ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტში „ნაციონალური მოძრაობის“ კანონპროექტი განიხილეს, რომელიც ფინანსურ-ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას ითვალისწინებს.
მიიღებს თუ არა ამ კანონპროექტს პარლამენტი? წავა თუ არა ასეთ რისკზე ხელისუფლება წინასაარჩევნოდ და რა საფრთხეს შეიცავს ნაციონალების ეს ინიციატივა, ამის შესახებ იურისტების მოსაზრებები განსხვავებულია.
უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი ფიქრობს, რომ ნაციონალები ამით „ორი კურდღლის დაჭერას“ ცდილობენ. ერთი მხრივ, მათ სურთ, თავი დაიძვრინონ და, მეორე მხრივ, - ხალხის გარკვეულ ნაწილს წინასაარჩევნოდ ასიამოვნონ. თუმცა, თუკი ეკონომიკურ დანაშაულზე სრულ ამნისტიას გამოვაცხადებთ, მაშინ ციხეში ვინც ზის და სასჯელს იხდის, ის მოგვადგება და გვეტყვის, მაშინ მე რისთვის ვზივარ, თუ დამნაშავეებს ყველაფერს პატიობთ? ვინც სასჯელი მოიხადა, იმასაც გაუჩნდება პრეტენზიები.
„არ არის გამორიცხული, ნაციონალებს საკუთარი ინტერესი ჰქონდეთ, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მაღალ თანამდებობაზე მომუშავე ბევრი პირი, სავარაუდოდ, მევალეთა სიაში იქნება, რომელთაც გადასახადები აქვთ გადასახდელი და მათი ჩამოწერა უნდათ. რაღაც დოზით ვალების რესტრუქტურიზაცია, ამნისტირება პერიოდულად სხვა ქვეყნებშიც ხდება, მაგრამ არა ისე, რომ ყველანაირი ვალი-ათიათასობით თუ ასიათასობით ჩამოიწეროს, ეს დაანგრევს სახელმწიფოს. შეიძლება, ამნისტია უფრო შეეხოს ადმინისტრაციულ ჯარიმებს, შეიძლება, ამნისტია გარკვეულ რაოდენობამდე გავრცელდეს სისხლის სამართლის ჯარიმებზეც, მაგრამ ზოგს ასეულ ათასობით აქვს სახელმწიფოს ვალი და ეს ვალი არ უნდა ჩამოეწეროს“,-აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი For.ge-სთან საუბარში და ნაციონალების დროინდელ „კეთილშობილურ“ ჟესტს იხსენებს „რუსთავი 2“-თან მიმართებით, როცა ამ ტელეკომპანიას 27 მილიონი ჩამოაწერეს.
ეს მაშინ, როცა ჯამში ამნისტირებული თანხა ტელევიზიებისთვის 30 მილიონი იყო. აქედან 27 მილიონი „რუსთავი 2“-ს შეხვდა და იმ პერიოდში ტელეკომპანია „კავკასია“ ძალზე ობიექტურად და სამართლიანად ჩიოდა, მე რომ წესიერი გადამხდელი ვარ, რა დავაშავე, თუ მოპარვის პატიება შეიძლებოდა, მაშინ მეც მოვიპარავდიო.
უფლებადამცველი ლია მუხაშავრია For.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ ფინანსურ-ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია მხოლოდ ნაციონალების სასარგებლო არ არის და ეს პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ გარიგება შედგა „ოცნებასა“ და ნაციონალებს შორის და ამას ახლა ფორმალიზება სჭირდება.
„რეალურად, გაძლიერდა მოძრაობა იმ მიმართულებით, რომ ჩამორთმეული ქონება დაიბრუნოს ხალხმა, დარღვეული უფლებები აღიდგინოს, ამიტომ ამათ ახლა სჭირდებათ საკანონმდებლო გარანტიები იმისთვის, რომ პასუხი არ აგონ ჩადენილ სამეურნეო და სხვა ეკონომიკური ხასიათის დანაშაულზე. ქონების გადანაწილების კუთხით ამ საკითხზე „ოცნებასთან“ გარიგება რომ არ შემდგარიყო, ცხადია, „ოცნება“ ასეთ კანონპროექტზე არ იმსჯელებდა და საერთოდ არ მიიღებდა განსახილველად. მე არასდროს ვყოფილვარ მკაცრი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მომხრე, მაგრამ ვეჭვობ, რომ ამომრჩეველი, რომელმაც კანონმდებელს მანდატი მისცა, ამაზე თანახმა არ იქნება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოება აბსოლუტურად წინააღმდეგია ფინანსურ-ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციის და კარგია, რომ მედია ამაზე აკეთებს აქცენტს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ჩვენს ზურგს უკან რა კანონპროექტებზე მუშაობენ ისინი, ვინც ავირჩიეთ. ამიტომ არავის აინტერესებს, ვის წაგლიჯეს ქონება ნაცებმა, რადგან ეს ქონება უკვე გადანაწილებულია პირველი ხელის მოძალადე ყაჩაღსა და დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის“,-აცხადებს ლია მუხაშავრია.
იურისტი უფრო შორეულ პროგნოზსაც აკეთებს და განმარტავს, იმ შემთხვევაში, თუკი არჩევნებში გავიყვანთ პოლიტიკოსებს, რომლებიც ჩვენი დარღვეული უფლებების აღდგენას შეეცდებიან, მათ უკვე დაუპირისპირდება კანონი, რომელიც აცხადებს ამნისტიას ამ დანაშაულებზე. ამიტომ შეუძლებელი იქნება დამნაშავეების მიმართ კანონისმიერი პასუხისხმგებლობის დაკისრება.