ISIS-ის სახელით ოთხი ქართველი მუსლიმანის მიერ საქართველოსთვის მუქარის შემცველი ვიდეომიმართვის გავრცელების შემდეგ განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა მაგალითებმა საქართველოს ისტორიიდან, თუ როგორ განსხვავებოდა ალავერდი-ხან უნდილაძის, ეგვიპტის გამგებლის-იბრაჰიმ-ბეი შინჯიკაშვილის და სხვა ქართველთა სიყვარული საკუთარი ისტორიული ფესვებისადმი. ბავშვობაში საქართველოდან გატაცების მიუხედავად, ამ ადამიანებში ვერ აღმოფხვრეს ეროვნულობა და საქართველოს წინააღმდეგ ვერ გამოალაშქრებინეს. ამის საპირისპიროდ, რა ხდება დღეს, ქართველთა იდენტობა და მეობა დარღვეულია?!
For.ge-მ ამ შეკითხვით დაიწყო საუბარი წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელ ტარიელ ფუტკარაძესთან.
ტარიელ ფუტკარაძე: ვფიქრობ, არაფერი შეცვლილა. იმავე შაჰ-აბასის ისტორიას თუ განვიხილავთ, მან სამჯერ დალაშქრა საქართველოს ტერიტორია და პირველ და მეორე ლაშქრობისას ერთ-ერთი მისი სარდალი იყო გიორგი სააკაძე. მესამე ლაშქრობისას, როცა გაიგო, ყორჩიხა-ხანი მოკვლას უპირებდა, გიორგი სააკაძე ქართველთა მხარეზე გადმოვიდა. უფრო მეტიც, ბაზალეთის ძმათამკვლელი ომის დროს გიორგი სააკაძის გვერდით იბრძოდნენ ოსმალეთის სამხედრო რაზმები. შესაბამისად, წარსულშიც, დღესაც და მომავალშიც ქართველი „ორჯონიკიძეები“, ქართველთა მცირე ნაწილი, მტერს შემოუძღვებოდა. ორჯონიკიძეც ასე შემოუძღვა რუსის ჯარს, რუსებმა საქართველო დააქციეს დამოუკიდებლობის გამოცხადების გამო.
საქართველოს ისტორია, სხვა ქვეყნების ისტორიის მსგავსად, დიდი გმირობისა და ღალატის მომსწრე იყო. დღესაც განსაკუთრებული არაფერი ხდება. საქართველოს მუსლიმანობა, ეს მოვლენა, სულაც არ არის ტერორისკენ მიდრეკილი. ძალიან ბევრი ქართველი და არაქართველი მუსლიმანისთვის მიუღებელია ტერორიზმი. ბევრ ქართველს კარგად აქვს გათვითცნობიერებული ეროვნული მეობის შენარჩუნების აუცილებლობა დემოგრაფიული საფრთხეების პირობებში.
სამი ტიპის საფრთხე არსებობს: პირველი, დემოგრაფიული, რომელიც გვემუქრება ხანგრძლივ პერსპექტივაში, მეორე, ტერორის ორგვარი სახეობა - სახელმწიფო ტერორი, რომელიც განვითარდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ქართველთა გენოციდის სახით (და ასეთივე ტერორი მოდის ისლამური სახელმწიფოსგანაც, ქართველთა ხელით) და მესამე ტიპის საფრთხეა ასიმილაცია, მათ შორის, კულტურული ასიმილაცია. თუ ჩვენ ვნახავთ ისლამისტური სახელმწიფოს რუკებს, მათზე კავკასიას ცენტრალური ადგილი უჭირავს, მაგრამ შემიძლია ყველა დავამშვიდო, რომ ასეთივე იმპერიალისტური რუკები აქვს რუსეთსაც და მეზობელ სხვა ქვეყნებსაც. დარწმუნებული ვარ, მუსლიმანურ რადიკალურ იდეას გამარჯვება არ უწერია, რადგან იგი დაგმობილია თავად მუსლიმანური სამყაროს მიერ.
ისტორიიდან ცნობილია, რომ იბრაჰიმ-ბეი შინჯიკაშვილმა, ეგვიპტის მამაცმა მამლუქმა, მოხუც დედას თანხა გაუგზავნა და მშობლიურ მარტოფში, შინჯიკაშვილების უბანში ეკლესია ააშენებინა. როგორც ჩანს, ქართველი მუსლიმანები ზრუნავდნენ თავიანთ პირვანდელ რელიგიაზე. აჭარელ მუსლიმანებს კი ვერ გავაგებინეთ, რომ მუსლიმანობა არ იყო ნებით არჩეული მათ მიერ?
- ეს „საინტერესო“ მოვლენაა, რატომ მიდის ადამიანი ტერორიზმის გზაზე. რადიკალიზმის განმაპირობებელი განათლების დეფიციტია. რელიგიური ფანატიზმის შემთხვევები სწორედ იმ ველში ჩნდება, სადაც განათლება ნაკლებია. შემდეგ შეიძლება იყოს სხვა სახის დეფიციტიც-ფსიქიკური ან პირადი წყენა. საინტერესოა, რომ ქართულენოვანი ვიდეომიმართვის თითქმის ყველა ავტორი ეკომიგრანტია. ხულოში, შუახევში, ქედაში, ხელვაჩაურში, ქობულეთში ჯანსაღი გარემოა, ადამიანი ადაპტირებულია მშობლიურ სამყაროსთან, სკოლებში განათლებაც შესაბამისია, რაც ეროვნული ერთიანობის იდეას ემსახურება, რელიგიური ფანატიკოსები აჭარაში თითქმის არ ცხოვრობენ. ეკომიგრანტებს კი, რომლებიც გადასახლებულნი არიან ზემო აჭარაში და, რომელთა მშობლებმაც ვერ მოიწყეს ცხოვრება, როგორც ჩანს, დააკლდათ შესაბამისი განათლება, ადაპტაცია. ერთი წლის წინ გარედან მაპროვოცირებელმა ჯგუფმა მოახერხა, რომ გამოსვლები განეხორციელებინა სამთაწყაროში, გურიაში. ეს შემთხვევითი არ ყოფილა, ამ გამოსვლების ავტორები არ არიან საქართველოს პატრიოტები, არც მუსლიმანების პატრიოტები არიან. ისინი პოლიტიკურად მარკირებული ხალხია, რომელთა ინტერესშიც ხელისუფლების სახელის გატეხა და პროვოცირება შედიოდა. შეიძლება, ვიღაცაზე ამან ცუდად არ იმოქმედა, მაგრამ გარკვეული ფსიქიკური წყობის ადამიანის ქცევაში ადაპტაციის სირთულემ განაპირობა რადიკალიზმი. თორემ, ეკომიგრანტთა ნაწილი ქვეყნის პატრიოტია, ბევრი მათგანი აშენებს ეკლესიას. მე პირადად ეკომიგრანტების მიერ აშენებული ოთხი ეკლესიის კურთხევის მონაწილე ვარ, მაგრამ შეიძლება იყოს ერთი-ორი ადამიანი, რომელმაც ფინანსური ინტერესის გამო სხვა გზა აირჩია. ეს არ უნდა განზოგადდეს არც აჭარაზე, არც პანკისის მხარეზე.
რაც შეეხება ალავერდი-ხანს და მის შვილს, მათ დიდი საქმე გაუწიეს ირანს და თავიანთი ქართველობაც არ დაუკარგავთ. ასეთი გადმოცემაც არსებობს, როდესაც გიორგი სააკაძემ შაჰ-აბასს ახარა, ქეთევან დედოფალი წამებით მოკლესო, ალავერდი-ხანს სილა გაურტყამს სააკაძისთვის, რა გიხარია მერეო.
გიორგი სააკაძის შესახებ განსხვავებული მოსაზრებებიც არსებობს, რომ ის ქვეყნის პატრიოტი იყო და ამას მისი შვილი-პაატაც შეეწირა.
- მე არაფერს ვიგონებ, მე ვამბობ, რომ ასეთი გადმოცემა არსებობს. რამდენად მართალია, არ ვიცი. ასევე, ცნობილი ფაქტია, რომ ოსმალეთის იმპერიის დიდ-ვეზირებად, ანუ პრემიერ-მინისტრებად ისტორიის მანძილზე 22 ქართველი ყოფილა. ამ ქართველებს შეიძლება, უშუალოდ საქართველოს საქმე არ უკეთებიათ, მაგრამ არც საქართველოს წინააღმდეგ გამოუჩენიათ თავი. რეალურად, ტერორისტული საფრთხე არსებობს არა მარტო მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, არამედ საქართველოშიც, რადგან ვის რა მოუვა თავში, არავინ იცის. აჭარის ქართველობა ოსმალეთის იმპერიაში ძალით იყო გამუსლიმანებული და იშვიათი მოვლენაა აჭარა, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე დაუბრუნდა წინაპრების რელიგიას და აჭარლებს ეამაყებათ, რომ პირველი ქრისტიანობა სწორედ აჭარიდან შემოვიდა.
ის, რომ ანდრია პირველწოდებულმა, მატათამ და სიმონ კანანელმა პირველად სწორედ აჭარაში იქადაგეს, ამის გამო უწმინდესმა ბრძანა, ჩვენ კი არ უნდა მოვაქციოთ აჭარა, არამედ აჭარამ უნდა მოგვაქციოს ჩვენ.
- საქართველოს გაქრისტიანება აჭარიდან იწყება. ისიც რეალობაა, რომ ზოგიერთი ქართველი მუსლიმანია, ზოგიც კათოლიკე და ზოგიც ათეისტი, მაგრამ ქართული კულტურა შექმნილია ქართულენოვანი ქრისტიანობის ბაზაზე. თუ ჩვენი განათლების სისტემა ორიენტირებული იქნება სახელმწიფოებრივ ფასეულობებსა და ისტორიულ ღირებულებებზე, მაშინ რადიკალიზმის მაპროვოცირებელი ელემენტები შემცირდება.
თქვენ აჭარელი ხართ, სადაც ერთ ოჯახში ერთმანეთის გვერდით ცხოვრობენ ქრისტიანები და მუსლიმანები. აჭარელი მუსლიმანი ქალი მჭადს რომ აცხობდა, ზედ ჯვარს ასვამდა. გასულ წელს მუსლიმანთა ნაწილმა შეურაცხყოფად აღიქვა პანსიონის კარზე ღორის თავის ჩამოკიდება და განმარტა, რომ ამით მათ შვილებს რადიკალური ექსტრემიზმისკენ უბიძგებდნენ. თუმცა საინტერესოა, რატომ არ კონტროლდება, რას ასწავლიან პანსიონებში, საიდანაც ჰაფიზებად არჩევენ ქალწულებს და ისინი თურქეთში გადაჰყავთ?
- ქობულეთის პრეცედენტი, რასაც ჰქვია ღორის თავის ჩამოკიდება და განათლების სამინისტროს გარეშე ქობულეთში მედრესეს გახსნა, რეალურად განათლების სისტემის სწორი დაგეგმვის აუცილებლობაზე დაგვაფიქრებს. როგორ შეიძლება, სახელმწიფოს ნებართვის და კონტროლის გარეშე პანსიონების არსებობა?! უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოში ქრისტიანებისა და მუსლიმანების დაპირისპირება, საქართველო-თურქეთის ურთიერთობის გაფუჭება აწყობს რუსეთს, რათა კავკასიაზე კონტროლი დაიბრუნოს, ნატოს ჩამოგვაშოროს. მით უმეტეს, ნატოს წევრია თურქეთი.
ადრე, ფერეიდნელ ქართველებზე ვსაუბრობდით, რომელთაც სისხლის ყივილის გამო ფერეიდანში ქართული ანბანის ძეგლი აღმართეს და სიტყვა „ალაჰ“ ქართული ასოებით გამოსახეს. როგორც ჩანს, ფერეიდნელების გადაბირებაც ადვილი არ აღმოჩნდა.
- მსოფლიოში დაახლოებით 8 მილიონი ქართველი ცხოვრობს, აქედან ნახევარი მუსლიმანია. არ დაგავიწყდეთ, რომ ირანში ნახევარი მილიონი ქართველი შეიძლება იყოს. ირანის ქართველობას კარგად ვიცნობ. თუ თბილისსა და ქუთაისში ქართველობის შენარჩუნება არ არის რთული, ირანში ათმაგად და ოცმაგად რთულია. ფერეიდნელი ქართველები გაცილებით დიდი ქართველები არიან, ვიდრე აქაურები. მათთვის მუსლიმანობა ძვირფასია, რადგან რამდენიმე საუკუნის წინ მოხდა მათი გამუსლიმანება, მაგრამ მათთვის მუსლიმანობა არის ქართველობისთვის ხელშემწყობი. მათ ფერეიდანში აღმართეს ქართული ანბანის ძეგლი და ქართული ასოებით წააწერეს - ალაჰ, რეაქციულმა ძალებმა კი ეს ძეგლი დაანგრიეს, მაგრამ ამ ძეგლის წარწერა გადავიდა ყველა მანქანაზე. რადიკალიზმი არ არის მხოლოდ მუსლიმანური დაავადება. ჩემი მეგობარი, მუსლიმანი ქართველი, რომელმაც დაწერა გამოკვლევა ანჩისხატზე, ერთხელ ანჩისხატის ეკლესიაში შევიყვანე და მედავითნემ ხელი არ ჩამოართვა, მუსლიმანი ხარო.
ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი აცხადებს, რომ ამერიკა უკვე ახალ სამხედრო კონტრტერორისტულ და დიპლომატიურ გზებს ეძებს ISIS-ის წინააღმდეგ. რადიკალებთან დიპლომატია გაჭრის?
- ამერიკამაც და ევროპამაც არა მხოლოდ სამხედრო მიმართულებით უნდა დაგეგმონ ანტიტერორისტული ოპერაციები, არამედ ყველაზე დიდი იარაღი განათლებაა. თუკი ადამიანი გაუნათლებელია, დიპლომატიით ვერაფერს გააგებინებ. დიპლომატია არის მოკლევადიანი სამუშაო, განათლება კი გრძელვადიან პერსპექტივაა.