რას მოიტანს თბილისის გაზრდილი ბიუჯეტი?

რას მოიტანს თბილისის გაზრდილი ბიუჯეტი?

დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტზე ცხარე დებატებია მოსალოდნელი. გაისად თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი 65 მილიონი ლარით იზრდება და 810 მლნ ლარს მიაღწევს. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ამხელა თანხის განმკარგავ ქალაქს წინსვლის არაფერი ეტყობა.

თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულ პროგრამებზე ისაუბრა. გაზრდილი თანხებიდან ნაწილი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას მოხმარდება და ამ მიზნით გათვალისწინებულია 19 მილიონი ლარი. ავარიულ სახლებისა და მშენებლობებისთვის გამოყოფილია 29 მილიონი ლარი, ჯანდაცვის ბიუჯეტი იზრდება 9 მილიონი ლარით, განათლების - 3 მილიონი ლარით.

თბილისში მომავალი წლისთვის დაგეგმილია მეტროსადგურის რეკონსტრუქცია, ასევე კუს ტბისა და მთაწმინდის საბაგიროების რეკონსტრუქცია, რისთვისაც 7 მილიონი ლარი არის განსაზღვრული, პუშკინის ქუჩაზე განსაზღვრულია ორმხრივი გზის მშენებლობა.

სამუშიას ინფორმაციით, ერთ-ერთ ორგანიზაცია აკეთებს დასკვნას, თუ როგორ უნდა განიტვირთოს საცობები გმირთა მოედანსა და 26 მაისის მოედანს შორის. ამ დასკვნის საფუძველზე შემდეგ გადაწყდება თუ რისი გაკეთება არის საჭირო - გვირაბის ახალი გზის მშენებლობის თუ სხვა კიდევ სატრანსპორტო გზის.

მომავალი წლის ბიუჯეტით ასევე დაგეგმილი არის ცხრა ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, მათ შორის, შვიდი მომავალ წელსვე დასრულდება. 118 000 ლარით იზრდება თბილისის საკრებულოს ისტორიული შენობის შენახვის ხარჯიც.

თბილისის საკრებულოს ოპოზიცია დედაქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს აკრიტიკებს. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - თბილისის“ თავმჯდომარის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, მერიის ადმინისტრაციული ხარჯები გაისად 9 მილიონი ლარით იზრდება. თანაც ბიუჯეტის პროექტი თბილისელების საჭიროებებს მთლიანად აცდენილია.

„გავეცანით ამ ფინანსურ დოკუმენტს, რომელიც მორგებულია კვლავ „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკების, მათი მეგობრებისა და ნათესავების კეთილდღეობაზე. მომავალ წელს თბილისის ის მთავრობა, რომელმაც აბსოლუტურ კოლაფსში შეიყვანა დედაქალაქი, დაგვიჯდება 9 მილიონი ლარით მეტი, მხოლოდ მათ ხელფასებზე დაიხარჯება დაახლოებით 7 მილიონი ლარით მეტი. ამ დროს სოციალური დაფინანსება მცირდება 2 მილიონი ლარით, ოპერაციული მკურნალობა და მედიკამენტებით დაფინანსება მცირდება 5 მილიონი ლარით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ხარბი მცირდება 8 მილიონი ლარით, მცირდება ავარიული შენობებისათვის, გამწვანებისათვის გამოყოფილი თანხები და ბევრი სხვა პრიორიტეტული მიმართულება“, - აღნიშნა ირაკლი აბესაძემ.

თბილისის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების შესახებ დასკვნა 2015 წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უფროსმა ანალიტიკოსმა მიხეილ კუკავამ მოამზადა. სანამ ახალი ბიუჯეტის პროექტი სრულად გამოქვეყნდება საკრებულოს საიტზე, მანამ მიხეილ კუკავას დეტალებზე საუბარი უჭირს, თუმცა დადებითად აფასებს ბიუჯეტის პროგრამულ ნაწილს:

„პროგრამული ბიუჯეტი, ძალიან მარტივად რომ ავხსნათ, არის შედეგებზე ორიენტირებული ბიუჯეტი. განსხვავებით ჩვეულებრივი ბიუჯეტისგან, ჩვენ ვაფინანსებთ არა საქალაქო სამსახურებს, არამედ ვაფინანსებთ კონკრეტულ პროგრამებს ჯანდაცვისა თუ განათლების სფეროში და ა.შ. პროგრამული ბიუჯეტი, მაგალითად, გვეტყვის, 2016 წელს ისნის რაიონში უფასო სასადილოებზე რამდენი იხარჯება, რამდენ ადამიანს კვებავენ და რა ჯდება თითო ადამიანის კვება - ამ განფასებებს ვხედავთ ასეთ პროგრამულ ბიუჯეტში.

რაც შეეხება უფრო კონკრეტულ შეფასებებს, თუ როგორია 2016 წლის ბიუჯეტი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ დოკუმენტს მისი გამოქვეყნებისთანავე შეისწავლის და შესაბამის დასკვნასაც მოამზადებს“, - აღნიშნა მიხეილ კუკავამ.

ბიუჯეტის პროექტზე დებატები საკრებულოში უკვე დაიწყო. 20 ნოემბრამდე განხილვა მოხდება საკრებულოს კომისიებში, 20 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით განხილვები გაიმართება საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში, შემდგომ დოკუმენტს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ხელს მოაწერს და უკან დაუბრუნდება მერიას. თუ საკრებულოს დეპუტატები დაიწუნებენ შემოსულ ბიუჯეტის პროექტს, იგი მერიას გადაეგზავნება და მერიამ საბოლოო ვარიანტი საკრებულოში 10 დეკემბრამდე უნდა გადააგზავნოს.