„საზოგადოებას პასუხები სჭირდება - ეს ყველაფერი სისტემური დანაშაული იყო, თუ პათოლოგების მიერ ჩადენილი“

„საზოგადოებას პასუხები სჭირდება - ეს ყველაფერი სისტემური დანაშაული იყო, თუ პათოლოგების მიერ ჩადენილი“

საქართველოს მთავარი მბრალდებელის სტატუსის მოპოვებისთვის ირაკლი შოთაძეს გასავლელი ბოლო ეტაპი დარჩა - პარლამენტი, მიმდინარე სასესიო კვირას, მთავარი პროკურორობის კანდიდატზე იმსჯელებს. დეპუტატები მთავარი პროკურორის თანამდებობაზე შოთაძეს ხმას ფარული კენჭისყრით მისცემენ, შესაბამისად, მხარდამჭერთა და მოწინააღმდეგეთა სია უცნობი დარჩება, მაგრამ მმართველი გუნდის ნაწილი საკუთარ განწყობებს უკვე ასაჯაროვებს, მეორე ნაწილი კი, კრიტიკულ კითხვებს ამზადებს.

უმრავლესობის მსგავსად, შოთაძესთან შესახვედრად „თავისუფალი დემოკრატები“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ ემზადება.

როგორც for.ge-ს ირაკლი ალასანიას გუნდის წევრმა, დეპუტატმა, ვიქტორ დოლიძემ განუცხადა, „თავისუფალი დემოკრატები“ შოთაძეს მხარს არ დაუჭერენ, რადგან შოთაძე ხელისუფლების ხელში პოლიტიკური ბრძოლის იარაღია.

„პრობლემა პიროვნებებში კი არ არის, არამედ სისტემაშია. სამწუხაროდ, ქვეყნის დამოუკიდებლობის შემდეგ, მანკიერი პრაქტიკა ვერ დავასრულეთ, როცა პროკურატურა ხელისუფლების ინტერესებს ემსახურება. უწყების დეპოლიტიზაცია არ მომხდარა და გაურკვეველია, რეფორმის გატარებას რა კუთხით აპირებენ. ე.წ. კაბელების საქმის გარდა, ე.წ. სამართლიანობის აღდგენაზე კითხვები გვაქვს და პასუხები მისგან გვაინტერესებს“, - აცხადებს დოლიძე, რომლის მსგავსად, შოთაძის მიმართ კითხვები აქვს ვიცე-სპიკერ გიორგი ბარამიძეს.

for.ge-სთან საუბარში ბარამიძე აცხადებს, რომ შოთაძე ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ყურმოჭრილი მონა იქნება.

დეპუტატის შეფასებით, შოთაძე პოლიტიკური ოპონენტების მიმართ დევნისა და შერჩევითი სამართლის პოლიტიკის გამტარებელიც იქნება.

„უამრავი საქმე გამოიძიებელია. მათ შორის, ისეთი ტიპის მკვლელობები, რაზეც დიდი სკანდალი იყო. იმ გახმაურებულ საქმეებზე აღარ ვლაპარაკობ, რომელიც სპეკულირების საგანი არაერთხელ გამხდარა. „ქართულ ოცნება“ ხელისუფლებაში ცრუ დაპირებების გარდა, ამ საქმეებზე საუბრითაც მოვიდა. ეს საქმეები დღემდე გამოუძიებელია. ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ მათ იციან, ეს საქმეები ცილისწამებაზე დაფუძნებული იყო. მათ არ აწყობთ, რომ ეს ყველაფერი გამჟღავნდეს. დაწყებული სვანეთის ოპერაციით, დასრულებული ბავშვის ქვევრში დახრჩობით“, - აცხადებს ბარამიძე, რომელიც ე.წ. აფრასიძეების საქმეზე კვლავ დაუკითხავია.

ბარამიძე ამბობს, რომ ის შოთაძეს კითხვებს ვერ დაუსვამს, რადგან ნატოს საპარლამენტო ასაბლეის კომიტეტზე მიემგზავრება.

„ჩემი თანაგუნდელების მხრიდან ძალიან მწვავე საუბარი იქნება იმ ადამიანთან, რომელიც ვერც ერთ კრიტერიუმს ვერ შეესაბამება. ეს ადამიანი უსიტყვოდ და უნამუსოდ ივანიშვილის დაკვეთებს ასრულებს და კანონს არღვევს“, - დასძენს ბარამიძე.

მომავალი მთავარი პროკურორის მიმართ კითხვები აქვს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, გია ვოლსკის, რომლის კითხვებიც გამოუძიებელ საქმეებსა და უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებაზე შექმნილი დეპარტამენტის საქმიანობას ეხება. როგორც for.ge-ს ვოლსკიმ განუცხადა, სტატისტიკა იმაზე მეტყველებს, რომ ბადაშვილისა და შოთაძის ხელმძღვანელობით პროკურატურა საკმაოდ ეფექტურად მუშაობდა და მათ დიდი რაოდენობის საქმეები გახსნეს.

„დიდი უკმაყოფილების გრძნობა მაქვს იმის გამო, რომ ხშირ შემთხვევაში, ჩვენი ოპონენტები გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით, უფრო მეტი აქტიურობის აუცილებლობას გვახსენებენ და თხოულობენ, რომ ისინი დაკითხულები იყვნენ. ასევე ოპონენტები იმას ითხოვენ, რომ პოლიტიკოსები იმ დანაშაულებისგან გამიჯნული იყვნენ, რაც მათი მოსაზრებით, ზოგიერთმა პათოლოგმა ჩაიდინა. საზოგადოებას პასუხები სჭირდება - ეს ყველაფერი სისტემური დანაშაული იყო, თუ პათოლოგების მიერ ჩადენილი. ასევე ვფიქრობ, რომ ეს პატარა დეპარტამენტი თავს წართმეული ქონების საკითხებს ვერ გაართმევს და მათი რესურსის გაზრდაა საჭირო. ამ საკითხმა პროგრესი უნდა განიცადოს. შოთაძე კარგი ორგანიზატორია, კარგი ხედვები აქვს, რის გამოც მხარი უნდა დავუჭიროთ“, - დასძენს ვოლსკი, რომლის მსგავსად, შოთაძის მხარდაჭერას აპირებს ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური.

for.ge-სთან საუბარში ძიძიგური აღნიშნავს, რომ ბადაშვილისა და შოთაძის პირობებში პროკურატურის საქმიანობა გართულებული იყო, რადგან სააკაშვილის პროკურატურა სასამართლოს რასაც ეტყოდა, იმას აფორმებდა. დეპუტატის თქმით, 2012 წლის შემდეგ, მტკიცებულებებისა და სამხილების მოგროვების აუცილებლობა გაჩნდა.

„პროკურატურის წინაშე ის ამოცანები დადგა, რაც მანამდე არ იდგა. ოპერატიულობასთან დაკავშირებით პრეტენზიები გვქონდა და ამ ყველაფერს ის საფუძველი არ ჰქონდა, რომ შოთაძეს ან ბადაშვილს მუშაობა ეზარებოდათ. პროკურორი კარგი შემსრულებელი უნდა იყოს, აბა, ის ფანტაზიორი უნდა იყოს? - მას სახელმძღვანელოდ კანონი აქვს, რომლის ფუნქცია შემოსაზღვრილია სახელმწიფო ბრალმდებელის ფუნქციით. როგორც წესი, პროკურორების მიმართ სიმპატიები არ გამოითქმევა, რადგან ის ადამიანს ბრალს სდებს. ადვოკატი დამცველის ფუნქციებიდან გამოდის, პროკურორი ბრალმდებელის. ამიტომ, სიმპატიებზე ნუ ვისაუბრებთ“, - აცხადებს ძიძიგური, რომლის მსგავსად, შოთაძის კვალიფიკაციაზე აქცენტს აკეთებს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი.

კახიანი მიიჩნევს, რომ შოთაძემ საკუთარი თავი წარმოაჩინა როგორც კომპეტენტურმა და თავისი საქმის პროფესიონალმა ადამიანმა.

„მის მხარდაჭერას ვაპირებ. დარწმუნებული ვარ, რომ ის პროკურორის პოსტზე დაიკავებს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მის მიმართ კითხვები არ არსებობს. კითხვა იმ საქმეებს ეხება, რომელიც იმ დეპარტამენტს აქვს გადაცემული, რომელიც წართმეული ქონების საკითხებზე შეიქმნა. ამ დეპარტამენტის საქმიანობის თაობაზე როგორც დეპუტატს სრული ინფორმაცია არ მაქვს“, - განუცხადა for.ge-ს კახიანმა.

პარლამენტში ირაკლი შოთაძის მოსმენის შემდეგ, სავალდებულო დასკვნას იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მოამზადებს, კანდიდატს კი, ფრაქციები ცალ-ცალკე მოუსმენენ, რის შემდეგაც, დეპუტატები მთავარ პროკურორს პლენარულ სხდომაზე აირჩევენ.