დიპლომატების დღევანდელი მდგომარეობა ვენის კონვენციას არ შეესაბამება
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, მაია ფანჯიკიძე ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებს და ურჩევს, გავლენიან საერთაშორისო ორგანიზაციებზე ფრთხილად ისაუბროს, რამეთუ ეს ქვეყნის საგარეო იმიჯზე უარყოფითად იმოქმედებს, თუმცა ყოფილი პირველი დიპლომატი ერთ ნიუანსს არ ითვალისწინებს და შესაძლოა, არც ახსოვს, რომ იმ დროს, როცა ქვეყნის საგარეო უწყებას ხელმძღვანელობდა, საქართველო სერიოზულ, საერთაშორისო სკანდალში გახვია. მაინც, რა ჩაიდინა მაია ფანჯიკიძემ? რა და, 2014 წლის აგვისტოში, საქართველოს 20 მეგობარი ქვეყნის საპატიო კონსულს, ყოველგვარი კონსულტაციისა და გაფრთხილების გარეშე, დიპლომატიური პრივილეგიები გაუუქმა, რაც ნიშნავს, რომ ამ „რეფორმის“ შედეგად, საპატიო კონსულები მათზე დაკისრებულ მოვალეობას სრულყოფილად ვეღარ ასრულებენ - ვერ ამყარებენ კომუნიკაციას სახელმწიფო სტრუქტურებთან, დიპკორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; ვერ სარგებლობენ დიპლომატიური ფოსტით, საჭიროების შემთხვევაში, თავიანთი ქვეყნის მოქალაქეებს ვერ ეხმარებიან, ვერ იღებენ და ვერ აწვდიან ინფორმაციას და ა.შ. რაც წარმგზავნი სახელმწიფოებისთვის სრულიად გაუგებარია. ამასთან, დაირღვა თანაფარდობის პრინციპიც, ანუ სხვა ქვეყნებში საქართველოს საპატიო კონსულები დიპლომატიური პრივილეგიით ისევ სარგებლობენ. საგულისხმოა, რომ ფანჯიკიძისგან „შერისხულთა სიაში“ - არც მეტი, არც ნაკლები - ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საპატიო კონსულებიც აღმოჩნდნენ. ასეთი რამ კი, როგორც „ვერსიას“ დიპლომატიაში გათვითცნობიერებულმა ადამიანებმა აუხსნეს, მსოფლიო დიპლომატიის ისტორიას არ ახსოვს!
მეტიც, თავის დროზე ანუ მაშინ, როცა ნაცმოძრაობამ „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლის ფორმატში ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა გაუუქმა, მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმაც კი არ თუ ვერ იკადრა ის, რაც იკადრა ფანჯიკიძემ. სახელდობრ, ბიძინა ივანიშვილი იმ დროს სან-მარინოს საპატიო კონსული გახლდათ. მოგეხსენებათ, ნაციონალები „ოცნებას“, უფრო კონკრეტულად, ივანიშვილს ხმალამოღებულნი ებრძოდნენ და, შესაბამისად, სააკაშვილის რეჟიმს შეეძლო, საქართველოს მოქალაქეობის გაუქმებასთან ერთად, ივანიშვილისთვის კიდევ ერთი დარტყმა მიეყენებინა და საპატიო კონსულებზე იერიში მიეტანა, მაგრამ ის, რაც არ ან ვერ გააკეთა სააკაშვილმა, გააკეთა ფანჯიკიძემ!
ერთი სიტყვით, ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, წელიწადზე მეტია, საქართველოში აკრედიტებული 20 ქვეყნის საპატიო კონსული უფლებაშეზღუდულია, რაც ნიშნავს, რომ ისინი დიპლომატური პრივილეგიით ვეღარ სარგებლობენ. შესაძლოა, ვინმემ თქვას, მერე რა მოხდა, თუ საპატიო კონსულები დიპლომატიური პრივილეგიებით ვეღარ სარგებლობენ, ამის გამო მაია ფანჯიკიძე „ანათემას“ რატომ უნდა გადავცეთო. ცხადია, ეს ლეგიტიმური კითხვაა, რომელზე პასუხის გასაცემად, მინიმუმ, იმის ცოდნაა საჭირო, თუ რა მისია აქვთ და, საერთოდ, ვინ ინიშნებიან საპატიო კონსულებად.
დიპლომატიურ ლექსიკონში ასეა განმარტებული: „საპატიო კონსული არის პირი, რომელიც არ იმყოფება სახელმწიფო სამსახურში, მაგრამ წარმგზავნი სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, რომელიც შეთანხმებულია ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან, ასრულებს ცალკეულ საკონსულო ფუნქციებს. საპატიო კონსულად შეიძლება დაინიშნოს როგორც წარმგზავნი, ასევე, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქე.“ ხოლო საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა შესახებ საქართველოს კანონის 96-ე მუხლში ნათქვამია, რომ „საქართველოს საპატიო კონსულად შეიძლება დაინიშნოს პირი თუ მას: ა) აქვს გარკვეული საზოგადოებრივი მდგომარეობა და საჭირო პირადი თვისებები იმისთვის, რომ შეასრულოს მასზე დაკისრებული საკონსულო ფუნქციები; ბ) თავისი საქმიანობით დამსახურება მიუძღვის საქართველოს წინაშე; გ) ეს გამომდინარეობს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან“.
1963 წელს მიღებული ვენის კონვენციის მე-58 და 67-ე მუხლები, მცირე გამონაკლისების გარდა, საპატიო კონსულებს იმავე პრივილეგიებსა და იმუნიტეტს ანიჭებს, რაც სახელმწიფო სამსახურში მყოფ კონსულებს აქვთ. დიპლომატიურ ლექსიკონს რომ თავი დავანებოთ და მარტივად ვთქვათ, ამა თუ იმ ქვეყნის საპატიო კონსულად, როგორც წესი, ქვეყნის რეზიდენტი ბიზნესმენები ინიშნებიან და მათი ძირითადი მისია სწორედ ბიზნესის კუთხით მუშაობაა, ანუ ისინი არეგულირებენ ორ ქვეყანას შორის ბიზნესურთიერთობას, ხელს უწყობენ ინვესტიციების მოზიდვას, ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას და ასე შემდეგ.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ ენიჭებათ საპატიო კონსულის თანამდებობაზე უპირატესობა მაინცდამაინც ბიზნესმენებს, პასუხი აქაც მარტივია: საპატიო კონსულებს არავინ აფინანსებთ, ისინი საქმიანობას საკუთარი ხარჯებით ეწევიან, ესე იგი, დიპლომატურ საქმიანობას პირადი სახსრებით ახორციელებენ. სანაცვლოდ კი, ისეთი დიპლომატიური პრივილეგიებით სარგებლობენ, როგორიც, მაგალითად, დიპლომატიური იმუნიტეტია. ყველაფერი ეს მსოფლიოში აპრობირებული დიპლომატიური ხერხია. მეტიც, საპატიო კონსულები, 1963 წლის 24 აპრილის ვენის კონვენციით, რომელსაც საქართველო 1993 წელს მიუერთდა, კარიერულ დიპლომატებთან არიან გათანაბრებულები.
რა გახდა მაია ფანჯიკიძის ზემოხსენებული გადაწყვეტილების მიზეზი? _ ამის გარკვევას თავის დროზე საპატიო კონსულები შეეცადნენ, თუმცა მათთან კომუნიკაცია, ფანჯიკიძეს ვინ ჩივის, მისმა ერთმა მოადგილემაც არ ინება. მას შემდეგ, რაც ფანჯიკიძემ პოსტი დატოვა და საგარეო საქმეთა მინისტრი „ემოციურ გაუგებრობაში“ აღმოჩენილი თამარ ბერუჩაშვილი გახდა, საპატიო კონსულებს იმედი მიეცათ, რომ ახალი მინისტრი მაინც მოუსმენდა, მაგრამ 20 ქვეყნის უფლებაშელახული საპატიო კონსულის, როგორც იტყვიან, არსებობა არც ბერუჩაშვილმა შეიმჩნია. არადა, ამ უკანასკნელს, ფანჯიკიძის მსგავსად, დიპლომატიაში მოღვაწეობის დიდი სტაჟი ჰქონდა და წესით, უნდა სცოდნოდა, რა უხერხულობას უქმნის ქვეყანას ზემოხსენებული დიპლომატიური სკანდალი, მით უმეტეს, რომ ქვეყნებში, რომელთა საპატიო კონსულებსაც ქართულმა მხარემ უფლებები შეუზღუდა, საქართველოს საპატიო კონსულები ყველა დიპლომატიური პრივილეგიით სარგებლობენ, რაც თავისთავად, კიდევ ერთი დიპლომატიური უხერხულობაა.
მაია ფანჯიკიძე, თამარ ბერუჩაშვილის მსგავსად, ქართული დიპლომატიისთვის უკვე ისტორიის კუთვნილებაა. შესაბამისად, ქვეყნის საგარეო უწყების სათავეში გიორგი კვირიკაშვილი მოვიდა თუ არა, საპატიო კონსულებს მიეცათ იმედი, რომ ე.წ. ფანჯიკიძის რეფორმა, რომელმაც საქართველოს საერთაშორისო დიპლომატიური უხერხულობა შეუქმნა, ანულირებული იქნებოდა. ამ იმედს ისიც ამყარებდა, რომ თავის დროზე საპატიო კონსულების, როგორც იტყვიან, გულისტკივილი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა გაითავისა. ყოველ შემთხვევაში, დიპლომატებს საკითხის არსში გარკვევა აღუთქვა და წერილით საგარეო უწყებას მიმართა, საიდანაც გაურკვეველი პასუხი მოვიდა ანუ საგარეო საქმეთა მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ, ქალბატონმა თოთლაძემ კომიტეტს გაურკვევლად აუხსნა, რა გახდა საპატიო კონსულებისთვის დიპლომატიური პრივილეგიების სეკვესტრის მიზეზი.
იმის გასარკვევად, „ფანჯიკიძის სკანდალი“ გამოსწორდა თუ არა, „ვერსია“ ზვიად კვაჭანტირაძეს სოციალური ქსელით დაუკავშირდა, თუმცა მისი თქმით, ახალი არაფერია.
„მაგ მიმართულებაში უწესრიგობა ნამდვილად იყო და აუცილებლად უნდა დალაგებულიყო. მაია ფანჯიკიძე ამ საკითხს ძალიან რადიკალურად მიუდგა და საპატიო კონსულებს პრივილეგიები მაქსიმალურად შეუკვეცა, თუმცა ეს მინისტრის პოლიტიკური ნების თემა იყო, ასე ჩათვალა საჭიროდ და მისი მხრიდან უკანონობა ნამდვილად არ მომხდარა. ისე, ჩემი აზრით, არც ასე ვარგა, რაც დღეს მივიღეთ - საპატიო კონსულების დღევანდელი რეალური მდგომარეობა საერთოდ აღარ შეესაბამება ვენის კონვენციის მოთხოვნებს. ეს პრობლემა თავის დროზე საგარეო კომიტეტშიც განვიხილეთ და ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ, საჭიროდ ჩავთვალეთ, საგარეო საქმეთა ახალი მინისტრისთვის, თამარ ბერუჩაშვილისთვის მიგვემართა, რათა ხელმეორედ განეხილა საპატიო კონსულების სტატუსი. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, სამინისტრომ, ფაქტობრივად, იგივე გვიპასუხა, რომ არანაირი გადახედვა არ იგეგმებაო. აქედან გამომდინარე, ჩავთვალეთ, რომ ეს საკითხი ფორმატში განხილვას მოითხოვს და ამ განხილვას უახლოეს მომავალში აუცილებლად გავუწევთ ორგანიზებას. საკითხის ასე დატოვება, ჩვენი აზრით, არ შეიძლება“, _ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, საქართველო- ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძემ.
ამ ეტაპზე, საპატიო კონსულებს საგარეო საქმეთა მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის იმედი აქვთ და პირად საუბარში აღნიშნავენ, რომ ქვეყნის მოქმედ პირველ დიპლომატთან, მინიმუმ, კომუნიკაცია არ გაუჭირდებათ, რადგან ცნობილია, რომ გიორგი კვირიკაშვილი ყველას უსმენს, ვინც მასთან შეხვედრას ითხოვს. აქედან გამომდინარე, ბატონი მინისტრი საპატიო კონსულებს, როგორც ეს უკანასკნელნი ვარაუდობენ, მინიმუმ, მოუსმენს.
ახლა, რაც შეეხება იმ მიზეზს, რის გამოც ფანჯიკიძემ საპატიო კონსულებს უფლებები შეუკვეცა. მართალია, ამის მიზეზი ყოფილ მინისტრს არც მაშინ განუმარტავს და არც მერე, მაგრამ გავრცელებულია ვერსია, რომლის თანახმადაც, ყოფილმა მინისტრმა საპატიო კონსულების კოჰორტაზე „შური“ თითქოს ერთერთი საპატიო კონსულის გამო იძია, რომელსაც რაღაც სთხოვა, თხოვნაზე უარი მიიღო და სწორედ ამიტომ დასაჯა.
აღსანიშნავია, რომ საპატიო კონსულებს ამ ვერსიის არ სჯერათ, თუმცა პრესასთან საუბრისას, სან-მარინოს საპატიო კონსულმა და, ამავდროუდლად, კონსულების ასოციაციების პრეზიდენტმა ელენე ლეჟავამ მომხდარს დრაკონული უწოდა და განაცხადა: „არ მინდა ვიფიქრო, რომ ყველაფერი ეს ვიღაცასთან პირად უთანხმოებას უკავშირდება. ასეთი დრაკონული მიდგომის მიუხედავად, საპატიო კონსულებმა ეს ვითარება ჩვენს წარმომგზავნ ქვეყნებში იმდენად კიდევ არ გავამწვავეთ, რამდენადაც ფანჯიკიძე იმსახურებდა. ანგარიში გავუწიეთ საქართველოს დიპლომატიურ იმიჯს და მოცდა ვამჯობინეთ. საბედნიეროდ, პერსონალიები სამინისტროში შეცვლილია და დიდი იმედი მაქვს, საპატიო კონსულების მორიგი მიმართვის შემდეგ მაინც, ახალი მინისტრი, რომელიც გამოცდილი დიპლომატია, ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს საპატიო კონსულებთან დაკავშირებით“.
როგორ დამთავრდება ე.წ. საპატიო კონსულების სკანდალი, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა იმ დროს, როცა საქართველოს ვარშავის სამიტი და მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიება ელის, მსგავსი „გაუგებრობები“, ალბათ, დროულად უნდა აღმოიფხვრას.