როცა სხვა გზა უკვე ნაცადია

როცა სხვა გზა უკვე ნაცადია

სემუელ ჯონსონი ამბობს: „პატრიოტიზმი ნაძირალების უკანასკნელი თავშესაფარია!“ ამიტომაცაა, რომ იქ, სადაც პოლიტიკის რანგშია აყვანილი შანტაჟი, ავანტურიზმი, სიცრუე, ღალატი და საკუთარი ქვეყნით ვაჭრობა, ეს თემა ყოველთვის სპეკულაციის საგანი იქნება, ისევე როგორც იაფასიანი ლოზუნგები ბრბოდ ქცეული ელექტორატისათვის არასოდეს გახუნდება.

ერისთვის ასევე არანაკლებ საშიშია   არასრულფასოვნების კომპლექსის ტყვეობაში ყოფნაც. ამიტომ უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველ ერს უთუოდ ვნებს როგორც თვითგანდიდების მანია, აგრეთვე  გულისყრა და ნიჰილიზმი საკუთარი ჯიშის და მოდგმის მიმართ.

საუბედუროდ, ჩვენი ერის ცხოვრებაში მათი გამომწვევი მიზეზები არ ილევა, რაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმაც. ყველაფერი კი ისე მიეწყო ერთმანეთს, თითქოს გეგმაზომიერი თუ ორგანიზებული ხასიათი ჰქონდა. ერთდროულად  რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ მოხდა: „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე ამბების ფონზე, ვნახეთ ე.წ. ციხის კადრები, რომელსაც შემდგომ სატელეფონო ჩანაწერები მოჰყვა. მოსმენილმა საუბრებმა კი გასული საუკუნის 90-იანი წლების საქართველო გაგვახსენა. შაგრენის ტყავივით თვალსა და ხელს შუა გამქრალ ქვეყანაში თითო-ოროლა დარჩენილი ქართველები იმის ნაცვლად, რომ ერთმანეთს ვუფრთხილდებოდეთ, კვლავ „ჩვენებსა“ და „სხვისებს“ შორის შესაძლებელ სისხლისღვრაზე ავლაპარაკდით. თანაც ისე იოლად და უდრტვინველად, თითქოს ეს ყველაფერი ადამიანებს არ ეხებოდეს.

ფაქტია, რომ ძალიან საშიში პროცესი მიდის. მართალია, დაპირისპირებული მხარეები კრიტიკულ მომენტში ყოველთვის თანამშრომლობენ და ერთმანეთს გასაწირად არ იმეტებენ, თუმცა ამით, არც გარემოება იცვლება და უმჯობესდება უკეთესობისკენ.

რჩება შთაბეჭდილება, რომ არათუ ხელისუფლება, არამედ ჩვენი საზოგადოებაც ჯეროვნად ვერ აცნობიერებს ჩვენში გამეფებული აგრესია ქვეყანას  რა მძიმედ შეიძლება შემოუბრუნდეს.

საქართველო არასოდეს განიცდიდა დამოუკიდებლად მოაზროვნე, ჭკვიანი ხალხის ნაკლებობას, არც დღეს განიცდის. დასანანია, რომ ედმონ ჟალუს თვალით დანახული დიადი ხალხი, რომლის  სულიც უკვდავი ფორმით გამოხატა რუსთაველმა, ასე გათითოკაცებული ვერ ვახერხებთ ყოველგვარი საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე კონსოლიდირებულ საზოგადოებად ჩამოყალიბებას.

გაგახსენებთ, ჯერ კიდევ მეოთხედი საუკუნის წინ, 1989 წლის ზაფხულში ერთი სატელევიზიო პაექრობისას მერაბ კოსტავამ რომ თქვა: „თუ ერთმანეთთან ვერ გამოვნახავთ სალაპარაკო ენას დღეს, შესაძლოა დადგეს დრო განუჭვრეტელი სიბნელისა, სადაც ჩვენ ერთმანეთს დაბრმავებული ვეძებდეთ და ვეღარ ვპოვებდეთ“.

ჩვენ ყველას გვახსოვს თავად მერაბ კოსტავა საზოგადოების გამთლიანებისთვის როგორ იბრძოდა. ვფიქრობ რა ამ უსამართლოდ მრავალჯერ დასჯილ, მაგრამ გაუტეხელი სულის მქონე ქართველი ვაჟკაცის სულიერ სიძლიერეზე, ნებით თუ უნებლიედ ჩვენი უახლესი ისტორიიდან კიდევ ერთი გმირი მახსენდება:

1991 წელს გია აბესაძემ თავი მოიკლა რუსთაველზე, იმელის შენობის წინ ედეპესა და ზოგი სხვა პარტიის მიერ აღმართულ ბარიკადებზე. მან თქვა: „ეგებ ჩემმა თვითმკვლელობამ გამოაფხიზლოს პოლიტიკური სპექტრი და დაპირისპირება აღარ გაღრმავდეს“-ო.

საუბედუროდ, ვერც ამ თავგანწირვამ გამოგვაფხიზლა, რა გვიშლის ხელს?

ფაქტია, რომ მერაბ კოსტავას და ეროვნული მოძრაობის სხვა ლიდერების თავიდან მოცილებით, “საქართველოს შეეხსნა რკინის კარები”, რის შედეგადაც თანდათან მივიღეთ ის, რაც გვაქვს სახეზე: დაქუცმაცებული და გათითოკაცებული ქვეყანა.

ამიტომ არც ის იყო შემთხვევითი, რომ ამ ქვეყანაში წლების განმავლობაში ერის კონსოლიდაციის მიღწევისთვის დასახული მიზანი, ან იდეა, რომელიც ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მსოფლმხედველობის შემუშავების აუცილებლობით იყო ნაკარნახევი, უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციებისა თუ ექსპერტების მიერ ტრადიციულად დაცინვისა და ქილიკის საგანი ხდებოდა. რა თქმა უნდა, ასევე, არც ის იყო შემთხვევითი, რომ დღისით, მზისით, ქუჩაში მიმავალი აკადემიკოსი გურამ შარაძე გამოასალმეს სიცოცხლეს. ამ მკვლელობით მისმა დამკვეთებმა, ვისი სურვილითაც დღემდე საქართველო რჩება ლუკმა პურის საშოვნელად მსოფლიოში გაფანტული ხალხის ქვეყნად, თითოეულ ჩვენგანს გარკვევით გვითხრეს: დაანებეთ საქვეყნო საქმეებზე ზრუნვას თავი, გაიგეთ, რომ საქართველოში ყველაფერი გაწერილი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს!

სამწუხაროდ, ხალხის გავლენა მიმდინარე პროცესებზე სულ უფრო და უფრო მინიმალური ხდება და ის მხოლოდ ინსტრუმენტად განიხილება, რადგან „ტელეინტოქსიკაციის“ „წყალობით“ ბევრი მათგანი ვერც კი აცნობიერებს ამას. პოლიტიკოსების დიდი ნაწილიც კი ნებით თუ უნებლიეთ ამ გეგმის შემსრულებელია. დარჩენილებს ბეწვის ხიდზე უწევს სიარული, რადგან მათ კარგად ახსოვთ, მდინარის აღმა მოცურავეთა ხვედრი. ვინც კი დადგენილი წესების წინააღმდეგ წასულა, სწრაფად მომხდარა მისი ფიზიკური მოშორება ან მორალური განადგურება იმის მიხედვით, თუ რა სახის პრობლემას ქმნიდა. ასე მუშაობს თანამედროვე პოლიტ-ტექნოლოგია.

დღეს, ისევე როგორც 90-იან წლებში კიდევ უფრო დიდი მასშტაბის აგრესიაა ქვეყანაში გამეფებული. სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებისათვის თემები არ ილევა. ჩვენ  ერთხელ უკვე დავუშვით მიუტევებელი შეცდომა, როდესაც ჩვენი უპასუხისმგებლობით ადამიანთა მცირე ჯგუფებს მივეცით ქვეყნის განადგურების შესაძლებლობა. დღესაც ზიზღი და სიძულვილეა ჩვენი ერთმანეთთან სასაუბრო ენა. საზოგადოებაში იმდენადაა ჩატეხილი ხიდი პროდასავლურად (პროამერიკულად) და პრორუსულად მოაზროვნე ადამიანებს შორის, რომ ქართულად   მოაზროვნეების  ადგილი  არ  რჩება!

დასანანია ისიც, რომ ამ მოჯადოებული წრიდან გამოსავალს ვერც ერთი მხარე ვერა პოულობს. ჩვენთვის არც ნატოს კარი იღება და ვერც რუსეთთან ვახერხებთ ურთიერთობების ისე დალაგებას, რომ მისგან მიტაცებული ტერიტორიების დაბრუნების რაიმე შანსი გაჩნდეს. ამიტომ ყურადღება ისევ დეტალებზე გადაგვაქვს და საზოგადოებაში ურთიერთდაპირისპირების პირობებში განზე გვრჩება ის არსებითი პრობლემები, რომელიც საქართველოს  ყოფნა - არყოფნას  განსაზღვრავს...

ასეთი ქმედება კი ქვეყნისთვის კატასტროფის მომტანია, ვინაიდან ამ ფონს ვინ როდის და რისთვის გამოიყენებს კაცმა არ იცის. მართლმსაჯულებამ სამართლიანობის აღდგენის მიზნით, რა თქმა უნდა, თავისი საქმე უნდა აკეთოს, უნდა დადგინდეს და უმკაცრესად დაისაჯოს ყველა, მკვლელებიც და მწამებლებიც და, რა თქმა უნდა, უწინარესად დამკვეთები, რომ საზოგადოებაში აღარ გაჩნდეს მეტი კითხვები, მაგრამ ჩვენ, იქნებ გადავდგათ ურთიერთშემხვედრი ნაბიჯები!

მითუმეტეს, თუ ვიცით, რომ გამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ  საერთო  მიზნისთვის  ჩვენს  გაერთიანებაშია, რადგან სხვა გზა უკვე ნაცადია და უბრალოდ არ არსებობს.

ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოს ახალ, ძალზე სასტიკი გადანაწილების პერიოდში, როცა წყდება არა მხოლოდ ძლიერი ქვეყნების სუსტებზე გაბატონების საკითხი, არამედ ამა თუ იმ სახელმწიფოთა არსებობის მიზანშეწონილობაც  კი. თვლანათლივ ვხედავთ, რომ ერთა ცხოვრების მოედანზე მხოლოდ ის დაიმკვიდრებს ადგილს, ვინც თავის უფლების დაცვაში მეტ ძალასა და უნარს გაიღებს ერის სასიცოცხლო ენერგიიდან. მხოლოდ ძლიერ და კონსოლიდირებულ ერებს ექნებათ შესაძლებლობა გაუძლონ დიდ ისტორიულ კატაკლიზმებს. ამ შეუდარებელი ჭიდილიდან ქართველობამ რომ შეძლოს თავის გადარჩენა მარტო „გაუმარჯოს“ ძახილით შორს ვერ წავალთ. თანამედროვე მსოფლიოში, როგორც ერთიან ეკონომიკურ სივრცესა და გლობალურ გარემოში, ქვეყნის აქტიური ჩართვა ყოველი ჩვენგანისგან შესაბამის აზროვნებასა და მოქმედებას, სადღეისოდ მიღებული და საერთაშორისო პრაქტიკით დამკვიდრებული წესების ცოდნას მოითხოვს. საჭიროა, დღევანდელი მოწინავე ერების გამოცდილების შესწავლა და ჩვენი ეროვნული ფსიქიკის მოდიფიკაცია, ანუ საკუთარი ეროვნული ხასიათისა და საქმიანი ურთიერთობის სტილის ჩამოყალიბება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ რეალურად გავითვალისწინოთ მთელი ქვეყნის ადამიანური და ბუნებრივი რესურსული პოტენციალი, რათა წარმოვაჩინოთ ქართველთა მრავალსახოვანი და საოცრად რთული ხასიათის ღირსეული ნიშან-თვისებები და ამავდროულად შევძლოთ დავიცვათ  ჩვენი თვითმყოფადობა.

სწორედ ამისთვის გვმართებს ამ მიმართულებით გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები, რომ ეს ყოველივე სახელმწიფო პოლიტიკის რანგში იყოს აყვანილი. საქართველოში, სადაც 200-ზე მეტი პოლიტიკური პარტიაა, არც ერთ მათგანს არ შეუძლია გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც  საზოგადოების თითოეულ  წევრს  შეგვიძლია.

ბუნებრივია, რომ თითოეულ ჩვენგანს გაგვაჩნია პოლიტიკური სიმპათია - ანტიპათია ამა თუ იმ პოლიტიკოსის მიმართ,  მაგრამ, თუ მათში ისევ ლიდერს ვეძებთ, მაშინ მშვიდი და აწყობილი, ცივილიზებული ხვალინდელი დღის იმედი არ უნდა გვქონდეს. უნდა ვეძებდეთ არა გმირს, რომელიც ჩვენს ნაცვლად იფიქრებს და ყველა პრობლემას მოგვიგვარებს, არამედ იდეებს, რომელთა გარშემო გაერთიანებას მოვახერხებთ და რომლებიც გამოგვადგება მყარ ორიენტირად მომავალში.

თავად ფაქტი, რომ ჩვენი სულიერი კრიზისი უკიდურეს ფაზაში შევიდა, გვაიძულებს თავი დავანებოთ უტოპიის სამყაროში ცხოვრებას, რომ ყველაფერი თავისთავად გამოსწორდება. შექმნილი ვითარება მოითხოვს მეტ დაფიქრებას.

ჩვენ ბევრს ვლაპარაკობთ და სრულიად სამართლიანადაც ერის ინტელექტუალურ პოტენციალზე, მაგრამ გვავიწყდება, რომ ეს ჩვენი სინამდვილისთვის უქმედითო გონებაა. დრო კი განსჯისკენ გვიბიძგებს.

უნდა მოვახერხოთ წარსულის გამოცდილების გათვალისწინებით საზოგადოებრივი აზრის შეჯერება, თუ როგორ  ჩამოვაყალიბოთ ქვეყანაში ერთიანი ეროვნული ცნობიერება. მესმის, რომ გათითოკაცებულთა გამთლიანება, მხოლოდ კეთილ ნებაზე არ არის დამოკიდებული, სურვილის გარდა ის პრაგმატიზმით უნდა  სუნთქავდეს, ამიტომ რა უნდა გაკეთდეს და როგორ  შეიძლება  შეთანხმების  მიღწევა  ჩვენს საზოგადოებაში?

დავიწყოთ იმით, რომ სტრუქტურულად ჩამოყალიბებული პოლიტიკური პარტიები ისეთი, როგორიც მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებშია უცხოა ჩვენთვის. უცვლელი ლიდერების, ერთი კაცის გარშემო შემოკრებილი პარტიული ორგანიზაციები კი მათ ხელთ არსებული რესურსით უძლურნი არიან შეცვალონ საქართველოში არსებული უგუნური მმართველობითი სისტემა, რომელიც დღეს და გუშინ არ შექმნილა და აგერ უკვე ორ ათეულ წელზე მეტია ქვეყნისთვის უბედურებად არის ქცეული. ფუჭი ოცნებაა იმედი იმის, რომ ეს ყველაფერი გამოსწორებადია. ერთი პოლიტიკური პარტიის შეცვლა მეორეთი, ან პერსონალიების გადაადგილებები ეს მხოლოდ დროის გასაყვანი თამაშია უწიგნური მასისთვის გათვლილი. სწორედ ეს გარემოება გვკარნახობს, რომ თავად პარტიულ - პოლიტიკური სისტემა საქართველოში დიდი კრიზისის წინაშე იმყოფება. ამიტომ ძლიერი კონსოლიდირებული პროქართული პოლიტიკური ძალის შესაქმნელად, გვრჩება მხოლოდ ერთადერთი გზა, დავაარსოთ თვისობრივად ახალი ტიპის პოლიტიკური ორგანიზაცია თვითორგანიზაციის გზით, რათა გავხადოთ სრულიად დამოუკიდებელი ვინმესგან და რაიმე გავლენებისგან. მის შექმნას კი ნამდვილად არ სჭირდება არც გრანტები და ფინანსები, რადგან განხორციელების შესაძლებლობას სოციალური ქსელებიც გვაძლევს. ამდენად, ის მხოლოდ ჩვენს კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. თავად ფაქტი, რომ, დღემდე არსებული პოლიტიკური ორგანიზაციებისგან განსხვავებით, პარტიის ლიდერი იქნება არა რომელიმე პიროვნება, არამედ კოლექტიური აზრით შეჯერებული რაციონალური თვალთახედვა, ეს  ქვეყანაში ძალიან ბევრ ადამიანს, ვისაც სჯერა საკუთარი თავის და არ ეშინიათ კონკურენციის დიდ ასპარეზს უქმნის. ამიტომ მივიჩნევ შესაძლებლად, რომ ასეთი ტიპის პარტიულ ორგანიზაციაში თავს მოიყრის საზოგადოების ინტელექტუალური ნაწილი და არა შემთხვევითი ადამიანები, რომლებიც პარტიულ დროშასთან ვინ უფრო ახლოს დგას, საჭირო კვალიფიკაციის არარსებობის მიუხედავადაც თანამდებობებს რომ ითხოვენ.   გავითვალისწინოთ ისიც, რომ პოლიტიკური მოძრაობის თითოეულ წევრს ექნება მოტივაცია თავისი ნიჭით და სიახლეების წყურვილით წარმოაჩინოს საკუთარი თავი, იყოს უკეთესი და არა ვინმეზე დამოკიდებული მსახური, რომლის მონდომებას და უნარებს შეაფასებს არა პარტიის ლიდერი, არამედ თავად ამომრჩეველი.

მთავარი კი ის იქნება, რომ ახალი პოლიტიკური მოძრაობის უმთავრესი საზრუნავი გახდება არა ჩვენი საზოგადოების დაქსაქსვა და დაპირისპირება, არამედ ქართველი ერის კონსოლიდირება საერთო მიზნისთვის - ქვეყნისთვის დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება და მისი აღორძინება, რაც წარმოუდგენილია ერთიანი კულტურის, ერთიანი ენის და ერთიანი სახელმწიფოებრივი თვითშეგნებით გაერთიანებული ხალხის, ანუ ნაციის არსებობის გარეშე.

უკანასკნელ ხანს ასპარეზზე, პოლიტიკური პარტიების მსგავსად ბევრი საზოგადოებრივი ჯგუფი გამოჩნდა, რომელთაც განსხვავებული ფასეულობები აქვთ. რა არის მათთვის უმთავრესი ფასეულობა?

ზოგისთვის, უმთავრესი ღირებულება საქართველოს “ოთხიათასწლოვანი” კულტურაა. ზოგისთვის - ენა, მამული, სარწმუნოება, რაც იმას გულისხმობს, რომ გენეტიკური მართლმადიდებლობა ჩვენი იდენტობის ნაწილია და მაშინ, არამართლმადიდებელი ქართველად ვერ ჩაითვლება. ზოგი ამბობს: „მე ვარ ქართველი, მასაშადამე, ვარ ევროპელი“; ზოგიც – „მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ კავკასიელი“ და ასე შემდეგ...

თუ კონსენსუსი ღირებულებით სისტემაზე შეთანხმებას გულისხმობს, საზოგადოებრივი ჯგუფები, ჩვენს ქვეყანაში სწორედ ამ ნიშნით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. აი რატომ არის, რომ საქართველოში საზოგადოება ვერაფერს წყვეტს.  მაშინ, როდესაც დასავლეთში უმთავრესი სწორედ შეთანხმება, ანუ  კონსენსუსია.

ამიტომ რა უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ  ეს პროცესი ჩვენთანაც დაიწყოს?

ქვეყნისთვის ტრაგედია ის კი არ არის თითოეულ ჩვენგანს მომავალში როგორ გვესახება საქართველოს ტერიტორიული ერთიანობის აღდგენა და აღორძინება: ევროკავშირთან, ევრაზიულ სივრცესთან, ჩინეთთან, თურქეთთან თუ ინდოეთთან, ტრაგედია ის არის, როცა ერთი აკვიატებული აზრის გარდა, დანარჩენ არსებულს მიუღებლად და ქვეყნისთვის უბედურებად მივიჩნევთ. 

დღეს, როდესაც ერი გახლეჩილია და თითოეულ ჩვენგანს გვაქვს მკვეთრად განსხვავებული შეხედულებანი, შეგვიძლია კი საერთო ნიადაგის მოსაძებნად ცივილურად და ლოგიკურად ველაპარაკოთ ერთმანეთს? თუ არის რაიმე იმედი, რომ ჩვენ ქართველებს შეგვიძლია ლანძღვა-გინების გარეშე ვისაუბროთ და ერთმანეთს ჩვენი პოზიცია ავუხნათ, რათა გონების კარნახით ჩვენი პოლიტიკა გავხადოთ პრაგმატული, შედეგზე ორიენტირებული და არა ამოჩემებული და ისიც ილუზორული. ამიტომ ის, რაც გაგვაერთიანებს გახლავთ, თუ შევთანხმდებით, რომ საქართველოს შეუძლებელია ჰყავდეს როგორც მარადიული მეგობრები, ისე მტრები, მისთვის მარადიული შეიძლება იყოს მხოლოდ ეროვნულ სახელმწიფოებრივი ინტერესები.

თუ ეს მისაღებია, მაშინ ღირს ურთიერთშორის საუბრები დიალოგის ფორმატით დავიწყოთ, ან გაგრძელდეს სხვაგავარად. ეგებ ვინმეს აქვს რაიმე იდეა ამის შესახებ?

ცხადია, რომ ასეთი ვითარებისთვის მნიშვნელოვანია მედიის როლი, ვინაიდან ჟურნალისტებს ყოველდღიური შეხება უწევთ მრავალრიცხოვან აუდიტორიასთან. მათ შეუძლიათ გააღვივონ ადამიანთა შორის სიყვარული, ერთმანეთის მოფრთხილების სურვილი და  ასევე  შეუძლიათ  გააღვივონ  სიძულვილიც.

ნუ დაგვავიწყდება, რომ ადამიანთა გაღიზიანებას ისიც იწვევს, როდესაც ხშირ შემთხვევაში დაკვეთის შედეგად შექმნილ საზოგადოებრივ აზრს დომინირებულს ვხდით, რაც იწვევს ადამიანთა პირად, ინდივიდუალურ მოსაზრებებზე გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, მის ნიველირებას და დაცინვას.

ამიტომ ვისურვებდით, რომ სატელევიზო ეთერი იყოს საგნობრივი და არა ყურებადი შოუ, რომელსაც უფრო მეტი აგრესია და დაპირისპირება შემოაქვს ჩვენს საზოგადოებაში.

აი, რატომ ვხდით ერის კონსოლიდაციაზე ზრუნვას ქართულ იდეად  და  ილიას  გზად.

არის კი ეს განსხორციელებლად შესაძლებელი?

არის. თუ, რა თქმა უნდა, მის აუცილებლობაში დავრწმუნდებით.

მაგრამ თუ ვერ დავრწმუნდით?

მაშინ ნუღარ ვიწუწუნებთ,  კეთილი ვინებოთ შევეგუოთ რეალობას და დავმორჩილდეთ ხვედრს, რომელსაც ჩვენი უპასუხისმგებლობით დავიმსახურებთ!