სამზარეულოს ჭურჭელი, რომლის გამოყენებაც სიმსივნეს იწვევს

სამზარეულოს ჭურჭელი, რომლის გამოყენებაც სიმსივნეს იწვევს

„არ შეიძინოთ ნივთი, რომელიც სიმსივნეს იწვევს“,- სოციალურ ქსელ „ფეისბუკის“ ერთ-ერთი მომხმარებელი საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს და ამ ინფორმაციას ფოტოსაც ურთავს. იგი აცხადებს, რომ თბილისის ერთ-ერთ მაღაზიაში ჭურჭლის ყიდვა დააპირა, მაგრამ ჭურჭლის „გულახდილმა“ ეტიკეტმა შოკში ჩააგდო. ეტიკეტი ინგლისურ ენაზე აფრთხილებდა მომხმარებელს, რომ ეს ჭურჭელი „შეიძლება შეიცავდეს ისეთ ქიმიურ ნივთიერებას, რომელმაც კალიფორნიის შტატის ინფორმაციით, გამოიწვია სიმსივნე, მშობიარობის დეფექტები და სხვა მსგავსი ზიანი. დაიბანეთ ხელი მისი ხელში აღების შემდგომ“.

როგორც ჩანს, მაღაზიის პერსონალმა საეჭვო იარლიყი ვერ ააძრო აქსესუარს, თორემ, როგორც წესი, ჩვენს მაღაზიებში ერთგვარი მარკეტინგული ხრიკია, რომ უხარისხო ჩინური საქონელი ევროპულ ბრენდად გაასაღონ.

ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, ჭურჭელს ინგლისურად ეწერა- „MADE IN CHINA“.

„ეს მაღაზიაში გადავიღე, ვინც ინგლისური იცით, აუცილებლად წაიკითხეთ და მერე თქვენ გადაწყვიტეთ, უნდა შეიძინოთ ეს ნივთი თუ არა. სამზარეულოს აქსესუარებში უდევთ, მეც ვიფიქრე, 3-4 ცალს ვიყიდი სასალათედ-თქო. როდესაც წავიკითხე მისი შემადგენლობა, სასწრაფოდ სანიტარული სითხე წავისვი. სამწუხაროა, როდესაც მსგავსი ნაგავი გასაყიდად დევს, თან სამზარეულოს აქსესუარებში. ამ იარლიყის აცლის უფლება არ აქვთ, ვინც წაიკითხავს, არ გაეკარება, ვინც - არა კისერიც გიტეხიათო“, - აცხადებს „ფეისბუკის“ მომხმარებელი.

ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის, როცა მომხმარებელი ჩვენს მაღაზიებში გამოტანილი უხარისხო ნივთებითა და პროდუქციით უკმაყოფილოა. მაშინ, როცა „ქინდერ სიურპრიზის“ გაყიდვა ამერიკის სუპერმარკეტებში აკრძალულია. ამერიკის ჯანდაცვის სამინისტროსთვის კი არ არის მიღებული ისეთი პროდუქტის გაყიდვა ბავშვებისთვის, როდესაც საკვები და არასაკვები საგნები ერთად არის შეფუთული. გარდა ამისა, ბავშვების ჯანმრთელობას ზიანს აყენებს „ქინდერ სიურპრიზის“ ვარდისფერი ლორწოს შემადგენლობა. ეს პასტა ხორცის ნარჩენებისგან მზადდება, რომელსაც ადრე მხოლოდ ძაღლების საკვებად გამოიყენებდნენ. ხორცის ვარდისფერი ფერის მისაღებად მას ამიაკში ჟღინთავენ. ვარდისფერ ლორწოს ამერიკაში დღეს კატლეტებისა და სოსისების შემადგენლობაშიც აქტიურად იყენებენ. ევროპაში ეს პროდუქტი დიდი ხანია, აკრძალულია.

„სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ წარმომადგენელი ლია თოდუა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ევროკავშირის მოთხოვნათა მიხედვით, საქართველოს ჯერ კიდევ შარშან, სექტემბრიდან უნდა უზრუნველეყო პროდუქციის უსაფრთხოება, მათ შორის, უნდა ამოქმედებულიყო სამომხმარებლო ბაზრის ზედამხედველობის სამსახური. თუმცა მსგავსი არაფერი მომხდარა და უახლოეს პერიოდშიც დაგეგმილი არ არის. შესაბამისად, სურსათის გარდა, პრაქტიკულად, არც ერთი პროდუქტის უსაფრთხოებას არავინ აკონტროლებს.

ლია თოდუას თქმით, არსებობს ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექცია, რომელიც პერიოდულად, წელიწადში ერთხელ, ამოწმებს ლიფტებს, ესკალატორებს, შახტებს და ამით ამოიწურება მისი ფუნქცია. მეტი არაფრის უსაფრთხოება არ კონტროლდება დღეს საქართველოში, არც ჭურჭლის, არც საოჯახო ქიმიის, არც სათამაშოების, არც ბიჟუტერიის. ელემენტარულად, რითია შეღებილი ფეხსაცმელი ამ ტანსაცმელი, რომელსაც ჩვენ ვიცვამთ, არავინ იცის. ამდენად, საფრთხე შეიძლება ძალიან დიდი იყოს, მაგრამ შემმოწმებელი არავინაა.

რაც შეეხება ჩვენს მაღაზიებში გასაყიდად გამოტანილ უბრალო ჭურჭელს, ლია თოდუა აცხადებს, რომ, ერთი შეხედვით, უწყინარი ჭურჭელი შეიძლება მავნე ქიმიურ ელემენტებს შეიცავდეს, რომელიც კანში გადავიდეს.

„ფეისბუკის მომხმარებლის მიერ გადაღებული ფოტო მეც ვნახე და მის შეშფოთებას ვიზიარებ. სამზარეულოს ჭურჭლის წარწერა ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ლაპარაკია ნივთიერებებზე, რომელიც საყოველთაოდ აღიარებული კი არ არის, არამედ მხოლოდ კალიფორნიის შტატის ექსპერტები თვლიან მომწამვლელად. ეტყობა, რაღაც საკამათო ნივთიერებაა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, რაღაც ისეთია, რაც საეჭვოა და კანზე გადადის. „ქინდერ სიურპრიზთან“ დაკავშირებით კი გეტყვით, რომ საქართველოში ვერ ვიპოვე ისეთი ლაბორატორია, რომელიც გაზომავდა და შეამოწმებდა იმ პლასტმასებს, რისგანაც მზადდება სათამაშოები. სხვათა შორის, ევროკავშირი აქვეყნებს მონაცემთა ბაზას და შეგიძლიათ ნახოთ, რომ ყოველდღიურად ხდება ჩინური სხვადასხვა სათამაშოს გაბრუნება, მათში აღმოჩენილი საშიში პლასტმასების გამო. მინდოდა, იგივე სათამაშოები გადამემოწმებინა საქართველოში, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა. საშიშროება რეალურია, მაგრამ რამხელაა და რაში მდგომარეობს, ინფორმაცია არ მაქვს“, - აცხადებს ლია თოდუა.

ამასთან, მომხმარებელს ურჩევს, რომ ამა თუ იმ ნივთის შეძენისას, ყველაზე საიმედო- „EC“ ნიშანს მიაქციონ ყურადღება, რაც ევროკავშირის ხარისხის ნიშანია და ადასტურებს, რომ პროდუქცია ევროკავშირის ბაზრისთვის არის დამზადებული და, პრინციპში, იქ არ უნდა იყოს მავნე ნივთიერებები. თუმცა ესეც არ არის გამოსავალი, რადგან ზოგჯერ ეს წარწერაც გაყალბებულია. ხომ არ არის ერთგვარი დაცვის მექანიზმი პროდუქტის მაღალი ფასი, ლია თოდუა აცხადებს, რომ ასე ერთმნიშვნელოვნად ვერ ურჩევს მომხმარებელს, მაინცდამაინც ძვირიანი პროდუქცია იყიდეთ და იაფს არ გაეკაროთ, იქნებ, ძვირიანში მაინც არ აღმოჩნდეს მომწამვლავი ნივთიერებაო. რეალურად, საქართველოში გაყალბებულ პროდუქციას მიაქვს ბაზარი. ამიტომ არავინ იცის, რამდენად იქნება მაღალი ფასი სანდო მაჩვენებელი.