„როდესაც კორუფციას ვახსენებთ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ რუსეთთან შედარებით ანგელოზები ვართ“

„როდესაც კორუფციას ვახსენებთ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ რუსეთთან შედარებით ანგელოზები ვართ“

„ჯერჯერობით რასაც ვაკვირდებით მკერედისგან შორს ვყავართ ამხანაგ პუტინს, უფრო მის ჩექმას ვგრძობთ საკუთარ ტყავზე“, - ასე უპასუხა პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა რუსეთის და ყოფილი საბჭოთა კავშირის მკვლევარის, დონალდ იენსენის განცხადებას, რომ ქართულ პოლიტიკურ ელიტაში არსებობს იმპულსების მთელი რიგი, რომელთა ნაწილიც რუსეთს უფრო ძლიერ როლს ანიჭებს, ვიდრე ეს ამ იმპულსების გარეშე იქნებოდა.

for.ge სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.

ბატონო სოსო, იზიარებთ დონალდ იენსენის განცხადებას, რომ საქართველოში არ არის კონსოლიდირებული დემოკრატია, ეს კი რუსეთს საშუალებას აძლევს, ხელი შეუშალოს საქართველოს წინსვლას, დასავლეთს კი - თქვას, რომ საქართველო მზად არ არის?

სოსო ცისკარიშვილი: საინტერესო იქნებოდა იმავე ავტორისგან მოგვესმინა უფრო კონკრეტული მითითებები, რას უჩივის იგი ქართულ რეალობას. რასაკვირველია, ვერ ვიტყვით, რომ ჩვენი დემოკრატიით სამაგალითონი ვართ დედამიწაზე, მაგრამ როდესაც რუსეთთან მიმართებაში დგება საკითხი, იქნებ აგვიხსნას რა ტიპის დემოკრატია არის გამეფებული ამჟამად რუსეთში. რა, თუ არა ბარბაროსული მისწრაფებები ამ თავზეხელაღებული ხელისუფლების. რუსეთს, გარდა აგრესიისა, სხვა საფუძველი მეზობელი ქვეყნების მიმართ არ გააჩნია.

ის წუხს იმაზე, რომ საქართველოს მოსახლეობის ერთი მესამედი მხარს უჭერს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას, რაც მისი თქმით, თანამედროვე პლურალისტულ ქვეყანაში საგანგაშო მაჩვენებელია...

- ჩემთვის უფრო ნაკლებ საინტერესოა არითმეტიკა, იქნება ეს ერთი მესამედი, თუ ორი მესამედი. ჩემთვის მთავარია ვიცოდე მიზეზი რატომ ფიქრობს ჩვენი საზოგადოების ნაწილი ასე. გონივრული ეჭვი მაქვს, რომ კვლევის დროს არ წვდებიან სიღრმეში, რა არის ამ სიმპატიის მიზეზი. რაც შეეხება ე.წ. პრორუსულობას, რომელიც თითქოსდა საფუძველი უნდა იყოს ევრაზიული კავშირისკენ ლტოლვის, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ასეთი განწყობები გამოწვეულია ინფორმაციის მწვავე დეფიციტით იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება დღევანდელ რუსეთში.

ჩვენი საზოგადოების არა მხოლოდ უფროსი თაობის წარმოდგენაში, დღევანდელი რუსეთი გაიგივებულია საბჭოთა კავშირთან. შესაძლებელია, რომ ასეთი წარმოდგენის მქონე მოსახლეობაში განმჟღავნებული იყოს საბჭოთა კავშირის ნოსტალგია, რადგან მაშინ ხმარებაში არ იყო სიტყვა უმუშევარი. მაშინ უმუშევრობა კანონით დასჯადი ქმედება იყო.

ანუ, თქვენ თვლი, რომ პრობლემა მოსახლეობის არაინფორმირებულობაშია?

- რასაკვირველია. სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებას და ხელისუფლებას სწორი ინფორმაცია არ მიუცია მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომლებსაც მერყევი წარმოდგენა აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რას წარმოადგენს დღევანდელი რუსეთი. რა განსხვავებაა დღევანდელ რუსეთსა და საბჭოთა კავშირს შორის. არ აქვთ ინფორმაცია იმ ვერაგობის შესახებ, რომელსაც ადგილი აქვს რიგითი მოქალაქეების მიმართ, იმ უსამართლეობის შესახებ რასაც ადგილი აქვს რუსულ ბიზნესში. არ არის გაანილიზებული მოსახლეობის დიდი ნაწილი რატომ გარბის რუსეთიდან.

ეს საკითხი შეიძლება მეორე ხარისხოვნად მოგვეჩვენოს ისეთ ვითარებაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. ანუ, როდესაც ჩვენ არ ვსაუბრობთ საკუთარ თავზე თუ რატომ გარბიან ასე მასობრივად ქართველები საქართველოდან და რატომ ვართ ასე გულარხეინი, რომ მათ ნაცვლად საქართველოში შემორბიან აფრიკელები, ინდოელები, ჩინელები და ა.შ. ეს ყველაფრი ურთიერთკავშირშია. ამიტომ ნუ შეგვაშინებს ციფრი ერთი მესამედი. რადგან ეს ერთი მესამედი ერთი მესამედისა თუ არჩევს რუსეთს და საბჭოთა კავშირს.

კიდევ ერთი თემა, რომელზეც იენსენი ამახვილებს ყურადღებას, ხელისუფლების საგარეო კურსს ეხება. მისი თქმით, პროდასავლური მთავრობისგან საჭიროა უფრო ზუსტი პოლიტიკა, წესების დაცვა, განსაკუთრებით ეს კორუფციასთან ბრძოლას და მოსკოვთან ფლირტს ეხება. პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ატარებს, შეიძლება მას ეწოდოს ფლირტი მოსკოვთან?

- მოსკოვთან ფლირტის რა მოგახსენოთ, მაგრამ როდესაც კორუფციას ვახსენებთ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ რუსეთთან შედარებით ანგელოზები ვართ. თუკი რომელიმე ქვეყანაში არის სახელმწიფოს პირდაპირი ჩარევა ბიზნესში, ეს გახლავთ რუსეთი, თუკი სადმე არის უსამართლობა, ეს გახლავთ რუსეთი. არც ჩვენ ვართ ანგელოზები, მაგრამ რუსეთთან შედარებით მართლაც, რომ ბევრად საამაყო ვითარებაა საქართველოში.

ამავე ინტერვიუში იენსენი აცხადებს, რომ ბევრისთვის მიმზიდველიცაა ბიძინა ივანიშვილის პირობა, რომ საქართველო აღარ იქნება რუსეთსა და დასავლეთს შორის უთანხმოების საგანი, მაგრამ ასეთი ბუნდოვანი სტატუსის შენარჩუნება სარისკოა, რადგან პუტინი დაიახლოვებს და ნელ-ნელა მკერდთან მიიკრავს საქართველოს, რისი ნიშნები უკვე არსებობს. პოლიტიკა რომელსაც რუსეთთან მიმართებაში ატარებს ხელისუფლება, აახლოვებს საქართველოს რუსეთთან?

- ჯერჯერობით, რასაც ვაკვირდებით მკერედისგან შორს ვყავართ ამხანაგ პუტინს, უფრო მის ჩექმას ვგრძობთ საკუთარ ტყავზე, მაგრამ ლოგიკა ნამდვილად არსებობს მკვლევარის განცხადებაში, გამომდინარე იქედან, თუ რა დღეშია თავად რუსეთის პრეზიდენტი, უკანასკნელ ხანებში მის თავზე სულ უფრო დიდი სისწრაფით დატრიალებული წისქვილის ქვისგან. ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს ძალიან ბევრი მხრიდან. ამხანაგი პუტინის მიმართ დამოკიდებულებაც არაერთგვაროვანია.

ასე რომ, იმაზე მეტი თავის ტკივილი აქვს, ვიდრე მისი თავი გაუძლებდა. ცხადია, თუკი ვინმესთან მოესურვება უფრო ადამიანური დამოკიდებულება, ეს ლოგიკურად უნდა იქნეს საქართველო. თუმცა, არა იმ ფორმულით, რომელიც მას წარმოუდგენია. შემთხვევითი არ არის საუბრები „გაზპრომზე“, რკინიგზის აღდგენაზე, სავიზო რეჟიმის შემსუბუქებაზე.

საქართველო, პრაქტიკულად, საომარ მდგომარეობაში იმყოფება რუსეთთან, ამ ვითარებაში რამდენად სწორია სავიზო რეჟიმის შემსუბუქებაზე საუბარი?

- ჩვენ დიდი ხანია არა თუ გამარტივებულად, არამედ საერთოდ მოხსნილი გვავქს სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის. შევაფასოთ რეალობა, რა მივიღეთ - ტერაქტების გამრვალება ჩვენს ტერიტორიაზე, თუ ტურისტების სიმრავლე რუსეთიდან?

შესაძლებელია საუბარი დაიწყოს სავიზო რეჟიმის მოხსნაზე?

- თუ უნდათ სავიზო რეჟიმის მოხსნა, ამისთვის აუცილებელი არ არის წინმსწრები ნაბიჯების გადადგმა. ეს არის პოლიტიკური ნება, რაც თავის დროზე საქართველომ გამოამჟღავნა და შექმნა უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის. ახლა ჩვენ ვიაროთ ლენინური ფორმულით - ნაბიჯი წინ და ორი ნაბიჯი უკან, ეს ფორმულა აღარ გამოგვადგება და არც თავი უნდა მოვიტყუოთ.

თუკი სიკეთის მომცემი იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის და მითუმეტეს იმ ნაწილისთვის ვისაც ოჯახის წევრები ეგულება რუსეთში, რასაკვირველია, უნდა იყოს საუბარი უვიზო რეჟიმზე და არა შემსუბუქებაზე, რადგან შესამსუბუქებელი არაფერი გვაქს. ჩვენ კარგად გვახსოვს ყოველვარი უვიზო მიმოსვლის ფორმატი რუსეთის ტერიტორიაზე, თუ მათ არა აქვთ ჩვენი ნდობა, მაშინ იქნებ აქეთაც დავფიქრდეთ, იგივე სტატუსი ხომ არ მიგვენიჭებინა რუსეთის მოსახლეობისთვის?