პარლამენტის ვიცე-სპიკერ, მანანა კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსმა“ შიმშილობის აქცია შეწყვიტა. ცნობილია, რომ პარტია პარლამენტს საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების საკუთარ ვარიანტს სთავაზობს. პარტიის ლიდერის, ირმა ინაშვილის თქმით, თუ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, „პატრიოტთა ალიანსი“ შიმშილობას და საპროტესტო აქციებს გაზაფხულიდან განაახლებს.
„ჩვენი მთავარი მოთხოვნა უკავშირდებოდა და უკავშირდება ქვეყანაში საარჩევნო გარემოს შეცვლას. გვაქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლება საგარეჯოს არჩევნების მაგალითს აღარ გაიმეორებს და 2016 წლის არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩატარდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვერ აღვკვეთთ ვერც შიმშილობას, ვერც საპროტესტო აქციებს, რაც გაზაფხულიდან აუცილებლად დაიწყება“, - აღნიშნა ირმა ინაშვილმა.
რაც შეეხება შეთავაზებულ საარჩევნო ცვლილებებს, ინაშვილის განმარტებით, ადმინისტრაციული რესურსები შეიზღუდება, ხოლო არჩევნებში მონაწილეობა ყველა მოქალაქისთვის სავალდებულო გახდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ გარკვეული სახის სანქციები შეეხებათ.
რამდენიმე დღის წინ „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით შემუშავებული პროექტი გააცნო, რომელიც გულისხმობს საარჩევნო ოლქების რეფორმირებას მანდატების გამოთანაბრებისთვის, ხოლო 2020 წლიდან მოხდება პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. მაჟორიტარული არჩევნების შენარჩუნების პირობებში შემოდის 50%-იანი ბარიერი, რაც ოპოზიციის პერმანენტული მოთხოვნა იყო. საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება.
რამდენიმე დღის წინ საპარლამენტო უმრავლესობამ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ძირითად მოთხოვნასთან დაკავშირებით, ანუ რატომ იცვლება საარჩევნო სისტემა 2020-წლიდან და არა მომავალ წელს, უმრავლესობის პასუხი იყო, რომ პარლამენტში ყველა არ ეთანხმება მაჟორიტარული წესის გაუქმებას და არავის აქვს ბერკეტი, უმრავლესობას იძულებით მიაღებინოს ეს გადაწყვეტილება. როგორ ფიქრობთ, ეს რამდენად არგუმენტირებული მიზეზია?
- სიმართლე გითხრათ, რასაც უმრავლესობა სთავაზობს ოპოზიციას, გაცილებით უკეთესია, ვიდრე არსებული სისტემა - პროგრესი ნამდვილად არის და წინგადადგმული ნაბიჯია. მაჟორიტარების ნაწილში 50%-იანი ბარიერი გარკვეულწილად ახდენს შესაძლებლობების ნიველირებას ოპოზიციისა და სახელისუფლებო კანდიდატებს შორის. ეს იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია იქნება ერთიანი და მეორე ტურში მაინც, ყველა ერთ კანდიდატს დაუჭრს მხარს, გამომდინარე იქედან, რომ ძალიან ბევრ საარჩევნო ოლქში იქნება მეორე ტური. თუმცა ეს საკითხის ერთი მხარეა.
არის მეორე მხარეც - 50%-იან ბარიერს შემოვიღებთ, თუ მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავალთ, ეს ვერც პარლამენტის ხარისხზე იმოქმედებს, ვერც გაყალბებაზე და ვერც ადმინისტრაციული რესურსის ხელისუფლების სასარგებლოდ გამოყენებაზე. უბრალოდ, მოხდება ერთი რამ - თუ მაჟორიტარები დღეს ფულს ხარჯავენ იმაში, რომ ამომრჩეველთან უშუალოდ შეხება ჰქონდეთ, პროპორციული სისტემის დროს, იგივე მაჟორიტარები, გამსვლელ პარტიულ სიებში დაიწყებენ ადგილების ყიდვას.
ანუ, პრობლემა რომელიც ქვეყნის წინაშე დგას, არის ის, რომ გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს და იმავდროულად, უკეთესი ხარისხის პარლამენტი მივიღოთ - ამ პრობლემას ვერც ერთი საარჩევნო წესი ცვლის და ვერც - მეორე.
რაც შეეხება ხელისუფლების განმარტებას, თუ რატომ არ იცვლება საარჩევნო წესი მომავალი წლიდან, მისი პოზიცია გასაგებია და ეს მართლაც ასეა, რადგან მაჟორიტარები, რომლებიც ფიქრობენ, რომ თავიანთი რესურსები რომელიმე პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ უნდა დაიხარჯოს, ამ ცვლილებას ნამდვილად არ დაუჭერენ მხარს.
ეს ნიშნავს, რომ ეს ცვლილებები ან ვერ განხორციელდება ან უმრავლესობის ყოფნა-არყოფნა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. ამაზე ხელისუფლება, რა თქმა უნდა, არ წავა და ვფიქრობ, უმჯობესია, ოპოზიციამ მიიღოს ეს შეთავაზება.
ძალისმიერი მეთოდებით, როგორც ამას წინა ხელისუფლება აკეთებდა, დღევანდელი ხელისუფლება ვერ იმოქმედებს და სურვილიც რომ ჰქონდეს, შესაბამისი, ავტორიტარული მექანიზმები არ გააჩნია.
ოპოზიცია ისტერეიულად ითხოვს მაჟორიტარული წესის გაუქმებას - აქვს ამას თავისი მიზეზი? რას მოიგებენ ოპოზიციური პარტიები მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლით?
- ის პლუსია, რომ თუ ქვეყანაში რევოლუციური მდგომარეობა არ არის, მაჟორიტარული კვოტა ყოველთვის სახელისუფლებო კანდიდატებისათვის არის უფრო ხელმისაწვდომი. მათ მეტი შანსი აქვთ, რადგან ოპოზიციას ამდენი კონკურენტუნარიანი კანდიდატი უბრალოდ, არ ჰყავს.
მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ უწინდელი რეიტინგი აღარ გააჩნია, მეტი შანსი აქვს, მაჟორიტარების ნაწილში არჩევნების მოგების და შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობის შენარჩუნების.
არ მინდა, ვინმეს პატიოსნება კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენო, მაგრამ თუ იქნება მთლიანად პროპორციული სისტემა, ოპოზიციას უჩნდება შანსი, რომ ის ხალხი, რომელიც მიუღებელია როგორც მაჟორიტარი, საარჩევნო სიაში ჩასვას ფინანსების მოსაზიდად. ამიტომაც იბრძვიან მაჟორიტარული სისტემის გასაუქმებლად. თუმცა როგორც უკვე ვთქვი, ეს ხარისხობრივად ვერ შეცვლის პარლამენტის შემადგენლობას და ვერც სახელისუფლებო რესურსების გამოყენების შესაძლებლობას შეზღუდავს. ისეთივე პარლამენტს მივიღებთ, როგორიც დღეს გვაქვს.
ოპოზიცია უკმაყოფილოა საარჩევო ოლქების გამსხვილებით, როგორც აცხადებენ, ირღვევა ადმინისტრაციული საზღვრები და დაახლოებით 30 რაიონს მაჟორირატი აღარ ეყოლება. ეს პრობლემაა თუ პროგრესული ნაბიჯი?
- ეს უფრო ადრე იყო გასაკეთებელი და არ ვთვლი, რომ პრობლემის შემქმნელია, მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული რაიონების სპეციფიკა.
საერთოდ, საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს საპარლამენტო არჩევნებისადმი. ხალხმა უნდა გაითავისოს, მაჟორიტარი იმისთვის კი არ არის, რომ ამომრჩეველს ოპერაციის გაკეთებაში დაეხმაროს ან წყალი გაიყვანოს, პარლამენტს სულ სხვა დანიშნულება აქვს და გზის გაყვანა არა პარლამენტის დეპუტატის, არამედ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საქმეა. ვფიქრობ, საარჩევნო ოლქების გამსხვილება ადგილობრივი ხელისუფლების როლს და მნიშვნელობას გაზრდის მოსახლეობაში.
ოპოზიციურ პარტიებს თავიანთი წინადადებები აქვს ხელისუფლებასთან, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, ეს მოთხოვნები სრულად გაითვალისწინოს ხელისუფლებამ. თუმცა ოპოზიცია აანონსებს რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მომავალი წლიდან საპროტესტო აქციებს განაახლებს. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია, რომ ასეთი აქცია მთლიანად არასაპარლამენტო ოპოზიციამ მოაწყოს და არა რომელიმე ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ?
- არ მგონია, მოსახლეობაში დიდი მოთხოვნა იყოს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გაერთიანების, მით უმეტეს, პროტესტის იმ ფორმით გამოხატვის, როგორიცაა შიმშილობა. შესაძლოა, პარტიულმა აქტივმა დაიწყოს შიმშილობა, მაგრამ მოსახლეობის კი არა, თავიანთი მხარდამჭერების მობილიზებაც კი გაუჭირდებათ.
მგონია, რომ თუ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს, ეს ოპოზიციურ პარტიებს არც შედეგს მოუტანს (საარჩევნო წესის შეცვლას) და არც საარჩევნო დივიდენდებს.
გარდა ამისა, მრავალი წელია, საქართველოში პოლიტიკური სპექტრი დიდად არ შეცვლილა და ყველამ კარგად იცის, რა და რისთვის კეთდება. ასევე იციან, რითაც დამთავრდება - იშიმშილებენ, იშიმშილებენ და აქცია დაიშლება, როგორც არაერთხელ მომხდარა. რა თქმა უნდა, ეს იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებამდე ხელისუფლებამ რაღაც უსერიოზულესი შეცდომა არ დაუშვა.
თქვენ აღნიშნეთ, რომ საარჩევნო სისტემის შეცვლა პარლამენტის ხარისხზე ვერ იმოქმედებს. რა არის სჭირო იმისათვის, რომ ოდესმე უკეთესი პარლამენტი გვქონდეს?
- ვფიქრობ, არსებობს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც ჩვენი ქვეყნის სპეციფიკასაც და ინტერესებსაც უფრო უკეთ მოერგება - ეს საკმაოდ რთული თემაა, მაგრამ მოკლედ რომ ვთქვათ, საერთოდ გაუქმდება პროპორციული სისტემა და ქვეყანას ეყოლება მხოლოდ 150 მაჟორიტარი.
მგონია, რომ ეს მინიმუმამდე დაიყვანდა ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებს, სახელმწიფო რესურსების გამოყენების შესაძლებლობას და პარტიებში ერთი ლიდერის ირგვლივ გაერთიანებას, ანუ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას შედარებით დაალაგებს. ასეთ შემთხვევაში გაჩნდება შესაძლებლობა ხარისხობრივად უკეთესი პარლამენტის შეკრების.
პარტიის ლიდერი, რა თქმა უნდა, იქნება იდეოლოგის ორიენტირი, მაგრამ არ იქნება ორთქლმავალი, რომელსაც უცნობი ადამიანები ჩაებმებიან და პარტლამენტში მოხვდებიან.
ანუ პოლიტიკური პარტიების აქტუალობის თემა შემცირდება?
- არა, უბრალოდ ლიდერი აღარ იქნება გამწევი ძალა. გახსოვთ, ალბათ, 2012 წელს ბიძინა ივანიშვილს ცარიელი კონვერტი რომ ეჩვენებინა ხალხისთვის და ეთქვა - აი, აქ არის სიაო, იმ კონვერტს მივცემდით ხმას - ეს პრობლემა მოიხსნება და პარტიების შიგნით შეიქმნება დემოკრატიული სიტუაცია.
მოგეხსენებათ, არის უამრავი პარტია, რომელსაც არჩევნებში მოგება-წაგების მიუხედავად, მუდმივად ერთი ლიდერი ჰყავს - საარჩევნო წესის ასე შეცვლა ბუნებრივად დასვამდა პარტიის ლიდერის საკითხს - ანუ, ფაქტობრივად, მთლიანად მოაწესრიგებდა პარტიულ ცხოვრებას.
ბუნებრივია, არსებობს უამრავი ნიუანსი, რომელიც გასათვალისწინებელი იქნება საარჩევნო წესის შეცვლის ამგვარად შემთხვევაში - კიდევ ვამბობ ეს მხოლოდ უხეში მონახაზია იმისა, რაც ჩემი აზრით, დაგვეხმარებოდა, ხარისხობრივად უკეთესი პარლამენტი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი გვქონოდა.