ისლამისტი რადიკალების გააქტიურების გამო ქვეყნის წინაშე რთულ გამოწვევად რჩება საზღვრის დაცვის პრობლემა. რამდენად არის დაცული საქართველოს საზღვარი, განსაკუთრებით, სამხრეთის რეგიონში, საიდანაც შესაძლებელია, არაბული ქვეყნებიდან მოძალებულ ლტოლვილებს სამოქალაქო ფორმაში გადაცმული ტერორისტები შემოყვნენ? სხვათა შორის, საბჭოთა რუსეთს ჩვენი სამხრეთული საზღვრების დაცვა განსკუთრებულ ხარისხში ჰყავდა აყვანილი და, თუ საქართველოს მთელ დანარჩენ საზღვარს სულ რაღაც სამი ათასი მესაზღვრე იცავდა, თურქეთის მონაკვეთთან ათი ათასი მესაზღვრისგან შემდგარი განსაკუთრებული სასაზღვრო ოლქი იყო შექმნილი.
სასაზღვრო უსაფრთხოების შესახებ For.ge ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, სასაზღვრო საკითხების დამოუკიდებელ ექსპერტს გელა ხუციშვილს ესაუბრა.
რამდენად არის დაცული დღეს საქართველოს 2000-კილომეტრიანი საერთო საზღვარი თუ მეზობელ სახელმწიფოთა მესაზღვრეების კეთილსინდისიერებას უნდა ვენდოთ და მათ იმედად ვიყოთ?
- მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა, განსაკუთრებით, ახლო აღმოსავლეთში წარმოქმნილმა დაძაბულობამ რეალობა შეცვალა. ამდენად, მთლიანად უნდა გადაიხედოს ქვეყნის უსაფრთხოების სისტემები. საუბარია სახელმწიფოს საზღვრის დაცვის სისტემაზე. დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს საზღვრის დაცვის სტრუქტურის ცალკე ერთეულად ჩამოყალიბება და საზღვრის დაცვის კონცეფციის შემუშავება, რაშიც შეტანილ უნდა იქნას სამხედრო კომპონენტი და მთლიანად მთელი სამხედრო ძალების ყურადღების მობილიზება უნდა მოხდეს სახელმწიფოს საზღვრების დაცვისთვის.
რამდენადაც ვიცი, ამჟამად შსს-ს წარმომადგენლები ახორციელებენ ჩვენს საზღვრებზე პატრულირებას. ეს არასაკმარისია?
- თავის დროზე, როდესაც ორიენტირებულნი ვიყავით შენგენის სახელმწიფოებთან მიერთებაზე, ეს ყველაფერი მოთხოვნებს პასუხობდა, მაგრამ დღეს თვითონ შენგენის სახელმწიფოები გადადიან საზღვრის მკაცრი კონტროლის რეჟიმზე. რთული ვითარება თანდათან გვიახლოვდება. აგერ, რამდენიმე ათას კილომეტრში გახურებული ომია, ლტოლვილთა დიდი ნაკადები იწყებს გადმოსვლას და ტერორისტული ჯგუფები იწყებენ მოქმედებას. ცხადია, ასეთ დროს საზღვრის დაცვის კონცეფციაში სამხედრო კომპონენტის შეტანა აუცილებელი ხდება. რაც მთავარია, მეზობელ სახელმწიფოებთან სერიოზული მუშაობა გვმართებს ოპერატიული ინფორმაციის გაცვლის მიზნით. უნდა ჩამოვყალიბდეთ, რეალური საფრთხე მყისიერად საიდან გველის.
არც ერთ ჩვენს უახლოეს მეზობელთან არ გვაქვს დელიმიტარიზაცია-დემარკაციის საკითხი მოგვარებული, არ ვიცით, საზღვარი სად გადის. ეს მხოლოდ საქართველოს რთული გეოპოლიტიკური ვითარებით აიხსნება? ასევე, საინტერესოა, როდესაც საზღვრებზე ვსაუბრობთ, რითი ვხელმძღვანელობთ, 1921 წლის საზღვრებით თუ 1991 წლის, ანუ ზვიად გამსახურდიას პერიოდში დადგენილი საზღვრებით?
- 1991 წელს საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან ზუსტად იმ ტერიტორიით გამოვედით, რომელი ტერიტორიითაც შევედით 1937 წელს, როცა საბჭოთა კავშირის შემადგენლობას ცალკე რესპუბლიკის სახით მივუერთდით. ამის შემდეგ კონსტიტუციაშიც დავაფიქსირეთ, რომ 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით არსებული საზღვრები ითვლებოდა ჩვენს სახელმწიფო საზღვრებად და მეზობელ სახელმწიფოებთან ტერიტორიული დავა არ გვექნებოდა, ანუ პატივს ვცემდით მათ ტერიტორიულ მთლიანობას. ახლა იწყებოდა პროცესი, სადაც ზოგიერთ კონკრეტულ მონაკვეთზე უნდა დაზუსტებულიყო საზღვარი, მაგრამ სამწუხარო ფაქტია, რომ საქართველოს არ აქვს მყარად ჩამოყალიბებული სახელმწიფო სასაზღვრო პოლიტიკა. ეს არის მთელი ჩვენი ტრაგედია. 2013 წლიდან მოყოლებული, დღემდე სახელმწიფო სადელიმიტაციო კომისიას, რომლის თავმჯდომარესაც 2003 წლამდე პარლამენტი ამტკიცებდა და დღეს ის არის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, არც ერთი სხდომა არ მოუწვევია. არც ერთ სახელმწიფოსთან ამ მიმართულებით მუშაობა არ მიმდინარეობს. აქ დემარკაციაზე არ არის საუბარი, აქ საუბარია დელიმიტაციაზე, ანუ რუკებსა და დოკუმენტებზე დაყრდნობით საზღვრის განსაზღვრაზე. არავინ ზრუნავს, საბოლოოდ დაადგინოს, რამდენი ფართობი უჭირავს საქართველოს. ეს არის 67, 69 თუ 70 ათასი კვადრატული კილომეტრი. არის ასეთი სივრცე-კონტინენტური შელფი, რომელიც ზღვის ნაპირიდან 12 მილის სიღრმემდე, ანუ სადღაც 20 კილომეტრის სიღრმემდე ფართობს გულისხმობს, საქართველოს კი კონტინენტური შელფი თავისი ტერიტორიის ფარგლებში არ აქვს შეტანილი. ანუ ამით 7 ათას კილომეტრს აღარ ვაფიქსირებთ, რომ ეს ჩვენი ტერიტორიაა. საქმე გვაქვს საოცარ დაუდევრობასთან, ან დილეტანტიზმთან.
ამ რამდენიმე წლის წინ აზერბაიჯანთან დავით გარეჯის მიდამოებში არსებული პრობლემები თითქმის დაპირისპირებაში გადაიზარდა. ყველაზე რთულად მაინც რომელ მეზობელთან მიიჩნევთ ურთიერთობას?
- მაგალითად, მცოცავი ანექსიაა, როდესაც ქვეყნის ეკონომიკური და დემოგრაფიული ექსპანსია ხდება. ეს ნიშნავს, რომ სხვა ეთნოსი შემოდის შენს ტერიტორიაზე, საზღვრისპირა რაიონს იკავებს, შემდეგ ეკონომიკურ ურთიერთობებს ავითარებს და მეზობელი სახელმწიფოს გავლენა შენს ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი ხდება, შენ მასზე ხარ დამოკიდებული სტრატეგიული ნედლეულით, ეს არის ნავთობი, შაქარი, ხორბალი. ასეთად ჩვენ აზერბაიჯანი გვევლინება. რაც შეეხება თურქეთს, მან აჭარის მონაკვეთში თითქმის მთლიანად დაასრულა საქართველოს ტერიტორიის ეკონომიკური და დემოგრაფიული ექსპანსია. გახსოვთ, ალბათ, მიშა სააკაშვილის ბოლო დოკუმენტი, როცა ცხრა ათას თურქს მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა. კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს ტერიტორიის გასხვისება კანონით აკრძალულია. ქვეყნის სათავეში არ იციან, რა არის სახელმწიფოს ტერიტორია. მათ უნდა განემარტოთ, რომ ეს არის მიწა, ჰაერი და წყალი, რომელზეც ვრცელდება ქვეყნის იურისდიქცია. ამდენად, ბურების, არაბების, ინდოელების ხელში გადასული ათასობით ჰექტარი მიწის ფართობი არის თუ არა საქართველოს ტერიტორიის გასხვისება? კანონი სახელმწიფო საზღვრის შესახებ კრძალავს სასაზღვრო ზოლში 500 მეტრში და 5 კილომეტრში მიწების ყიდვა-გაყიდვას.
გამონაკლისის სახით მხოლოდ პრეზიდენტს აქვს დროებით გასხვისების უფლება.
- გაყიდვის უფლება არც პრეზიდენტს აქვს, მას აქვს მხოლოდ სამეურნეო საქმიანობაზე დაშვების უფლება სასაზღვრო ზოლში. ჩვენ უკვე კატასტროფამდე მივდივართ, კანონები არ ემთხვევა კონსტიტუციას, ხოლო კანონები, რომლებიც კონსტიტუციას ემთხვევა, არ მოქმედებს.
ისტორიულად საქართველო ცდილობდა, ჩრდილოეთით დარიალის კარი დაეცვა, რომელიც ოს-ხაზართათვის გზის შესაკრავად იყო განკუთვნილი. რამდენად საგანგაშოა, რომ 43 უღელტეხილიდან რუსეთი 25-ს აკონტროლებს?
- ასეთი ფრთოსანი გამოთქმაცაა, საქართველომ შეაძლებინა რუსეთს, აემაღლებინა ჯვარცმა ნახევარ მთვარეზე ზემოთ კავკასიაშიო, ანუ სანამ რუსები საქართველოდან არ მიადგნენ შამილის აჯანყებულებს, მანამ ვერ შეძლეს მათი დამარცხება. მეორე მომენტიცაა, ნატოსთან სახმელეთო შეხება საბჭოთა კავშირს მარტო საქართველოსა და სომხეთის მონაკვეთზე ჰქონდა თურქეთთან, ამიტომ ძალზე გაძლიერებული იყო პირველი ეშელონი აჭარის აქეთ, სომხეთის მიყოლებაზე. დღეს ასე არ არის, ამიტომ რუსეთი ცდილობს, პირველი ეშელონის დაცვა გადმოიტანოს კავკასიის ქედს აქეთ. ამის ნიშანია მარუხის უღლეტეხილი. საფუძვლიანი გამოძიება რომ ჩატარდეს, სამშობლოს ღალატისთვის უნდა მიეცეს ყველა, ვინც მარუხი დათმო. მარუხი არის კოდორის ხეობაში. ახლა მამისონიც ჩაიგდეს ხელში. ორივე მიმართულებაზე 20-25 კილომეტრით შემოვიდნენ. ეს გზა მიყვება ჯავიდან, შემდეგ გადადის თრუსოს ხეობაში და ძალა, რომელიც მას შეაჩერებს, არ ჩანს. როცა მთელ მსოფლიოში უკონტროლო სიტუაციაა, ამ დროს დაუშვებელია ნაღმის შემოტანა და ეს ნაღმი იქნება არაბული ქვეყნებიდან წამოსული ლტოლვილები. იმათ ჩვენთან შემოსვლა არ უნდათ და ტყუილად ნუ ვექაჩებით აქეთკენ, მერე ეს სანანებელი გაგვიხდება.
ანუ ტერორისტები შემოყვებიან ოჯახის წევრებს და მშვიდობიან სამოქალაქო პირებად მოგვევლინებიან?
- როდესაც არაპროფესიონალები იკავებენ საკვანძო თანამდებობებს, მათ არ იციან, როგორ უნდა აღასრულონ თავიანთი საქმე. როდესაც საზღვარზე დიდი რაოდენობით უკონტროლოდ შემოდის მოსახლეობა, ისინი უნდა განათავსო საფილტრაციო ბანაკებში, იქ უნდა გამოვლინდეს, ვინ არის ტერორისტებთან, კონტრაბანდისტებთან კავშირში და ამის შემდეგ უბრალო ადამიანები შემოუშვან ქვეყანაში. სტიქიურად შემოსულ ხალხს ათასი მამაძაღლი შემოჰყვება. ასეთი რამ უკვე მოხდა ჩვენთან ჩეჩნეთის მხრიდან. ახლა კიდევ განმეორდება. ყველა დუმს, თუ სად არის ის ხალხი, რომლებიც ალეპოდან, სირიიდან, ლიბიიდან ჯერ კიდევ მეორე-მესამე ფაზამდე მისულ საფრთხემდე წამოვიდნენ? ესენი იყვნენ საკმაოდ შეძლებული ქონების მქონე სომხური მოსახლეობა. ისინი ერევანში არ შესულან. სად არან?
ჩინელები რომ მოდიან, ეს სხვა საქმეა, ჩინელები მოდიან თავიანთი სახელმწიფოს ხელშეწყობით, იცვლიან გვარსაც, რელიგიასაც, მთავარია, დასახლდნენ აქ და დამაგრდნენ, მაგრამ სირიიდან და ლიბიიდან გამოქცეულ შეძლებულ სომხებს დასასახლებლად ტერიტორია სჭირდებათ.
მართალია, რომ გარდაბნის ტერიტორიისა და სამცხე-ჯავახეთის სასაზღვრო ზოლში მიწები ჰექტრობით იყიდება?
- გარდაბანი და ახალქალაქი პრობლემატურია იმიტომ, რომ იქით სომხური და აქეთ აზერბაიჯანული მოსახლეობა ცხოვრობს და აქ რისკის ზონა ცოტა მაღალია. იქაურ ადგილობრივ სივრცეში სასაზღვრო ზოლი პრივატიზებულია და ხდება განსახლების ზოლის განაშენიანება, რაც დასახლებული პუნქტის მთლიანად უწყვეტ ნაკადს ქმნის. დღეს თუ არა ხვალ, ეს პრობლემად გადაიქცევა.
როდესაც ხმელეთი მეტ-ნაკლებად დაუცველია, რა ხდება ამ მხრივ ცისა და საზღვაო აკვატორიის მხრივ?
- ხმელეთი დაუცველი არ არის, ხმელეთზე განლაგებულია სასაზღვრო დეპარტამენტი, საპატრულო პოლიცია. ისინი ერთეულებს აფიქსირებენ, მაგრამ მათი შესაძლებლობა, შეიარაღება დღეს უკვე ვეღარ პასუხობს მოთხოვნას და ამიტომ აუცილებელია ამის გადაყვანა ცალკე სამხედრო კომპონენტად. რაც შეეხება ზღვას, ჩვენ ვართ საზღვაო სახელმწიფო. შავი ზღვის აუზი მოიცავს 36 ქვეყანას, ეს ის ქვეყნებია, რომლებიც სარგებლობენ შავი ზღვის, როგორც სატრანსპორტო საშუალებით, მაგრამ ხუთი ქვეყანა უშუალოდ შავი ზღვისპირა სახელმწიფოა და ამ ხუთ ქვეყანას აწევს შავ ზღვაზე უსაფრთხოების ტვირთი. ასეთ ვითარებაში, საქართველო ერთადერთი საზღვაო ქვეყანაა, რომელსაც საზღვაო ძალები არ გააჩნია. როდესაც სამშვიდობო მისიები, წვრთვნები ტარდება შავ ზღვაში, ჩვენ ვერ ვღებულობთ მონაწილეობას. შავი ზღვის საერთაშორისო საზღვაო კონვენცია 1982 წელს მიიღეს და ამ კონვენციას 1993 წელს მივუერთდით. კონვენციის თანახმად, 12 მილზე მეტი არ შეიძლება იყოს ტერიტორიული წყლების სიღრმე, შეგვიძლია, ნაკლები გვქონდეს. მაგალითად, თურქეთს 6 მილი აქვს. ეს ის ტერიტორიაა, სადაც სასაზღვრო რეჟიმი ვრცელდება და, რომლის გადმოლახვის უფლება მხოლოდ სახელმწიფოს გადაწყვეტილების შემდეგ ეძლევა ნებისმიერ სხვა ქვეყანას. ამ დროს ცეცხლის შეწყვეტის ზონაში-ოჩამჩირის, სოხუმის, გაგრის ტრავერსზე, ანუ აფხაზეთის მონაკვეთზე, აფხაზებმა ცალმხრივად 15 მილი დააწესეს. ისინი არც კონვენციას არ არიან მიერთებულნი, არც საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფო არ არიან და ზღუდავენ შავ ზღვაზე ნაოსნობას. ამაზეც არავინ ხმას არ იღებს.