რომელ დაავადებას იწვევს  უმოძრაო ცხოვრების წესი

რომელ დაავადებას იწვევს უმოძრაო ცხოვრების წესი

ოსტეოქონდროზი, ემუქრება იმ ადამიანებს, ვინც უფრო მეტხანს ზის, ვიდრე მოძრაობს. ზურგთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ მათაც, ვისაც მძიმე ფიზიკური სამუშაო აქვთ.

ოსტეოქონდროზის განვითარების ალბათობა დიდია ორსულობის პერიოდშიც. მნიშვნელოვანია მემკვიდრეობითი ფაქტორიც. ანუ, თუ თქვენს წინაპრებს ჰქონდათ ოსტეოქონდროზი, ხერხემალს გაცილებით მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ.

არსებობს ადამიანების განსაკუთრებული კატეგორია, რომელთაც ოსტეოქონდროზით დაავადების საკმაოდ დიდი შანსი აქვთ. ერთ-ერთ ასეთ კატეგორიას განეკუთვნებიან მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის მოყვარული ქალები. მაღალქუსლიან ფეხსაცმელში ფეხი უფრო გრძელი და ლამაზი ჩანს. ამიტომაც, ქალბატონები ხშირად წვრილქუსლიან ფეხსაცმელს ატარებენ მთელი დღის განმავლობაში. ამ დროს მთელი დატვირთვა ტერფის წინა ნაწილზე გადადის და ქალი თითქოს თითის წვერებზე დადის, რაც განივი მყესების გადაძაბვასა და გამკვრივებას იწვევს.

ოსტეოქონდროზი ხშირად უვითარდებათ ნევრასთენიულ ქალებს. ზოგჯერ ასეთი პაციენტები აღნიშნავენ, რომ, როგორც კი რამეზე ინერვიულებენ, მაშინვე ეწყებათ ზურგში ტკივილი. მართლაც, სტრესი ამ დაავადების პროვოცირებას იწვევს, განსაკუთრებით კი – კისრის მალების ოსტეოქონდროზის დროს. საქმე ის არის, რომ ხერხემალთან გადის ტვინის მკვებავი სისხლძარღვები. მალთაშუა დისკების წანაცვლებისას ხდება ამ სისხლძარღვებზე ზეწოლა და ფერხდება ტვინის სისხლმომარაგება. ავადმყოფს ეწყება თავის ტკივილი, თავბრუხვევა. შედეგად კი უვითარდება დეპრესია, შიში, ხოლო შემდგომში ყველაფერი ჩაკეტილ წრეზე მოძრაობს: კისრის კუნთების დაჭიმვა იწვევს ტკივილსა და დეპრესიას, ხოლო დეპრესია – უსიამოვნებებს.