კომპრომატების ომი გრძელდება. უკრაინული საიტი ამჯერად, სავარაუდოდ, დათა ახალაიასა და ადვოკატ რომეო საჯაიას სატელეფონო საუბარს აქვეყნებს. ამ ჩანაწერის მიხედვით, ახალაია და საჯაია ხალხის მობილიზებაზე საუბრობენ. საჯაია ეუბნება ახალაიას, რომ სამეგრელოში, ხობის გარდა, მობილიზებულია 400 ადამიანი, მათ შორის, მისი ოფისიდან. ასევე, საუბარია ვინმე ჭაკუას მიერ მობილიზებულ ადამიანებზე. საჯაია კი აღნიშნავს, რომ „იკას აქვს სია“ და „ნუგოს ხალხიც დაემატება“ და, რომ ხალხის ნაწილი „ამაღამვე, 50 ადამიანი მოდის“. საუბრის ჩანაწერის ნაწილი მეგრულ ენაზეა.
გახშირებული აუდიოჩანაწერების შესახებ For.ge პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.
სავარაუდოდ, ასეთი ჩანაწერები კიდევ გავრცელდება. არ გამოირიცხება, რომ ამ ჩანაწერების ჩაწერა-გავრცელებით თავად კრემლი იყოს დაინტერესებული. პარალელურად, იმის გამო, რომ სააკაშვილს დაპირისპირება აქვს დნეპროპეტროვსკის ყოფილ გუბერნატორ, მილიარდერ იგორ კოლომოისკისთან, შესაძლოა, მისი ხელიც ერიოს ამ საქმეში. მით უმეტეს, რომ კოლომოისკი „მკბენარა ძაღლს-ალიკაპის გარეშე“, ანუ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში გასტუმრებას უპირებს, სადაც „მის მიერ დაკბენილი ხალხის“ წინაშე პასუხი უნდა აგოს. სავარაუდოდ, საიდან უნდა ხდებოდეს ამ ჩანაწერების გავრცელება?
- ასეთი ჩანაწერებით დაინტერესებულია ყველა მხარე, მაგრამ თქვენს ჩამონათვალს აუცილებლად უნდა დაემატოს საქართველოს ხელისუფლება და, ასევე,- „ნაციონალური მოძრაობა“, მათ შორის, სააკაშვილიც. რა თქმა უნდა, ამ ჩანაწერების გავრცელება კიდევ გაგრძელდება, შესაძლოა, ჩანაწერებში „რუსთავი 2“-ის თემა ამოწურული იყოს, მაგრამ ჩანაწერები სხვა კონტექსტში აუცილებლად იქნება და, ალბათ, მთელი წლის განმავლობაში მოგვიწევს ამა თუ იმ პოლიტიკური ფიგურის თუ პარტიის შესახებ კომპრომატების მოსმენა. როგორც ჩანს, 2016 წლის არჩევნები კომპრომატების არჩევნები იქნება და არა პროგრამების, იდეოლოგიის ან ორიენტაციის არჩევნები. ამ არჩევნების საწყის ფაზას უკვე ასეთი პირი უჩანს. რატომ უნდა აწყობდეთ ნაციონალებს ამ ჩანაწერის გამომზიურება? - „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ამ ჩანაწერების გარკვეული ნაწილის გამოქვეყნება არის მცდელობა იმისა, რომ ქვეყანაში შექმნან არასტაბილური გარემო. ნაციონალებს პოლიტიკური გადარჩენისთვის ერთადერთი შანსი აქვთ, საქართველოს ხელისუფლება როგორმე წამოაგონ პროვოკაციაზე, აიძულონ, გამოიყენოს ძალისმიერი მეთოდები. რაც უფრო უხეშად გამოიყენებს ჩვენი ხელისუფლება ამ მეთოდებს, ნაციონალებისთვის ეს უფრო უკეთესი იქნება. მობილიზაცია და „რუსთავი 2“-ის ვითომდა დაცვის ეგიდით „ბოევიკების“ შეკრება უკვე ვერ ხერხდება, ეს უკვე გახდა საჯარო ინფორმაცია, ამიტომ ახლა იწყება მეორე ეტაპი - იქნებ, რამენაირად ნაცების მაღალჩინოსნების, პარტიული ლიდერების დაპატიმრებები მოჰყვეს ამ ჩანაწერების გამოქვეყნებას. თქვენ მშვენივრად ხვდებით, რა მოჰყვება ამას დასავლეთში და ეს შეიძლება გახდეს იმის მიზეზი, რომ ეს „ბოევიკები“ უკვე სხვა მიზეზით შეიკრიბონ. აი, ეს არის პრობლემა. საკმაოდ რთული საკითხია, მაგრამ არა- გადაუწყვეტადი, თუკი ხელისუფლება გაწონასწორებული იქნება და სამართლიანობასა და კანონს ისე დაიცავს, რომ არ გავიდეს კონსტიტუციის ფარგლებიდან. რაც შეიძლება ფრთხილად უნდა გააკეთონ გასაკეთებელი.
ასეთი ალიბი რომ ჩავარდნოდა სააკაშვილს, უთუოდ გამოიყენებდა ადამიანების დასაშანტაჟებლად. ფიქრობთ, რომ მოწოდებები კუნთმაგარი ბიჭების თაობაზე არ უნდა გამოიყენოს ხელისუფლებამ დასავლეთის რეაქციის შიშით? ასეთ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლება უსუსური ხომ არ გამოჩნდება საზოგადოების თვალში და ეს წამგებიანი ხომ არ იქნება არჩევნებისთვის?
- არ ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ ზომები არ უნდა მიიღოს, უბრალოდ, დაპატიმრებებმა მასობრივი ხასიათი არ უნდა მიიღოს და საჭიროა, წინასწარ მომზადდეს ნიადაგი გადაწყვეტილების მისაღებად, მათ შორის, უნდა მომზადდეს დასავლეთიც. მე მგონი, საჩქარო დღეს არაფერია. თუ შეიარაღებული გამოხტომები ან ტყეში გასვლები იქნება, რაც გვახსოვს, როგორ ხდებოდა ამ 25 წლის მანძილზე, ძალოვან სტრუქტურებს ამის აღსაკვეთად რეალური შესაძლებლობა აქვთ. მაგრამ ხელისუფლების ქმედებები და ძიება უმაღლეს დონეზე უნდა ჩატარდეს და ყველანაირი არგუმენტით გამაგრდეს. ამ ჩანაწერის საფუძველზე შეიძლება განმეორებით მოითხოვონ დათა ახალაიას ექსტრადირება, ხოლო ადვოკატ რომეო საჯარიას დაკითხვა უნდა მოხდეს. საქმის წარმოება უნდა დაიწყოს ყველგან, ოღონდ გადაწყვეტილებები აღკვეთის ღონისძიების თუ წინასწარი პატიმრობის შესახებ ძალზე ფრთხილად უნდა მიიღონ.
ისევ კოლომოისკის დავუბრუნდეთ. კულუარული ინფორმაციით, ნაცმოძრაობაში ფიქრობენ, რომ ჩანაწერების კვალი ქართულ სპეცსამსახურებს არ უნდა უკავშირდებოდეს და ქართველები ბოკერია-გვარამიას მოსმენის საქმეში უმწიკვლონი არიან. უბრალოდ, მოსმენები განხორციელდა თავად უკრაინაში და მიშას უსმენენ სწორედ კოლომოისკის დავალებით. ამ ფონზე რეაგირებას არ გამოხატავს პოროშენკო, რომელსაც ჩვენმა პრემიერმა უკვე მოსთხოვა რეაგირება.
- არ გამოვრიცხავ, მოსმენებს ახორციელებდეს არა მარტო კოლომოისკი, არამედ უკრაინული სხვა ძალებიც. ის, რომ პოროშენკო მას მფარველობს და სააკაშვილს გარკვეული პოლიტიკური თანამდებობები უჭირავს, არ ნიშნავს, რომ მას არ ჰყავს იქ პოლიტიკური მეტოქეები. რა თქმა უნდა, იმავე პოროშენკოს გუნდიდან ყველას არ ეხატება გულზე სააკაშვილი, აღარაფერს ვამბობ იაცენიუკსა და მის არმიაზე. ის, რომ სააკაშვილის ტელეფონი იქნებოდა მოსმენაზე, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც ის ოდესის გუბერნატორად დაინიშნა, ორი აზრი არ არსებობს. დანარჩენი, ტექნიკის საქმეა. ლაპარაკი, რომ პოროშენკომ მიიღოს მყისიერი გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, ჩვენ ვმეგობრობთ თუ არა უკრაინასთან, ასეთი გადაწყვეტილებები, სახელმწიფო დონეზე ძალიან ფრთხილად მიიღება. პოროშენკოს ახლა იმდენი პრობლემა აყრია თავზე, იმდენად რთულ ვითარებაშია, რომ მას, ალბათ, ერთი-ორი საათის გამოძებნაც უჭირს, რომ დაჯდეს და სააკაშვილის საკითხი განიხილოს, რაც მისთვის მეასეხარისხოვანია. ის, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა პოროშენკოს მიმართა, ეს აუცილებელი იყო. სხვათა შორის, ღარიბაშვილის შეფასება, ქინძებზე არ ვაკეთებ კომენტარსო, იყო ყველაზე ზუსტი შეფასება. თუ ხელისუფლება დაახლოებით ამავე სტილში, ანუ ირონიაში გააგრძელებს, კარგი იქნება. თორემ ამის ტრაგიკულ ფერებში წარმოჩენა არც ხელისუფლებისთვის და არც საზოგადოებისთვის არ არის მომგებიანი.
თუკი თქვენს ვერსიას გავიზიარებთ, რომ ამ ჩანაწერების გავრცელება თავად სააკაშვილს აწყობდა, შესაძლოა, ამითაც აიხსნას, თუ რატომ არ ფრთხილობდა ექსპრეზიდენტი. ამ შემთხვევაში, სააკაშვილმა, რომელიც ყველას უსმენდა და თავადაც უნდა სცოდნოდა მოსმენების შესახებ, შეგნებულად არ დაიცვა სიფრთხილის სტანდარტები და ნაცმოძრაობის წევრებიც უხერხულობაში განგებ ჩააგდო?
- იცით რა, თუ მოხერხდებოდა არეულობის ორგანიზება და „რუსთავი 2“-ის დაცვის ეგიდით ბარიკადები აიგებოდა, მაშინ უკვე მოასწრებდნენ და ამის მერე გამჟღავნებულ ჩანაწერებს ეფექტი აღარ ექნებოდა. ხოლო, თუ ეს გეგმა ჩაიშლებოდა, როგორც რეალურად მოხდა და გასკდა კიდეც ეს ამბავი, ამას ზუსტად ის უნდა მოჰყოლოდა, რასაც ჩვენი საზოგადოების მოუთმენელი ნაწილი ისურვებდა, ანუ ნაცმოძრაობის ლიდერთა სასწრაფო დაპატიმრება. მიშასთვის ესეც მომგებიანი აღმოჩნდებოდა. თორემ როდის იყო, რევოლუციებს ტელეფონით გეგმავდნენ? მით უმეტეს, სააკაშვილი, ბოკერია და გვარამია სატელეფონო მოსმენების მამამთავრები თუ არა, შემოქმედები მაინც იყვნენ. ამ ჩანაწერებში კი ხაზგასმით ლაპარაკია რევოლუციურ სცენარზე. გვარამიამ თქვა კიდეც, მე ხმა არ ამომიღიაო. რა თქმა უნდა, გვარამია მშვენივრად ხვდებოდა, რომ ის ფრაზები, რაც იქიდან მოდიოდა, შეიძლებოდა, მის წინააღმდეგ ყოფილიყო გამოყენებული. ამიტომ გვარამიას იმის თავი არ ჰქონდა, რომ ტელეფინი გაეთიშა, მაგრამ ჩუმად იყო, რომ მერე სათქმელად ჰქონოდა, მე ხმა არ ამომიღია და ვთქვი, მოვიფიქრებო. ანუ სააკაშვილი შეგნებულად ლაპარაკობდა რევოლუციაზეც და ბოევიკებზეც.
სააკაშვილისგან დისტანცირება ერთი წლის წინაც უნდოდა ნაცნოძრაობის გარკვეულ ნაწილს. უფრო მეტიც, პარტიის თავმჯდომარეობიდან მის გადაყენებაზეც იყო საუბარი. ხომ არ აჯობებდა, რომ ნაცმოძრაობას თავის დროზე სააკაშვილისგან მოეხდინა დისტანცირება? არის კი სააკაშვილი დღემდე მათთვის ტვირთი? თუ სწორია ვერსია, რომ სააკაშვილი მათთვის შეუცვლელია, რადგან ფული სწორედ მის ხელშია?
- დისტანცირება დღესაც შესაძლებელია, მაგრამ სააკაშვილისგან დისტანცირება ნაცმოძრაობას პოლიტიკურ ქულებს ვერ მოუტანს. ნაცმოძრაობა გახდა ჩაკეტილი სექტა, რომელსაც ამგვარი პოლიტიკით ზრდის რესურსი ნამდვილად არ აქვს. 2012 წლიდან მოყოლებული, ნაციონალებს რომ ცოტა რბილი, ჩუმი პოლიტიკა ეწარმოებინათ და თუნდაც წელიწადნახევრის განმავლობაში აგრესიაზე ეთქვათ უარი (რასაც პარლამენტში და პარლამენტს გარეთ აკეთებდნენ), მათ რომ მოსახლეობა დაერწმუნებინათ, რომ ისინი მართლა შეიცვალნენ და, ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, ისეთები აღარ იქნებიან, დღეს მართლაც ექნებოდათ საკმაოდ დიდი შანსი, ყოფილიყვნენ ოპოზიციის რეალური ლიდერები. მათ ეს არ გააკეთეს, მთელი სამი წელი ნაცმოძრაობა საქართველოს მოსახლეობას უმტკიცებდა, რომ ისინი არ შეცვლილან. უფრო მეტიც, გვიმტკიცებენ, თუკი მოვლენ ხელისუფლებაში, ყველაფერი უარესად იქნება და უფრო მკაცრად განგვსჯიან, უფრო მეტი იქნება ციხეში. ერთი წელი დარჩა არჩევნებამდე, 2016 წლისთვის მათ დიდი შედეგი არ ექნებათ, მაგრამ 2020 წლისთვის თუ ისევ პოლიტიკაში აპირებენ დარჩენას, ალბათ, ნაციონალების გარკვეული ნაწილი ნელ-ნელა დაიწყებს დისტანცირებას სააკაშვილისგან. თუმცა მათ უნდა იცოდნენ, რომ უნდა ეძებონ ფინანსური წყაროები. დანარჩენი ყველაფერი აქვთ- დასავლეთთან ურთიერთობა და სხვა, გარდა ფინანსებისა. ამიტომაც, როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერჯერობით ვერ ამბობს სააკაშვილზე უარს. ეს სექტა დაახლოებით, ალბათ, 5-10%-ს აიღებს არჩევნებზე, ხოლო შემდგომ მოახდენენ სააკაშვილისგან დისტანცირებას.