„ჩვენი მიზანია ავარიდოთ პოლიტიკურ პროცესებს ტელეკომპანია და მისი ფუნქციონირება გაგრძელდეს ჩვეულ რეჟიმში“

„ჩვენი მიზანია ავარიდოთ პოლიტიკურ პროცესებს ტელეკომპანია და მისი ფუნქციონირება გაგრძელდეს ჩვეულ რეჟიმში“

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღასრულა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება, ტელეკომპანია რუსთავი 2“-ში დროებითი მმართველების დანიშვნის თაობაზე. შესაბამისად, დროებითი მმართველის უფლებამოსილებები და სასამართლოს განჩინებით დადგენილი შეზღუდვები სამეწარმეო რეესტრში აისახა.

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა ქიბარ ხალვაშის წარმომადგენლის პაატა სალიას განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იქნა შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია. სალიას განცხადებას თან ერთვოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინება, ამავე სასამართლოს მიერ 3 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ.

5 ნოემბრის განჩინების თანახმად, კომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მხარეთა ინტერესების დაცვისათვის, ასევე, დავის მიმდინარეობისას კომპანია „რუსთავი 2“-ის ფინანსებისა და ქონების შენარჩუნებისა და კომპანია „რუსთავი 2“-ის პროფილით ნორმალურად ფუნქციონირების გაგრძელების უზრუნველსაყოფად, მისი ხელმძღვანელობის, მართვისა და წარმომადგენლობის მიზნით, მოსამართლის გადაწყვეტილებით დანიშნულ იქნენ დროებითი მმართველები. ამავე განჩინებით, არხის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარმიას და ფინასურ დირექტორს კახა დამენიას დროებით შეუჩერდათ უფლებამოსილებები.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დროებით მმართველებად დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი დაინიშნენ. მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინებით დვალმა და საყევარიშვილმა უფლებამოსილების განხორციელება განჩინების გამოქვეყნების დღესვე უნდა დაიწყონ, ანუ 5 ნოემბრიდან. განჩინების თანახმად, თუ დროებითი მმართველები არ შეასრულებენ საწარმოს კეთილსინდისიერად მართვის მოვალეობას, ისინი საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ვალდებულებისათვის პასუხს აგებენ მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატის პაატა სალიას განცხადებით, საქალაქო სასამართლოს გუშინდელი განჩინებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების არანაირი დარღვევა არ მომხდარა და ვრცელდება არასწორი ინფორმაცია. როგორც სალია აცხადებს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დროებითი მმართველების დანიშვნის მოთხოვნით სასამართლოს 4 ნოემბერს მიმართეს. კერძოდ კი, იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ ტელეკომპანია იმართება მესამე პირებისგან, რომლებსაც არანაირი სამართლებრივი კავშირი არ აქვთ კომპანიასთან.

„დღევანდელი მენეჯმენტი იღებს დავალებებს იმ პირებისგან, რომლებსაც ამის უფლება არ აქვთ. სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი საფუძველი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის. ეს არ არის დაუყოვნებლივი აღსრულება. ამასთან დაკავშირებით ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, აშკარა მცდელობაა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის. ჩვენ სასამართლოსთვის არ მიგვიმართავს დაუყოვნებლივი აღსრულების მოთხოვნით, ჩვენ პატივს ვცემთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - აცხადებს სალია.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის ნაწილის მოქმედება, რომელიც კრძალავდა განსაკუთრებულ შემთხვევებში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, თუმცა სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კერძოდ 271-ე მუხლი ითვალისწინებს, რომ შესაძლებელია, მოხდეს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა.

პაატა სალიას განცხადებით, სწორედ ეს საპროცესო შესაძლებლობა გამოიყენა მისმა მხარემ, მიმართა სასამართლო იმისათვის, რომ მაქსიმალურად არიდებული იქნეს ტელეკომპანია იმ მოვლენებს, რომელიც იგეგემოდა და ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის.

„ჩვენი მიზანია, მინიმალურად იყოს ჩართული და ავარიდოთ პოლიტიკურ პროცესებს ტელეკომპანია და მისი ფუნქციონირება გაგრძელდეს ჩვეულ რეჟიმში. ეს ცვლილება რომელიც განხორციელდა, არანაირად არ ითვალისწინებს ჟურნალისტური საქმიანობის შეფერხებას. ჩვენ ამას პირველივე დღიდან ვაცხადებდით“, - განაცხადა პაატა სალიამ.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ქიბარ ხალვაშმა მისი წილის ნახევარი, „რუსთავი 2“-ს დამფუძნებლებს, დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს დაუთმო. როგორც ბიზნესმენმა განაცხადა, ტელეკომპანიის წილების დაბრუნებისათვის ბრძოლა, სამართლიანობის აღსადგენად დაიწყო. მისივე თქმით, მას სურს, რომ ტელეკომპანიის წილების მთლიანად დაბრუნების შემთხვევაში, სამართლიანობა მისი პირვანდელი მფლობელებისთვის, მისი დამაარსებლებისთვისაც აღდგეს.

„მინდა ყველა კითხვას გავცე პასუხი, როოგრი იქნება „რუსთავი 2“, როდესაც საბოლოოდ გადმოვა ჩვენს საკუთრებაში. დღეს ჩემთან ერთად არიან დვალი და აქიმიძე. პირველი დღიდან გამოვაცხადე, რომ ეს არის ჩემი ბრძოლა სამართლიანობის აღდგენისათვის. მინდა, რომ სამართლიანობა ყველა ადამიანისთვის აღდგეს, ვინც დაზარალდა სააკაშვილის რეჟიმის დროს. თუ სასამართლო საბოლოოდ დაადგენს, რომ ტელეკომპანია მე მეკუთვნის, დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს ვუთმობ ჩემი წილის ნახევარს. თვითონ დათო და ჯარჯი არიან ტელეკომაპნიის საწყისებიდან, მათი გაკეთებულია „რუსთავი 2“, - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

დავით დვალის განცხადებით, „რუსთავი 2“-ის მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა სამპუნქტიანი გეგმა, რომელიც არის არა დვალის და აქიმიძის მოთხოვნები, არამედ ერთობლივი შეთანხმება ქიბარ ხალვაშთან. მისივე თქმით, მათი ხედვა ტელევიზიის მომავალთან დაკავშირებით ემთხვევა ხალვაშის ხედვას, რაც აძლევს იმედს, რომ ამ თვალსაზრისით, არანაირი გაუგებრობები არ იქნება.

რაც შეეხება დროებით მმართველად დანიშვნას, როგორც დვალმა აღნიშნა, სხვა დროს, ალბათ, ამ წინადადებაზე უარს იტყოდა, სანამ ქიბარ ხალვაშის სასამართლო პროცესი ბოლომდე არ დასრულდებოდა, თუმცა ამ შემთხვევაში, დროებით მმართველობაზე დათანხმება გამოიწვია იმ ინფორმაციებმა, რაც გავრცელდა: „რამაც დაგვანახა, თუ რის წინაშეც ვდგავართ, მათ შორის, ფარულმა ჩანაწერებმა“.

რაც შეეხება სამ-პუნქტიან შეთანხმებას, ის ასე გამოიყურება: პირველი - ტელევიზია ემიჯნება ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, როგორც სახელისუფლოს ისე ოპოზიციურს, საკუთარ სარედაქციო საქმიანობას წარმართავს ზოგადსაკაცობრიო და დემოკრატიული ფასეულობების შესაბამისად, ჟურნალისტური ეთიკის პრინციპებზე დაყრდნობით.

მეორე - ტელევიზია არასოდეს გახდება მხარე პოლიტიკური ვითარებისას, იქნება ობიქტური და ექნება კრიტიკული საინფორმაციო პოლიტიკა. იქნება მნიშვნელოვნად წარმოდგენილი ანალიტიკური და საგამოძიებო ჟურნალისტიკა.

მესამე - ტელეკომპანია არ დაფინანსდება საბიუჯეტო სახსრებით, პარტიების შემოწირულობით და პოლიტიკური დაკვეთით. აქ არ იგულისხმება ფასიანი პოლიტიკური, წინასაარჩევნო რეკლამა. ტელეკომპანია იარსებებს მხოლოდ კომერციული შემოსავლებით და ეს იქნება სწორედ მისი დამოუკიდებლობის გარანტი.

სასამართლო განჩინების შესრულებას არ აპირებს „რუსთავი 2“-ის უფლება შეჩერებული გენერალური დირექტორი. ნიკა გვარამია ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას ისინი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. გვარამია ამბობს, რომ ტელეკომპანიის შენობის დატოვებას არ აპირებს და ის იცავს „რუსთავი 2“-ში მომუშავე ადამიანების უფლებას.

„დანიშნულია ორი ცენზორი და მათივე თანხმობით, ამ ორი სამარცხვინო ცენზორის სახელი და გვარია დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი. პირველი არის ამ კომპანიის წარუმატებელი მმართველი, რომლის დროსაც კომპანია იყო ღატაკი, რომლის დროსაც კომპანია შედიოდა სხვადასხვა პოლიტიკურ გარიგებებში ფულის სანაცვლოდ, მათ შორის კონკრეტულად ამ პირებისთვის გადახდილი ფულის სანაცვლოდ, მათ შორის ასლან აბაშიძესთან გარიგებაზეა საუბარი.

ეს პირველი, დავით დვალს ვგულისხმობ, როგორც აღმოჩნდა ფული აიღო ქეშად, ჩაიდინა დანაშაული ფულის გათეთრების სახით და ქიბარ ხალვაშიც უნდა დაიკითხოს ამაზე და დვალიც, თუმცა დღემდე ამტკიცებს, რომ არაფერი არ აუღია. რაც შეეხება რევაზ საყევარიშვილს, ის არის უკვე ციფრებით დადასტურებული მეორე წარუმატებელი კომპანიის წარუმატებელი მმართველი, რომელიც ერთ დროს მის მოსვლამდე იყო წარმატებული ტელეკომპანია და საკუთარი შემოსავლებით ცხოვრობდა“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.