მალიარი ხარ, გოგო?

მალიარი ხარ, გოგო?

„ჭეშმარიტების მომენტი“ - ასე უწოდებენ ხოლმე ვითარებას, წუთს, წამს, როდესაც ყველაფერი უნდა გაირკვეს, როცა ჩნდება განცდა, რომ ცოტაც და, რაღაცას აეხდება ფარდა, ვიღაც ჩამოიხსნის ნიღაბს და წერტილი დაესმება ყველა i-ს, რომელიც წერტილის გარეშეც მშვენივრად იკითხება, მაგრამ, როგორც ჩანს, წერტილს, ვიზუალის გარდა, სხვა დატვირთვაც გააჩნია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს პატივცემული სასვენი ნიშანი საბოლოოდ ამარცხებს ასევე არანაკლებ პატივცემულ სასვენ ნიშანს, რომელიც კი გამოისახება კლაკნილით, მაგრამ წერტილის გარეშე ის მხოლოდ უბრალო კლაკნილია და არა კითხვის ნიშანი. კლაკნილი ქრება და რჩება წერტილი, რომლითაც სრულდება ყველა ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა, ანაც დღისა და საღამოს მოლანდებებისა.

მაშინვე ვთქვი, სილიკონის ვარდებია, თან - ხრუშჩოვის საფლავიდან აღებული-მეთქი. ვარდები რომ სილიკონის იყო, ამაში ბევრი მალევე დარწმუნდა, მაგრამ ხრუშჩოვის საფლავის თაობაზე კამათი დიდხანს გაგრძელდა, დისკუსიას კი სწორედ მან დაუსვა ჩემი ვერსიის მხარდამჭერი წერტილი, ვისგან მხარდაჭერასაც ყველაზე ნაკლებად ველოდი.

გამარჯვებული ხალხის ტელევიზიას რომ უწოდებდა საკუთარ თავს...

აღნიშნულ დისკუსიას კი წერტილი იმით დაუსვეს, რომ თარგმნიან რუსულ იუმორს, თარგმანის გარეშე აჩვენებენ რუსულ ფილმებს, ეყრდნობიან რუსულ წყაროებს და ციტირებენ დუგინს და ჟირინოვსკის.

ალბათ, კოდორის ხეობის ზემო აფხაზეთად მონათვლა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის შემადგენლობაში ახალგორის შეყვანაც დუგინის და ჟირინოვსკის იდეა იყო, რომელიც გამარჯვებულმა ხალხმა (მიშა, ვანო, გიგი, გიგა, დათა, ბაჩო, მასტერა, მეგისა, მაიმუნა და სხვ.) და მათმა ტელევიზიამ აიტაცა. ყველა-ყველა და, ატაცება-გატაცებაში და მიტაცება-ტაციაობაში მათ ბევრი ვერ შეედრება, მით უმეტეს, როცა თავად ტელევიზიაც მიტაცებულია.

ჯერ კიდევ როდის ვამბობდი, სილიკონის ვარდებია, თან - ხრუშჩოვის საფლავიდან აღებული-მეთქი... ახალ-ახალი ფერებით და შტრიხებით ვამდიდრებდი, ვისაც ჯეროდა - ვატარებდი. შემდეგ, ფერები და შტრიხები საერთო სურათს თავად შემატეს, დასვეს მრავალწერტილი, საბოლოო წერტილი კი ის არის, ერთ რუს ქალბატონს ოცდაოთხი წლის შემდეგ გაახსენდა, რომ გათხოვილია, უფრო სწორად, ქალბატონს ბოლო ოცდაოთხი წელია, თავი გათხოვილი ჰგონებია, მაგრამ არ სცოდნია, ვისზე ყოფილა გათხოვილი და ახლა იწყებს ამის გარკვევას. ვერაფერს იტყვი, ტრაგიკული სიყვარულის ისტორიაა, მაგრამ ამ გაჭირვებაში ქალბატონი მარტო არ დატოვეს და მისი გათხოვების საკითხს ერთი რუსი ჟურნალისტიც იკვლევს, თან მხოლოდ კი არ იკვლევს, საერთოდ თვითონ იგონებს და უკვეთავს ამ გათხოვების ისტორიას და, რა თქმა უნდა, სანაცვლოდ რაღაცას ითხოვს.

ვერ გეტყვით, რამდენად ქალბატონია ის და რამდენად ჟურნალისტია ეს, მაგრამ ჩვენ სინამდვილეში არის ერთი მდედრობითი სქესის მოყმე ვინმე, რომელიც არც ქალბატონია და არც ჟურნალისტი.

მალიარი ხარ, გოგო?

ანეკდოტის გარეშე არ გამოდის ხოლმე. ანეკდოტი კი, ასეთია: სტალინმა პოლიტბიუროს წევრები შეკრიბა და დღის წესრიგი გააცნო. პირველი საკითხიო, სოსომ თქვა, ის არის, რომ ყველანი ციმბირში უნდა გადაგასახლოთო, მეორე საკითხად კი კრემლის მწვანედ გადაღებვის საკითხი განვიხილოთო. მწვანედ რატომო? - გაიკვირვეს წევრებმა. აჰაო, ჩაიღიმა სოსომ, ესე იგი, პირველ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი არ გაქვთო.

როგორი განსხვავებული აქცენტების დასმა უყვარდა ხოლმე იმ შეჩვენებულს!

მალიარი ხარ, გოგო?

ანუ, არც ვიზალიბერალიზაციაზე ამბობს ვინმე უარს და არც ტერიტორიულ მთლიანობაზე, ვენახი არავის აუჩეხავს, საწარმოები აშენებულა და საკუთრების უფლება არავის შეულახავს, მედიასაშუალებები არავის დაუხურავს და არ წაურთმევია, სიტყვისა და ფეხბურთის თავისუფლება დაცულია... და, რაც მთავარია, პრორუსული მთავრობა სულაც არ ყოფილა პრორუსული. ამ საკითხებთან დაკავშირებით განსხვავებული, სათავისო აზრი ვერ შექმნეს, მაგრამ რაღაც ხომ უნდა იყოს ისეთი, რაზეც განსხვავებულ აქცენტებს დასვამ? ასეთი სულ ორია: 1. რუს ქალბატონს რაღაც გაახსენდა და 2. რუსი ჟურნალისტი ბოლო სამი წელია რაღაცას იკვლევს.

მესამესაც ველოდები - ყიფიანი გავრილოვივით რომ თამაშობდა.

არც ყიფიანი თამაშობდა გავრილოვისებურად, რუსმა ქალბატონმაც რაღაც საეჭვოდ, უცებ, ახლა მოირჩინა ამნეზია და რუსი ჟურნალისტიც მაინცდამაინც მხოლოდ ბოლო სამი წელია, რაც წიაღსვლებით დაკავდა. მოკლედ, წინა შპალერების მსგავსად, ვერც ამ შპალერმა ივარგა, მაგრამ მალიარი არაფერ შუაშია, დამკვეთშია პრობლემა. რაც აქვს, იმას აკრავს, ვინც ყავს, იმას აკვრევინებს. აკვრევინებს! მალიარს, გოგოს, კვესივით აბედს, აბედივით კვესს. კვეს-იტარ-ტასს.

აქ მთავრდება ეს ამბავი. სუკის აგენტები და პუტინის მონები საკუთარ ოჯახში, პარტიაში და მიტაცებულ ნიუს-რუმში მოიკითხეთ. იქვე მოიკითხეთ მალიარები, ამაოდ რომ ცდილობენ ცხრაწლიანი საშინელების გადაფარვას, იმ ცხრაწლიანი საშინელებისა, ერთხელ და სამუდამოდ რომ დაესვა წერტილი, ხოლო დისკუსია, თუ ვისი საფლავიდან იყო აღებული სილიკონის ვარდი, მალიარმა გოგომ დაასრულა და წერტილიც დასვა.

მალიარი ხარ, გოგო?

ვაშორებ კლაკნილს და რჩება წერტილი. აი, ასე: მალიარი ხარ, გოგო.