პარიზის ტერაქტების შემდეგ, თითოეული ქვეყნის და მოქალაქეების უსაფრთხოება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. დღეს გავრცელდა პარიზის პრემიერ მინისტრის მანუელ ვალსის და ერაყის უშიშროების სამსახურის განცხადებები, რომლებიც ევროპულ ქვეყნებს მოსალოდნელი ტერორისტული აქტების შესახებ აფრთხილებენ.
რამდენიმე მუქარა მედია სივრცეში საქართველოს წინააღმდეგ უკვე გავრცელდა. ერთ-ერთი ეკუთვნის სამუფტოს ყოფილ იმამ მურმან პაიჭაძეს (აბუ ასია ალ-ჯურჯის), რომელიც როგორც ირკვევა უკვე „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება და საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს სირიაში წასვლისკენ მოუწოდებს.
„საქართველოს მომავალზე რომ არ ფიქრობდით და ყალბ ისტორიაზე ილუზიებს აგებდით, მაშ დაელოდეთ პასუხს მუსლიმებისაგან, რომელიც ძალზე მკაცრი იქნება. ეს პროცესი შეუქცევადია და ალაჰის ნებით მოვალთ საქართველოშიც და დამყარდება სამყაროს გამჩენისა და ბატონ-პატრონი უზენაესი ალაჰის კანონები“, - აცხადებს პაიჭაძე.
მეორე განცხადება ვინმე აბუ მარიამ ალ-ჯურჯის, ასევე ეთნიკურ ქართველს ეკუთვნის, რომელიც ასევე სახალიფოში გადასახლებისკენ მოუწოდებს ქართველებს და ჯიჰადით იმუქრება.
რამდენიმე თვის წინ კიდევ ერთმა ქართველმა 27 წლის თამაზ ჭაღლიძემ გაავრცელა ვიდეომიმართვა. ბათუმის მაცხოვრებელი, პროფესიით ეკონომისტი, სოციალურ ქსელებში აჰმედ ჯორჯია ჭაღლიძედ ცნობილი თამაზ ჭაღლიძე აცხადებს, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო იმიტომ, რომ მას და მის მოძმეებს საქართველოში რელიგიის გამო დევნიდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ, მასთან ერთად სირიაში კი, როგორც ის აცხადებს, 200-ზე მეტი ქართულად მოსაუბრე მუსლიმი იმყოფება.
გაზეთ „ალიას“ იანვრის ნომერში ჭაღლიძის და მისი ბათუმელი მეგობრის მიმოწერაც გამოქვეყნდა, სადაც ის ქრისტიანებს და სამღვდელოებას ემუქრება და აცხადებს, რომ საფრანგეთი მონაგონი (იგულისხმება 2015 წლის ივნისის ტერაქტი) იქნება, თუ აჭარა ისლამური ავტონომია არ გახდება.
„მერაბ, ვინც ისლამს და მუსლიმანებს შეგვებრძოლება, ჩემი ძმაც რომ იყოს, ვესვრი, ჩემი დახმარება თუ გინდა, აჭარის ავტონომია ისლამური უნდა გახდეს. საპატრიარქო წავიდეს, თორემ საფრანგეთი მონაგონი იქნება“, - წერს ჭაღლიძე მეგობარს.
რას უქადის „ისლამური რესპუბლიკა“ ევროპის ქვეყნებს, შესაძლებელია თუ არა ტერორისტულმა აქტებმა პერმანენტული სახე მიიღოს და რამდენად ემუქრება საფრთხე საქართველოს ამ ახალ მსოფლიო ქაოსში?
ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილის აზრით, ტერორისტული აქტებისგან დაზღვეული არავინ არის, მაგრამ პანიკის დათესვაც არ ღირს, დარტმის სამიზნეები კი ძირითადად, მსხვილი საერთაშორისო მოთამაშეები იქნებიან.
„თუმცა, ვიმეორებ, დაზღვეული არავინ არის. რაც შეეხება პერმანენტულ რეჟიმს, იმედი მაქვს, მსხვილი და დაზვერვის უახლესი საშუალებებით აღჭურვილი სახელმწიფოები შეძლებენ სრული წინააღმდეგობა შეუქმენან ამ მოვლენას. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, მსოფლიოს დიდი მოთამაშეები ფიქრობენ ამაზე. თუმცა, მუსლიმების ხელში არის საკმაოდ მძლავრი იარაღი - ფუნდამენტალიზმი, რომლის წინააღმდეგაც ბრძოლა ძალზედ რთულია, თვით თანამედროვე ტექნოლოგიის პრობებშიც კი“, - აცხადებს შათირიშვილი For.ge-სთან საუბარში.
რამდენად შესაძლებელია პანკისის ხეობა შეკავების გარანტი აღმოჩნდეს „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებისთვის? - შათირიშვილს მიაჩნია, რომ პანკისის მოსახლეობას ახსოვს ქართველი ხალხისგან გაწეული სიკეთე, თუმცა პროგნოზირება რთულია.
„საქართველოში საერთო განწყობა და მუსლიმების მიმართ დამოკიდებულება, მოგეხსენებათ, ტოლერანტულია. თუ არ მივიღებთ მხედველობაში ერთი-ორ მოვლენას, როდესაც შეეცადნენ კონფლიქტი გაეღვივებინათ ჩვენს შორის, კონფლიქტი პრაქტიკულად არ არსებობს. ამდენად, საბაბსაც ნაკლებად ვიძლევით, რომ ეს კონფლიქტი მოხდეს.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ პანკისის ხეობამ ძალზედ სერიოზული როლი შეასრულა ჩეჩნეთის ომის დროს და დარწმუნებული ვარ, პანკისის მოსახლეობას ახსოვს ის სიკეთე, რომელიც ქართველმა ხალხმა მათ გაუწია“,-განაცხადა ზაზა შათირიშვილმა.
„დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის“ პრეზიდენტის სოსო ცისკარიშვილის აზრით, სირიაში წასული ქართველი მოქალაქეების რაოდენობა რამდენიმე ათეულია, მაშინ როცა საფრანგეთიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან რამდენიმე ასეული მოქალაქე იბრძვის „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში.
„თუ საქართველოდან წასული ახალგაზრდების რაოდენობა იზრდება, ეს მხოლოდ ჩვენი, ქართული საზოგადოების ბრალია, რომლებიც შესაბამისად მომთხოვნი არ არის ხელისუფლების მიმართ, რომლის ქმედებების დროულად გატარების შემთხვევაშიც, ადგილი არ ექნებაოდა ასეთი სახის მიგრაციას, აქ ბუნებრივია, ძალადობრივ ქმედებებს არ ვგულისხმონ“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი For.ge-სთან საუბარში და აღნიშნავს, რომ ქართული საზოგადოებისგან მუსლიმ მოსახლეობას ყურადღება და სითბო აკლია და ჩვენ რომ უფრო ლმობიერნი და გონიერნი ვყოფილიყავით, არანაირი საფრთხე არ გვექნებოდა.
„საკუთარ პრობლემებში ჩაძირულმა ჩვენმა თანამოქალაქეებმა ვერ შევძელით გაგვეაზრებინა ის საფრთხეები, რომლის პროგნოზირება რთული არ იყო.
ნაცვლად იმის, რომ ავყვეთ რუსულ პროპაგანდას და ვისაუბროთ იმაზე, რომ პანკისის ხეობა საფრთხის შემცველია მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ იქ მაცხოვრებელი ქისტები არავისზე ნაკლები ქართველები არ არიან და ისინი გულგატეხილნი არიან იმ უყურადღებობის გამო, რომელსაც მათ მიმართ იჩენს სახელმწიფო“, - აცხადებს ექსპერტი.
ცისკარიშვილის აზრით, ქართული საზოგადოება მარტივად ცდილობს რუსული სტანდარტებით შეაფასოს იქ მიმდინარე პროცესები, შურისძიების მთავარი მოტივაცია კი, შეიძლება გახდეს ლაფანყურის ოპერაციის გამოუძიებელი საქმეც, რომლისგანაც თვით პანკისის მოსახლეობის დაცვაც საჭიროა.
„ჩვენი უყურადღებობა დღემდე მიუღებელია არა მარტო პანკისი მაცხოვრებლებისთვის, არამედ ისლამის მიმდევარი კავკასიელებისთვის, რომელთა ძალიან დიდი ნაწილი იბრძვის დღეს აღმოსავლეთის სხვადასხვა ქვეყნებში. დამოკიდებულება ჩვენს მიმართ ნეგატიურია და მუქარაც დღემდე არსებობს ლაფანყურის ოპერაციის გამოუძიებლობის და დამნაშავეთა დაუსჯელობის გამო. ეს შეიძლება იყოს ის მთავარი მოტივაცია შურისძიებისა, რომლისგანაც ჩვენ უნდა დავიცვათ პანკისი მოსახლეობა“,-აცხადებს ცისკარიშვილი.