უნდა შეიცვალოს თუ არა კანონი ორგანოთა გადანერგვის შესახებ?! ამ საკითხზე მედიკოსთა შორის განსხვავებული მოსაზრებებია. მთავარი საფრთხე, რაც ცოცხალი დონორების წრის გაფართოებას შეიძლება მოჰყვეს, ადამიანის ორგანოებით ვაჭრობაა. უფრო მეტიც, ამ ეტაპზე ესპანეთში მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე, რადგან აღმოაჩინეს, რომ კონკრეტული ბანდა აიძულებდა ადამიანებს, თავიანთი ორგანოები თანხის სანაცვლოდ ჩაებარებინათ და ის თანხა მიეტანათ ამ დაჯგუფებისთვის.
„ეს ის რეალობაა, რომელსაც ევროპა აწყდება“, -აცხადებს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ქირურგი გია თომაძე, რომელიც 2000 წელს ტრანსპლანტალოგიის შესახებ კანონის დაწერაში მონაწილეობდა.
გია თომაძის თქმით, ევროკავშირის ქვეყნებში კანონმდებლობა ცოცხალი დონორიდან ტრანსპლანტაციის შესახებ საკმაოდ ლიბერალურია, თუმცა განვითარებულ ქვეყნებშიც არ არიან დაცულნი ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის საფრთხისგან. მისი თქმით, თუ დონორთა წრე არ იქნება განსაზღვრული, საბჭოს, რომელიც ცოცხალი დონორის ორგანოს გამოყენების უფლებას გასცემს, გაუჭირდება დაადგინოს, ნამდვილად არსებობს თუ არა ემოციური კავშირი (მაგალითად, მეგობრობა, ან სულაც ალტრუიზმი) პაციენტსა და დონორს შორის, თუ ფინანსურ გარიგებას აქვს ადგილი.
საქმე ისაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო სარჩელი „ლევან გვათუა -საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. 31 წლის ლევან გვათუას სასწრაფოდ ესაჭიროება ღვიძლის გადანერგვა. საქართველოს კანონმდებლობა მას ღვიძლის გადანერგვის საშუალებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცემს, თუ ცოცხალი დონორი მისი ნათესავი იქნება. ასეთი ნათესავი კი ლევან გვათუას არ ჰყავს. იმ ნათესავების მონაცემები, ვინც გვათუას ჰყავს, არ არის შეთავსებადი პაციენტის ღვიძლთან და მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა, ვინაიდან საზღვარგარეთ მკურნალობისთვის ფინანსური სახსრები არ აქვს, ხოლო გარეშე პირის ღვიძლის გადანერგვა იმ შემთხვევაშიც არ შეუძლია, თუკი მას დონორობის მსურველი ეყოლება. ამიტომ ლევან გვათუას ბედი ახლა საკონსტიტუციო სასამართლოზეა დამოკიდებული.
ამ შემთხვევაში, ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის ორი მნიშვნელოვანი საკითხი: ლევან გვათუას სიცოცხლის გადარჩენა და საზოგადოებრივი უსაფრთხოება, რადგან დონორთა წრის გაფართოება საფრთხის ქვეშ აყენებს ადამიანთა უფლებებს, დაცულნი იყვნენ ორგანოთა ტრეფიკინგისგან.
ეს მაშინ, როცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება, მრავალჯერადი ქმედების შემთხვევაში - რვიდან 12 წლამდე, ხოლო ორგანიზებული ჯგუფის მიერ ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა - 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
აღსანიშნავია, რომ საქმის განხილვის დაწყებამდე საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელე ლევან გვათუას თხოვნა და დროებით შეაჩერა კანონის გასაჩივრებული ნორმა იმის შესახებ, რომელიც ცოცხალი დონორების ჩამონათვალს განსაზღვრავს.
რა საფრთხეს შეიცავს ცოცხალი დონორების წრის გაფართოება?! ამის შესახებ For.ge-ს დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორის“ ხელმძღვანელი ალექსანდრე გეჯაძე ესაუბრა.
ექსპერტი აცხადებს, რომ ცოცხალი დონორების წრის გაფართოება სამომავლოდ პრობლემა გახდება არა მარტო ჩვენთვის, არამედ ეს უკვე პრობლემად იქცა ევროპის წამყვან ქვეყნებშიც, სადაც სწორედ ამ კონტექსტში ხდება კრიმინალური ინციდენტები. უბრალოდ, აქ მასშტაბებზეა საუბარი. საქართველოში შეიძლება მასშტაბი დიდი იყოს, რადგან უცხოეთში სამართლებრივად მაინც რეგულირდება ეს სფერო. ამდენად, ალექსანდრე გეჯაძე მიიჩნევს, რომ ერთი ადამიანის განკურნებამ ბოროტებათა კასკადი არ უნდა წარმოშვას.
კერძოდ, ექსპერტი არ გამორიცხავს საქართველოში ადამიანთა გატაცებასა და კრიმინალის ზრდას, რადგან სოციალური გაჭირვებისა და შიმშილის ფაქტორის გათვალისწინებით, დანაშაულის ჩადენის ალბათობის ხარისხი სოციალურად გაღატაკებულ ქვეყნებში უფრო მაღალია, ვიდრე ცივილიზებულ ქვეყნებში.
„ტრანსპლანტაციის კუთხით საქართველო ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს და, ვინც არ უნდა გითხრათ, რომ ჩვენ ვაკეთებთ ოპერაციებს ღვიძლის და სხვა ორგანოების გადანერგვასთან დაკავშირებით, ეს საქართველოსთვის მაინც უცხო ხილია. კი ბატონო, თირკმლის გადანერგვაზე მუშაობენ, მაგრამ დანარჩენი ორგანოების გადანერგვის კუთხით არანაირი რეალური სტატისტიკური ინფორმაცია არ არის, რადგან თითო-ოროლა ოპერცია კეთდება და ისიც თურქეთიდან ან ევროპიდან ჩამოსული ამ პროფილის მაღალკვალიფიური სპეციალისტების მეშვეობით. ეს ტრანსპლანტაციის პრობლემის ერთი მხარეა და მეორე მხარეა, რომ ავადმყოფი, ვისაც სჭირდება ტრანსპლანტაცია, ზოგჯერ გენეტიკური შეუთავსებების გამო წლობით ელოდება გადასანერგ ორგანოს. აქედან გამომდინარე, თუკი პიროვნების სიცოცხლე თვეებს ითვლის და ამ ორგანოს მოძიება წლობით იჭიმება, შესაბამისად, მატულობს იმის რისკი, რომ ამა თუ იმ კრიმინალურმა ჯგუფებმა კრიმინალური, არასამართლებრივი გზებით განახორციელონ პაციენტის „დახმარება“ და ცალკეულმა პირებმა ამ საქმით ხელი მოითბონ. საქართველოს მდგომარეობას თუ გავითვალისწინებთ, როცა ადამიანებს ბავშვების შესანახად პურის ფული არ აქვს, შეიძლება მივიდნენ უკიდურესობამდე და ორი თირკმლიდან ერთი თირკმელი ტრანსპლანტაციის მიზნით გაიმეტონ, ან მისცენ ღვიძლის ნაწილი“, - აცხადებს ალეკო გეჯაძე და მიიჩნევს, რომ ამ რთული თემის გადაწყვეტა მარტო რომელიმე ნჯო-ს ან კერძო სტრუქტურის ინიციატივით არ უნდა განიხილებოდეს, არამედ ეს სამართალდამცავი სტრუქტურების, ჯანდაცვის წარომადგენლებისა და არასამთავრობოების ერთობლივი მუშაობით უნდა გადაწყდეს.
დამოუკიდებელი სასამართლო სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი For.ge-სთან საუბარში საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას მიესალმება, რომელმაც შეაჩერა ცოცხალი დონორების ჩამონათვალის განმსაზღვრელი კანონის ნორმა.
ექსპერტის თქმით, მართალია, ჩვენ სამხრეთული ქვეყანა ვართ, სადაც ნათესაური კავშირები ძლიერია, მაგრამ ისეთ დიდ ქალაქში, როგორიც თბილისია, ნათესაური კავშირები ისე მჭიდრო არ არის, რომ ერთმა ადამიანმა მეორეს თირკმელი სთხოვოს. ამის საპირისპიროდ, მჭიდრო კავშირები რჩება რაიონში.
„ეს მორალური მხარეა. აკრძალვით დანაშაულს ვერ ავიცილებთ. პირიქით, თუ ადამიანს საკუთარი თირკმლის გაყიდვის სურვილი აქვს, მას უნდა ჰქონდეს ამის უფლება, ეს მისი ნებაა. ეს დანაშაულად არ უნდა ითვლებოდეს, რადგან ცივილიზებულ მსოფლიოში ასე არ ხდება. როდესაც ეს კანონი მიიღეს და ცოცხალი დონორების წრე შეამცირეს, მაშინ საბჭოთა კავშირი იყო და ამ კანონის დარღვევა თავისუფლების აღკვეთით ისჯებოდა. ახლა სხვა დროში ვცხოვრობთ და კარგია თუ ცუდი, ეს რეალობაა. თქვენ რომ ნახოთ, რამდენი ადამიანია ხელოვნურ თირკმელზე, რამდენი ბავშვი იტანჯება, ცოტა გაადვილებული რომ იყოს ეს პროცედურა, შეიძლება ამ ბავშვების ნახევარი გამოჯანმრთელებულიყო“, - აცხადებს მაია ნიკოლეიშვილი და შეკითხვაზე - კანონის შეცვლა ორგანოთა ტრეფიკინგს და კრიმინალის ზრდას ხომ არ გამოიწვევს, აცხადებს, რომ „ეს ღრმა პროვინციალიზმია, რადგან გეოპოლიტიკურ რუკას რომ დავხედოთ, ვიღას უნდა აქ ადამიანების გატაცება, როცა ახალგაზრდები ისედაც იხოცებიან. ამიტომ აკრძალვა უარესია.
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, გია თომაძის აზრს პატივს ვცემ, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ არა მგონია, მისი სიტყვა გადამწყვეტი იყოს. ესპანეთში მომხდარ კრიმინალურ ფაქტს რაც შეეხება, ასე შეიძლება, მილიონი ლეგენდა მოვიძიოთ, მაგრამ ადამიანებს სიცოცხლე სჭირდებათ. იმ ადამიანის მდგომარეობიდან უნდა გამოვიდეთ, ვისთვისაც ღვიძლის გადანერგვა ჟანგბადია“.