ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“ მთელ მსოფლიოს ღიად ემუქრება და ევროპის შემდეგ ამერიკაში აანონსებს ტერაქტებს. როგორც სააგენტო „როიტერი“ იტყობინება, ისლამისტებმა ახალი ვიდეორგოლი გაავრცელეს, სადაც აცხადებენ, რომ სირიის დაბომბვაში მონაწილე ყველა ქვეყანა „საფრანგეთის ბედს გაიზიარებს“. ვიდეორგოლის თანახმად, რომლის ავთენტურობა დგინდება, ვაშინგტონში ტერაქტების მოწყობა იგეგმება.
იქამდე, ვიდრე პარიზს დაარტყამდა, დაჯგუფების მედია ქვედანაყოფმა Al Hayat Media Center-მა ვიდეო მიმართვა რუსულ ენაზე გამოაქვეყნა, ინგლისურენოვანი ტიტრებით. მკვლელობის კადრების შემცველ ვიდეორგოლში აღნიშნული იყო, რომ „მალე, ძალიან მალე დაიღვრება ზღვა სისხლი“. ტექსტის ზოგიერთი ნაწილი აშკარად იყო მიმართული არა მხოლოდ რუსეთის, არამედ მთლიანად ევროპის მოსახლეობისადმი. ვიდეორგოლში ასევე იყო მუქარა კრემლის აღებისა და კავკასიის დაბრუნების შესახებ.
მოგეხსენებათ, სირიისა და ერაყის შემდეგ „ისლამურმა სახელმწიფომ“ გააქტიურება ჩრდილოეთ კავკასიაში დაიწყო. გასულ ზაფხულს ერთ-ერთი სირიული ქალაქის დაკავებისას განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში თავისი ვილაიეთი შექმნა, რომელიც დაღესტანს, ჩეჩნეთს, ინგუშეთს, ყაბარდო-ბალყარეთსა და ყარაჩაის აერთიანებს.
სამხედრო ექსპერტების ინფორმაციით, „ისლამურმა ხალიფატმა“ კავკასიაში კიდევ ერთი ვილაიეთი - გურჯისტანი (საქართველო) დააარსა. მათი ვარაუდით, გურჯისტანის ვილაიეთის მთავარი მიზანი ჩრდილო კავკასიასთან სატრანზიტო კომუნიკაციის უზრუნველყოფა იქნება და ამისათვის ელექტრონული ქსელი უკვე შექმნილია.
რამდენად ზრდის აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება პოტენციურ საფრთხეებს, ექსპერტების შეფასებით, ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია, თუმცა საქართველოს მაქსიმალური სიფრთხილე მაინც მართებს.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ თუკი ისლამურმა სახელმწიფომ საქართველოში გააქტიურება გადაწყვიტა, სამიზნე ტერიტორიები შეიძლება გახდეს მუსლიმანური მოსახლეობით დასახლებული რეგიონები, როგორიცაა პანკისის ხეობა, აჭარა და ა.შ.
ექსპერტი, ვახტანგ მაისაია თვლის, რომ საფრთხე შეიძლება იყოს სატრანზიტო-კომუნიკაციური მიმართულების კონტექსტში.
„შესაძლოა, ამ ეტაპზე ტერაქტებზე არ იყოს ლაპარაკი, რადგან „ისლამური ხალიფატი“ სამხრეთ კავკასიაში არ აქტიურობს, მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ გასულ კვირას რუსეთის მიერ განადგურებული იქნა ყარაჩაი-ჩერქეზეთში „ისლამური ხალიფატის“ ქსელი, ხოლო მისი ლიდერი სულეიმანი იქნა ლიკვიდირებული რუსეთის ფედერაციის მიერ“, - აღნიშნავს მაისაია.
მისივე შეფასებით, რამდენად გააქტიურდება ისლამური ხალიფატი სამხრეთ კავკასიაში, ალბათ დროის საკითხია.
„ისიც საინტერესოა, როგორ და რა ფორმით ამოქმედდებიან. ისლამური ხალიფატისგან ყველაფერი მოსალოდნელია, მაგრამ როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში საქართველოს განიხილავენ როგორც სატრანზიტო პოტენციალს, რადგან მათი მიზანია ძალების გადასროლა რუსეთისაკენ - ანუ სირიიდან ჩრდილო კავკასიისკენ“,- მიიჩნევს მაისაია.
როგორც ექსპერტი, გიორგი მჭედლიშვილი მიიჩნევს, თავისთავად ის ფაქტი, რომ საქართველო არის გზაჯვარედინზე ისლამური ხალიფატსა და რუსეთს შორის, პოტენციურ რისკებს ზრდის, მითუმეტეს, როდესაც ჩრდილოეთ კავკასიაში ისლამური ხალიფატის მოქმედი კერები არსებობს.
ვახტანგ მაისაიას ინფორმაციით, რა და როგორ იქნება „გურჯისტანის ვილაიეთის“ შემთხვევაში გაურკვეველია, თუმცა მისი შექმნის შესახებ განცხადება, რომელიც თავის დროზე ისლამური ხალიფატის პრესსამსახურმა გააკეთა, ყურადსაღებია.
ერთია, ისლამური ხალიფატისგან მოსალოდნელი საფრთხეები, ხოლო მეორე - საფრთხე, რომელიც მოსალოდნელია რუსეთისგან, იმ შემთხვევაში, თუ ის საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლას საქართველოს ტერიტორიაზე გადაწყვეტს.
„რუსეთმა უკვე დაიწყო „ისლამური ხალიფატის“ წინააღმდეგ ბრძოლა და ნალჩიკში ჩატარებული სპეცოპერაცია ამის დასტურია. შეიძლება საქართველოდან არავითარი საფრთხე არ მოდიოდეს, მაგრამ არ არის გამორიცხული, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზეც მოინდომოს მსგავსი ოპერაციის ჩატარება. გავიხსენოთ 2002 წლის პანკისის მაგალითი, როდესაც რუსეთმა ტერორიზმთან ბრძოლა გამოიყენა მიზეზად და საჰაერო დარტყმა განახორციელა ჩვენს ტერიტორიაზე. რუსეთისგან ყველაფერია მოსალოდნელი“, - მიიჩნევს ვახტანგ მაისაია.
გიორგი მჭედლიშვილის შეფასებით, საქართველომ ასეთი საბაბი არ უნდა მისცეს რუსეთს.
„თუ გავითვალისწინებთ რუსეთის სტრატეგიას - ყველანაირად დაასუსტოს საქართველო, თუკი ასეთი ბერკეტი მიეცემა, დიდი ალბათობით შეეცდება, გამოიყენოს, მაგრამ ჩვენზეა დამოკიდებული, რომ არ მივცეთ ეს საშუალება. სახელმწიფომ უნდა გაააქტიუროს თავისი უსაფრთხოების მექანიზმები, საზღვრების დაცვა და ა.შ“,- აცხადებს მჭედლიშვილი.
ბუნებრივია, საქართველოს არ გააჩნია პოტენციალი, აღნიშნული მასშტაბის საფრთხეებს დამოუკიდებლად გაუმკლავდეს. როდესაც რუსეთისგან მოსალოდნელ საფრთხეებზეა საუბარი, საქართველოს უკვე გამოცდილი აქვს დასავლეთის თანადგომა ძირითადად, აღშფოთების გამომხატველი განცხადებების დონეზე, თუმცა ექსპერტები თვლიან, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ შემთხვევაში პარტნიორი ქვეყნებისგან რეალური დახმარების იმედი უნდა გვქონდეს.
„საქართველო არის ანტიხალიფატური კოალიციის წევრი, თუკი შეიმჩნევა რაიმე ტიპის გააქტიურება, ბუნებრივია, ხელისუფლებამ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები. არავის არ უნდა მივცეთ საშუალება, ჩვენი ტერიტორია საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე გამოიყენოს. ეს საერთო პრობლემაა. ამიტომ დასავლეთი ყველანაირად დაგვეხმარება თუკი საქართველოში „ისლამური სახელმწიფოს“ გააქტიურება შეიმჩნევა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა გაატაროს კონტრზომები, რათა საქმე არ მივიდეს გარკვეული ტიპის ქმედებებამდე“,- აცხადებს ვახტანგ მაისაია.
გიორგი მჭედლიშვილის შეფასებით, ერთია - გამოაცხადო „ვილაიეთის“ შექმნა, მაგრამ მეორე - რეალურად განახორციელო.
„რა მიზნებიც არ უნდა ჰქონდეს ისლამურ ხალიფატს საქართველოში, ვფიქრობ, შესაძლებელია მისი გამოვლენა და აღმოფხვრა საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით“,- აცხადებს მჭედლიშვილი.
როგორც ცნობილია, ხელიუფლებამ უკვე დაიწყო გარკვეული კონტრზომების მიღება. კერძოდ, დააკავეს რამდენიმე პირი, დაბლოკეს ისლამისტური საიტები, შეიზღუდა ჩვენი თანამემამულეების სირიაში წასვლა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ექპერტები თვლიან, რომ ხელისუფლებას შეუძლია, ბევრად ეფექტურად იმუშაოს იმ ინფორმაციის გათვალისწინებით, რომელიც სავარაუდოდ, მას აქვს.