2006 წლის 23 ივნისს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ლევან მურისიძის მიერ გამოტანილი განაჩენის მიხედვით, კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს, სულხან მოლაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მურუსიძემ მოლაშვილი საპატიმროში ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე გაამწესა. მურუსიძის მიერ გამოტანილი განაჩენის საპირისპირი იყო სტრასბურგის სასამართლოს განაჩენი, რომელმაც დაადგინა, რომ მოლაშვილის მიმართ დარღვეული იყო სამართლიანი სასამართლოს უფლება.
რატომ იღებდა პოლიტიკურ განაჩენებს მურუსიძე და რა მოტივით სურთ ნაციონალებს მისი სააპელაციო სასამართლოში გამწესება? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge სულხან მოლაშვილს ესაუბრა.
თქვენი საქმე არის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე, რომელსაც ხელს აწერს ლევან მურუსუძე. რამდენად სწორად მიგაჩნიათ მისი ინიციატივა, რომ ძველი საქმეები არ უნდა გადაიხედოს?
სულხან მოლაშვილი: იურისტის მხრიდან იმის განცხადება, რომ ძველი საქმეები არ უნდა გადაიხედოს, არც მეტი, არც ნაკლები, ან უვიცობაა, ან აშკარა დასტური ძალიან სერიოზული არაპროფესიონალიზმის. იურისტი ფასდება მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილებებით და მხოლოდ ეს არის ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმი, რომლითაც შეგვიძლია შევაფასოთ ამა თუ იმ მოსამართლის პროფესიონალიზმი, განსწავლულობა და კვალიფიკაცია. თუკი მოსამართლე უარყოფს მიმდინარე გადაწყვეტილების გამოქვეყნებას ე.ი. მას რაღაცა აწუხებს, რაღაცა აქვს დასამალი და ამიტომაც ერიდება ამის საჯარო განხილვას და მით უმეტეს მაშინ, როდესაც ხელახლა წყდება ამა თუ იმ პერსონის მოსამართლედ გამწესების საკითხი.
მოსამართლეობისთვის ემზადება მურუსიძე და მითუმეტეს, არ უნდა იყოს წინააღმდეგი გადაიხედოს მის მიერ გამოტანილი განაჩენების კანონერება?
- ლევან მურასაძეს ამას წინათ განუცხადებია, რომ მე არ ვნანობ არც ერთ ჩემს გადაწყვეტილებას და მოლაშვილის მიმართაც სწორად მოვიქციო. როდესაც ჩემი საქმე შევიდა მურუსიძესთან, პირველ და მეორე ინსტანციების სასამართლოებში უკვე განხილული იყო ეს საქმე, მაგრამ მაშინდელი კანონმდებლობა ითვალისწინებდა საკასაციო წესით საქმის გადასინჯვას უზენაეს სასამართლოში. ეს ნიშნავს, რომ არსებითი და სააპელაციო განხილვა პირველ და მეორე ინსტანციებში დამთავრებული იყო და ყველა ის ძირითადი დარღვევა, რაც შემდგომში ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ დაადგინა, უკვე ადვილად დასადგენი იყო უზენაეს სასამართლოში.
ის, რომ მურუსიძეს არ ეხებოდა ევროპის კონვენციის მუხლის დარღვევის განხილვა, რაზეც ჩვენ მაშინ მივუთითებდით, ეს არის სრული ტყუილი. რატომ მოხდა მაშინ ის, რომ ლევან მურუსიძემ ვერ შეამჩნია ეს დარღვევები და შეამჩნია სტრასბურგის სასამართლომ?!
მურუსიძე აცხადებს, რომ მას, როგორც მოსამართლეს წამების ფაქტზე არ შეეძლო რეაგირება...
- მურუსიძე თვალთმაქცობს როცა ლაპარაკობს, რომ მხოლოდ წამების ფაქტზე არ შეეძლო რეაგირება. დავუშვათ, მართლა არ შეეძლო წამების ფაქტზე რეაგირება და დავუშვათ და ეს პოზიცია მართალია, მაშინ რა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ მან არ გაამახვილა ყურადღება ევროპის კონვენციის მე-6 მუხლის იმ არსებით დარღვევებზე, რომელიც ითვალისწინებს სამართლიანი სასამართლოს უფლებას?
ევროპის სასამართლომ დაადგინა, რომ მოლაშვილის მიმართ დარღვეული იყო სამართლიანი სასამართლოს უფლება. ამასთან, ევროპის სასამართლომ დაადგინა, რომ დარღვეული იყო ევროპის კონვენციის მე-5 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს უკანონო პატიმრობას. თუკი ევროპის სასამართლო ცოტა ხანში მიხვდა, რომ სულხან მოლაშვილი საქმის მასალების მიხედვით უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა, რატომ ვერ მიხვდა ამას მურუსიძე?!
ვერ მიხვდა, თუ ამის პოლიტიკური ნება არ არსებობდა?
- ორიდან ერთია, ან იყო არაკომპეტენტური და ვერ დაინახა ის, რაც უნდა დაენახა, ან მეორე - რაც უკვე დადასტურებულია - ის ასრულებდა პოლიტიკურ დაკვეთას. მურუსიძე რომ პოლიტკურ დაკვეთას ასრულებდა, ასევე დაადასტურა სტრასბურგის სასამართლომ, რომელმაც დაადასტურა პრაქტიკაში უიშვიათესი მუხლის დარღვევა, რომელიც აშკარად მიუთითებს ჩვენი მოსამართლეების პოლიტიკურ მიკერძოებულობაზე. ეს გახლავთ კონვეციის 14-ე მუხლი, რომელიც გულისმობს პოლიტიკური დისკრიმინაციის აკრძალვას.
ანუ, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ თქვენ იყავით პოლიტიკური დისკრიმინაციის მსხვერპლი?
- დიახ ასეა. თუკი ეს ვერ დაინახა მურუსიძემ, რაც საქმეში იდო, მაშინ რა დაინახა?! საქმეში იდო მიხეილ სააკაშვილის და კოტე კუბლაშვილის წინასწარი განცხადება, არ შეეძლო მურუსიძეს ამოეკითხა როგორ ხდება უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა? გარდა ამისა, საქმეში იდო არასწორად შედგენილი ოქმები, არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ წინასწარ პატიმრობის მისჯა, მაშინ, როდესაც მე თანამდებობით უზენაესი სასამართლოს განსჯადი ვიყავი.
არ დაკითხეს ექსპერტი, დასახელებული 46 მოწმიდან არც ერთი ჩვენი მოწმე არ დაკითხეს, როცა ეს ყველაფერი ვერ დაინახა მურუსიძემ, ამის შემდეგ შეიძლება მის გადაწყვეტილებას სამართლიანი ეწოდოს? არა ბატონო, და ეს არ გახლვათ ჩემი მოსაზრება, ევროპის სასამართლოს ვერდიქტმა დაადასტურა, რომ მურუსიძემ და მისმა კოლეგებმა შეასრულეს პოლიტიკური დაკვეთა. ამიტომაც, ასეთი ადამიანი არ შეიძლება იმსახურებდეს მოსამართლის პოსტზე ხელახლა გამწესებას. მურუსიძე იყო სისხლიანი ჯალათი, ის ასრულებდა პოლიტიკურ დირექტივებს და ამით ანგრევდა კანონიერების ყოველგვარ პრინციპს.
აქედან გამომდინარე, რამდენად მართებს იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილების მიღებაში გამოიჩინონ მეტი პრინციპულობა?თქვენი საქმე არ გახლავეთ ერთადერთი, რომელშიც ფიგურირებს ლევან მურუსიძე. ის ასევე მონაწილეობდა სანდრო გირგვლიანის მკველოებაში ბრალდებულების საქმეში, ე.წ. დაუმორჩილებელი მოსამართლების საქმეში და ა.შ. ისევე როგორც თქვენს შემთხვევაშიც, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ყველა ეს საქმე პოლიტიკურად იყო მოტივირებული...
- ვიმეორებ, მურუსიძე ანადგურებდა და ფეხქვეშ თელავდა მართლმსაჯულების ელემენტარულ პრინციპებსაც კი. ამიტომ, მივმართავ იუსტიციის საბჭოს ყველა წევრს, რომ თუკი რომელიმე მათგანი ხმას მისცემს მურუსიძის კანდიდატურას, ის ხდება თანამონაწილე მურუსიძის მიერ ჩადენილი დანაშაულის. უფრო მეტსაც გეტყვით, როცა კაცი პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს, ეს სისხლის სამართლის დანაშაული გახლავთ.
ვისაც აინტერესებს მურუსიძის სამართლიანობის საკითხი, მოვუწოდებ წაიკითხოს თქვენს მიერ დასახელებული პირების მიმართ საქართველოში გამოტანილი განაჩენი და შემდეგ სტრასბურგის გადაწყვეტილებები, ყველაფერი ნათელი იქნება. თუ ამის შემდეგაც მურუსიძის კანდიდატურას მისცემენ ხმას, მაშინ გამოდის, რომ იუსტიციის საბჭო კოლეგიურად მხარს უჭერს სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის სისხლიან მართლმსაჯულებას.
რატომ იბრძვის მურუსიძე მოსამართლეობისთვის?
- ამისთვის მურუსიძე არ იბრძვის, ამისთვის იბრძვის „ნაციონალური მოძრაობა“. ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ზონდერ მოსამართლეები, რომლებიც ემზადებიან საარჩევნოდ. როგორც „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული სასამართლო პროცესები ცხადყოფს, ყველანაირი მეთოდებით სურთ მიაღწიონ უსამართლობას. ამ უსამართლობის მიღწევის გზაზე მათი ერთ-ერთი ბერკეტია სამართალდამცავ სტრუქტურებში გაბნეული ხალხი და პირველ რიგში, სასამართლო სისტემაში დანიშნული მათი ნარჩენები ე.წ. ჯალათი მოსამართლეები.
მურუსიძემ რომც არ მოინდომოს მოსამართლეობა, ბოკერია-ადეიშვილი-სააკაშვილის ხელმძღვანელობით დაავალებენ კენჭი იყაროს მოსამართლეობაზე. ნაციონალები მუშაობენ იუსტიციის საბჭოს წევრებზეც, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეთ, მურუსიძისნაირი კლონები უნდა გაამწესონ მართლმსაჯულების სისტემაში, რათა მიაღწიონ თავიანთ საწადელს. ტყუილად არ ვახსენე „რუსთავი 2“-ის პროცესი, ეს პროცესები სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებში ხდება. ასეთივე საქმეები შეიძლება დაკავშირებული იყოს არჩევნებთან, რომელიც იქნება ადმინისტრაციული წარმოების და როგორც მე ვიცი, მურუსიძეს სწორედ ადმინისტრაციულ პალატაში სურს მუშაობა.
დიახ, ადმინისტრტაციული პალატის განსჯადი იქნება უამრავი საქმე, რომელიც დაკავშირებული იქნება არჩევნებთან. ამიტომაც ვამბობ, რომ მას პირადად რომც არ სურდეს, ამას პოლიტიკური პატრონები დაავალებენ, რომ ბოლომდე შეასრულოს დაკვეთა. მოგეხსენებათ, ერთხელ გასვრილი ე.წ. ნასედკა, ბოლომდე გაუბედურებეულ კაცად რჩება. მურუსიძესაც ურჩევნია მოსამართლის მანტიის ქვეშ იყოს ამოფარებული, ვიდრე მისი მსხვერპლების კითხვებს უპასუხოს, რომ არაფერი ვთქვათ სამართლიანი მართლსაჯულების მოთხოვნებზე, რომლის წინაშე მურუსიძე აუცილებლად წარსდეგბა.
თუკი იუსტიციის საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებული მოსამართლეებით, რომლებიც მურუსიძის გავლენის ქვეშ არიან, მხარს დაუჭერენ მურუსიძის კანდიდატურას, ამ შემთხვევაში, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ნაწილდება საბჭოს წევრებზე? იმიტომ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანზე, რომლის ბიოგრაფია დატვირთულია პოლიტიკური განაჩენებით და რომელიც სტრასბურგის სასამართლოს განაჩენებით არის შეცვლილი...
- სამართლიანი და საინტერესო შეკითხვაა, რომელიც პასუხსაც შეიცავს და ჭკვიანი მკითხველი აქვე ამოიკითხვას პასუხს. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ერთმნიშვნელოვნად ნაწილდება იუსტიციის საბჭოზე, როგორც მთლიანად ინსტიტუციაზე, ასევე მის ცალკეულ წევრზე, იმიტომ, რომ ისინი ეთანხმებიან და იწონებენ მის მიერვე მიღებულ გადაწყვეტილებებს და ამით გზას უკაფავენ ახალი დანაშაულისაკენ.
ამით იყო განპირობებული ჩემი მიმართვა იუსტიციის საბჭოს წევრებზე, რომ თავი შეიკავონ გაუფრთხილებელი ხმის მიცემისაგან, ვიდრე არ გაეცნობიან ამ საქმეთა შინაარსს. ამ საქმეების უკან გირგვლიანის, მოლაშვილის, ბათიაშვილის და სხვების ბედი არ არის მხოლოდ, არამედ უამრავი ჩვენი გაუბედურებული მოქალაქის ცხოვრება არის. თუკი ამაზე ხელს მოაწერს საბჭოს რომელიმე წევრი, ისიც გაითვალისწინოს, რომ საკუთარ თავზე იღებენ ამ პასუხისმგებლობას და იზიარებენ მის ბედს და ლევან მურუსიძის დამქაშების სახელით შევლენ მართლმსაჯულების ისტორიაში.