სანდრო გირგვლიანის საქმე და მურუსიძის სამართალი

სანდრო გირგვლიანის საქმე და მურუსიძის სამართალი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ლევან მურუსიძე არაერთ გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს და მათ შორის არის შსს-ს მაღალჩინოსნების მიერ ოქროყანის სასაფლაოზე მოკლული სანდრო გირგვლიანის გახმაურებული საქმე. სწორედ, ლევან მურუსიძე იყო უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე, რომლის მონაწილეობითაც უზენაესმა სასამართლომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულებს სასჯელი შეუმცირა.

მურუსიძის მიერ გამოტანილი განაჩენის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს არ უნდა შეეცვალა და უნდა გაეზიარებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ დაზარალებულ ლევან ბუხაიძის ყველა ჩვენება არასარწმუნოა და მისი არც ერთი ჩვენება არ უნდა გაეზიარებინა.

2007 წელი 27 ივლისის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, რომლის შემადგენლობაში იყო იური ტყეშელაშვილი, ზაზა მეიშვილი და ლევან მურუსიძე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების - გერონტი ალანიას, ავთანდილ აფციაურის, ალექსანდრე ღაჭავასა და მიხეილ ბიბილურიძის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დავით ხაჟალიას, დაზარალებულ ლევან ბუხაიძისა და დაზარალებულის უფლებამონაცვლე ირინა ენუქიძის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 დეკემბრის განაჩენზე.

ლევან მურუსიძის ხელმოწერილ საბოლოო განჩინების მიხედვით, დაზარალებულ ლევან ბუხაიძისა და დაზარალებულის უფლებამონაცვლე ირინა ენუქიძის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

„თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 დეკემბრის განაჩენიდან ამოირიცხოს სსკ-ს 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრი და ბრალდების ამ ეპიზოდში ალანიას, აფციაურის, ბიბილურიძისა და ღაჭავას მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა“, - მურუსიძის ამ გადაწყვეტილებით, საკასაციო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულებს სასჯელი შუმცირა.

სანდრო გირგვლიანის ბიძა, გოგი ენუქიძე ამობს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღეს. გოგი ენუქიძე უერთდება მურისიძის წინააღმდეგ დაწყებულ საზოგადოებრივ პროტესტს და აცხადებს, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს ყველა იმ მოსამართლის წინააღმდეგ, რომლებმაც სანდრო გირგვლიანის საქმის განხილვის პროცესში პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს.

for.ge გოგი ენუქიძეს ესაუბრა.

საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ალანიამ, აფციაურმა და ღაჭავამ სანდრო გირგვლიანი და ლევან ბუხაიძე ავტომანქანაში ჩასვეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და მუქარით. მით უფრო, ამაში მონაწილეობა არ მიუღია მიხეილ ბიბილურიძეს, რომელიც ოქროყანაში მოგვიანებით მივიდა. ამიტომ მსჯავრდებულებს არ ჩაუდენიათ სსკ-ის 143- მუხლით გათვალისწინებული ქმედება“, - ამ განჩინებას ხელს აწერს ლევან მურუსიძე, ეს განჩინება გახდა საფუძველი იმისა, რომ ბრალდებულებს სასჯელი შეუმცირდათ. როგორ ფიქრობთ, პოლიტიკურად მოტივირებული იყო მურუსიძის განჩინება?

გოგი ენუქიძე: სადროს მკვლელებს სასჯელი შეუმცირა იმიტომ, რომ დაავალეს. თქვენ როგორ ფიქრობთ, თვითონ ხომ არ აუჩუყდებოდა გული ამ ადამიანს?! ფაქტობრივად, ეს ადამიანი იყო სააკაშვილის ტერორისტული მანქანის ერთ–ერთი დამხმარე ძალა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ასეთ გარიგებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მკვლელებისთვის სასჯელის შემცირებაზე დადგენილებას ნორმალური ადამიანი არ მიიღებდა.

ანუ, გიორგი ჩემიას მსგავსად, მურუსიძემაც ხელისუფლების დაკვეთა შეასრულა?

– რასაკვირველია, მურუსიძემაც შეასრულა დაკვეთა და ეს ფაქტია. ადამიანმა კარგად უნდა იცოდეს რას აწერს ხელს. შეიძლება თვითონ არ ეთანხმებოდა, მაგრამ უთხრეს, რომ ასე უნდა გაეკეთებინა და გააკეთა კიდეც. როდესაც ადამიანი ასეთ ქმედებებს სჩადის, არ შეიძლება ისევ იყოს თანამდებობაზე და მით უმეტეს ხდებოდეს მისი დაწინაურება. იცით, რომ ამ განჩინებაზე ძალიან მწავე იყო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც თქვა, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეში არა მარტო აღმასრულებელი ხელისუფლება იყო ჩართული, არამედ ჩართული იყო სასამართლო ხელისუფლებაც.

ეს განაჩენი უნდა გახდეს ამ მოსამართლეების კარიერის დასასრული?

– არა მატრო კარიერის დასასრული უნდა იყოს, არამედ მათ პასუხი უნდა მოეთხოვოთ იმაზე, რაც ჩაიდინეს. ამ საქმეში ისეთი რამ გააკეთეს მოსამართლეებმა, რომ მათ წინააღმდეგ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. თქვენ გახსოვთ რა ხდებოდა სანდოს პროცესზე, რა განუკითხაობა იყო მაშინ. ალბათ, გახსოვთ ისიც, ეს ყაჩაღები თავიანთი ბრიგადებით რომ მოდიოდნენ, როგორ იგინებოდნენ და მოსამართლე ამ ყველაფერზე გაჩუმებული იყო. თქვენ როგორ ფიქრობთ, ასეთი მოსამართლე არ არის პასუხისგებაში მისაცემი?

თუმცა რეალობა აბსოლუტურად სხვა არის, არც ერთი ეს მოსამართლე არა თუ პასუხისგებაშია მიცემული, არამედ იგივე მურუსიძე არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და ახლა მოსამართლეობისთვის ემზადება...

– ეს პიროვნება კი არ უნდა დაწინაურდეს, არამედ პასუხი უნდა აგოს იმაზე, რაც გააკეთა. სასამართლო ხელისუფლებაში ასეთი ადამიანების დატოვება დანაშაულია. მურუსიძის განაჩენი დაფიქრების და განსჯის საგანი უნდა გახდეს. ძალიან მაღელვებს ეს საკითხი. ჩვენ რომ უკამყოფილების გრძნობა გვაქვს, ეს ყველასთვის ცხადია, რადგან სანდროს საქმეშე სამართლიანობა ნაწილობრივ განხორციელდა. თითქოს ყველაფერი გამოძიებულია, უბრალოდ, არ არიან დასჯილები ის პირები, რომლებიც დასასჯელები არიან. ზოგიერთებს ბრალს ვერ უმტკიცებენ. ამიტომ, შეუძლებელია კმაყოფილი ვიყოთ იმ შედეგით, რა შედეგიც გამოიღო ამ გამოძიების პროცესმა.

რატომ ვერ უმტკიცებენ ბრალს, მით უეტეს, რომ საქმეში ოლეგ მელნიკოვის აღიარებითი ჩვენებაა?

– როგორც ჩანს, არ აქვთ საკმარისი მტკიცებულება, რომ ბრალი წაუყენონ იგივე თაკო სალაყაიას, გურამ დონაძეს და სხვებს. ადამიანმა ყველაფერი აღიარა და მისი ჩვენების საფუძველზე ვერავინ დაიჭირეს. რა აზრი ჰქონდა მაშინ მელნიკოვის ციხიდან გამოშვებას, თუ იმ შედეგს ვერ მიაღწევდნენ, რა შედეგისთვის ალაპარაკეს მელნიკოვი? ველოდით, რომ მელნიკოვის აღიარების შემდეგ ის პირები დაისჯებოდნენ, ვისზეც მელნიკოვმა ილაპარაკა, მაგრამ ასე არ მოხდა. არ მოხდა იმიტომ, რომ ნაწილი გაქცეულია საქართველოდან, მაგრამ ისინი ვინც საქართველოში არიან, დღემდე არ დაუკავებიათ.