ანტიდემპინგურ კანონპროექტზე მუშაობა დასრულებულია

ანტიდემპინგურ კანონპროექტზე მუშაობა დასრულებულია

ანტიდემპინგური კანონპროექტი შეთანხმებულია როგორც მთავრობასთან, ისე პარლამენტთან. ამ ეტაპზე ეკონომიკის სამინისტროს მიერ ხდება იმ რისკების გათვლა, თუ რა გავლენის მოხდენა შეუძლია ამ კანონის ამოქმედებას ბიზნესზე. უახლოეს პერიოდში კანონი პარლამენტში შევა, მისი დამტკიცება კი, სავარაუდოდ, 2015 წლის ბოლომდე მოხდება.

რატომ ეწინააღმდეგებიან ანტიდემპინგური კანონის მიღებას მსხვილი იპორტიორები და რომელი კომპანიები არიან დაინტერესებულნი ჩვენს ბაზარზე ხელოვნურად დაგდებული ფასებით, ამის შესახებ For.ge-ს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თემურ მაისურაძე ესაუბრა.

მსხვილი ბიზნესმენების ნაწილი თვლის, რომ ანტიდემპინგური კანონის წელს მიღება მათ დააზარალებს. თუმცა, მსხვილ ბიზნესმენთაგან განსხვავებული პოზიცია აქვთ მცირე და საშუალო ბიზნესის მწარმოებლებს და ისინი მოკლე დროში ანტიდემპინგური კანონის ამოქმედებას მიესალმებიან. საინტერესოა, რომელი იმპორტიორები ეწინააღმდეგებიან ამ კანონის მიღებას და რომელ პროდუქციაზე შეინიშნება დემპინგური ფასებით მანიპულირების მცდელობა საქართველოში?

- მე ვიცი, რომ მხოლოდ და მხოლოდ ფქვილის მეწარმეები, უფრო სწორად, წისქვილკომბინატები ჩივიან დემპინგურ ფასებთან დაკავშირებით და ამბობენ, რომ მათთვის არამომგებიანი იქნება ხორბლის გადამუშავება და ამის გამო აქ წისქვილკომბინატებია გაჩერებული. თუ ეს ასეა, ამას სერიოზული გამოძიება სჭირდება, რადგან დემპინგურ ფასს აქვს თავისი გამოკვლევის მეთოდოლოგია, ეს უნდა იყოს ნამდვილად შესწავლილი, დამტკიცებული, რომ ფასი თვითღირებულებაზე ნაკლებია, ან თვითღირებულებას პლუს მხოლოდ 10-15%-ია. ამის შემდეგ შეიძლება ჩაითვალოს პროდუქციის ფასი დემპინგურად. ასე რომ, რთული საკითხია და ასე ზედაპირულად დემპინგურ ფასებში ვინმეს დადანაშაულება ძალიან ძნელია.

მეორე მხრივ, ჩვენთან ბიზნესმენებს ეშლებათ ხოლმე და არ იციან, რომ მაღალტექნოლოგიურად წარმოებული პროდუქცია, ცხადია, უფრო იაფი ეღირება. რატომღაც ამასაც დემპინგურ ფასებს უკავშირებენ, მაგრამ ხშირად ასე არ არის. მაღალი ტექნოლოგიით მიღებული პროდუქციის თვითღირებულება უფრო დაბალია და ამის საწინააღმდეგოდ, ჩვენ მეტწილად კუსტარული წარმოება გვაქვს. აქედან გამომდინარე, ძალიან გაგვიჭირდება ასეთ შემთხვევებში კონკურენციის გაწევა.

ცხადია, იმპორტიორებს არ უნდა აწყობდეთ ანტიდემპინგური კანონის მიღება, რადგან მათ განვითარებად ქვეყნებში შეაქვთ მაღალი ტექნოლოგიებით დამზადებული პროდუქცია და იმთავითვე ახერხებენ ადგილობრივი პროდუქციის ჩაძირვას განზრახ დაგდებული ფასებით.

- ეს კანონი განვითარებულ ქვეყნებში ყველგან მოქმედებს. აქედან გამომდინარე, დემპინგი რომ ქვეყანაში რეგულირდება შესაბამისი კანონით, ესაა მნიშვნელოვანი. ყველა შემთხვევში, ასოცირების ხელშეკრულება გვავალდებულებს, ჩვენს ქვეყანაში არსებობდეს ანტიდემპინგური კანონი.

დემპინგური ფასებით მანიპულირების მკაფიო მაგალითი 90-იან წლებში საქართველოში შემოტანილი თურქული და ირანული პროდუქცია იყო, რამაც ქართველ გლეხს პროდუქციის მოყვანის სურვილი დაუკარგა და ჩვენი აგრარული სექტორიც დააზარალა. გარდა ამისა, უარყოფითად აღიქმებამარტინ ბაუერისქმედებაც, რომელმაც კონკურენცია მოსპო ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ხომ არ გაჭირდება ამ კანონის მიღება, როცა მას უცხოელ მსხვილ ბიზნესმენთა ნაწილი ეწინააღმდეგება?

- შესაძლებელია, ამას ეწინააღმდეგებოდეს პროდუქციის იმპორტიორი, მაგრამ ექსპორტიორი, საქართველოს მეწარმე, შეუძლებელია, ეწინააღმდეგებოდეს ამ კანონს, რადგან, პირიქით, მას იცავს ეს კანონი. თუ უცხოელები შემოდიან დემპინგური ფასით, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ისინი ყოველთვის დემპინგური ფასებით მუშაობენ. უბრალოდ, რაღაც პერიოდში შემოდიან დაკლებული ფასებით, ანადგურებენ კონკურენტებს და მერე ისევ ჩვეულებრივ მაღალ ფასებში ყიდიან პროდუქციას. ამიტომ არ უნდა მიეცეთ მათ შესაძლებლობა, ჩვენი კომპანიები ხელოვნური ფასებით ჩაძირონ. ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში კანონის რეგულაცია უნდა არსებობდეს.

ისევ განვმეორდები, თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რომელ ბიზნესმენებს არ მოსწონთ ამ კანონის მიღება ?

- აბსოლუტურად ყველა პროდუქცია შეიძლება იყოს დემპინგური ფასის ქვეშ, დაწყებული საკვები პროდუქტებით, დამთავრებული ტექნიკით და სხვა. გააჩნია, ვინ ოპერირებს და რა ინტერესები აქვს. ვისაც ეს კანონი არ მოსწონს, შეიძლება იყოს ძირითად იმპორტიორი, რომელსაც შემოქვს ყველაზე მეტი რაოდენობის პროდუქცია. ისინი ალბათ, თავიანთ კომპანიონებთან მუშაობენ და მარტონი არ არიან. ამ შემთხვევაში, თუკი მომწოდებლები მათ სთხოვენ, რომ ფასები იყოს დემპინგური, ისინიც აგდებენ ფასებს, მაგრამ ამ გეგმაში ახალი კანონის შემდეგ ხელი შეეშლებათ და მწარმოებელსა და რეალური პროდუქციის შემქმნელს (და არა დისტრიბუტორს), ეს კანონი გაუხარდება. ვინმესკენ ხელი რომ გავიშვირო, არ მაქვს არანაირი მტკიცებულება. თორემ ანტიდემპინგური კანონი ყველა განვითარებულ ქვეყანაში მუშაობს და სხვა ქვეყნებს არ აძლევს საშუალებას, არაკეთილსინდისიერი გზებით მოიპოვონ საბაზრო სეგმენტი. ძირითადად, ეს ყველგან ადგილობრივი მწარმოებლების დამცველი კანონია და მხოლოდ ჩვენს სოფლის მეურნეობას კი არ წაადგება, არამედ გამოადგება ყველას, მათ შორის, ტელევიზორების, მაცივრების მწარმოებლებს და ყველა პროდუქციას, რაც შემოაქვთ საქართველოში.