„ურთმელიძის გადაწყვეტილება, ეს არის ევროპული ტიპის მოსამართლის გადაწყვეტილება“

„ურთმელიძის გადაწყვეტილება, ეს არის ევროპული ტიპის მოსამართლის გადაწყვეტილება“

მოსამართლე თამაზ ურთმელიძე განჩინებაში აღნიშნავს, რომ „რუსთავი 2“–ის დროებითი მმართველების დანიშვნა ემსახურება „რუსთავი 2“–ის საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებისთვის რეალური გარანტიების შექმნას. თუმცა, ასე არ ფიქრობს „ნაციონალური მოძრაობა“ და პარტიის წევრები თვლიან, რომ ურთმელიძის გადაწყვეტილება, ეს არის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება და ამ ნაბიჯით ივანიშვილი საკონსტიტუციო სივრციდან გადის.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მოსამართლეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შეჩერებული ნორმა არ გამოუყენებია. თეა წულუკიანის განცხადებით, ის რომ მოსამართლე ყოფილიყო და ასეთი გადაწყვეტილება მიეღო, მას აუცილებლად საჯაროობის პირობებში გამოიტანდა.

„მეორე მხარეს ეცოდინებოდა მაშინვე. რეესტრიდან არ უნდა გაეგო. ეს პროცედურული დარღვევა არ არის, მაგრამ იმ დიდი ინტერესიდან გამომდინარე, რაც ამ საქმის მიმართ არსებობს, უფრო მეტ გამჭვირვალობას უზრუნველვყოფდი, მე რომ ვყოფილიყავი, თუმცა მე არ ვიყავი მოსამართლე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. 

მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 4 ნომებრის განჩინების გარშემო განვითარებული მოვლენები იქნება ერთ–ერთი მთავარი საკითხი, რაზეც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე იმსჯელებენ, რომელსაც სავარაუდოდ მოსამართლე თამაზ ურთმელიძეც დაესწრება. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის განცხადებით, განჩინების იმ ნაწილში, სადაც ინფორმაციულად მიმდინარე სამართალწარმოების საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების კითხვები გაჩნდა, საზოგადოებას ინფორმაცია მიეცემა.

„შევეცდებით ჩვენ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია პროცესის ორგანიზაციული და სხვა მიმართულებების მხრივ, ასევე უზრუნველვყოთ მოსამართლის მაღალი ინდივიდუალური დამოუკიდებლობის მაღალი გარანტიები ამ პროცესში. განცხადების გაკეთების შემდეგ ბატონმა თამაზ ურთმელიძემ დააფიქსირა თავისი პოზიცია და ვიმედოვნებთ, რომ ის ორშაბათს იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე“, – განაცხადა ნინო გვენეტაძემ. 

ყოფილი მოსამართლე, პროფესორი, სამართლის დოქტორი თამარ ლალიაშვილი აცხადებს, რომ სამართლებრივად წინააღმდეგობაში არ მოდის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილება საკონსტიტუიციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, რადგან ურთმელიძის გადაწყვეტილება ეხება დროებითი მმართველის დანიშვნას, ხოლო საკონსტიტუციო გადაწყვეტილება ეხება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ ნორმის მოქმედებას, რომელიც შესაძლებლობას იძლეოდა გადაწყვეტილება მიცემულიყო დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

„მმართველობის დანიშვნა საერთოდ სხვა მიმართულებაა, აქ ხდება მხოლოდ პიროვნებების შეცვლა, რისი უფლება სასამართლოს ჰქონდა და ეს არანაირად წინააღმდეგობაში არ მოდის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან. სასამართლოს არ ეკრძალება ამ საკითხზე მსჯელობა.

მოსამართლის პოზიციიდან გეტყვით, რომ მეც გადაწყვეტილებას მივიღებდი კანონის საფუძველზე და იმ მტკიცებულებებიდან გამომდინარე, რაც საქმეში იარსებებდა. ვიმოქმედებდი იმ პრინციპით, რასაც საქართველოს კოდექსი და საერთაშორისო კონვენცია ითვალისწინებდა, რომლის შესრულების ვალდებულება ჩვენ ავიღეთ, როგორც სახელმწიფომ, რაც ამ შემთხვევაში გააკეთა თამაზ ურთმელიძემ“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას თამარ ლალიაშვილმა.

ადვოკატი როინ მიგრიაული აცხადება, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი უზრუნველყოფის ორ სახეს იცნობს – სარჩელის უზრუნველყოფის და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის. მისივე განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტი სამოქალაქო პროცესის 271–ე მუხლის სახით, თავიდანვე, აღნიშნული კოდექსის მიღებისთანავე არსებობდა, მაგრამ პრაქტიკაში აქამდე აქტიურად არ გამოიყენებოდა.

ამ ნორმის თანახმად, გადაწყვეტილება, ვიდრე დაუყოვნებლივ აღსრულებად არ არის გადაცემული, სასამართლომ შესაძლოა, უზრუნველყოს მისი აღსრულება და ამისათვის გარკვეულ ღონისძიებებს მიმართოს. მისი თქმით, ასეთი ღონისძიებების ჩამონათვალი აღნიშნულ ნორმაში მითითებული არ არის, მაგრამ ქართულ სამართალში არსებობს დროებითი მმართველის დანიშვნის რამდენიმე ინსტიტუტი.

რაც შეეხება დროებით მმართველობას, ადვოკატი აცხადებს, რომ ეს  უზრუნველყოფის ერთ–ერთი ღონისძიებაა იმისათვის, რომ საწარმოში არსებული ქონება შენარჩუნდეს და არ გაუფასურდეს იმ წილის ღირებულება, რაზეც მომავალში მოსარჩელეებმა შეიძლება საკუთრების უფლება მოიპოვონ.

„დროებითი მმართველის დანიშვნის აუცილებლობა კარგად არის გამოკვეთილი. გადაწყვეტილებაში იმ საფრთხეებზეა საუბარი, რაც შეიძლება მოვალის ქონებას შეექმნას. შესაძლოა, მენეჯმენტს ჰქონოდა მცდელობა, რომ კომპანია გადახდისუუნაროდ და წამგებიანად ექცია. ასევე, სწორად არის მოტანილი უცხოეთის ქვეყნის მაგალითები, ბევრი წყარო აქვს მითითებული.

ერთხელ ვთქვი და კიდევ ვიმეორებ, რომ ეს არ არის თამაზ ურთმელიძის, როგორც ქართველი მოსამართლის გადაწყვეტილება, ეს არის ევროპული ტიპის მოსამართლის გადაწყვეტილება, რომელიც დაფუძნებულია ევროპულ და ამერიკულ პრაქტიკაზე. ამ მუხლის გამოყენების აუცილებლობამ მეც დამაფიქრა. ვფიქრობ, რომ ამ მუხლის გამოყენებას ჩემს საადვოკატო პრაქტიკაშიც აქტიურად მივმართო“, – ამბობს for.ge–სთან საუბრისას როინ მიგრიაული.

მისივე თქმით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში არ მოდის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, რადგან ეს არის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც არ ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს მიღებულ გადაწყვეტილებას, რითაც შეაჩერა დაუყოვნებლივი აღსრულების კონკრეტული ნორმა.

საერთაშორისო სამართლის ექსპერტის, ლია მუხაშავრიას განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოება ვერ ერკვევა სამართლებრივ დეტალებაში, მიზანმიმართულად ხდება საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. მუხაშავრიას განცხადებით, მოსამართლე მოქმედებდა საპროცესო კოდექსის იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც მოსამარჩელემ წარადგინა მოთხოვნა.

„ეს განჩინება წინააღმდეგობაში არ მოდის საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებასთან. ძალიან მარტივია საკონსტიტუციომ შეაჩერა 268–ე მუხლი, საპელაციო სასამართლოს განჩინება მიღებულია 271–ე მუხლის საფუძველზე. ანუ, მუხლი, რომლის საფუძველზე ურთმელიძემ ეს განჩინება მიიღო, შეჩერებული არ არის, ძალაშია და მოქმედებს. ასე რომ, მიზანმმართულად ხდება საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

გვარამიას ძალიან კარგად ესმის სამართლებრივი ნიუანსები და ახლა, ალბათ, თითზე კბენა ხდება მის გუნდში, იმიტომ, რომ მათ გამორჩათ მთავარი დეტალი, რომ სამართალაში არსებობს ასეთი საფუძველი, რომელიც ამ შემთხვევაში გამოიყენა ქიბარ ხალავშის დაცვის მხარემ. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკმაოდ ფართოა. იურისტების საქმიანობის მთელი ინტერესი სწორედ იმაშია, მოიფიქრონ ის საფუძველი, რომელიც ხელს არ შეუშლის კანონიერად დაასაბუთონ მოთხოვნა და ამ მოთხოვნაში დაითანხმონ სასამართლო“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ლია მუხაშავრია.