პარიზთან ახლოს, ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ბოლო ეტაპზეა. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარიზში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.
პრემიერის თქმით, რამდენიმე თვის წინ მთავრობამ ტექნიკური დოკუმენტაციის მოწესრიგების მიზნით დამატებითი თანხები გამოყო, რაც წლების განმავლობაში ვერცერთმა მთავრობამ ვერ მოაგვარა. დღესდღეობით კი პრემიერს იმედი აქვს, რომ ჩვენი ემიგრანტი წინაპრების შთამომავლები ამ პროცესს დაასრულებენ და ლევილის მამული დაუბრუნდება ქართველ ხალხს, ჩვენს სახელმწიფოს.
პრემიერი ფიქრობს, რომ ეს მამული ქართველი ახალგაზრდებისთვის უნდა იყოს განკუთვნილი და ლევილი უნდა გახდეს ქართული კულტურის ცენტრი საფრანგეთის შუაში.
ლევილის მამული ჯერ კიდევ 1928 წლის 30 აპრილიდან ქართველი ხალხის საკუთრებად არის გაფორმებული. სხვათა შორის, როგორც ფრანგები ამბობენ, ლევილის ქართველთა კერას საფრანგეთისთვისაც ისტორიული მნიშვნელობა აქვს და თავის დროზე აქ ცნობილი ფრანგული ოჯახები ცხოვრობდნენ. მათ შორის, ფრანგებისთვის კარგად ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე - დე ლასეპედი რევოლუციის პერიოდში სწორედ ლევილის სახლს აფარებდა თავს.
წლების წინ, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტის საქართველოში გადმოსვენების შემდეგ, ქართული საზოგადოებრივი აზრი ორ ნაწილად გაიყო. ერთნი მიიჩნევდნენ, რომ სხვა ემიგრანტი ქართველების ნეშტებიც უნდა გადმოესვენებინათ ლევილიდან, რადგან მათი სურვილი საქართველოში დაკრძალვა იყო. ამისთვის მეტად შთამბეჭდავად ჟღერდა ლევილის ქართულ მამულში საძმო სასაფლაოზე განსვენებული პოეტის კოკი დადიანის უნიკალური ეპიტაფია - „ძვლებიც კი ფიქრობს საქართველოზე!“
ამ ფრაზის მიუხედავად, ჩვენი საზოგადოების ნაწილი ფიქრობდა, რომ ლევილის ქართველთა განსასვენებელი არ უნდა დაცარიელებულიყო.
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ქართველ ემიგრანტთა ცხოვრების მკვლევარი რუსუდან დაუშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ლევილის მამული დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მთავრობის ფულით არის ნაყიდი. როდესაც ჩვენი მთავრობა ემიგრაციაში წავიდა, სამუზეუმო განძთან ერთად (რომელსაც ექვთიმე თაყაიშვილი პატრონობდა), მათ წაიღეს მთავრობის ქონებაც - სუფრის გასაწყობი ვერცხლეული, ოქროს ზოდები. შემდგომში ეს ნივთები გადაადნეს და გაყიდეს, ნაწილი მოახმარეს სამუზეუმო განძის შენახვას ჯერ მარსელის ბანკში, შემდეგ პარიზის ბანკში, ხოლო დარჩენილი ფულით ლევილის მამული იყიდეს.
„ლევილის მამული თავიდანვე საქართველოს ეკუთვნოდა და იმთავითვე განსაზღვრული იყო, რომ ეს უნდა ყოფილიყო საფრანგეთში ჩასული ქართველი სტუდენტების თუ სამუშაოდ მივლენილი ადამიანების თავშესაფარი. პირველი ანდერძის თანახმად, სწორედ ასე სურდათ ჩვენს ემიგრანტებს. მე ვიცი, რომ რაღაც პრობლემებია ამ მამულთან დაკავშირებით თავად ემიგრანტებს შორის, რომელთაც სურთ, მათ სახელზე გადაფორმდეს ლევილი. ისინი არიან პირველი მთავრობის წარმომადგენლების მემკვიდრეები. თუმცა აუცილებელია, ლევილი საქართველოს სახელზე ირიცხებოდეს, ეს შატო (ციხე-სიმაგრე, როგორც ფრანგები ეძახიან ლევილის მამულში მდგარ სამსართულიან შენობას, სადაც ნოე ჟორდანია და სხვები ცხოვრობდნენ) ნამდვილად უნდა დარჩეს საქართველოს საკუთრებაში, თავის სასაფლაოსთან ერთად, რადგან ნებისმიერი კერძო მფლობელის შემთხვევაში, ლევილის მამულს იმდენად დიდი ბეგარა დაეწერება, რომ ვერავინ გადაიხდის და იგი დაიკარგება საქართველოსთვის. ბატონი გურამ შარაძე იმის წინააღმდეგ იბრძოდა, რომ მავანთა მიერ არ მომხდარიყო ლევილის მამულის პრივატიზაცია. თორემ საქართველოდანაც იყო ასეთი მცდელობები“, - აღნიშნა რუსუდან დაუშვილმა.
ამასთან, ლევილის საძმო სასაფლაოდან ქართველი ემიგრანტების გადმოსვენების ფაქტსაც შეეხო და განმარტა, რომ საქართველოში ჩამოსვენებული ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტის გარდა, ნებისმიერი ემიგრანტი ოცნებობდა, თუნდაც მისი ძვლები დაბრუნებოდა მშობლიურ საქართველოს. თუმცა არ შეიძლება, ყველა გადმოვასვენოთ და ლევილის სასაფლაო ცარიელი დავტოვოთ. მით უმეტეს, არსებობს ინგლისური გამოთქმა, სადაც ერთი ინგლისელი მაინც არის დასაფლავებული, იქ პატარა ინგლისიაო. ამდენად, ჩვენც არ გვაქვს უფლება, ასეთი დიდი ტრადიციის მამულს შევეხოთ. არადა, რაოდენ სავალალოც არ უნდა იყოს, ახლა ლევილის მამულში სხვა ეროვნების ხალხი დაასაფლავეს.
„სახალხო ფრონტის“ ლიდერი ნოდარ ნათაძე მიესალმება, თუკი ლევილის მამულზე ქართველთა უფლებები უფრო მეტად გავრცელდება. მისი თქმით, თავის დროზე ემიგრაციას ძლიერ უჭირდა, ისინი მშივრები იყვნენ და ძლივს შეაგროვეს ფული ლევილის შესაძენად.
„წლების წინ აქტუალური იყო ლევილის სასაფლაოდან ქართველთა ნეშტების გადმოსვენების საკითხი. ამაზე მსჯელობას თავისი მორალური ასპექტი გააჩნია. თუკი დაფიქსირებულია ანდერძში, რომ ჩვენი წინაპრები საქართველოში დაკრძალვას ითხოვდნენ, მაშინ ცალსახად უნდა გადმოასვენონ. მაგრამ არც მე და, მე მგონი, არც არავის სავსებით გარკვეული არ აქვს, შესაძლებელია კი მიცვალებულის ნეშტის შეწუხება?! საფრანგეთი სამართლებრივი სახელმწიფოა. თუკი საფრანგეთში საკუთრების უფლება ერთხელ მოიპოვე, თუ იქ დაარსდა ქართული ცენტრი და მისი გაუქმების არანაირი წონადი მოსაზრება არ არსებობს, მაშინ ის ცენტრი იარსებებს და მას ხელს ვერავინ ახლებს“, - აცხადებს ნოდარ ნათაძე For.ge-სთან საუბარში.