არამედ ჩერქეზებად თვლიან თავს.
- ამიტომაც აფსუებს ჩვენს ტერიტორიაზე, სადაც ისინი კომპაქტურად ცხოვრობენ, უნდა ჰქონდეთ თავიანთი საზოგადოების შენების უფლება, თავისი გემოვნების, ტრადიციის მიხედვით, მაგრამ ტერიტორია ჩვენია, ისინი ცხოვრობენ ჩვენს ტერიტორიაზე. ამიტომ ამ ტერიტორიის დაცვა, სამხედრო საქმე და ამ ტერიტორიაზე დამნაშავის ძებნა ცენტრალური ხელისუფლების ხელში უნდა იყოს. ეს მოგვარებადია. ჩვენ, როგორც კავკასიელ ერთ-ერთ ხალხს, ისტორიული ამოცანა გვაქვს, მივაღწიოთ, რომ ჩრდილოეთ კავკასია გათავისუფლდეს რუსული იმპერიის ხელიდან. ჩვენ აფსუა ხალხი უნდა გადავარჩინოთ, ეს მოვალეობა გვაკისრია ღმერთის წინაშე. მით უმეტეს, საქართველოში შემოსვლისას აფსუებმა ახალი ცნობიერება გამოიმუშავეს, ეს იყო შინაარსით ეროვნული (და არა ტომობრივი) ცნობიერება, რადგან ისინი მოვიდნენ ფეოდალურ საქართველოში, სადაც ცნობიერება ეროვნული იყო. ყველაფერ ამის გათვალისწინებით, საქართველოს უფლება, აფხაზეთში განახორციელოს თავისი სახელმწიფოებრივი იურისდიქცია, უპირობოა. ჩვენ შეგვიძლია, ეს უფლება ისე განვახორციელოთ, რომ არცერთ აფხაზს და არავისაც არაფერი არ ვკითხოთ.