პარიზში განხორციელებული ტერაქტების შემდეგ, მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშე დადგა. 13 ნოემბრის პარიზის „სისხლიანი ღამის“ შემდეგ, ცხადი გახდა, რომ ეს ტრაგედია შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანასა და ქალაქში განვითარდეს და როგორც ტერორისტები იმუქრებიან, პერმანენტული და მასშტაბური სახე მიიღოს.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ „ისლამურმა ხალიფატმა“ „ჯიჰადი“ დიდი ხანია გამოუცხადა დასავლეთს და რუსეთს, ხოლო ტერორისტულ აქტებს მიეცემა თუ არა პერმანენტული ხასიათი, ეს დამოკიდებულია მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სპეცსამსახურების მუშაობაზე.
„ისლამური სახელმწიფო“ ახალი ტერორისტული აქტებით ემუქრება ევროპას და ამერიკას, ჩვენს საზოგადოებაშიც შიშობენ, რომ შესაძლებელია, საქართველოც მოხვდეს ამ სიაში, მით უმეტეს, „ისლამური რესპუბლიკის“ რიგებში საქართველოდან წასული მოქალაქეებიც იბრძვიან. თუმცა, მამუკა არეშიძის აზრით, ლოგიკა იმის, რომ საქართველოშიც დაიწყოს ტერორისტული აქტები, არ არსებობს. რაც შეეხება სირიაში წასულ საქართველოს მოქალაქეებს, ექსპერტი თვლის, რომ ეს ის ხალხი არ არის, ვისაც შეუძლია მოახდინოს ამის ორგანიზება.
„ეს არის „მუქარა მუქარისთვის“. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყურთბალიშზე გვეძინოს და არაფერი მოვიმოქმედოთ. ტერაქტების გარდა, არის სხვა ტიპის საფრთხეები, რომელიც საქართველოში უკვე არსებობს - იდეოლოგიური მუშაობა პოლიტიკური ისლამის მიმდევრებისა, რომელიც თავის ბაზებს აძლიერებენ ქვეყანაში და მომხრეთა რაოდენობას ზრდიან. როდესაც ეს ყველაფერი გარკვეულ ზღვარს მიაღწევს, მერე რას მოიმოქმედებენ, არ ვიცი. მერე უკვე ძალიან სახიფათო პროცესები დაიწყება ქვეყანაში.საჭიროა სახელმწიფომ ამ ყველაფრის ლიკვიდაცია მოახდინოს. ლიკვიდაციაში ამ შემთხვევაში ხალხის დაღუპვას არ ვგულისხმობ, ვგულისხმობ ამ ხალხთან მუშაობას“, - აცხადებს მამუკა არეშიძე For.ge-სთან საუბრისას.
ექპერტის აზრით, სახელმწიფომ პოლიტიკური ნება უნდა გამოავლინოს და უნდა შეეწყოს ხელი ტრადიციული ისლამის განვითარებას, რადგან ფუნდამენტალისტებისთვის პირველი მტერი, სწორედ ტრადიციული ისლამია.
„საფრთხეები მრავალკომპონენტიაანია. არის საიტები, რომლებიც ფუნდამენტლიზმის ქადაგებას ეწევიან და ახალგაზრდობაზე მოქმედებენ, ეს პატარა მაგალითია. სახელმწიფომ უნდა მისცეს საშუალება ახალგაზრდებს, ისწავლონ უმაღლეს სასწავლებლებში, შემდეგ კი მოხდეს ადგილობრივად მათი დასაქმება, რათა არ მოხდეს მათი გადინება ისლამურ სახლმწიფოებში.
სახელმწიფომ პოლიტიკური ნება უნდა გამოავლინოს და ეს საკითხები კომპლექსურად უნდა გადაწყვიტოს - უნდა მოხდეს ენის, რელიგიის, რეგიონის მცოდნეების მობილიზება, ამის რესურსები ქვეყანაში არსებობს და ერთობლივად უნდა მოხდეს ამ პრობლემის გადაჭრა. იმისთვის, რომ მოხდეს რადიკალური ისლამის გავლენის შემცირება, სახელმწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს ტრადიციული ისლამის ხელშეწყობა“, - აცხადებს არეშიძე.
რაც შეეხება შეკითხვას, რატომ არ იღებენ არაბული ქვეყნები დევნილებს მაშინ, როდესაც ასიათასობით ისლამის მიმდევარი ევროპაში თხოულობს თავშესაფარს, ექსპერტი აღნიშნავს, რომ ეს მოსაზრება სიმართლეს არ შეეფერება - მაგალითად, საუდის არაბეთში გაშლილია უზარმაზარი ბანაკი დევნილებისთვის, მაგრამ თვითონ დევნილების სურვილია ევროპაში მოხვედრა.
„აქ ორი მიზეზის თანხვედრაა - პირველი, დევნილები არ მიდიან არაბულ ქვეყნებში იმიტომ, რომ იქ სტაბილურობა და ეკონომიკური სიძლიერე არ არის და ევროპაში ურჩევნიათ მოხვედრა და მეორე, ხდება პოლიტიკურად დაინტერესებული გარკვეული ჯგუფების მიერ მათი ორგანიზებულად ევროპაში გაყვანა, თუმცა ამ ორგანიზებულ ჯგუფებში, რა თქმა უნდა, მარტო „ისლამური სახელმწიფო“ არ მოიაზრება, ეს კი ამ ჯგუფების პოლიტიკურ მოსაზრებებზე მეტყველებს“, - აცხადებ ექსპერტი.