პარლამენტის შუამდგომლობა, სავარაუდოდ, არ დაკმაყოფილდება

პარლამენტის შუამდგომლობა, სავარაუდოდ, არ დაკმაყოფილდება

კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარლამენტის სარჩელი, ვარძელაშვილი-კოპალეიშვილის აცილების შესახებ, არ დაკმაყოფილდება. ამ ინფორმაციას აძლიერებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის გაცხადება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე პირად ურთიერთობებს გავლენა არ აქვს.

საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია პარლამენტის შუამდგომლობაზე მოსამართლეების აცილების საკითხზე ხვალ იმსჯელებს. პარლამენტმა შუამდგომლობით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, მოსარჩელე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის მიერ შეტანილი სარჩელების თაობაზე, მიმდინარე დავის ფარგლებში, ამ კოლეგიის თავმჯდომარის კონსტანტინე ვარძელაშვილისა და ამავე კოლეგიის წევრის მაია კოპალეიშვილის აცილებასთან დაკავშირებით.

პარლამენტი სარჩელში განმარტავს, რომ არსებობს გარემოებები, რომელიც ეჭვს იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული წევრების მიუკერძოებლობაში. კერძოდ, მათ აკავშირებთ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ახლობლური ურთიერთობა მოსარჩელე მხარის - შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2“-ის ამჟამად დროებით უფლებამოსილებაშეჩერებულ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასთან.

მოსამართლე ვარძელაშვილის მეუღლე ანა ჟვანია ნიკა გვარამიას განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის დროს იყო მისი პირველი მოადგილე, ხოლო მაია კოპალეიშვილი ნიკა გვარამიას მოადგილედ მუშაობდა იუსტიციის მინისტრის, ხოლო შემდგომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას.

რამდენად არის სარჩელში მოყვანილი ფაქტები საფუძველი იმისთვის, რომ მოსამართლის ობიექტურობაში ეჭვი იქნება შეტანილი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, მოსამართლე კონსტანტინე ვარძელაშვილი აცხადებს, რომ ამას სასამართლო შეისწავლის.

მისი თქმით, ვინაიდან დავის მონაწილე ერთ-ერთი მხარე, პარლამენტი სვამს კითხვებს, სასამართლო ვალდებულია ეს კითხვები შეისწავლოს და გასცეს პასუხები. ვაძელაშვილი ფაქტების საჯარო შეფასებისგან თავს იკავებს, თუმცა ადასტურებს, რომ მისი მეუღლე ნამდვილად მუშაობდა ნიკა გვარამიასთან ერთად.

„მან საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა სამინისტრო. რამდენად არის ეს საფუძველი იმისთვის, რომ მოსამართლის ობიექტურობაში იქნას შეტანილი ეჭვი, ამ საკითხს ცხადია, სასამართლო შეისწავლის. მოსამართლე ერთპიროვნულად არ იღებს ჩვენთან გადაწყვეტილებას. გადაწყვეტლებებს სასამართლო იღებს კოლეგიალურად და ამიტომ ეს საკითხი გახდება კოლეგიის შეფასების საგანი.

რადგან კითხვები არსებობს და რადგან ეს კითხვები გაუჩნდა დავის მონაწილე ერთ-ერთ მხარეს - პარლამენტს, ცხადია, სასამართლო ვალდებულია, შეისწავლოს ეს კითხვები და გასცეს პასუხი. ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ მას შემდეგ, რაც შუამდგომლობა შემოვა სასამართლოში“, - განაცხადა კონსტანტინე ვარძელაშვილმა.

პარლამენტის შუამდგომლობაში საკმაოდ დეტალურად იქნა განმარტებული, რომ ამ შემთხვევაში პარლამენტი არის მხარე სასამართლო პროცესში და ამიტომ, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პოზიცია ამა თუ იმ მოსამართლის მიკერძოება-მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს აღქმული, როგორც პარლამენტის პოზიცია სასამართლოსთან დაკავშირებით.

„ჩვენ ვართ მოპასუხე. შუამდგომლობაში მითითებულია ძალიან კონკრეტული გარემოებები - როგორ მოხდა საკითხის განხილვა, როგორ იყო ინფორმაცია ხელმიუწვდომელი ამ სარჩელთან დაკავშირებით, რა თანმიმდევრობით ხდებოდა საკითხების გარკვევა და ასე შემდეგ. ამიტომ ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. ყველას ვთხოვ, მოსამართლეებს, საზოგადოებას, საკითხს შევხედოთ ისე, როგორ არის.

დაისვა საკითხი, მას განიხილავენ თავად მოსამართლეები და თუ იგრძნობენ, რომ ამ გარემოების გამო მათ აქვთ გარკვეული უხერხულობა თუ დისკომფორტი, საქმეს აიცილებენ, თუ ამას არ იგრძნობენ, მაშინ იტყვიან, რომ ეს ასე არ არის. მინდა ყველას მივმართო, საბოლოო სიტყვის თქმა სასამართლოებს ვაცადოთ. მივცეთ ნება სასამართლოებს, ყველა ინსტანციას თავის სიტყვა თქვას ამა თუ იმ დისპუტის, კონფლიქტის გადაწყვეტაში“, - აცხადებს დავით უსუფაშვილი.

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების - კოლეგიის თავმჯდომარის კონსტანტინე ვარძელაშვილისა და ამავე კოლეგიის წევრის მაია კოპალეიშვილის აცილებას ითხოვას. მაია კოპალეიშვილი იყო ნიკა გვარმიას მოადგილე; 2005-2007 წელს მიხეილ სააკაშვილის კვოტით აირჩიეს უზენაესი სასამართლოს წევრად.

რაც შეეხება კონსტანტინე ვარძელაშვილს, იუსტიციის სამინიტროში 2004-2006 წლებში. 2004 წელს საქართველის იუსტიციის მინისტრი სწორედ ზურაბ ადეიშვილი იყო. 2004 წლის 17 თებერვალს ადეიშვილი ამ თანამდებობაზე გიორგი პაპუაშვილმა შეცვალა, რომელიც დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეა, რომლის მოადგილეც კონსტანტინე ვარძელაშვილია.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე პირად ურთიერთობებს გავლენა არ აქვს. მისივე თქმით, სასამართლო განიხილავს საკითხს, არის თუ არა საფუძველი მეუღლის გარკვეული წლების წინანდელი საქმიანობა ვიღაცასთან მოსამართლის აცილების საფუძველი.

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ არც ერთ მოსამართლზე გავლენა მის პირად ურთიერთობებს არ აქვს, მაგრამ სასამართლო ამას სერიოზულად აღიქვამს და განიხილავს. კერძოდ, კოლეგია განიხილავს საკითხს, არის თუ არა საფუძველი მეუღლის გარკვეული წლების წინანდელი საქმიანობა ვიღაცასთან ერთად მოსამართლის აცილების. აცილების პრეცედენტი სააპელაციო სასამართლოში ბოლო პერიოდში არ მომხდარა. საკითხი იყო დაყენებული, თუმცა სასამართლოს არ გაუზიარებია“, - აცხადებს გიორგი პაპუაშვილი.

იურისტი ლევან ალაფიშვილი აცხადებს, რომ აცილების არანაირი საფუძველი არ არის. მისი თქმით, შუამდგომლობის უფლება აქვს პარალმანეტს, მაგრამ რამდენად სერიოზული და საფუძვლიანი იქნება არგუმენტი, ეს არის მნიშვნელოვანი. ალაფიშვილის განცხადებით, ელოდება, რომ პარლამენტი, რომელიც წარმომადგენლობითი ორგანოა, უფრო სერიოზული იქნება თავის ქმედებებში და პოზიციებში.

„ეს მოლოდინი მაქვს იმიტომ, რომ ისინი ქმნიან კანონებს, ისინი მსჯელობენ მათ შორის აცილების საკითხებზე და დაცვის უფლებებზე. რიგითი მოქალაქე, რომელიც ასეთ უხერხულ მდგომარეობაში წარმოჩენილ კანომდებელს ნახავას, მერწმუნეთ, როგორც პარლამენტის, ასევე სასამართლოს მიმართ ნდობა ცოტა სხვაგვარად ჩამოუყალიბდება.

მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით, მხოლოდ ის, რომ ვინმეს სადმე უმუშავია, არ არის საკმარისი და სერიოზული საფუძველი აცილებისთვის. ის, რომ ვიღაცა ვიღაცის კადრია, ეს არის ჭორაობის ნაწილი. ამ არგუმენტით ხელისუფლება თავს იმართლებს. საკუთარი შეუსრულებელი ვალდებულების ნაცვლად, ცდილობენ ყურადღების სხვაგან გადატანას და ამით ვიღაცეების დემონიზაციას ახდენენ. რას ნიშნავს გავლენა აქვთ? თუ ვინმემ კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა, გამოიძიონ და გაუშვან სასამართლოში. მიმაჩნია, რომ არასერიოზულია როდესაც ხელისუფლება ასე საუბრობს“, - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.

განსხვავებულია იურისტის, როინ მიგრიაულის პოზიცია, რომლის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლო ფაქტობრივად მხარედ მოგვევლინა, როდესაც ფორსირებულად დაიწყო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სარჩელების წარმოებაში მიღება და დაკმაყოფილება.

„აშკარაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გახდა მხარე და როგორც ჩანს, იყო აცილების საფუძველი. ჩვეულებრივ სამოქალაქო სამართალწარმოებაში აცილების ერთ-ერთი საფუძველია მოსამართლის არაობიექტურობის მაჩვენებელი და ასევე ნათესაური დამოკიდებულება. როგორც ჩანს, საკონსტიტუიო სამართალწარმოებაშიც იგივე მუხლი მოქმედებს და ალბათ, არის რაღაცა გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მოსამართლის მიუკერძოებლობაში“, - ამბობს როინ მიგრიაული.