სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით, მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ საქმეზე, ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ, განჩინება 5 ნოემბერს გამოქვეყნა, რომლის მეხუთე მუხლის თანახმადაც, ტელეკომპანიის დროებით მმართველებად დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი დაინიშნენ. მეექვსე პუნქტში კი აღნიშნულია, რომ დვალმა და საყევარიშვილმა უფლებამოსილების განხორციელება განჩინების გამოქვეყნების დღესვე, ანუ 5 ნოემბრიდან უნდა დაიწყონ. მეშვიდე პუნქტით კი მოსამართლე ურთმელიძემ „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას უფლებამოსილება შეუჩერა.
„ნაციონალური მოძრაობის“, „რუსთავი 2“-ის და საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა მოსამართლის ეს გადაწყვეტილება ძალადობრივ და სამოქალაქო დაპირისპირებად შეაფასა და აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა კონსტიტუციური ნორმებიდან გაიყვანა.
პარტია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში სრული პოლიტიკური ისტერიაა, ძველ და ახალ ხელისუფლებას შორის ბრძოლის ინსტრუმენტად კი სასამართლო ხელისუფლება, ზოგადად, სასამართლო და საკონსტიტუციო ორგანო იქცა.
„ღამეული გადაწყვეტილებების მიღებამ მჭიდროდ მოიკიდა ფეხი ჩვენს იურიდიულ სივრცეში. როდესაც გიგი უგულავასთვის უნდა „გამოეცხო“ საკონსტიტუციო სასამართლოს საბრალდებო ნორმის უარმყოფელი გადაწყვეტილება, მათ ეს კარგად შეძლეს, განახორციელეს, ხოლო დღეის მდგომარეობით, ყველა ის ნორმა, რომელიც ხელს უშლის „რუსთავი 2“-ის, პირობითად ავიღოთ, კანონიერ მფლობელს, რომ გახდეს მფლობელი ტელევიზიისა, ყველა ნორმა არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი.
არავის დაბადებია პრეტენზია, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, გიორგი პაპაუაშვილს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯიბის მოსამართლე და პოლიტიკური გუნდის წევრია, რომ 2009 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ათი დღის ვადაში სამი მოსმენით მიღებული ის ნორმა, რომელიც კანონიერ ძალაში შესვლამდე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას შესაძლებლად მიიჩნევდა. ეს ფაქტი წლების განმავლობაში იგნორირებული იყო და ამაზე კომენტარი არ კეთდებოდა“, - აცხადებს ლორთქიფანიძე For.ge-სთან საუბარში.
როგორც დიმიტრი ლორთქიფანიძე განმარტავს, ქიბარ ხალვაშის იურისტებმა სამოქალაქო - საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის არსებობით აღმოაჩინეს შესაძლებლობა, რომ დაეშვათ აღსრულების უზრუნველყოფის ყველანაირი პირობა და მიმართეს სასამართლოს, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ დროებითი მენეჯემენტი შესულიყო განჩინების საფუძველზე „რუსთავი 2“-ში, ეს კი არხის მესვეურთათვის, „რუსთავი 2“-ის ადვოკატებისთვისაც და საზოგადოებისთვისაც, აბსოლუტური მოულოდნელობა აღმოჩნდა.
„ჩვენ ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ორი უზრუნველმყოფი ღონისძიება - ეს არის ძირითადი სარჩელის სასარჩელო მოთხოვნების უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ქიბარ ხალვაშის ადვოკატებმა მიმართეს სასამართლოს და რომლის ძალითაც ახლანდელ მფლობელებს დაუყადაღეს წილები და მეორე, უშუალოდ მას შემდეგ, რაც სასამართლო დასრულდა და სასამართლო გადაწყვეტილების შედეგად, აღსრულების უზრუნველყოფა უნდა ყოფილიყო განხორციელებული, მათ მიმართეს სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლს და რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი (ამის შესახებ ადვოკატ პაატა სალიასგანაც გაჟღერდა ინფორმაცია), „რუსთავი 2 „-ის მესვეურები დაუყოვნებლივ მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის დახმარებით, რათა მან უმოკლეს ვადებში, ახლა, უკვე, ეს ნორმა გააუქმოს და სცნოს ანტიკონსტიტუციურად აღსრულება მომავალში“, - აცხადებს პოლიტიკოსი და აღნიშნავს, რომ ეს არის სამართლებრივ-პოლიტიკური ბაქჰანალია, ჩვენ კი უკვე ვცხოვრობთ პოლიტიკური აბსურდის ქვეყანაში და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 11 თვით ადრე, თუ არ მოხდა სამართლებრივი საარჩევნო გარემოს გამოსწორება, რევოლუცია იქნება გარდაუვალი.
„დღეს, რუსთავი 2“-თან დაკავშირებული გარემოებები არ მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ რაღაც რევოლუციური გარემოა და ვიღაც უსამართლოდ იჩაგრება. ყველაფერი არის ბაქჰანალია, რომელსაც ჰყავს ორი ავტორი, ერთი მხრივ - „ნაციონალური მოძრაობა“, მეორე მხრივ - „ქართული ოცნება“, რომელმაც ვერ ამოსდო თავის დროზე ლაგამი „ნაციონალურ მოძრაობას“ და ეს პროცესები იქნა მიშვებული აი, ამ მდგომარეობამდე.
კიდევ ერთხელ მინდა დავუსვა კითხვა მათ, ვინც ამის შესახებ არ საუბრობს. სანამ „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუდგებოდა ეს პრობლემა, კარგად გაიხსენოს მან ტელეკომპანიები „იბერია“,“სტერეო ტვ“, „იმედი“, საინფორმაციო საგენტო „პრესა.გე“, ჟურნალი „აი ია“- ხუთი მედიასაშუალება და აგოს პასუხი, რა საფუძვლით მოხდა ამ ტელეკომპანიების და გამოცემების მიტაცება და შუაღამისას გადაფორმება. 2004 წლის ივნისის თვეში - აქიმიძის და დვალისგან „რუსთავი 2“-ის მიტაცება.
არ შემიძლია ჩემი შინაგანი კმაყოფილება არ გამოვხატო იმით, რომ „რუსთავი 2“ უბრუნდება თავის სამართლიან მფლობელებს“, - აღნიშნავს ლორთქიფანიძე.