ინგა პავლოვა და ანგოლაგეითი – ეს საკითხი „რუსთავი 2“–სთვის ისევ აქტუალური თემა გახდა. ამჯერად ბიძინა ივანიშვილის „ბურუსით მოცული წარსული“ „განსხვავებულ აქცენტებში“ ეკა კვესიტაძემ და საფრანგეთში მცხოვრებმა ჟურნალისტმა ვლადიმერ ივანიძემ მიმოიხილეს. რაც შეეხება „ჟურნალისტ ივანიძეს“, მისი ჟურნალისტური კარიერის შესახებ ინფორმაცია საკმაოდ მწირია. მის საქმიანობა მხოლოდ ივანიშვილის ქორწინებისა და ანგოლაგეიტსის საქმით შემოიფარგლება. მას არც აქამდე და არც ამის მერე არ გაუკეთებია არც ერთი ჟურნალისტური გამოძიება, რაც თავისთავად აჩენს კითხვებს, ვინ არის და რა ინტერესი ამოძრავებს მას. თუმცა, ივანიძეს რომ იგივე ხელი ამოძრავებს, რომელიც კვესიტაძეს, ეს დიდ გამოცანას არ წარმოადგენს.
ჟურნალისტი, ექსპერტი მედია მენეჯმენტის საკითხებში, ლელა კურდღელაშვილი ამბობს, რომ გადაცემა „განსხვავებული აქცენეტების“ ავტორი არის მხარე, რომლის კეთილდღეობა დაკავშირებულია სწორედ „ნაციონალურ მოძრაობასთან“.
რა ინტერესები ამოძრავებს კვესიტაძეს და რა ჟურნალისტური კარიერა აქვს ივანიძეს? for.ge ლელა კურდღელაშვილის ესაუბრა.
ინგა პავლოვას საკითხი ძალიან აქტუალური იყო „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და „რუსთავი 2“–სთვის 2011–2012 წლებში, მაშინ ვერაფერი იპოვეს ამ თემის გარშემო, მაგრამ დღეს ეკა კვესიტაძის მხრიდან ამ თემის წამოწევას რითი ხსნით, რისი მტკიცება უნდოდა კვესიტაძეს?
ლელა კურდღელაშვილი: მე არ ვარ კვესიტაძის მაყურებელი, რადგან კვესიტაძე ჩემთვის არაფრის მომცემი არ არის. „რუსთავი 2“ არ არის ინფორმაციის წყარო. „რუსთავი 2“ ყოველთვის ემსახურებოდა გარკვეულ პოლიტიკურ ინტერესებს და არც მალავენ, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების პლატფორმის გამომხატვლი ტელევიზია. თუმცა, ვერ გეტყვით, რომ ნაციონალებს რამე განსხვავებული პლატფორმა ჰქონდეთ, რომ განსხვავებულ მსოფლმხედველობას მთავაზობდნენ.
ეს გადაცემაც მხოლოდ იმიტომ ვნახე, რომ თქვენ მომართეთ კითხვით, რატომ შეიძლებოდა გახსენებოდა „რუსთავი 2“–ს ახლა ეს საკითხი. ეს ჩემს ინფორმაციულობას არაფერს არ მატებს, არც იმის გარკვევაში მეხმარება, როგორ დავგეგმო ჩემი შემდეგი ცხოვრება, თუმცა, „ქართული გაზეთის“ რედაქტორი, გიგი უგულავას და გიგა ბოკერიას მეგობარი, გუგა სულხანიშვილი აცხდებს, რომ თურმე ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არანაირად არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო თუ არა ქორწინებაში ბიინა ივანიშვილი ვინმე პავლოვასთან, რომელიც 20 წლის შემდეგ შემთხვევით იგებს, თურმე, რომ ქმარი გაშორდა. ივანიშვილი არ არის საჯარო პირი, რომ მისი პირადი ცხოვრება ვიცოდე. რატომ უნდა იყოს ეკა კვესიტაძის გადაცემის თემა ვიღაცის ფიქტიური ქირწინება - ეს კიდევ სხვა თემაა.
გავიხსენოთ, რა უსწრებდა ამ ყველაფერს წინ. „რუსთავი 2“–ში ნიკა გვარამიას მმართველობის საკითხი დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ. საფრთხე დაემუქრა, რომ „რუსთავი 2“–ს დაკარგავდა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც უნდა, ისევ დაიბრუნოს ძალაუფლება და გავლენა.
ანუ, ყოფილი მმართველი გუნდი „რუსთავი 2“–ს იყენებს, როგორც საინფორმაციო იარაღს?
– საზოგადოებას აწუხებს საინფორმაციო შიმშილი, დარჩენილი იყო და დღემდე დარჩენილია „რუსთავი 2“–ის იმედზე. მათ ძალიან კარგად აწყობილი ბადე აქვთ და მაყურებელი ამას მიჩვეულია. მხოლოდ ახლა დაიწყო ფორმაში შესვლა რამდენიმე თოქ–შოუმ. ძალიან დიდი დანაშაული ჩავიდინეთ, როდესაც მოსახლეობა შევატოვეთ „რუსთავი 2“–ს და ვერ შევუქმენით ალტერნატივა. ახლა კი, რასაც უნდათ იმას უკეთებენ მათ ცნობიერებას.
როგორც კი საფრთხე გაჩნდა და მიხვდნენ, რომ კარგავენ ჩვენს ცნობიერებაზე ზემოქმედებას, ცდილობენ, რომ ეს პერიოდი კარგად გამოიყენონ და სწორედ აქ არის პასუხი, თუ რამ გაახსენა ახლა კვესიტაძეს ეს თემა, რომელიც, ამ ლოგიკით, აქტუალური იყო 2012 წელსაც, როდესაც ძალაუფლებაც მათ ხელში იყო და მედიაც - არა მარტო „რუსთავი 2“, არამედ სხვა ტელევიზიებიც, და მაშინ ვერაფერი ვერ ქნეს. მაშინაც ვერ გააცოცხლეს ეს თემები. იციან, რომ არაფერი არ არის, მაგრამ აუცილებლად გამოიყენებენ ისევ ამ თემას, რომ მაქსიმალური შეტევა მიიტანონ ბიძინა ივანიშვილზე. და ვინ არის ივანიშვილი? არაფორმალური ლიდერი? მიზანი ნათელია – უნდა დავარტყა ივანიშვილს, რომ პოლიტიკური ძალა „ქართული ოცნება“, რომელიც ჩემი პოლიტიკური მოწინააღმდეგეა, რამენაირად გავაშავო და ამით, მოსახლეობაში როგორმე შევძლო ივანიშვილის დემონიზაცია.
ძალიან მეცოდება ჩვენი ტელემაყურებელი, რადგან ქართული საზოგადოების ღირებულებითი სისტემა სულაც არ ემთხვევა იმ თემებს, რომელსაც ეს სიუჟეტი გვთავაზობს. ამ სიუჟეტიდან ვერ გავიგე, ვინ ვინ არის და რა უნდა ამ „ბოროტ გმირს“. ცუდი დეტექტიური რომანის ჟანრშია გაკეთებული.
დაარტყეს ოჯახს და ისეთ თემას, როგორც არის იარაღით ვაჭრობა...
– იარაღის ფარული გაყიდვა ძალიან სერიოზული დანაშაულია. დასვეს რამდენიმე აქცენტი, რომელიც ხელს შეუწყობს დემონიზაციას.
ჟურნალისტები ვართ და ვიცით, რომ როდესაც ადამიანს ადანაშაულებ იარაღით ვაჭრობაში, უნდა დადო დოკუმენტური მტკიცებულება და არა ჟურნალისტის ვარაუდი. კვესიტაძემ, როგორც ჩვევია, ამ შემთხვევაშიც დაარღვია ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკა. გამოდის, რომ თემები არ აქვთ და ისევ იმავე წრეში ტრიალებენ...
– კვესიტაძემ გადაცემის ბოლოს თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილთან გვაქვს ძალიან ბევრი კითხვა, მაგალითად ფლობს თუ არა რუსეთში ქონებასო. უკაცრავად, მაგრამ ის მოქექე, რომ თურმე 1994 წელს პარიზის მეცამეტე რაიონში ხელი მოუწერია ვიღაცა პავლოვასთან და ის ვერ გაარკვიე, რა ქონება აქვს რუსეთში?
თან ეს ის კვესიტაძეა, რომელმაც წინა გადაცემაში თურმე გაყალბებული მიმოწერა წარმოადგინა, და არც კი უცდია, მაყურებლისთვის აეხსნა, რა გააკეთა. თუკი პროკურატურაამბობს, რომ ეს გაყალბებული დოკუმენტია (ე.წ. ჯღარკავა - ბედუკაძის მიმოწერა), თუნდაც მაყურებელს რომ განუმარტოს, ამასაც კი არ თვლის საჭიროდ! ანუ იტყვის და მორჩა! მერე სხვას თავში ქვა უხლია.
კვესიტაძე მხარეა?
– რა თქმა უნდა, მხარეა, ისევე, როგორც ივანიძე. საერთოდ, ძალიან სასაცილოა ეს ვიღაცა ჟურნალისტი ვლადიმერ ივანიძე. ივანიძის ჟურნალისტური საქმიანობის შესახებ ვერაფერი ვნახეთ, გარდა იმისა, რომ არკვევს, ყავდა თუ არა 1994 წელს ივანიშვილს ცოლი, რომელსაც თვითონ არ ახსოვდა, რომ ცოლი იყო და აგერ, ახლა, კვესიტაძეს აძლევს ინტერვიუს. ცხადია, რომ ივანიძე დაიქირავეს ამ საქმისთვის, ხოლო ვინ დაიქირავა, არ მგონია ვინმეს ეს კითხვა გაუჩნდეს. ასეთი ვითომ ჟურნალისტური კვლევების ფასი არის ნული.
ძალიან ბევრს საუბრობდნენ, რომ თემურ ალასანია და მისი შვილი ჩართული იყვნენ და დღესაც დაკავებული არიან იარაღით უკანონო ვაჭრობით, მაგრამ მაშინ არაფერი მოგვისმენია არც „რუსთავი 2“–სგან და არც კვესიტაძისგან. თქვენ სპეცსამსახურები ახსენეთ და მინდა გკითხოთ, იყო თუ არა ეს გადაცემა სპეცსამსახურების პროდუქტი?
– ვერაფერს გეტყვით ალსანიას კავშირებზე. ეს ძალოვანი სტრუქტურის პრეროგატივაა. კარგი იქნება, თუ ამ კუთხით იმუშავებენ და მოსახლეობაც არ იქნება საინფორმაციო ტერორის მსხვერპლი. კვესიტაძე ყვება ამბავს, რომლის ერთ–ერთი დანიშნულება არის ივანიშვილის დემონიზაცია. არის ვიღაც ვლადიმერ ივანიძე, რომელიც რატომღაც მხოლოდ ივანიშვილის და მისი გაუგებარი 20 წლის წინანდელი ცოლის საკითხით არის დაკავებული. პირდაპირ გეუბნებით, რომ ივანიძე არის სპეცსამსახურების პროდუქტი. რომელიც ინტერნეტით ავრცელებს ამ სისულელეებს და საქართველოში ამ სისულელეების გასავრცელებლად შექმნილია საინფორმაციო სივრცე, როგორც არის ლაშა ბერულავას „აფხაზეთის ხმა“, გუგა სულხანიშვილის „ქართული გაზეთი“, ელისო კილაძის „ქრონიკა პლუსი“, „რადიო პირველი“... ყველა დონეზე შექმნეს საონფორმაციო კომუნიკაცია, ეს უკვე ცოდნით გაკეთებული საქმეა.
კითხვა მაქვს კვესიტაძესთან... რამდენადაც ვიცი, მას უყვარს ევროპაში სიარული... წავიდეს და გაიკითხოს, საიდან უნდა გამოითხოვოს იურიდიულად მყარი დოკუმენტები, ნაცვლად იმისა, რომ რაღაც ფარატინა ფურცლებით შეეცადო ადამიანების დეზინფორმირებას.
მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი არ არის ხელისუფლებაში, მას საზოგადოებაში მაღალი ნდობა. რას უკავშირდება ეს კამპანია?
– ძალიან დიდი დამნაშავე ხარ, როდესაც მოსახლეობის ამ ნდობის სტატუსს ებრძვი ყალბი დოკუმენტებით და არა რეალური ფაქტებით. თუ რამის თქმა შეგიძლია, მითხარი ფაქტით. მაგრამ გონებას მიმღვრევ იმიტომ, რომ შენ ძალაუფლება გინდა. ა მას არც მოქალაქეობა ჰქვია და არც ჟურნალისტობა.
ამას არ ჰქვია ჟურნალისტობა, მაგრამ ამ ჯგუფს საზოგადოებაში იცნობენ, როგორც ზონდერ ჟურნალისტებს...
– ზონდერ-ჟურნალისტიკა ჩვენ სიმნამდვილეში დიდი ხანია, რაც, სამწუხაროდ, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. გეხსომებათ „ქართუ ბანკისა“ და ერთ-ერთი მედია-ჰოლდინგის გახმაურებული პოლემიკა 2008 წელს. ფაქტობრივად, ეს იყო პირველი მცდელობა, რომ საზოგადოებას, ბიზნესს, თავი დაეცვა ისეთი ჟურნალისტებისგან, რომელთათვისაც პროფესიული ღირსება, სტანდარტები და ადამიანობა, მხოლოდ ცარიელი სიტყვებია. თუმცა, ეკა კვესიტაძე არ არის ზონდერ ჟურნალისტი. ის, საერთოდ, არ არის ჟურნალისტი! ის არის ყოფილი მაღალჩინოსნის და ზონდერების დამგეშავის ცოლი, ის დაინტერესებული მხარეა, რადგან მისი კეთილდღეობა პირდაპირ უკავშირდება ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებას. მე გისვამთ კითხვას, უკავშირდება კი კვესიტაძის საქმიანობა ამ საზოგადოების კეთილდღეობას? პასუხი ცალსახაა - არა!!!
რამდენიც არ უნდა გვიხატონ, რომ თურმე 9 წელი კარგად ვიყავით, ეს ასე არ არის. ყველამ ვიცით, რა დღეში იყო ჩვენი მოსახლეობა მაშინ, როდესაც ესენი კარგად იყვნენ და გაიხსენეთ მაშინდელი ეკა კვესიტაძის ინტერვიუები. მაშინ მას არ აწუხებდა ის სატკივარი, რაც ამ ხალხს აწუხებდა. ძალიან კარგად მახსოვს კვესიტაძის და ჩერგოლეიშვილის დიალოგი, არ ვიცოდით თუ ციხეში ასეთი რამეები ხდებოდაო? რატომ უნდა დაინტერესებულიყვენ ისiნი ციხის ამბებით, როდესაც გაპრიალებული ტექსტებისთვისაც კარგ ხელფასებს იღებდნენ?!
კვესიტაძის ეს მცდელობა გამიზნულია მისივე, კვესიტაძის კეთილდღეობისთვის და სწორედ ამიტომ კადრულობს, რომ ასეთი დეზინფორმაციით შტურმი მიიტანოს მოსახლეობაზე. არ ვამბობ, რომ დღეს მოსახლეობას არ უჭირს, მაგრამ ამ ხალხში კიდევ უფრო მეტი დაბნეულობის შეტანა არის დიდი უნამუსობა. ეს ქვეყანა იდგა და დგას იმ ადამიანების მხრებზე, რომლებსაც კვესიტაძემ და მისნაირებმა, ფაქტობრივად, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.