სააკაშვილის რეჟიმს რომ სასამართლო ხელისუფლება მორჩილებაში ჰყავდა, ეს მორჩილებაში მყოფი მოსამართლეების განაჩენებით დასტურდება. სასამართლოს დამორჩილება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, პალატების თავმჯდომარეების და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მეშვეობით ხორციელდებოდა.
სწორედ ისინი ახდენდნენ ზეწოლას მოსამართლეებზე, რათა მათ რეჟიმისთვის სასურველი გადაწყვეტილებები მიეღოთ, ხოლო ვინც „ურჩი“ იყო, მათ წინააღმდეგ დევნის ღონისძიებები იწყებოდა, რათა დანარჩენი მოსამართლეებისთვისაც ეჩვენებინათ - თუ ხმას ამოიღებთ, იგივე მოგივათო.
„ურჩი“ მოსამართლეების დასჯას კუბლაშვილის მარჯვენა ხელი, ლევან მურუსიძე ხელმძღვანელობდა. სწორედ „ურჩობის“ მიზეზით დასაჯეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ლალი ლაზარაშვილი, რომელიც მურუსიძეს მოსამართლეთა სტატუსის შესახებ ევროპული ქარტიის, საქართველოს კონსტიტუციის და შიდა კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებს.
for.ge ლალი ლაზარაშვილს ესაუბრა.
ქალბატონო ლალი, რატომ აღმოჩნდით „ურჩი“ მოსამართლეების სიაში?
ლალი ლაზარაშვილი: მოსამართლედ ვმუშაობდი ადმინისტრაციულ და სამოქალაქო პალატაში. მას შემდეგ, რაც დაიწყო დამოუკიდებელ მოსამართლეთა დევნა, 2010 წელს ჩემი ჯერიც დადგა. 2010 წლის 12 ნოემბერს პლენუმის სხდომაზე გაიტანეს ჩემი საკითხი. პლენუმს ჩემს გარდა 19 წევრი, აქედან 4 იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ესწრებოდა.
კოტე კუბლაშვილმა პლენუმს მიმართა წარდგინებით და მოითხოვა, რომ მე სისხლის სამართლის პალატაში გადავეყვანე. პლენუმის 19 წევრიდან 17-მა ამ გადაწყვეტილებაზე თანხმობა განაცხადა, წინააღმდეგი წავიდა მხოლოდ ორი მოსამართლე - ქალბატონი ნუნუ კვანტალიანი და ბატონი თეიმურაზ თოდრია.
მაშინ სისხლის პალატას ახალი წევრი სჭირდებოდა?
- წინააღმდეგი ვიყავი ჩემი სისხლის პალატაში გადაყვანის, რადგან სისხლის პალატას ახალი არ სჭირდებოდა. ამ დროს კი სამოქალაქო პალატასაც არ ჰქონდა იმის ფუფუნება, რომ წევრი გაეშვა სისხლის პალატაში - ძალიან ბევრი საქმე ჰქონდა. ეს იყო მიზანმიმართულად გაკეთებული.
რატომ?
- ჩემი სისხლის პალატაში გადაყვანა უნდოდათ იმ მოტივით, რომ მე იქ დავუშვებდი შეცდომას, რადგან მე არ ვარ სისხლის სპეციალისტი.
მოსამართლის თანხმობის გარეშე შეიძლებოდა სხვა პალატაშილი მოსამართლის გადაყვანა?
- არა, რა თქმა უნდა. აუცილებლად სჭირდება მოსამართლის თანხმობა, როგორც სხვა პალატაში, ასევე სხვა სასამართლოში მოსამართლის გამწესებას. სულ რომ გამოჩენილი სისხლის სპეციალისტი ვყოფილიყავი, ჩემი თანხმობის გარეშე დაუშვებელი იყო ჩემი გადაყვანა სხვა პალატაში. მოსამართლის ამ უფლებას განამტკიცებს მოსამართლეთა სტატუსის შესახებ ევროპული ქარტია.
ამის მიუხედავად პლენუმის უმარვლესობამ აწია ხელი და მათ შორის იყო ლევან მურუსიძე. ამით მან დაარღვია მოსამართლეთა სტატუსის შესახებ ევროპული ქარტია, საქართველოს კონსტიტუცია და შიდა კანონმდებლობა. ეს იყო სპეციალურად დადგმული სხდომა, რომ მე დამეტოვებინა სასამართლო. ამის მოტივი გახლდათ სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების გამო ჩემი დევნა.
შეგიძლაით მითხრათ ის კონკრეტული საქმე, რატომაც მოხდა თქვენი ჩამოშორება სასამართლოდან?
- ეს იყო ძალიან გახმაურებული თემა და კერძოდ, შრომითი დავები, როდესაც თანამშრომლებს სამსახურიდან ათავისუფლებდნენ 37-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. მე წინააღმდეგი ვიყავი ადამიანების ასე განთავისუფლების, რაც აისახებოდა კიდევაც ჩემს გადაწყვეტილებებში.
მიუხედავად მათი მოთხოვნისა, პოზიცია არ შემიცვლია და დანარჩენი საქმეებიც ასევე განვიხილე, რამაც უკვე მათი უკიდურესი გაღიზიანება გამოიწვია. სწორედ ეს გახდა ჩემი სასამართლოდან მოშორების მიზეზი. მათ მიერ მოწვეული პლენუმის შემდეგ იძულებული გავხდი დამეწერა განცხადება. პლენუმის სხდომა ჩატარდა 2010 წლის 12 ნოემბერს დილის 10 საათზე, სადაც განვაცხადე, რომ მსურდა მოსამართლედ დარჩენა სამოქალაქო პალატაში.
მიუხედავად ჩემი წინააღმდეგობისა, ჩემმა კოლეგებმა და მათ შორის ბატონმა მურუსიძემ კენჭი უყარეს ჩემს სისხლის პალატაში იძულებით გადაყვანას. იმავე დღეს დავწერე განცხადება და თქვენ წარმოიდგინეთ, მაშინვე შეიკრიბა იუსტიციის საბჭო და ისე დააკმაყოფილეს ჩემი განცხადება, რომ მაშინ მურუსიძეს არ გასჩენია კითხვა რატომ დავწერე განცხადება.
თქვენ არ ხართ ერთადერთი მოსამართლე, ვინც მურუსიძეს ზეწოლაში ადანაშაულებს. ალბათ, აკვიდრებით მუსრუსიძის გამოსვლებს, რომელიც საუბრობს მოსამართლეზე ზეწოლის დაუშვებლობაზე. როგორ ფიქრობთ, მურუსიძეს აქვს უფლება ისაუბროს მოსამართლის დამოუკიდებლობაზე, მაშინ, როდესაც მას ბრალს სდებენ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების მიღებაში?
- ლევან მურუსიძე შებოჭილია წარსულში მიღებული უკანონო გადაწყვეტილებებით და მოღვაწეობით. იმდენად შებოჭილია, რომ ყველანაირად ცდილობს წარსულში მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამართლებას და თავდაცვას. ამიტომაც შეეცდება წავიდეს კიდევ ახალ უკანონობაზე. ამაში მე დამარწმუნა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩემი საქმის განხილვამ.
რას გულისხმობთ?
- იმის მიუხედავად, რომ ეს იყო ვითომ ახლად დაკომპლექტებული იუსტიციის საბჭო ისევ ბატონი ლევან მურუსიძის ხელმძღვანელობით, დავინახე იმ მოსამართლეების განწყობა, რომლებიც ძველი ხელისუფლების პირობებში ასრულებდნენ დაკვეთებს. დღეს ეს მოსამართლეები ცდილობდნენ თავიანთი გამოტანილი გადაწყვეტილებების დაცვას და გამართლებას. ჩემს შემთხვევაში ისინი ცდილობდნენ უკანონოდ მოწვეულ პლენუმზე მიღებული უკანონო გადაწყვეტილების დაცვას.
ბუნებრივია, როდესაც საქმე ეხება უკანონო განაჩენებს, ასეთ შემთხვევაში, ისინი დაიცავენ მათ უკანონო ქმედებებს. ის, რომ მურუსიძეს სურს თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლო, უკაცრავად, მაგრამ ძალიან არასერიოზულია. ლევან მურუსიძე არ აქვს უფლება ისაუბრობს მოსამართლის დამოუკიდებლობაზე. ბედის ირონიაა, რომ ისევ მურუსიძე გამოდის, ისევ მურუსიძეს ეყრდნობა სასამართლო და მას ხვდება პრემიერ მინისტრი. ეს არის იმ ადამიანების დაცინვა, ვის მიმართაც მურუსიძემ გაამრუდა სამართლიანი მართლმსაჯულება.