„რუსეთი, ნატოს წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ სამხედრო აქციას ვერ გაბედავს“

„რუსეთი, ნატოს წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ სამხედრო აქციას ვერ გაბედავს“

სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი თურქეთთან ომის დაწყებას არ აპირებს. თუმცა ორ ქვეყანას შორის ომი დიპლომატიურ ფორნტზე მიმდინარეობს. თურქეთის მიერ რუსული „სუ-24“-ის ჩამოგდება, მოსკოვში თურქეთის საელჩოსთან ქვების, კვერცხების და საღებავის ქილები სროლით გააპროტესტეს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა. ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია, თუმცა აქციის მონაწილეთა ქმედებებში ჩარევისგან თავი შეიკავა. შედეგად კი, დიპლომატიურ მისიის რამდენიმე თანამშრომელმა მცირე ტრავმა მიიღო.

გავხდებით თუ არა უახლოეს დროში ახალი სამხედრო ინციდენტების მომსწრენი, რამდენად გააჩნია რუსეთს სამხედრო დაპირისპირების პოტენციალი და რა გავლენა შეიძლება იქონიოს საქართველოზე ორ ქვეყანას შორის შექმნილმა ვითარებამ? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, ირაკლი მენაღარიშვილის ესაუბრა.

რუსულისუ 24“-ის ჩამოგდების შემდეგად ვითარება იმდენად დაიძაბა რუსეთსა და თურქეთს შორის, რომ რუსეთმა საუბარი დაიწყო ელჩის გამოწვევის აუცილებლობაზე და დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტაზე. ორ ქვეყანას შორის გაუქმდა ოფიციალური ვიზიტები. შესაძლებელია ვითარება ესკალაციამდე მივიდეს? ვლადიმერ პუტინი ღიად აცხადებს, რომ რუსეთი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ყველა საშუალებას გამოიყენებს...

ირაკლი მენაღარიშვილი: ესკალაცია სახეზე გვაქვს. თქვენს შეკითხვაში ჩამოთვალეთ პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზები და გაუქმებული ვიზიტები, მაგრამ უნდა ითქვას, რომ შექმნილ ვითარებას უკვე მოჰყვა ეკონომიკური ნაბიჯებიც, რუსეთმა აკრძალა თურქეთის მიმართულებით ტურისტული გადაადგილება. ასევე, აიკრძალა თურქეთიდან პროდუქტების იმპორტი.

შესაძლებელია კიდევ უფრო გაიზარდოს ამ შეზღუდვების ჩამონათვალი?

- ნამდვილად არ გამოვრიცხავ, მაგრამ ყველაზე საშიში არის ის ნაბიჯები, რომელიც შესაძლოა, სამხედრო სფეროში გადაიდგას. ალბათ, ვითარება სამხედრო დაპირისპირებამდე არ მივა. რუსეთს შეუძლია ნაბიჯები გადადგას მხოლოდ იმ ზღვრამდე, სანამდე ამის უფლებას მისცემენ. მოგეხსენებათ, რომ თურქეთი ნატოს წევრი სახელმწიფოა და შესაბამისად, რუსეთი ნატოს წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ სამხედრო აქციას ვერ გაბედავს.

თუმცა, ის კონკრეტულად რა ნაბიჯებიც გადაიდგა, ეს უკვე საფრთხის შემცვლელია. რუსეთმა გამოაცხადა, რომ გააძლიერებს თავისი ბომბდამშენების დაცვას, ეს ნიშნავს, რომ გააგრძელებს სამხედრო ოპერაციებს, მაგრამ ამაში ჩართული იქნება მისი გამანადგურებლები. სირიის ცაში სამხედრო თვითმფრინავების შეტაკების რისკი იზრდება. გარდა ამისა, რომ სარეკეტო დანადგარი იქნება განლაგებული სირიის ტერიტორიულ წყლებში და ასე განახორციელებენ საჰაერო კონტროლს.

ბრილად, რომ ვთქვათ, შესაძლოა უახლოეს დროში ახალი სამხედრო ინციდენტების მომსწრენი გავხდეთ?

- ამის პოტენციური საფრთხე არსებობს. მიუხედავად იმ განცხადებისა, რომ რუსეთს შურისძიების გეგმები არ აქვს. როგორც გითხარით, ძნელი წარმოსადგენია ნატოს წინააღმდეგ სამხედრო ნაბიჯის გადადგმა გაბედოს, მაგრამ ის ნაბიჯები რომელიც უკვე გადადგა და ის გადაწყვეტილებები, რომელიც მიიღო, უკვე რისკის შემცველია. სახეზე გვაქვს დაძაბულობის ზრდა.

ყველა პოლიტიკური მხარე მოუწოდებს თურქეთს და რუსეთს, რომ ცივი გონებით განსაჯონ შემდეგი ნაბიჯები და მაქსიმალურად თავი აარიდონ დაძაბულობის ესკალაციას. ჯერჯერობით, ჩვენ რაიმე შედეგს ამ მოწოდებისგან ვერ ვხედავ. რუსეთში შიდა პოლიტიკური ეფექტი ჰქონდა და აქვს. დეპუტატების მხრიდან ისმის მოწოდებები დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის აუცილებლობაზე და სხვა უფრო მკაცრი ნაბიჯების გადადგმისკენ.

რა შემთხვევაში შეიძლება ვითარება მკაცრ ნაბიჯებამდე მივიდეს?

- ეს დამოკიდებულია იმაზე უახლოეს დღებში როგორ განვითარდება მოვლენები. ისევ თუ მოხდა ორი სამხედრო თვითმფრინავის შეჯახება, მაშინ რისკების მანქანა სრული დატვირთვით ამუშავდება და შეიძლება ვითარება მეტად მძიმე შედეგებამდე მივიდეს.

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ტერორიზმის მხარდამჭერებმა რუსეთს ზურგში დანა ჩაარტყეს. პუტინს ამგავრი შეფასება არის პროპაგანდის ნაწილი, დაიწყო რუსეთმა საინფორმაციო ომი თურქეთის წინააღმდეგ?

- აბსოლუტურად გეთანხმებით, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდა საინფორმაციო ომში და მეტი არაფერი. ორივე მხარემ გამოაქვეყნა რუკები, თურქეთი ამტკიცებს, რომ ორმა თვითმფრინავმა დაარღვია საჰაერო სივრცე, ერთი თვითმფრინავი არ დაემორჩილა გართხილებას, მეორე დაემორჩილა გაფრთხილებას და დატოვა თურქეთის საჰაერო სივრცე. რუსული მხარის მიერ გამოქვეყნებული რუკის მიხედვით, ეს თვითმფრინავები უახლოვდებიან სირია-თურქეთის საზღვარს, ამ რუკას თუ დავუჯერებთ, საზღვარი არ გადაუკვეთიათ. ჯერ მიდის არგუმენტების და კონტრარგუმენტების ომი.

აქამდე რუსეთს გასდიოდა ყველაფერი. სირიის ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბროლაში ჩაბმულ სახელმწიფოებთან ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე, შეიყვანა თავისი სამხედრო ძალები და დამოუკიდებლად დაიწყო სამხედრო ოპერაცია. მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, რომ კოორდონირებული ყოფილიყო ეს მოქმედება პროცესში ჩართულ სხვა სახელმწიფოების სამხედროებთან, ამგვარი კორდინაციის აწყობა ვერ ხერხდება.

ნატოს ხელმძღვანელობის და აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გაკეთდა განცხადება, რომ რუსეთი ამ შემთხვევაში უცნაურ თამაშსს თამაშობს...

- დიახ, ასეა და ითქვა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ნაცვლად ებრძვის ასადის ოპოზიციას. სხვათა შორის ის თურქმენთა ტომიც, რომელიც თურქეთის საზღვართან ცხოვრობს, ასევე ასადის ოპოზიცურ ბანაკს მიეკუთვნება და მის წინააღმდეგ ბომბების გამოყენება, სწორედაც რომ ასადის ხელისუფლების პოლიტიკური მხარდაჭერის ნიშანია. ვითარება არეულია, არ არსებობს ერთიანი კოალიცია, ცალკეულ მოთამაშეებს საკუთარი დღის წესრიგი აქვთ და ეს ქმნის სწორედ ქაოსს.

შესაძლებელია, რომ რუსეთის თვითმფრინავის ინციდენტთან დაკავშირებულმა ვითარებამ, სირიის პრობლემის დარეგულირების საკითხი უკან დახიოს?

- ამაში ეჭვი არავის ეპარება. თუკი ერთსულოვნება არ იქნება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლ სამხელმწიფოთა რიგებში, წარმატებაზე ლაპაკარი ზედმეტია. სირიის თემა, ეს შემადგენელი ელემეტია იმ მოვლენის, რასაც „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლა ეწოდება. იცით, რომ „ისლამური სახელმწიფო“ მხოლოდ სირიის ტერიტორაზე არ აცხადებს პრეტენზიას, ერაყზეც არის საუბარი და მსოფლიოს სხვა ნაწილებზე. ფსონი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ზოგიერთს ეჩვენება. ამიტომ, ასეთი შედარებით ვიწროპოლიტიკური დღის წესრიგის წინ წამოწევა, სერიოზულ საფრთხეს შეიცავს, მათ შორის გლობალური მასშტაბითაც.

რუსეთის პრეზიდენტმა პირდაპირ დასდო ბრალი თურქეთს იმაში, რომ თავისი მოქმედებით ზურგს უმაგრებსისლამურ სახელმწიფოს“...

- მაშინ ძალიან მარტივი შეკითხვა მაქვს - თავისი მოქმედებით ვის წინააღმდეგ და ვის მხარადასაჭერად იბრძვიან სირიაში რუსეთის საავიაციო ძალები? ყველაფერი ისე მარტივად არ არის.

სამხედრო მიმომხილველი პაველ ფელგენგაუერი ვარაუდობს, რომ იქნება საჰაერო ბრძოლები, რომელშიც რუსული თვითმფრინავები შეუტევენ თურქულს, რათა დაიცვან საკუთარი ბომდამშენები. შესაძლოა, ბრძოლები ზღვაზეც თურქეთისა და რუსეთის ფლოტებს შორის. შესაძლოა, ბოსფორის სრუტის დახურვა თურქების მიერ და ამ კონფლიქტში ნატოს სხვა ქვეყნების ჩართვაც. ფელგენგაუერის პროგნოზიდან ჩანს, რუსეთი ომს იწყებს...

- იმედია, ამგვარი პროგნოზი არ ახდება, მაგრამ მისი დაშვებობის გარკვეული ნაწილი სრულიად რეალურია. სამხდრო ძალების და საბრძოლო ქვედანაყოფების განლაგების კუთხით სირიაში ძალიან ჭრელი სურათია, შესაბამისად, ერთმანეთთან დაპირისპირებული ძალებს შორის შეჯახება და ცალკეული ინციდენტები გამორიცხული არ არის. უპირეველს ყოვლისა, აქ საუბარია საჰაერო დაპირისპირებებზე. იმ შემთხვევაში, თუ კონფლიქტი უფრო ღრმად წავიდა და საერთაშორისო ძალისხმევით ვერ მოხერხდა მისი დროზე აღკვეთა, შეიძლება ამგვარი დაპირისპირება საზღვაო ძალებზე გავრცელდეს. თუმცა, არა მგონია, რომ ეს მსოფლიომ დაუშვას. ამგვარი დაპირისპირება არავის ინტერესებში არ არის.

რუსეთს რამდენად გააჩნია დღეს ამგვარი სამხედრო დაპირისპირების პოტენციალი?

- არა, რუსეთს არ გააჩნია ამის პოტენციალი, რომ ამ დაპირისპირებას წარმატებით გაართვას თავი, დასავლეთს ამის ინტერესი არ აქვს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამგვარი აპოკალიპტური სცენარი ალბათ, არ განვითარდება. რუსეთმა თქვა, რომ არ აპირებს შურისძიებას, მაგრამ ამგავრი კონფლიქტების დროს სიტყვა და საქმე ყოველთვის არ ემთხვევა ერთმანეთს.

ორ ქვეყანას შორის შექმნილმა ვითარებამ რა გავლენა შეიძლება იქონიოს საქართველოზე?

- ძნელი სათქმელია. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვითარდება მოვლენები. თუმცა, შექმნილი ვითარება ზრდის რეგიონში დესტაბილიზაციის რისკსს, რაც უდაოდ საზიანოა საქართველოს ინტერესებისათვის, რადგან ხელს შეუშლის ეკონომიკურ პროექტებს, ალბათ, დაძაბულობას გაზრდის შავ ზღვაში. პირდაპირ საფრთხზე საუბარი არ არის, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვითარდება მოვლენები რეგიონში, კონკრეტულად სირიაში და სამხერთ კავკასიაში.