სამსახურებრივი რომანი

სამსახურებრივი რომანი

რომანი და ფლირტი თანამშრომლებს შორის იყო, არის და ყოველთვის იქნება. როცა ადამიანის გვერდით დღეში რვა საათი მაინც ხარ, ან სიმპათია გაგიჩნდება მის მიმართ, ან დაუმეგობრდები, ან შეგიყვარდება. ეს ბუნებრივია, თუმცა, არა კანონზომიერი.

სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ „სამსახურებრივი რომანები“ უფრო აქტუალური ბიზნესსფეროს წარმომადგენლებშია, 18-დან 24 წლის ასაკში.

სოციოლოგებმა გამოარკვიეს, რომ ამ ტიპის ურთიერთობებს ნორმალურად მიიჩნევს საზოგადოების 15-20 პროცენტი – ძირითადად ისინი, ვისაც მსგავსი გამოცდილება აქვს. თუმცა, მათი უმრავლესობა იმაშია დარწმუნებული, რომ, როცა „სამსახურებრივი რომანი“ „ჰეფი ენდით“ არ მთავრდება, ისეთი უხერხული სიტუაცია იქმნება, რომ ერთ-ერთს სამსახურის დატოვება უწევს, რათა დაძაბულ სიტუაციას თავი გაარიდოს. ოფისში რომანტიკული ურთიერთობა ერთფეროვნების გახალისების მიზნით, არასდროს მთავრდება პოზიტივით, განსაკუთრებით, როცა წყვილებიდან ერთი ან ორივე დაოჯახებულია. ამ დროს, შესაძლოა, ისეთი „ხანძარი“ აგიზგიზდეს, მარტო იმ ორმა „დამნაშავემ“ კი არა, დანარჩენმა თანამშრომლებმაც მიიღონ მაღალი ხარისხის დამწვრობა.

ევროპაში უკვე ზრუნავენ იმაზე, რომ სამსახურებში ამ ტიპის ურთიერთობები შეზღუდონ, რადგან, დარწმუნდნენ, რომ ის ჯანსაღი სამუშაო ატმოსფეროს მტერია. თუმცა, როცა საქმე ჭეშმარიტ სიყვარულთან გვაქვს, მას ვეღარაფერი, ვერანაირი სოციალური კვლევა და აკრძალვა ვერ დაუდგება წინ. მთავარია, კეთილგონიერებისა და ზომიერების გრძნობამ არ გიღალატოთ.