რუსეთმა დასავლეთთან ვაჭრობა დაიწყო

რუსეთმა დასავლეთთან ვაჭრობა დაიწყო

უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გლობალური ტერორიზმის სტიმულირებას რუსეთი ახდენს. არსენი იაცენიუკის თქმით, იმ ქვეყნის უსაფრთხოების ხელყოფამ, რომელმაც ბირთვულ იარაღზე უარი თქვა, ყირიმის ანექსიამ და დონბასის ოკუპაციამ გლობალურ ტერორიზმს სტიმული მისცა. იაცენუკის განცხადებით, 2014 წელს უკრაინა რუსული იმპერიალიზმისა და ტერორის პირისპირ აღმოჩნდა და ქვეყანა ამ დრომდე ომის მდგომარეობაში იმყოფება.

საფრანგეთში განხორციელებული ტერორისტული აქტების კვალდაკვალ, უკრაინის აღმოსავლეთში ვითარების ესკალაცია ფიქსირდება.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინელი სამხედროები მზად არიან, საპასუხო სროლა დაიწყონ.

„ჩვენ ვხედავთ ვითარების ესკალაციას უკრაინის აღმოსავლეთში. ჩემი განკარგულებით, თუ ჩვენი სამხედროების, ჩვენი მეომრების, გმირების სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა, უფლება აქვთ საპასუხო ცეცხლი გახსნან“, - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

ბოლო პერიოდში უკრაინელმა სამხედროებმა „ბოევიკთა“ 4 სადაზვერო-დივერსიული ჯგუფი გაანადგურეს. უკრაინის შს მინისტრის განცხადებით, ლიკვიდირებულ მებრძოლებს რუსეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოუმენტები აღმოაჩნდათ.

არსებ ავაკოვის თქმით, მიღებულია გადაწყვეტილება, ყველა სამართალდამცავი სტრუქტურა მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდეს.

„გვაქვს ინფორმაცია კიევში, ხარკოვში, დნეპროპეტროვსკში, ლვოვსა და სხვა დიდ ქალაქებში მოსალოდნელი ტერორისტული აქტებისა და პროვოკაციების შესახებ ცეცხლსასროლი და საბრძოლო იარაღის გამოყენებით. მოვისმინე შსს-ს ოპერატიული სამსახურების მოხსენება, რომელშიც შესულია უშიშროების სამსახურის ინფორმაციაც.

ოპერატიული სამსახურების მონაცემებით, უახლოესი დღეების განმავლობაში მოგვიწევს გადავიტანოთ დესტრუქციული, ანტიუკრაინული ძალების მცდელობები, განახორციელონ ქვეყანაში დესტაბილიზაცია“, - აცხადებს უკრაინის შს მინისტრი.

თავის მხრივ თანამედროვეობის ერთ–ერთი ყველაზე აგრესიული იდეოლოგი სერგეი მარკოვი ამბობს, რომ დასავლეთმა და რუსეთმა უნდა დაივიწყონ უკრაინის თემა, უნდა შეიცვალოს მთავრობა და უნდა დაინიშნოს დროებითი გარდამავალი მთავრობა.

პოლიტოლოგი გიორგი მჭედლიშვილი ამბობს, რომ საფრანგეთში განხორციელებული ტერაქტების პარალელურად, რუსეთმა დასავლეთთან ვაჭრობა დაიწყო იმ იმედით, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე დასავლეთი რუსეთს დაუთმობს უკრაინას.

„რუსეთს აქვს ეს სურვილი. 2001-2002 წელს, როდესაც ამერიკა და რუსეთი დრობით პარტნიორები გახდნენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბროლაში, მაშინ ანალიტიკოსები აფრთხილებდნენ ამერიკის ადმინისტრაციას, რომ რუსეთთან პარტნიორობა არ იყო სწორი გადაწყვეტილება, რადგან რუსეთს თავისი ზრახვები აქვს.

მაშინ რუსეთის მიზანი იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში დამკვიდრება. ახლაც ამას ცდილობს და ამასვე ადასტურებს სერგეი მარკოვის განცხადება, რომ კიევში არ უნდა იყოს რუსეთისთვის არასასურველი მმართველობა. რუსეთთმა დასავლეთთან დაიწყო ვაჭრობა და მიანიშნა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მისი პარტნიორი, თუ დასავლეთი მას დაუთმობს პოსტსაბჭოტა სივრცეს და ამ შემთხვევაში ყველაზე პრობლემურ სახელმწიფოებს, როგორიც არის უკრაინა და საქართველო“, - ამბობს გიორგი მჭედლიშვილი.

ექსერტი საერთაშორისო საკითხებში სოსო ცინცაძე ამბობს, რომ ახლა რუსეთისთვის იდეალური დროა იმისათვის, რომ უკრაინის პრობლემა თავის სასარგებლოდ გადაწყვიტოს. ცინცაძე დარწმუნებულია, რომ დასავლეთი უკრაინას არ დათმობს.

„დათმობა გამორიცხულია, ეს არ მოხდება. უკრაინიას კი არა ყირიმს არ უთმობს რუსეთი. დამატებითი გამაღიზიანებელი ნაბიჯების გადადგმას და ახალ ავანტურას ძალიან ძვირად დაუჯენს დასავლეთი რუსეთს. მარკოვი ცნობილია თავისი განცხადებებით, რომელიც პირწავარდნილი რუსი შოვინისტია, რომელსაც სძულს რუსეთის ყველა მეზობელი.

მარკოვი ლაპარაკობს იმას, რაც პუტინის ყურისთვის სასიამოვნო იქნება. ისეთი არაფერი უთქვას, რომელიც კრემლის გეგმებს სცდება. ახლა რუსეთისთვის იდეალური დროა იმისათვის, რომ უკრაინის პრობლემა თავის სასარგებლოდ გადაწყვიტოს. ასეთი მომენტი შეიძლება რუსეთისათვის აღარ დადგეს.

ევროპა გახდა ტერორიზმის სამიზნე, თავის მხრივ ტერორიზმის საფრთხეა თვითონ რუსეთიც, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოს“ საწინააღმდეგოდ გაცილებით მეტს აკეთებს, ვიდრე საფრანგეთი, რომელიც ცდილობს სამიზნე არ გახდეს მშვიდობიანი მოსახლეობა, რაც რუსეთს არ ადარდებს. მისთვის მთავარია 1-2 ტერორისტი მოკლას და გინდაც ზედ წააკლას 30-50 მშვიდობიანი მოქალაქე“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.