„საქართველო შედის უსაფრთხო ქვეყნების ათეულში“

„საქართველო შედის უსაფრთხო ქვეყნების ათეულში“

ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების საკითხები იყო ის მთავარი საკითხი, რაზეც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომაზე მსჯელოდბნენ. დაიგეგმა სასაზღვრო რეჟიმის და სტრატეგიული ობიექტების კონტროლის გამკაცრების ღონისძიებები. ასევე, მიღებულია გადაწყვეტილება უსაფრთხოების თვალსაზრისით, ქვეყანაში არსებული პრევენციული ღონისძიებების კიდევ უფრო გაძლიერებასა და უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღებაზე.

მუდმივი მონიტორინგის ქვეშ იქნება უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. გარდა ამისა, გამკაცრდება აზიური და აფრიკული სახელმწიფოებიდან საქართველოში მოქალაქეების შემოსვლაც. კრიზისებისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მინდია ჯანელიძის განმარტებით, სასაზღვრო კონტროლის რეჟიმის გაძლიერება არანაირ შეზღუდვას არ ნიშნავს. მისივე თქმით, მოხდება სამუშაოების გაძლიერება როგორც საზღვარზე, მოხდება სტრატეგიული ობიექტების დაცვის გაძლიერება, ასევე ყველა იმ ოპერატიული თუ ფიზიკური დაცვის ზომები განხორციელდება, რაც საჭიროა ქვეყანაში უსაფრთხოების ზომების უზრუნველსაყოფად.

„უსაფრთხოების თემები იქნება მუდმივი მონიტორინგის ქვეშ. ჩვენ პერიოდულად გვექნება შეხვედრები, ინფორმაციის წარდგენა, გაანალიზება. მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში. ის შედის უსაფრთხო ქვეყნების ათეულში. მართლაც ძალიან ბევრი კეთდება ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით“, - აცხადებს მინდია ჯანელიძემ.

უსაფრთხოების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტრო დაევალა სასაზღვრო რეჟიმის გამკაცრება, როგორც გამშვებ პუნქტებზე, ასევე მწვანე ზოლზე. ასევე გაძლიერდება საპოლიციო კონტროლი. უწყება მუდმივად კომუნიკაციაში იქნება პარტნიორი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან. შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ასევე შეთანხმდნენ დამატებითი უსაფრთხოების ზომების მიღებაზე, ანუ კონტროლის გაძლიერებაზე.

ასევე ცნობილი გახდა, რომ უსაფრთხოების გამკაცრებული ზომების ფარგლებში აზიური და აფრიკული სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის მკაცრდება საქართველოში შემოსვლის საკითხი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის განმარტებით, მაქსიმალური კონტროლია დაწესებული, რომ საქართველოს გამოყენება ტრანზიტული მიზნით არ მოხდეს და ჩვენი ქვეყნის გავლით კონკრეტული პირები სირიაში არ მოხვდნენ.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილებები და დღეს დილიდან საზღვრებზე უკვე გამკაცრდა ქვეყანაში შემოსვლა სხვადასხვა ქვეყნიდან, ძირითადად აზიური და აფრიკული სახელმწიფოებიდან. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ტრანზიტად არ გამოიყენონ ჩვენი ქვეყანა და საქართველოს გავლით არ მოხვდნენ სირიაში და არ მიიღონ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა. რამდენიმე ათეული ადამიანი უკვე დავბლოკეთ, ასევე გამკაცრებულია კონტროლი გამშვებ პუნქტებზე“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

მყისიერ საფრთხეს არ ელოდება თავდაცვის მინისტრი. თინა ხიდაშელის თქმით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ფლობის ხარისხი ძალიან მაღალია. თავდაცვის მინისტრის თქმით, ამის მიუხედავად, არსებობს გეგმები, რომლებიც ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით კონკრეტული ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებს.

„გიდასტურებთ, რომ კონკრეტულ თემებზე, კონკრეტულ მიმართულებებზე, კონკრეტულ ღონისძიებებზე იყო საუბარი, რომელიც შესაბამისი უწყებების მიხედვით უნდა განხორციელდეს, თუმცა ჩვენ არ ველოდებით რაიმე მყისიერ საფრთხეს. საქართველოს, როგორც სადაზვერვო სამსახურები, ასევე ყველა ძალოვანი სტრუქტურა მუშაობს ჩვეულებრივ რეჟიმში, მუშაობს პარტნიორებთან ერთად სრულ სინქრონიზაციაში. ინფორმაციული თვალსაზრისით ყველაფერი წესრიგშია, ინფორმაციის ფლობის ხარისხი ძალიან მაღალია და ამიტომ რაიმე განსაკუთრებულ გართულებებს არ ველოდებით“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოდან სირიაში მებრძოლების გადინების საკითხი დიდი ხანია დღის წესრიგში აღარ დგას. რადგან გატარებული პრევენციული ღონისძიებები, რომელიც კარგა ხნის წინ დაიგეგმა და ეფექტურად მუშაობს.

„არავითარი მასობრივი გადინებები და რაიმე განსაკუთრებული შემთხვევები საქართველოს არ აქვს. შემიძლია გითხრათ, რომ საქართველო ერთ-ერთი ბოლოა საბედნიეროდ იმ გადინებების სიაში, რასაც მაგალითად ევროპა გვაჩვენებს დღეს. ასე რომ, ამ თვალსაზრისით, ნამდვილად ვერ გეტყვით, რომ რაიმე ხიფათის განცდის ან განსაკუთრებული პრობლემის მატარებელია ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.