რადიკალიზმის საერთაშორისო ცენტრის მონაცემებით „ისლამაურ სახელმწიფოში“, მათ შორის სხვადასხვა ჯიჰადისტურ დაჯგუფებაში დაახლოებით 4500 ადამიანია გაერთიანებული. მებრძოლებს შორის ყველაზე მეტი სწორედ საფრანგეთის მოქალაქეა. კვლევის თანახმად „ისლამურ სახელმწიფოში“ საფრანგეთის 1800 მოქალაქეა; გერმანიის - 720; დიდი ბრიტანეთის - 700; ბელგიის - 400; ნიდერლანდებიდან - 250. ავსრტიიდან, დანიიდან, შვედეთიდან და ესპანეთიდან - 100 მოქალაქე.
„ისლამურ სახელმწიფოს“ მებრძოლების რიგებში არიან საქართველოს მოქალაქეებიც და მათი რაოდენობა 50-დან 100 მებრძოლამდეა. საქართველოს მოქალაქეები სირიაში თურქეთის გავლით ხვდებიან. სირიაში მებროლები ახალგაზრდები პანკისის ხეობიდან, ქვემო ქართლიდან, გურიიდან და აჭარის რეგიონიდან არიან.
პოლიტოლოგი გიორგი მჭედლიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ დაკომპლექტება არა მარტო საქართველოს მოქალაქეებით, არამედ მდიდარი დასავლეთის ქვეყნებიდანაც წარამტებით ხორციელდება.
მისი თქმით, საქართველოს შემთხვევაში ეს არის წმინდა სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორი და ასევე, შეგრძნება იმისა, რომ ისინი არიან მეორე ხარისხოვანი მოქალაქეები. პოლიტოლოგის განცხადებით ინტეგრაციის საკითხია მთავარი პრობლემა, რატომღაც ახალგაზრდები არჩევანს აკეთებენ „ისლამური სახელმწიფოს“ სასარგებლოდ.
„როდესაც მოზარდს აქვს შეგრძნება, რომ მიუღებელია ამ საზოგადოებაში, რა თქმა უნდა, ძალიან ადვილად ხდება ისლამური პროპაგანდის მსხვერპლი. ამიტომ, აუცილებელია „ისლამურ სახელმწიფოს“ წავართვათ იდეოლოგიური ნიადაგი.
ეს უნდა მოხდეს ადამიანების განთლებით და ინტეგრაციის ისეთი პოლიტიკით, სადაც ისინი თავს იგრძნობენ ერთიანი საქართველოს ნაწილად თავისი უფლებებით და პასუხისმგებლობით. საქართველომ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ამ რეგიონებს, რომ უზრუნველყოს ამ ტერიტორიის ინტეგრაცია ისე, რომ მოსახლეობას ე.წ. ისლმაურ სახელმწიფოში წასვლის სურვილი აღარ ჰქონდეს“, - აცხადებს გიორგი მჭედლიშვილი.
საფრანგეთში განხორციელებული მასშტაბური ტერორისტული აქტის შემდეგ, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა სტრატეგიულ ობიექტებზე დაცვა გააძლიერა. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისლამურმა ხალიფატმა კავკასიაში კიდევ ერთი ვილაიეთი - გურჯისტანი ანუ საქართველო დააარსა, რომელიც ქვეყნის ძირითად ტერიტორიას მოიცავს.
ამ ინფორმაციას სამხედრო ექსპერტები ავრცელებენ და ამბობენ, რომ უახლოეს დღეებში გავრცელდება ვიდეო, რომელშიც საქართველოდან „ისლამურ სახელმწიფოში“ წასული ჯიჰადისტები მიიღებენ მონაწილეობას და ვილაიეთის ხელმძღვანელის ვინაობაც ცნობილი გახდება.
მათი თქმით, გურჯისტანის ვილაიეთის მთავარი მიზანი ჩრდილო კავკასიასთან სატრანზიტო კომუნიკაციის უზრუნველყოფა იქნება და ამისათვის ელექტრონული ქსელი უკვე შექმნილია. ისინი ამ ყველაფერს ყველაზე სასტიკი ორგანიზაციის საქართველოში შემოსვლას არქმევენ და მოსალოდნელ ტერორისტულ აქტებზე საუბრობენ.
შეგახსენებთ, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ გააქტიურება ჩრდილოეთ კავკასიაში დაიწყო. გასულ ზაფხულს ჩრდილოეთ კავკასიაში თავისი ვილაიეთი შექმნეს, რომელიც დაღესტანს, ჩეჩნეთს, ინგუშეთს, ყაბარდო-ბალყარეთსა და კარაჩაის აერთიანებს.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, როგორ წესი, ტერორისტების სამიზნე განვითარებული, ძლიერი ქვეყნებია, სადაც ტერორისტების აზრით, ფსიქოლიგიური ზეწოლა და შოკის მოხდენა გაცილებით ეფექტურია.
„ამიტომ თავისთავად ცხადია, მათი ძირითადი სამიზნე განვითარებული და ძლიერი ქვეყნები არიან, თუმცა ჩვენ ჩვენი მხრივ გაქვს საფიქრალი - ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ და უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ. „ისლამურ სახელმწიფოს“ ჩრდილოეთ კავკასიაში გარკვეული კავშირები აქვს. ჩვენ გეოგრაფიულად ამ გზაჯვარედინზე ვართ. გეოგრაფიულად ახლოს არის სირია. მოგვიწევს ჩვენი საზღვრების უკეთ გაკონტროლება, მოწყვლად ჯგუფებზე დაკვირვება - მთელი რიგი ღონისძიებების გატარება, რაც ანტიტერორისტულ ოპერაციას უკავშირდება“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.
„გურჯისტანის ვილაიეთის“ შექმნის შესახებ ინფორმაცია არ აქვს კავკასიის საკითხებში ექსპერტს, მამუკა არეშიძეს, რომლის განცხადებით, არსებობს კავკასიის ვილაიეთი, სადაც საქართველოც შედის. არეშიძის განცხადებით, პირდაპირ იმის თქმა, მოხდება თუ არა საქართველოში ტერაქტები, არ შეიძლება, თუმცა, მისი თქმით, საქართველო უკვე მოიზრება იმ სივრცეში, რასაც საერთაშორისო ტერორიზმი ჰქვია.
არეშიძე ვარაუდობს, რომ საქართველოზე ტერორისტების თავდასხმის შემთხვევაში შეტევა, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნების წარმომადგენლობებზე, საელჩოებზე განხორციელდება. რაც შეეხება პანკისის რეგიონს, არეშიძის განმარტებით, პანკისი რაიმე განსაკუთრებულ საფრთხეს არ წარმოადგენს.
„პანკისის ხეობა ამ საერთო სტრუქტურაში, ერთი ჩვეულებრივი რგოლია. პანკისის ხეობაში ყველა სალაფიზმის მომხრე არ არის, იქ თავად ჯამაათებს შორის არ არის ერთგვაროვანი პოზიცია, ერთ პოზიციაზე დგას დუისის ჯამაათი და მეორე პოზიცია აქვს ჯოყოლოს ჯამაათს. ჯოყოლოს ჯამაათი უფრო იხრება ისლამური ხალიფატის დახმარებისაკენ, დუისის ჯამაათი კი კატეგორიულად ემიჯნება. მტრის ხატს პანკისის ხეობისგან ნუ შევქმნით“, - აცხადებს მამუკა არეშიძე.
მისივე თქმით, სალაფიტების და ჯიჰადისტების მხარდამჭერი საქართველოს მოქალაქები 2 ნაწილად იყოფიან, ერთნი იარაღით ხელში იბრძვიან სირიაში და მეორე კატეგორიაა იდეოლოგიური ფრონტის მეომრები, რომლებიც სპარსეთის ყურის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობდნენ.
„გარდა ამისა, ისინი ისლამური ხალიფატის მხარეს იდეოლოგიურ ბრძოლაში მონაწილეობენ. ისინი მუშაობდნენ მათი საიტების შექმნაში, ახალგაზრდების იდეოლოგიურ დამუშავებაში. ვინც ამ იდეოლოგიური ფრონტის აქტიური მონაწილეა, ყველა ეთნიკურად ქართველია, ოღონდ მუსულმანია. წარმოშობით არიან აჭარიდან, წალკის რაიონიდან და ზოგიერთი სხვა კუთხიდან“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.
პოლიტოლოგი გიორგი მჭედლიშვილი ამბობს, რომ საქართველოში ჯერჯერობით საპანიკო არაფერი არ არის, რადგან პირდაპირი მინიშნება საქართველოზე არ არის. თუმცა, ამის მიუხედავად, აცხადებს, რომ აუცილებელია თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება.
„საქართველო ამ გეოპოლიტიკური ვითარების პირველ ეშელონში არ არის, მაგრამ, რა თქმა უნდა, გასაძლიერებელია ჩვენი თავდაცვისუნარიანობა. მსგავს სიტუაციაში გვამრთებს სიფრთხილე, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოდან 450-500 კილომეტრში არის „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებადი ტერიტორია.
საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე ომობს მათ გვერდით, განსაკუთრებით კი 4 გამორჩეული მებრძოლია, ამის გათვალისწინებით საქართველო გულისყურით უნდა მოეკიდოს ამ ვითარებას, რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით. ის ფაქტი, რომ საქართველოს ტერიტორიიდან მებროლები მიდიან „ისლამურ სახელმწიფოში“, სამწუხაროდ, შეიძლება ეს ფაქტორი რუსეთისთვის ხელსაყრელი გახდეს“, - ამბობს გიორგი მჭედლიშვილი.