ადვოკატი პაატა სალია აცხადებს, რომ „რუსთავი 2“–ის მართვასა და საკუთრებასთან დაკავშირებით, არც ერთი ღონისძიება ღამის საათებში არ განხორციელებულა. მისივე თქმით, სასამართლოს ჰქონდა 24-საათიანი ვადა ემსჯელა და გამოეტანა გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება კი, მან 5 ნოემბერს 17:00 საათზე ჩაიბარა, ხოლო 18:45 წუთზე წარადგინა საჯარო რეესტრში. თავის მხრივ საჯარო რეესტრმა ცვლილება დაარეგისტრირა 6 ნოემბერს დილის 09:20 სთ–ზე.
რატომ კეთდება განცხადება ღამის საათებზე და როგორ უზრუნველყოფენ დროებითი მმართველების ტელევიზიაში შეყვანას? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge პაატა სალიას ესაუბრა.
აშშ–ის ელჩი აცხადებს, რომ შეშფოთებულია „რუსთავი 2“–ის მართვასა და საკუთრებასთან დაკავშირებით შუაღამეს განვითარებული მოვლენებით. როგორც ხედავთ ისევ აქტუალურია „ღამის საათებში“ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბარი...
პაატა სალია: ეს გადაწყვეტილება არ მიღებულა ღამის საათებში. გადაწყვეტილება მიღებულია იმ ვადებში, რომელიც გათვალისწინებულია საპროცესო კანონმდებლობით. 4 ნოემბერს 5 საათამდე მივმართეთ სასამართლოს განცხადებით. სასამართლოს ჰქონდა 24 საათი ვადა, რომ ემსჯელა და გამოეტანა გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება ჩავიბარეთ მეორე დღეს17:00 საათზე. ამის შემდეგ წავედით საჯარო რეესტრში და ზუსტად 18 საათსა და 45 წუთზე წარვადგინეთ საჯარო რეესტრში. ჩვენ ვიმოქმედეთ სამუშაო საათებში.
როგორ ფიქრობთ, რატომ კეთდება მოპასუხე მხარისგან განცხადება, რომ გადაწყვეტილება მიღებული იყო ღამის საათებში?
– ჩვენ არაერთი მცდელობა ვნახეთ ფაქტების არასწორი ინტერპრეტაციის და სიცრუის, სხვას ვერაფერს ვერ ვუწოდებ ამას. როგორც გითხარით, არანაირი მოქმედება ღამის საათებში არ განხორციელებულა. როგორც ჩანს, „რუსთავი 2“–მა ღამის საათებში ნახა საჯარო რეესტრში ატვირთული ეს გადაწყვეტილება და ღამით დაიწყეს აქტივობები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ, ისევე როგორც სასამართლოს, არანაირი მოქმედება ღამის საათებში არ განგვიხორციელებია. სასამართლომ იმ ვადაში მოგვცა პასუხი, რა ვადაში ვალდებული იყო გაეცა პასუხი.
ანუ, აშშ–ის ელჩის განცხადება „რუსთავი 2“–ის არასწორი ინტერპრეტაციის შედეგია?
– სავარაუდოდ, ეს ინფორმაცია მიაწოდა „რუსთავი 2“–მა. ფაქტია, რომ ყველაფერი ხდებოდა სამუშაო საათებში. როგორც უკვე აღვნიშნე, დაახლოებით 17:00 საათზე ჩავიბარე საქალაქო სასამართლოში ეს განჩინება, ამის შემდეგ წავედი საჯარო რეესტრში, სასამართლოდან საჯარო რეესტრამდე გზაში დამჭირდა დაახლოებით ნახევარი საათი, 18 საათსა და 45 წუთზე საჯარო რეესტრში წარვადგინე და დაჩქარებული წესით მოვითხოვე რეგისტრაცია, მაგრამ საჯარო რეესტრმა მხოლოდ მეორე დღეს 6 ნოემბერს 09:20 სთ–ზე დაარეგისტრირა ეს ცვლილება. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ხდება არასწორი ინფორმაციის მიწოდება დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის და ჩვენ ვაპირებთ განცხადების გავრცელებას ამასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება დროებით მმართველებს, ნიკა გავარამია ამბობს, რომ ის არ აპირებს ტელევიზიიდან გამოსვალას და დროებითი მმართველების შეშვებას. როგორ აპირებთ უზრუნველყოთ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება?
– სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა არის სისხლის სამართლის დანაშაული. შესაბამისად, ამაზე რეაგირება ვინც უნდა გააკეთოს, ეს თქვენ ძალიან კარგად იცით. ამ შემთხვევაში, მე არ ვარ უფლებამოსილი, რომ ჩავერიო დროებითი მმართველების საქმიანობაში და ვერც ქიბარ ხალვაში ვერ ჩაერევა ამ პროცესში. ისინი არიან დამოუკიდებელი მმართველები, რომლებიც ჩვენი წარდგინებით დანიშნა სასამართლომ. თუ ვინმეს არ მოსწოს სასამართლოს გადაწყვეტილება, შეუძლია 5 დღიან ვადაში გაასაჩივროს.
თუ თქვენ ვერ ან არ ჩაერევით, რა ფორმით მოხდება მმართველების შესვლა ტელეკომპანიაში, ამ შემთხვევაში რას ამბობს კანონი?
– სასამართლო განჩინება ამბობს, რომ დროებითმა მმართველებმა უნდა განახორციელონ თავიანთი მოქმედებები. ისინი ანგარიშვალდებული არ არიან ჩვენს წინაშე.
რაც შეეხება დროებითი მმართველების დანიშვნას, „რუსთავი 2“–ის მხარე ამბობს, რომ ქართულ სამართალში არ არის ნორმა, რომელიც აწესრიგებს დროებითი მმართველის დანიშვნას...
– ქართული სამართალი და კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის მე–20 მუხლი ამბობს, რომ სასამართლოს არ აქვს უფლება უარი განაცხადოს მართლმსაჯულების განხორციელებაზე იმ მოტივით, რომ კონკრეტული ნორმით არ არის დარეგულირებული სამართალურთიერთობა. იმ შემთხვევაში, თუ ნორმა არ არსებოს, ჩვენი კანონმდებლობა შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, რომ მონაწილეობა მიიღოს კანონშემოქმედებით პროცესში.
რაც შეეხება დროებით მმართველს, ასეთი ჩანაწერი საპროცესო კოდექსში არ არის, თუმცა არის ჩანაწერი, რომელიც ამბობს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, შეიძლება გამოყენებული იქნეს ნებისმიერი ღონისძიება და მათ შორის რამდენიმე ღონისძიება. ჩვენ არ მოგვითხოვია წილების გადაფორმება და დაუყოვნებლივი აღსრულება. ჩვენ მოვითხოვეთ, რომ დანიშნულიყვნენ დროებითი მმართველები, რომლებიც იზრუნებენ ტელეკომპანიაზე.
დავით უსუფაშვილი თვლის, რომ დაუშვებელია, გაგრძელდეს სასამართლოების ჩათრევა ბრძოლაში წესების გარეშე. დაუშვებელია, რაც არ უნდა დიად მიზნებს ემსახურებოდნენ, საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების მოსამართლეები მალულად (დიახ, მალულად, და არა ზეპირი მოსმენის გარეშე) იღებდნენ ისეთ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს, რომლებმაც შესაძლოა, ქვეყნის უახლოეს მომავალზე გადამწყვეტი გავლენა იქონიონ და თვლის, რომ დაუშვებელია, ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება წარიმართოს სააკაშვილ–ხალვაშის სცენარით. ფაქტია, რომ ამ სამართლებრივმა დავამ მიიღო პოლიტიკური სარჩული...
– გეთანხმებით. ამ დავის პოლიტიზირება მოხდა პირველივე დღიდან „რუსთავი 2“–ის წარმომადგენლების მხრიდან. თვლიდნენ, რომ ქიბარ ხალვაშის მიერ სასამართლოსთვის მიმართვა თავისი უფლებების დასაცავად, ეს არ იყო ხალვაშის უფლებების დაცვა და, რომ ეს იყო სახელმწიფოს დავალება, ბრჭყალებში ახენებდნენ ქიბარ ხალვაშს და აცხადებდნენ, რომ რეალურად, ეს იყო ბიძინა ივანიშვილი. სასამართლოზე დავაფიქსირეთ, რომ ეს დავა არ ეხება სიტყვის თავიუფლებას, ეს ეხება საკუთრების უფლებას, რომელიც ასევე დაცულია კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით. სწორედ ამ კონტექსტში განვიხილავდით ამ დავას.
მე ვარ ადვოკატი და ვიცავ ჩემი მარწმუნებლის ინტერესებს და მათ შორის მის ქონებრივ ინტერესებს. ჩემი ვალდებულებაა, რომ მაქსიმუმი გავაკეთო იმისათვის, რომ ჩემი კლიენტის უფლებები იყოს დაცული. ვიყენებ ყველა იმ ნორმას, რომლის გამოყენების შესაძლებლობა მეძლევა. თუ მოწინააღმდეგე მხარე თვლის, რომ ნებისმიერი ნორმა, რომელსაც მე ვიყენებ ყველა ანტიკონსტიტუციურია, ეს მათი უფლებაა, შეიტანონ საკონსტიტუციო სასამართლოში და იდავონ. პროცესი არ უნდა გასცდეს სამართლებრივ ჩარჩოებს და ამიტომ გვინდა, რომ დროებითმა მმართველებმა მშვიდ გარემოში იმუშაონ და მიეცეთ შესაძლებლობა განახორციელონ პროფესიული მოვალეობა.