ევროკავშირი საფრანგეთს სამხედრო დახმარებას გაუწევს

ევროკავშირი საფრანგეთს სამხედრო დახმარებას გაუწევს

პარიზის ტერაქტების ფონზე, ევროკავშირი სამეზობლო პოლიტიკის მონაწილე ქვეყნებს პარტნიორობის გაძლიერებას სთავაზობს. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ტერორისტული თავდასხმების ფონზე პარიზში, ლიბანში, ეგვიპტეში, თურქეთსა და ერაყში, სახეზეა სამეზობლოში უფრო ეფექტური და ძლიერი პარტნიორობების გადაუდებელი აუცილებლობა.

განახლებული სამეზობლო პოლიტიკა ითვალისწინებს ევროკავშირის პარტნიორების ჩართვას უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის გაფართოებაში. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ მისი მთავარი გამოწვევა დღეს არის სტაბილურობა თავის სამეზობლოში, ვინადან კონფლიქტები, ტერორიზმი და რადიკალიზმი ყველას ემუქრება. ასევე დაუცველობის წყაროა სიღარიბე, კორუფცია და სუსტი მმართველობა. აქედან გამომდინარე, ვროკავშირი თავის პარტნიორებთან ურთიერთობაზე ფოკუსირებას განაახლებს, ეს განსაკუთრებით ეხება ეკონომიკის განვითარებას, ახალგაზრდობის დასაქმებას და მათთვის შესაძლებლობების შექმნას და სხვა. ევროპის ახალი სამეზობლო პოლიტიკა ფოკუსირებული იქნება პარტნიორ ქვეყნებთან მუშაობის გაძლიერებაზე უსაფრთხოების სექტორში, განსაკუთრებით კონფლიქტის პრევენციის კუთხით.

პარიზში განხორციელებული სისხლიანი ტერაქტების შემდეგ ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა მხარი დაუჭირეს საფრანგეთისთვის სამხედრო დახმარების გაწევას. შესაბამისად, ევროკავშირმა უკვე აამოქმედა ევროკავშირის შესახებ შეთანხმების 42.7 მუხლი.

42.7 მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ წევრი სახელმწიფო საკუთარ ტერიტორიაზე შეიარაღებული აგრესიის მსხვერპლი გახდა, სხვა წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, გაეროს წესდების 51-ე სტატიის შესაბამისად, დახმარება და მხარდაჭერა გაუწიონ ყველა შესაძლო საშუალებით.

ეროკავშირმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს ოფიციალურად მიმართა ევროკავშირის შესახებ შეთანხმების 42.7 სტატიის ამოქმედების მოთხოვნით.

პარიზში განხორციელებულ სისხლიან ტერაქტებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ტერაქტების შემდეგ საფრანგეთში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს. ქვეყნის მასშტაბით სულ მცირე 115 000 სამართალდამცველი და სამხედროა მობილიზებული. ფრანგულ სპეცსამსახურებს კონტროლზე აყვანილი ჰყავთ 10 500 რადიკალი, ყველა მათგანი სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საშიშ პიროვნებადაა მიჩნეული.

აშშ-ს პირველი პირის განცხადებით, წამყვანი ქვეყნები ერთიან პოზიციაზე არიან, რომ „ისლამური სახელმწიფო“ უნდა განადგურდეს. ბარაქ ობამას განცხდებით, სირიის საკითხზე მოლაპარაკებების დროს გარკვეული პროგრესი მიღწეულია, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს უთანხმოება პრეზიდენტ ბაშარ ასადის მომავალ ბედთან დაკავშირებით.

„საერთაშორისო კოალიციამ „ილსამური სახელმწიფოს“ ობიექტებზე 8 ათასი დარტყმა განახორციელა. ჩვენ ვაგრძელებთ ამ დაჯგუფების შევიწროებას. ერაყში ჩვენ უკვე გავათავისუფლეთ სინჯარის რეგიონი. ამჟამად „ისლამური სახელმწიფო“ სირიის სულ უფრო ნაკლებ ტერიტორიას აკონტროლებს“, - განაცხადა ბარაქ ობამამ.

პარიზის ტერაქტების მიუხედავად, საფრანგეთი სირიაში სამხედრო ოპერაციას აგრძელებს. ფრანგული ავიაგამანდგურებელები ორი დღეა „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებს ბომბავენ. დაიბომბა სირიის ქალაქი რაქა. ასევე დაიბომბა „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები, განადგურებულია სამეთაურო პუნქტი და ისლამისტების საწვრთნელი ბანაკი. ფრანგულმა ავიაციამ ტერორისტების პოზიციები რაყაში ორშაბათსაც გაანადგურა.

ოპერაციაში ცხრა მოიერიშე თვითმფრინავი მონაწილეობდა და საფრანგეთის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმებიდან ეს ყველაზე მასშტაბური იყო. წერტილოვანი დარტყმები ისლამისტთა სამეთაურო პუნქტზე, საწვრთნელ ბაზასა და იარაღის საწყობებზე განხორციელდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თვითმფრინავებმა 20 ჭურვი ჩამოაგდეს, რის შედეგადაც ყველა სამიზნე დაინგრა.

სირიის ქალაქ რაქაზე, რომელსაც „ისლამური სახელმწიფო“ დედაქალაქად მიიჩნევდა, სარაკეტო იერიში განახორციელა რუსეთმაც. ფრანგული გაზეთი „Le Monde“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის ფედერაციის სარაკეტო იერიში, დროში ფრანგული ბომბდამშენების ავიაიერიშს დაემთხვა.

როგორც ცნობილია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მოთხოვნით, რუსული ავიაციის იერიშები სირიაში უნდა გაძლიერდეს და აღნიშნულ სამუშაოებს პრეზიდენტი პირად კონტროლზე აიყვანს. ეს განცხადება ვლადიმერ პუტინმა მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ეგვიპტეში, სინაის ნახევრაკუნძულზე რუსული ავიაკომპანია „კოგალიმავიას“ კუთვნილი ავიალაინერ А321-ის კატასტროფას, ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა. პუტინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და გენერალურ შტაბს მიმართა, სირიაში სამხედრო ოპერაციის გააქტიურების საკითხზე შესაბამისი წინადადებები წარადგინონ.

„სირიაში ჩვენი ავიაციის საბრძოლო მუშაობა არა მხოლოდ უნდა გაგრძელდეს, არამედ ისე უნდა გააქტიურდეს, რათა დამნაშავეები მიხვდნენ, რომ შურისძიება გარდაუვალია“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.