სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო ISIS-ის სახელით გავრცელებულ ვიდეომიმართვაზე. თუმცა, არის თუ არა საქართველოს მხრიდან დამატებითი უსაფრთხოების ზომები მიღებული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ აკონკრეტებენ.
როგორც ცნობილია, ქართველი ხალხის მიმართ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით ე.წ. მებრძოლების ვიდეომიმართვა გავრცელდა. ქართულ ენაზე მოსაუბრე პირები ქართველ მუსლიმებს „ისლამური ხალიფატის“ მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ, საქართველოს კი „ხალიფატის“ შემოსვლით ემუქრებიან.
„მივმართავ საქართველოს ურწმუნოებს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ებრძვიან ისლამს, ვისაც დიდი მონაწილეობა აქვს მიღებული ისლამის საწინააღმდეგოდ - ეს იქნება ერაყში, ეს იქნება ავღანეთში. ყველა თქვენი ცუდი ნამოქმედარის გამო განისჯებით ღმერთის კანონით. ღმერთი ძალიან მკაცრია, აქედან გამომდინარე, მოგიწოდებთ გონს მოუხმოთ და შეეშვათ მუსულმანების დევნას.
ყველა თქვენი ნამოქმედარი, რომელიც მიმართული იქნება ისლამის წინააღმდეგ, უპასუხოდ არ დარჩება. ყველა არასწორი ადამიანი, ყველა ბოროტმოქმედი, ვინც ისლამის საწინააღმდეგო საქმე ჩაიდინა, აგებს პასუხს. დადგება სულ მალე თქვენი თავების მოჭრის დროც. თქვენ თვლით, რომ ძალიან შორს ხართ ხალიფატისგან და საქართველოში ვერ მოვაღწევთ“, - აცხადებს ერთ-ერთი რადიკალი.
კიდევ ერთი მებრძოლი კი აჭარაში მცხოვრებ მუსლიმ სასულიერო წინამძღოლებს ემუქრება.
„დღეს აჭარაში არიან ისლამის წინამძღოლი ე.წ. ხოჯები და მუფთები. თქვენ, დიდი ცოდვა გადევთ კისერზე, რადგან მაგ უბრალო ადამიანებს, რომლებმაც ისლამი არ იციან, თქვენი ლამაზი სიტყვებით უბნევთ გზას, ცდომილებას აჩვენებთ ჭეშმარიტებად, ჭეშმარიტებას კი აჩვენებთ ცდომილებად. თქვენ თვითონ არ ხართ მუსლიმანები, თქვენ თვითონ ხართ ტაჰუტის თაყვანისმცემლები და ეგ ხალხი თქვენ ნაკვალევს მიყვება. ნუთუ არ შეგეშინდებათ ალაჰის, რომელმაც ერთი წვეთი სისხლისგან გაგაჩინათ. მოკვდებით და წარდგებით მის წინაშე. ყოველი თქვენი ნამოქმედარის გამო პასუხისგება მოგიწევთ ალაჰის წინაშე. გეშინოდეთ ალაჰის, ნუ გეშინიათ ბინძური წინამძღოლების, ნუ გეშინიათ მათი ბრძანებების, რომლებსაც თქვენ უყოყმანოდ ასრულებთ“, - აცხადებენ მებრძოლები.
„ისლამური სახელმწიფოს“ სახელით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ერთ-ერთი მებრძოლი ხვიჩა გობაძეა. როგორც მისი მამა, ილია გობაძე აცხადებს, მისი შვილი მეგობრებთან ერთად დაახლოებით ორი თვის წინ სამუშაოდ თურქეთში წავიდა. როგორც თავად ამბობს, მისთვის უცნობია ამჟამად სად იმყოფება მისი შვილი, თუმცა ამბობს, რომ მისი შვილი ფუნდამენტალური ისლამის მიმდევარია.
„ასეთი ვიდეომიმართვის გავრცელებით მხოლოდ პანიკას თესავენ, რომ ხალხი შეაშინონ. არავინ არ მოვა და არ აგვაფეთქებს. საქართველოს სახელმწიფოს არ უნდა ეშინოდეს ხუთი კაცის მუქარის, რადგან ამერიკა ჰყავს მხარდამჭერი, რუსეთი კი მისი მეზობელია.
ტერორიზმი არის ძალადობა, კაცის მოკვლა არ შეიძლება, მაგრამ მუსლიმანს ღმერთმა მისცა უფლება, თუ გებრძვიან შენი რელიგიის, ქონების და სამშობლოს გამო, შეგიძლია იბრძოლო. ჩვენ არ გვებრძვიან, მაგრამ აგერ მეჩეთს არ გვაშენებინებენ, ღორის თავი მიაკრეს სამლოცველოს. ეს არ ამართლებს ჩემი შვილის გადაწყვეტილებას, მაგრამ მე ვამბობ ჩემს სატკივარს“, - ამბობს ილია გობაძე.
როგორც ირკვევა კიდევ ერთ-ერთი მოქმედი პირი, ბადრი ირემაძეც სექტემბერში წავიდა თურქეთში. წასვლის წინ დედას წერილი დაუტოვა. როგორც მედეა ირემაძე აცხადებს, მისი შვილი აფიქსირებდა მუსულმანურ ქვეყანაში ცხოვრების სურვილს.
„წერილი დაუტოვებია - „დედა მე გემშვიდობები ეხლაო“. თურქეთში სამუშაოდ მივდივარ და ფული მჭირდებაო. 10 დღის მერე დამიკავშირდა, კარგად ვარ, ვმუშაობო. მერე გავიდა რამოდენიმე დღე და გავიგე, რომ სირიაშია წასულიო. თვითონ ღიად ამბობდა, რომ მუსულმანურ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროო.
კარებში რომ გადიოდა დამემშვიდობა, ჭიშკართან რომ მივიდა დაბრუნდა, ეს არ მომეწონა, მაინც მქონდა იმის იმედი, რომ მოშიშარია და ვერ გარისკავდა წასვლას. ასეთი არ იყო, მაგრამ დაახლოებით ორი წლის წინ შეეცვალა ხასიათი, არ ვიცი რა გარემოცვაში მოხვდა, მაგრამ შეიცვალა რწმენა. ჩვენ მუსულმანები ვართ, მაგრამ ისეთ რწმენაში შევიდა, რომ თითქოს ვიღაცას უნდა დაეხმაროს“, - აცხადებს მედეა ირემაძე.
„ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ხელმძღვანელმა ტარიელ ნაკაიძე ამბობს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით გავრცელებულ ვიდეოში ოსტატურად არის გამოყენებული ყურანის ციტატები, საიდანაც სათავისო ინტერპრეტაციებია გაკეთებული და ძალადობისკენ მოწოდებებია. მისივე განმარტებით, მუსლიმი მრევლის წინამძღვრები უნდა შეეცადონ აღნიშნული ციტატების განმარტებას და მრევლისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას.
„დღეს არის დრო, როცა მუსლიმი მრევლის წინამძღვრები მაქსიმალურ დროს უნდა ატარებდნენ თავიანთ მრევლთან და სწორად აწვდიდნენ ინფორმაციას ისლამის შესახებ, რათა ასეთმა მიმართვებმა არ მოახდინოს ზემოქმედება მრევლზე. ხშირად მითქვამს, რომ შედეგების გარდა უნდა ვისაუბროთ მიზეზებზე. საიდან წარმოიშვა, რატომ მიდიან სირიაში, რამ აიძულათ ასეთი ქმედებებისკენ და სხვა. სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა აამოქმედოს სამართლებრივი ზომები და რაც მთავარია, უნდა იყოს ფხიზლად“, - აცხადებს ტარიელ ნაკაიძე.
კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე აცხადებს, რომ ვიდეოს გამავრცელებლების მიზანია დააფიქსირონ, რომ ქართულ საზოგადოებაშიც არსებობენ პირები, რომელთაც საჭიროების შემთხვევაში სურთ აწარმოონ ჯიჰადი საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ.
„ეს ადამიანები ცდილობენ, რომ გარკვეული ზეწოლა მოახდინონ საქართველოს სახელმწიფოზე და მიაღწიონ იმას, რომ მათი შიშით ქართულმა სახელმწიფომ აღარ დაბლოკოს კონტაქტები საქართველოს მუსლიმ მოქალაქეებთან, რომ აწარმოონ რადიკალური იდეების ქადაგება. რა თქმა უნდა, ტერორიზმის საფრთხე არსებობს, მაგრამ ჩვენ არ უნდა გადავაჭარბოთ რეალურ საფრთხეს.
საქართველოში არ არის ისეთი სოციალური ბაზა, რომელიც გამოიწვევს ტერორიზმში მასიურ ჩართვას, როგორც საფრანგეთში ან ბელგიაში, სადაც არის არაბული უბნები და ხშირ შემთხვევაში პოლიცია ვერ შედის. საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყანად ითვლება კრიმინალის პრევენციის თვალსაზრისით, მაგრამ კრიმინალის და ტერორიზმის პრევენცია სხვადასხვა რამ არის“, - აცხადებს ალეკო კვახაძე.
მისივე ინფორმაციით, რადიკალთა უმეტესობა უკვე გასული არიან საქართველოდან, ისინი იმყოფებიან სირიასა და ერაყში, მაგრამ ეს არ იძლევა მოდუნების საშუალებას.
„დღეს უკვე გაადვილდა ტერორისტული ორგანიზაციების მოქმედება, მათ უფრო ადვილად შეუძლიათ ერთმანეთთან შეკავშირება. ამიტომ, ქართულმა სახელმწიფომ აღრიცხვაზე უნდა აიყვანოს ის პირები, რომლებსაც კონტაქტი აქვთ სირიაში მყოფ პირებთან. უნდა აღიკვეთოს ყველა შესაძლო კონტაქტი მათ იდეოლოგებთან და სხვა ქართველ მუსლიმებთან, რომ არ მოხდეს მათი რადიკალური იდეების გავრცელება“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ალეკო კვახაძე.
ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი საქართველოში მექა ხანგოშვილი არ გამორიცხავს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს იდეოლოგები ჰყავდეთ საქართველოში. თუმცა, თვლის, რომ ვიდეოს გავრცელება მიზნად ისახავს პანიკის შექმნას და საზოგადოების დაშინებას.
„არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ეს პანიკის შექმნის მცდელობაა, ვიდრე რეალური მუქარა. ეს არ გამორიცხავს საფრთხის არსებობას, საფრთხე რეალურია. ქისტების პოზიციიდან შემიძლია ვთქვა, რომ თავს უფრო გამართულად ვგრძნობ. იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ ძლიერი საველე მეთაურები პანკისის ხეობიდან არიან, ასეთი მუქარები ქისტების მხრიდან არ ყოფილა, რაც ძალიან მამშვიდებს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას მექა ხანგოშვილი.