„ვიღაც მაგათიანი, ოჯალანი გყოლიათ დაჭერილი...“

„ვიღაც მაგათიანი, ოჯალანი გყოლიათ დაჭერილი...“

დღეს კვირაა და მორიგი ქართული კრიმინალური ისტორიები უნდა შემოგთავაზოთ. მკითხველს წინა საუკუნის 70-80-იან წლებში დავაბრუნებ და იმ პერიოდში „დაფიქსირებულ“ რამდენიმე „ხმაურიან საქმეს“ გავახსენებ.

თავდაპირველად სიტყვას მილიციის პოლკოვნიკს, ბატონ მერაბ ჯიქიას მივცემ.

„ერთხელ, ერთ საკმაოდ მსხვილ დატაცების საქმეს ვიძიებდი და ძალიან სერიოზულ, ბობოლა საქმოსანზე გავედი. ის დაკითხულიც კი არ გვყავდა და მისი პიროვნება მოულოდნელად ამოტივტივდა. ამიტომ, ჩემს ოპერებს ვუთხარი:

 – სწრაფად ჩხრეკაზე. მას ბინაში ბევრი ფული აქვს გადამალული და სანამ ვინმეს არ გაუფრთხილებია, ფაქტზე ავიყვანოთ.

მანქანებში ჩავსხედით და სასწრაფოდ ვაკეში გავცვივდით, სადაც ის საქმოსანი ფეშენებელური კორპუსის მესამე სართულზე ცხოვრობდა. სახლს წინიდან ხმაურიანი ქუჩა აკრავდა, უკნიდან კი – მყუდრო ტყე-პარკი. მას უზარმაზარი ბინა ჰქონდა და მთელი სართული ეკავა.

ძალიან სწრაფად მივედით და ზრდილობისთვის, კარზე ერთხელ დავრეკეთ ზარი, რადგან დარწმუნებულები ვიყავით, რომ ის კაცი მიხვდებოდა, ვინ ვიყავით და კარს არ გაგვიღებდა. ამისთვისაც წინასწარ ვიყავით მომზადებულები და კარი უნდა შეგვემტვრია. ჩვენდა გასაკვირად, კარი უმალვე გაიღო და ბინაში იმ კაცმა შეგვიპატიჟა. მე ეს სიტუაცია საეჭვოდ მომეჩვენა, მაგრამ ჩხრეკას შევუდექით. მასპინძელს ვაკვირდებოდი და სახეზე უკიდურეს ირონიას ვამჩნევდი, რაც იმის ნიშანი იყო, რომ მას უკვე მოესწრო ფაქტების მოსპობა, ან გადამალვა. უცებ კარზე ზარი დარეკეს და როდესაც ერთ-ერთმა ჩემმა ხელქვეითმა კარი გააღო, ოთახში მეეზოვის უნიფორმიანი მამაკაცი შემოვიდა. ხელში მას ტყავის შავი ჩანთა ეჭირა.

– ვინ ბრძანდებით? – ვკითხე ახალმოსულს.

– მე „დვორნიკი“ ვარ. აი, ეს „სუმკა“ უკანა ეზოში ვიპოვე და ყველა მეზობელს ვეკითხები, – ვისია-მეთქი და თქვენი ხომ არაა?

ბინის პატრონი ცივ უარზე იდგა, თუმცა ნიკაპი უკანკალებდა.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩანთა გავხსენით და ის ფულითა და ჩვენი მასპინძლის მაკომპრომატირებელი საბუთებით სავსე აღმოჩნდა.

– შენი პატიოსანი დედაც! – შეუკურთხა ჩვენმა მასპინძელმა მეეზოვეს, – ამ ჩანთაში ოთხასი ათასი მანეთია და წაგეღო, შეგერგებოდაო!“

ბატონი მერაბი კიდევ ერთ „შემთხვევას“ გაიხსენებს.

„ეს ისტორია გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში მოხდა და თბილისში დიდი რეზონანსი გამოიწვია.

მაისის ერთ მშვენიერ დღეს პლეხანოვის მილიციაში შეტყობინება მოვიდა, რომ მიხეილის საავადმყოფოში დაჭრილი პატარძალი მიიყვანეს. მორიგე ვიყავი და ამ ფაქტზე რეაგირებისთვის მე წავედი. დაჭრილი პატარძალი უკვე საოპერაციოში ჰყავდათ შეყვანილი. სამასამდე მექორწილე კი საავადმყოფოს ეზოში იდგა. იქვე იმყოფებოდა სიძეც, რომელიც ბებიამისს აგინებდა.

დაკითხვის დროს სიძემ მითხრა:

– მე და ლეილამ დღეს მოვაწერეთ ხელი. სხვა სტუმრებთან ერთად ბებიაჩემიც დავპატიჟეთ, რომელიც ქუთაისიდან დაგვიანებით ჩამოვიდა. ჩემი ცოლი რომ დაინახა, თვალში არ მოუვიდა; ბოლოს აუშარდა, ჯერ ჩხუბი აუტეხა, შემდეგ კი ცემა დაუწყო იმ გიჟმა და ბოლოს დიდი ჩანგალი ჩაასო დუნდულებში...

სიძის ჩვენებას მთელი სუფრა ადასტურებდა, თუმცა, ვერავინ ხსნიდა, რატომ მოიქცა ასე ბებია. ხულიგანი რომ მოვიკითხეთ, აღმოჩნდა, რომ ის თავის ქალიშვილთან – სიძის დედასთან დარჩა სახლში, რადგან ინციდენტის შემდეგ ცუდად გამხდარა. ერთი სიტყვით, ძალიან ბუნდოვანი სიტუაცია იყო და მე და ჩემი კოლეგები ბებიასთან გავემართეთ, რათა სიმართლე გაგვერკვია. სამოც წელს გადაცილებული სიმპათიური მანდილოსანი ექიმი-გინეკოლოგი აღმოჩნდა და ქუთაისური გულახდილობით მომახალა:

– მაი ლეილა, ბუჯო, ძველი საფიჩხიელი ჩათლახია. ამ ორი კვირის წინ მე თვითონ გოვუკერე საქალწულე აპკი. ასე მითხრა, ვთხოვდები და მიშველეო. აბა, რა ვიცოდი, რომ ჩემს შვილიშვილს მიყობოდა, თვარა, უფრო გოვუფართოებდიო...

ბებიას სიტყვებზე გიჟური ხარხარი ამიტყდა. ამ საქმეში გავლენიანი ხალხი ჩაერია და ხულიგანი „მკერავი“ ბებია დასჯას გადაურჩა; „გაკერილ” ლეილას კი ფული მისცეს და ქორწილი გააუქმეს...“

შემდეგი რესპონდენტი მილიციის მაიორი ზაურ ბარამიძე გახლავთ.

„გემახსოვრებათ, ალბათ, თურქეთის მთავრობამ რომ ქურთების მუშათა პარტიის ლიდერი აბდულა ოჯალანი ტერორის ბრალდებით დააპატიმრა და ციხეში ჩასვა. მაშინ, მთელი მსოფლიოს ქურთებმა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ორგანიზებული გამოსვლები მოაწყვეს და ოჯალანის გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

მსგავსი აქცია თბილისშიც მოეწყო. უამრავი თბილისელი ქურთი შეიკრიბა. მშვიდობიანი მანიფესტაციით გაემართნენ თურქეთის საელჩოსთან, თან ყვიროდნენ, ოჯალანის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვდნენ. იმ დღეს მე ქალაქის პოლიციის სამმართველოს მორიგე ვიყავი და ჩემი კოლეგები ქურთების მანიფესტაციას იცავდნენ, რომ ექსცესები არ მომხდარიყო. ერთი სიტყვით, სიტუაციას ვაკონტროლებდით. თუმცა ქურთები ისე გნიასობდნენ, რომ მთელი ქალაქი ფეხზე დააყენეს. მე ჩვენი ოპერები ყოველ თხუთმეტ წუთში ერთხელ მირეკავდნენ და მაწვდიდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა თურქეთის საელჩოს წინ. მე კი ამ ყველაფერს ხელმძღვანელობას მოვახსენებდი. უცებ ტელეფონმა დარეკა. ყურმილი ავიღე და იქიდან ცნობილი ქართველი პოლიციელის ხმა მოისმა, რომლის ვინაობასაც შეგნებულად არ ვასახელებ.

– ზაურ, შენ ხარ? – მკითხა კოლეგამ.

– მე ვარ, ხომ მშვიდობაა? – ვიკითხე, რადგან ვიფიქრე, თურქეთის საელჩოსთან, ალბათ, რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდა-მეთქი.

– მშვიდობა კი არის, მაგრამ ამ ქურთებმა ტვინი წაიღეს. ვიღაც მაგათიანი, ოჯალანი გყოლიათ დაჭერილი და ამდენს რას აყვირებთ, „მაყუთი აახიეთ“ და გაუშვით...

ჩემი კოლეგის სიტყვებზე ენა მუცელში ჩამივარდა. ასეთ უვიცობას მისგანაც არ მოველოდი. მას ეგონა, რომ ოჯალანი პოლიციის სამმართველოში გვყავდა და ასეთი კოლეგიალური რჩევა იმიტომ მოგვცა“.

დღევანდელ კრიმინალურ მოგონებებს ქალბატონი, მილიციის მაიორი ზეინაბ თოიძე დაასრულებს.

„საახალწლოდ ახალი ბინა მივიღე და 31 დეკემბერს  თანამშრომლები დავპატიჟე. ახალი წლის დადგომამდე სულ რაღაც საათ-ნახევრით ადრე სუფრასთან ცხარე კამათი გაიმართა – ქალი უფრო სულელია თუ კაციო. აზრი, რა თქმა უნდა, ორად გაიყო: ქალები ვამტკიცებდით, რომ კაცი უფრო სულელია, კაცები კი – პირიქით. უცებ ერთმა აზრმა გამიელვა თავში და ვთქვი:

– ახლავე დაგიმტკიცებთ, რომ კაცი უფრო სულელია და ამას თქვენ სულ მალე ნახავთ. მე წავალ და მალე დავბრუნდები, ოღონდ, როცა მოვალ და კარის გაღებას დავიწყებ, ჩუმად იყავით და მთელ ბინაში შუქი ჩააქრეთ.

ყველანი დამეთანხმნენ. მე კი ერთ-ერთი თანამშრომლის მანქანა წავიყვანე და წავედი.

თორმეტს გადაცილებული იყო, როდესაც გაჩახჩახებულ რუსთაველის გამზირზე აუჩქარებლად გავიარე. სასტუმრო „თბილისის“ კუთხეში კარგად ჩაცმული კაცი იდგა. მანქანა გავუჩერე და ვუთხარი, მარტოხელა ვარ, პარტნიორს ვეძებ და, თუ თავისუფალი ხარ, წამომყევი-მეთქი.

მამაკაცი არც დაფიქრებულა, ისე ჩამიჯდა მანქანაში. მივიყვანე ჩემს ბინაში, კარი გავაღე და ჩაბნელებულ ოთახში შევედით.

– გაიხადე და საძინებელში დამელოდე, მე კი შხაპს მივიღებ და მალე მოვალ, ჩემო გიჟო! – ვუთხარი ჩემს სტუმარს და იმ ოთახისკენ მივუთითე, რომელშიც ჩემი გასუსული თანამშრომლები ისხდნენ.

მამაკაცმა სწრაფად გაიძრო სამოსი და დედიშობილა შევიდა ბნელ ოთახში.

მეც შევყევი და შუქი ავანთე... ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში ჩავარდებოდა ჩემი სტუმარი, როდესაც ოცდაათი ცნობისმოყვარე ადამიანის მზერას დაინახავდა.

– აბა, რას იტყვით, ძვირფასო კოლეგებო? – მივმართე მამაკაცებს, – კაცი უფრო სულელია თუ ქალი?

– კაცი, კაცი, ჩემო კარგო, – მიპასუხა გივი კვანტალიანმა, სტუმარს პისტოლეტი მიუშვირა და უთხრა: – არ გაინძრე, ლაკობა, თორემ ახალ წელს ვეღარ შეხვდები!

ჩემი სტუმარი ძებნილი იური ლაკობა აღმოჩნდა, რომელიც ცნობილი ბოროტმოქმედი იყო და აფხაზეთის ომის დროს არძინბას რეჟიმს ეხმარებოდა“.