ზოგი ლუდს მხოლოდ ორ კატეგორიად – მუქ და ღია ფერის ლუდად ყოფს. ეს შეცდომაა. გაეცანით ფაქტებს სასმელზე, რომელიც ყოველ ზაფხულს სეზონის ჰიტია.
ხორბლისგან დამზადებული ლუდი ღია ფერისაა და ეს ბუნებრივია. ის უფრო ბელგიელებსა და გერმანელებს უყვართ. თეთრი ფერის ლუდი არ ნიშნავს გაუფილტრავს. თუ ლუდის ფერი ოდნავ დაბურულია, ესე იგი, მას ქერის მარცვალიც აქვს შერეული.
ფრანგებსა და ბულგარელებს ერთდროულად მოუვიდათ აზრად, ხორბლის მარცვლისგან მოხარშულ ლუდში ფორთოხლის ქერქი და კორიანდრი ჩაემატებინათ. ასე იქცა ჩვეულებრივი ლუდი განსაკუთრებულ სასმლად.
საქართველოში არა, მაგრამ ევროპაში ძალიან პოპულარულია ლუდის კოქტეილი. ეს არის ხორბლის ლუდისა და ლიმონათის 50X50 პროპორციით ნარევი. სხვათა შორის, სრულიად გაუგებარია, რატომ, მაგრამ, მას „რუსული“ ჰქვია, რუსებს მასზე წარმოდგენაც არ აქვთ.
ფრანგებს მიაჩნიათ, რომ კარგი ხორბლის ლუდი შუა საუკუნეების ტრადიციის მიხედვით უნდა იხარშებოდეს, თანაც, ნარჩევი ხორბლის ჯიშებისგან. თქვენ ვერც წარმოიდგენთ, რამდენი ქიმიკოსი იყო ჩართული საქმეში, რომ იდეალური, მაგიური არომატი მიეღოთ. სწორედ მათი თავგანწირვისა და ზოგჯერ მსხვერპლის ხარჯზეც (დეგუსტატორები არცთუ იშვიათად იწამლებოდნენ) შეიქმნა არაჩვეულებრივი ლუდი. თითქმის ყველა ფრანგულ მონასტერში ბერები ხარშავდნენ ლუდს სწორედ შუა საუკუნეების ტრადიციების მიხედვით.