„ჩვენ ერთგვარ ხაფანგში ვართ - გაჟღერებულია ულტიმატუმი, რაც ბუნებრივია, არ შესრულდება“

„ჩვენ ერთგვარ ხაფანგში ვართ - გაჟღერებულია ულტიმატუმი, რაც ბუნებრივია, არ შესრულდება“

ტერორიზმის ხელშეწყობასა და „ისლამურ სახელმწოფოსთან“ მხარდასაჭერად პანკისის ხეობიდან ახალგაზრდების გაყვანის ორგანიზებით დაკავებული, აიუფ ბორჩაშვილის და მასთან ერთად ბრალდებულების, საქმის განხილვა 30 დეკემბერს განახლდება. სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება.

სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამი - 36 წლის აიუფ ბორჩაშვილი უარყოფს კავშირს „ისლამურ სახელმწიფოსთან“, თუმცა, ავიაკომპანია „თურქიშ ეარლაინის“ თანამშრომელის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ არასრულწლოვნებს თურქეთში გასამგზავრებლად ბილეთები სწორედ ბორჩაშვილმა შეუძინა.

მოწმე ლამარა დეისაძე თავის ჩვენებაში დეტალურად აღწერს, რომ მიმდინარე წლის მარტში მასთან მივიდა მუსლიმანებისთვის დამახასიათებელი ჩაცმულობის წვერიანი მამაკაცი და არასრულწლოვნებისთვის თბილისი-სტამბულის მიმართულებით იყიდა ბილეთები. მოწმე ამბობს, რომ ასლები გააკეთეს და პირადობის მოწმობები შეინახეს.

მისი თქმით, პირი, რომელმაც არასრუწლოვნებისთვის ბილეთები შეიძინა, თქვა, რომ მათი ნათესავია. მოწმის განცხდებით, როდესაც აღნიშნულით დაინტერესდა გამოძიება და პროკურორმა რამდენიმე პირის სურათი მანახა, ამოვიცნი მამაკაცი, რომელმაც იყიდა ბილეთები.

საქმის კიდევ ერთი მოწმე, ალექსანდრე თალაკვაძეა, რომელმაც აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც აიუფ ბორჩაშვილი და მასთან ერთად ბრალდებულები დააკავეს, მას თურქეთიდან ახმედ ჩატაევი დაუკავშირდა, რომელმაც აუდიოჩანაწერი გააკეთებინა, რომელიც განსაზღვრული იყო კონტრტერორისტული დეპარტამენტისთვის.

„ახმედ ჩატაევი ჩანაწერში კონტრტერორისტულ დეპარტამენტს მიმართავდა, რომ ბორჩაშვილი და მასთან ერთად ბრალდებულები უდანაშაულოები არიან და მათ არ ჩაუდენიათ საქართველოს ტერიტორიაზე არანაირი დანაშაული. ასევე ჩანაწერში ჩატაევი კონტრტერორისტულ დეპარტამენტს ერთკვირიან ვადას აძლევდა დაკავებულების გასათავისუფლებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, აცხადებდა, რომ საქართველოს მოქალაქეებსა და ტურისტებს საფრთხე შეექმნებოდათ“, - აცხადებს მოწმე ალექსანდრე თალაკვაძე.

გამოძიების ინფორმაციით, ბორჩაშვილი სირია -ერაყის ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდასაჭერად ხეობიდან ახალგაზრდების ექსპორტის ხელშეწყობას ახორციელებდა. გამოძების მტკიცებით, სწორედ, სოფელ ჯოყოლოს იმამ ბორჩაშვილის ხელძღვანელობით ხდებოდა სირიაში ახალგაზრდების საბრძოლველად გაგზავნა, მათ შორის იგი აპირებდა იმ 3 პიროვნების გაგზავნასაც, რომლებიც პოლიციამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. ბორჩაშვილს ბრალი 2 მუხლით აქვს წაყენებული, ეს არის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანება და ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის მიღებისთვის სხვა პირების გადმობირება.

საქმის პროკურორი, ზვიად ფხაკაძე ამბობს, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებებიდან გამომდინარე, დასტურდება, რომ აიუფ ბორჩაშვილს და მასთან ერთად ბრალდებულებს კავშირი ჰქონდათ „ისლამურ სახელმწიფოსთან“. რაც შეეხება ახმედ ჩატაევის მუქარის შემცველ აუდო ჩანაწერს, პროკურორი აცხადებს, რომ ჩანაწერი საქმეში დევს.

„ჩატაევის აუდიოჩანაწერი შეიცავს მუქარას საქართველოსადმი. ჩატაევი კი არის პირი, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან აღიარებულია ტერორისტული ორგანიზაციის წევრად. ის ერთ-ერთი დაჯგუფების ხელმძღვანელი და მებრძოლია.

სწორედ ჩატაევის მიერ მოხდა თალაკვაძის ტელეფონზე შეტყობინების გამოგზავნა, სადაც იგი ახსენებდა როგორც აიუფ ბორჩაშვილს და მასთან ერთად ბრალდებულებს, ასევე ვინმე აჭარელ მოჭიდავე თემურის და აცხადებდა, რომ თუკი ისინი არ გათავისუფლდებოდნენ საქართველოს მოქალაქეებს და ტურისტების უსაფრთხოებას შეექმნებოდა პრობლემები“, - აცხადებს ზვიად ფხაკაძე.

როგორც ირკვევა, ამ ჩანაწერის გამოგზავნის შემდეგ ახმედ ჩატაევი ერთ კვირაში დაუკავშირდა ბრალდების მხარის მოწმეს ალექსანდრე თალაკვაძეს და მოსთხოვა პასუხი, მიიტანა თუ არა მან ეს ჩანაწერი კონტრტერორისტულ დეპარტამენტში, რაზეც თალაკვაძემ უპასუხა ნუ იჩქარებდა. ამის შემდეგ, ჩატაევი კონტაქტზე არ გამოსულა თალაკვაძესთან.

რაც შეეხება ბრალდების მხარის მოწმეს გიორგი ბორჩაშვილს, რომლის ჩვენების მიხედვით, აიუფ ბორჩაშვილმა მას დაავალა ორი ახალგაზრდის სირიაში გასამგზავრებლად ბილეთების აღება, აღნიშნულ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს. პროკურორის თქმით, მოცემული სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილია სხვა საქმე, რომელზეც ძიება გრძელდება და მტკიცებულებების მოპოვება ხდება.

აიუფ ბორჩაშვილის ადვოკატის, გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, ახმედ ჩატაევის განცხადება, რომელიც აუდიო ჩანაწერით არის წარმოდგენილი, არ შეიძლება ჩაითვალოს, როგორც „ისლამური სახელმწიფოს“ მუქარა. ნიკოლაიშვილის განცხადებით, ჩატაევი საქართველოში ცხოვრობდა და შესაძლებელია მას მეგობრული ურთიერთობა ჰქონოდა დაკავებულების მიმართ.

„ახმედ ჩატაევი აუდიოჩანაწერში ამბობს, რომ აიუფ ბორჩაშვილს და მასთან ერთად ბრალდებულებს საქართველოს წინააღმდეგ არაფერი ჩაუდენიათ და განცხადება - „თუ ისინი არ გათავისუფლდებიან საქართველოს უსაფრთხოება არ იქნება დაცული“ - ეს ისეთი განცხადებაა, ყველას შეუძლია გააკეთოს“, - აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი.

რაც შეეხება აიუფ ბორჩაშვილის წინააღმდეგ ბრალდების მხარის მოწმეს, გიორგი ბორჩაშვილს, ნიკოლაიშვილის თქმით, აიუფ ბორჩაშვილის წინააღმდეგ ჩვენება იმ მოტივით მისცა, რომ მას პასუხისმგებლობა აეცილებინა.

„სწორედ გიორგი ბორჩაშვილმა აუღო ბილეთები მუსლიმ კუშტანაშვილსა და რაზმან ბაღაკაშვილს და ამის შემდეგ ისინი გაემგზავრნენ თურქეთში, საიდანაც აღმოჩნდნენ სირიაში. გიორგი ბორჩაშვილმა პასუხისმგებლობა აიცილა და თქვა, რომ ეს აიუფ ბორჩაშვილმა დაავალა.

დადასტურებულად არ შეიძლება იმის თქმა, რომ აიუფ ბორჩაშვილი და მასთან ერთად დაკავებულები კავშირში არიან „ისლამურ სახელმწიფოსთან“. ასადის წინააღმდეგ არაერთი ორგანიზაცია იბრძვის, მათ შორის „სირიის თავისუფალი არმია“, რომელსაც მხარს უჭერს დასავლეთი, მათ შორის ამერიკა და საერთაშორისო საზოგადოება მას არ მიიჩნევს როგორც ტერორისტულ ორგანიზაციას“, - აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი.

აღსანიშნავია, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ მორიგი პროპაგანდისტული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, სადაც 60 ქვეყანა დაჯგუფების მტრად გამოაცხადა. მტრების სიაში მოხვდნენ უკრაინა, მოლდოვა და ბალტიისპირეთის ქვეყნები. ვიდეორგოლში ნათქვამია, რომ ირანმა, თურქეთმა, აშშ-მა და რუსეთმა „ეშმაკთა კოალიცია“ შექმნეს და იქვე აღნიშნულია, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მტრების უფრო მასშტაბური კოალიცია იბრძვის.

„ისლამური სახელმწიფოს“ მიერ მტრად დასახელებულ ქვეყნებს შორის საქართველო არ არის. ექსპეტრი, უსაფრთხოების საკითხებში, ვახტანგ მაისაია თვლის, რომ ეს მოდუნების საფუძველს არ გვაძლევს.

„ლოგიკურიც არის, რომ „ისლამური ხალიფატი“ საქართველოს არ თვლის მტრულად განწყობილ ტერიტორიად, რადგან მათ საქართველო სჭირდებათ სატრანზიტო კორიდორის სახით. თუ ჩვენ მოვახდენთ ამ სატრანზიტო კორიდორის გადაკეტვას, საქართველო ავტომატურად ხდება „ისლამური სახელმწიფოს“ დარტყმის ობიექტი, როგორც ეს მოხდა ლიბანის შემთხვევაში. ეს არის ერთგვარი მესიჯი, ისევე როგორც იმ ოთხეული „ისლამური ხალიფატის“ მუშკეტერის მიმართვა, რომელიც ასევე შეიცავდა შეფარვით მუქარის გზავნილებს - ჩვენ არ შეგვეხოთ და არც ჩვენ შეგეხებით.

საფრთხე რეალურია, რადგან ჩვენ ერგვარ ხაფანგში ვართ, ჩვენს მიმართ გაჟღერებულია ულტიმატუმი, რაც ისლამისტების აზრით, უნდა შევასრულოთ და, რისი შესრულებაც, ბუნებრივია, არ მოხდება. პირიქით, უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გზა და მთავარია არ მივცეთ საშუალება, რომ საქართველო გახდეს ჯიჰადისტური სატრანზიტო ჰაბი“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.