ვინ არის დამნაშავე კრედიტების გაძვირებაში?

ვინ არის დამნაშავე კრედიტების გაძვირებაში?

კომერციულმა ბანკებმა დაკრედიტების პირობები გაამკაცრეს. გაიზარდა საპროცენტო განაკვეთები და სესხების უფრო ფრთხილად გასცემენ. ბანკებისთვის დაკრედიტების სამიზნე ისევ ვაჭრობაა, რაც რეალური სექტორის განვითარებას არ უწყობს ხელს. მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების სესხების მოცულობის ზრდა შეწყვიტა, კომერციული ბანკები იძულებულები გახდნენ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები გაზარდონ და ლარის რესურსი ამ გზით მოიზიდონ.

ასეთმა მიდგომამ ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხები კიდევ უფრო გააძვირა. ბოლო პერიოდში ფიზიკური პირებისთვის განაკვეთი 2.1%-ით გაიზარდა და 24.5%-ს მიაღწია. დოლარში გაცემულ კრედიტებზე განაკვეთი კი 0.1%-ით შემცირდა და 10.9%-ს გაუტოლდა. ამას ემატება ისიც, რომ ბანკები პრევენციისთვის სესხებს გასცემენ ლარში, თუმცა უკან იბრუნებენ დოლარის კურსით. ისინი ამას ლარის დევალვაციით ამართლებენ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, სექტემბერში ეროვნულ ვალუტაში 90 მილიონ ლარამდე სესხი გაიცა, თუმცა ლარში გაცემული სესხების წილი ისევ მკვეთრად დაბალია და მხოლოდ 36%-ს (5,5 მლრდ ლარი), ხოლო დოლარებში გაცემულისა - 64%-ს შეადგენს. ეს აიხსნება იმით, რომ ბანკებმა და საფინანსო ორგანიზაციებმა კარგად იციან, რომ მათ აღარ უნდა გასცენ ისეთი მოცულობის თანხა, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ გაუფასურდება.

ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი სასესხო განაკვეთების ზრდას, არსებითად, ეკონომიკის პასიურობით და ამასთანავე კანონშემოქმედებითი „აქტივობით“ ხსნის, რაც სატარიფო პოლიტიკაზე არანაკლებ გავლენას ახდენს, საბანკო სექტორს უზრდის რისკს და სესხებზე ხელმისაწვდომობასაც ზღუდავს.

„საბანკო სექტორი ყოველთვის რეალურად აფასებდა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს და აქედან გამომდინარე, განაკვეთებთან მიმართებაში ადეკვატური რეაქცია აქვს, რაც არ არის მყისიერი და ყოველთვის გარკვეულ პერიოდს მოიცავს“, – განაცხადა საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ გვასალიამ.

ეს ეხება როგორც სასესხო, ისე საანაბრე განაკვეთებს და ყველაზე სწრაფად რეაგირება ხდება მაშინ, როცა რეფინანსირების განაკვეთი იცვლება. „საბანკო სექტორის ქმედებები ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების საპასუხოა. სექტორი ყოველთვის იყო ეკონომიკის სარკე, შესაბამისია საკრედიტო და სატარიფო პოლიტიკაც“, – აღნიშნავს ზურაბ გვასალია.

რა კრიტერიუმებს იყენებენ ბანკები სესხის საპროცენტო განაკვეთის დასადგენად? გარდა პირადი საკრედიტო ისტორიის შემოწმებისა, ფინანსური ინსტიტუტები აკვირდებიან ფასების ზრდის მაჩვენებელსაც. მაგალითად, როდესაც ინფლაცია 1% ან 2%-ს შეადგენს, მაშინ სესხის 3-4%-იანი განაკვეთიც საკმარისია იმისთვის, რომ უკან დაბრუნებულმა ფულმა მყიდველობით უნარი შეინარჩუნოს.

საქართველოს მაგალითზე, როდესაც ფასების ზრდის ტემპი უკვე 6%-ს უახლოვდება და შესაძლოა ორნიშნა ციფრს მიუკაკუნოს, იაფ კრედიტზე ლაპარაკი არასერიოზულია. სწორედ ამიტომ, ბანკი აწესებს 12% ან 15%-ს იმისთვის, რათა ფასების ზრდის კომპენსაცია მოახდინოს და არ იზარალოს. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ინფლაციასა და ლარში შეწონილ საშუალო საკრედიტო განაკვეთს შორის სხვაობა ლამის 6-ჯერადია.

ამასობაში მოსახლეობას სესხის დაფარვა და თვიდან თვემდე თანხის მოძიება ისე გაუჭირდა, იძულებულნი არიან უარი თქვან ბანკთან თანამშრომლობაზე. ხშირ შემთხვევაში, ადამიანები ერთი სესხის პროცენტის დასაფარად იღებენ დამატებით სესხს ან კერძო პირებისგან მაღალპროცენტიან ვალს. ეს კი მათ ბიუჯეტს მძიმე ტვირთად აწვება. საბოლოო ჯამში, ისინი ვერც ერთი თანხის გადახდას ვერ ახერხებენ. კრედიტის დაფარვა მათ, როგორც ლარში, ასევე დოლარში უჭირთ, თუმცა ცდილობენ თვიდან თვემდე თანხა შეაგროვონ, აიღონ ე.წ. ონლაინ სესხი, რაც ოჯახისთვის დამატებითი ფინანსური უკუსვლაა.