„მხოლოდ საუბრები და ფრაზები არ არის საკმარისი ბრალის წასაყენებლად“

„მხოლოდ საუბრები და ფრაზები არ არის საკმარისი ბრალის წასაყენებლად“

სანამ ე.წ. მოდულის შენობაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დაკითხვა მიმდინარეობდა, უკრაინული საიტმა uarevo.in.ua-მ მორიგი სკანდალური საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა. ამჯერად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შენობაში ე.წ. კუნთმაგარი ბიჭების მობილიზაციაზე კუდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი, დათა ახალაია და ადვოკატი რომეო საჯაია საუბრობენ. საუბრის ჩანაწერის ნაწილი მეგრულ ენაზეა.

ამ ჩანაწერის მიხედვით, ახალაია და საჯაია ხალხის მობილიზების შესახებ საუბრობენ. როგორც საჯაია ახალაიას ეუბნება, სამეგრელოში, ხობის გარდა, მობილიზებულია 400 ადამიანი, მათ შორის მისი ოფისიდან. ასევე საუბარია ვინმე ჭაკუას მიერ მობილიზებულ ხალხზე. ასევე, საჯაია აღნიშნავს, რომ „იკას აქვს სია“ და „ნუგოს ხალხი დაემატება“, მათ შორის არიან დანარჩენები.

„200 კაცი იყო მოსული, მოვარდნილი ჩვენთან. ესენი წავიდნენ „რუსთავის“ შენობისკენ, სადაც ასეთი ინფორმაციაა, რომ გადააცმევენ სპეცნაზელებს ან კუნთიანებს სამოქალაქო ფორმას, ვითომ ხალხი მიცვივდა, რომ პოლიცია არ შეუშვან. დღეს დავრეკე და აკომ მითხრა, წამოვიდნენო“, - აცხადებს ჩანაწერში რომელო საჯაია.

თითქმის ორსაათის განმავლობაში პასუხობდა გამოძიების კითხვებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ წიკლაური, რომელმსაც გამოძიების მიერ დასმულ შეკითხვებზე დეტალურად არ ისაუბრა, რადგან საქმეს, რომელზეც ძიება მიმდინარეობს, „გრიფით საიდუმლო“ ადევს. თუმცა, როგორც წიკლაურმა აღნიშნა, სრული აბსურდი იყო დასმული შეკითხვები.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილთან და სხვა ადამიანებთან „რუსთავი 2“-ის დაცვის ორგანიზებასთან დაკავშირებით არაერთხელ უსაუბრია. რაც შეეხება მისი და სააკაშვილის მონაწილეობით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს, წიკლაური აცხადებს, რომ მის ავთენტურობას ვერ დაადასტურებს.

„თუკი ამ საქმეზე ვინმე პასუხისგებაში მიეცემა, რუსულმა „ფე-ეს-ბე“-მ უნდა აღიაროს ჩადენილი დანაშაული ფარული ჩანაწერების გაკეთებასთან დაკავშირებით. თუმცა, რას გააკეთებს რუსული „ფე-ეს-ბე“, ეს ივანიშვილმა უკეთ იცის, ვიდრე მე.

რაც შეეხება საუბრის დროს სპეცრაზმელების ხსენებას, „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერია ყველა ფენის ადამიანი და არ არის გამორიცხული, რომ მათ შორის იყვნენ ისეთი პირები, რომლებიც ადრე ძალოვან უწყებებში მუშაობდნენ. თუმცა, კონკრეტულად ვინმეს ვინაობის დასახელება გამიჭირდება.

კიდევ ერთხელ საჯაროდ ვადასტურებ, რომ „რუსთავი 2“-ის დაცვაში აქტიურად ვმონაწილეობდი, რათა რუსი ოლიგარქისთვის არ მიმეცა თავისუფალი სიტყვის გაუქმების შესაძლებლობა. თუ მომავალში იქნება აქტიურობა საჭირო, პირველი ვიქნები, ვინც თავისუფალი პრესის დაცვაში მონაწილეობას მიიღებს“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

გამოძიების კითხვებისთვის მესამედ მოუწია პასუხის გაცემა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას. გამოძიებამ დაკითხა კობა ხაბაზი და გივი თარგამაძე. როგორც თარგამაძე ამბობს, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ღია ინტერვიუშიც ამბობდნენ, რომ „რუსთავი 2“-ს ფიზიკურად დაიცავდნენ.

„ასეთ თემებზე ლაპარაკი სულ იყო, რომ გადახედოთ ჩვენს ღია ინტერვიუებს, ვამბობდით, რომ ფიზიკურად ვართ მზად, დავიცვათ „რუსთავი 2“. ამიტომ, აქ პრობლემას ვერ ვხედავ. უფრო ვწუხვარ იმაზე, რომ მაშინ, როცა ქვეყანაში არის სწორედ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ფუნქციონირების მიმართულებით უამრავი საფრთხე და ბევრად დამძიმებულია სიტუაცია, ამ დეპარტამენტის ფეხზე დამყენებელი ოფიცერი ლევან ტაბიძე ციხეში ზის. მან და ამ სამსახურმა აღმოფხვრა თავის დროზე აგენტები, ხოლო კონტრდაზვერვაში ახლა მომღერალ ქალბატონებს კითხავენ. ეს არის პრობლემა და არა ის, რას ვიტყვი და რას - არა“, - ასე ფიქრობს გივი თარგამაძე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიებას აწარმოებს სსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად. გამომდინარე იქიდან, რომ საქმეს „საიდუმლო“ გრიფი ადევს, გამოიძიების დეტალები უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ დაკითხული არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, თუმცა, არც ერთ მათგანს ბრალი არ აქვს წაყენებული.

იურისტი ლევან ალაფიშვილი აცხადებს, რომ სამართლებრივად ეს ჩანაწერი საკმარისი არ არის ბრალის წასაყენებლად. რადგან მხოლოდ ამ საუბრებით არ დგინდება სახელმწიფო გადატრიალების და ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლის და ხელში ჩაგდების თუნდაც მცდელობა.

„ის მუხლი, რომლითაც აღძრულია საქმე და მისი დეფინიცია იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ პირთა მცირე ჯგუფი, როგორი საუბარიც არ უნდა მიმდინარეობდეს მათ შორის, რომელთაც არ აქვთ წვდომა რაიმე ძალადობის იარაღთან და შესაბამისად, ორგანიზებული არიან სწორედ ამ მიზნით, არ არის ის პირთა წრე, რომელიც შეიძლება მოიაზრებოდეს სახელმწიფო გადატრიალების მოსურნეთა რიგებში.

„მხოლოდ საუბრები და ფრაზები არ არის საკმარისი ბრალის წასაყენებლად და ეს რომ ასეა, თვითონ გამოძიების მწარმოებელმა ორგანომ თავისი ქმედებით დაადასტურა. ჩანაწერები რომ საკმარისი ყოფილიყო, გამოძიების მწარმოებელ ორგანოს ვერავინ დაასწრებდა კონკრეტული პირებისთვის ბრალის წაყენებას“, - აცხადებს ალაფიშვილი.

იურისტი ფიქრობს, რომ საგამოძიებო ორგანოსთვის იოლი არ იქნება კონკრეტული პირებისთვის ბრალის წაყენება, რადგან ჩანაწერები კანონშესაბამისობაში უნდა იყოს როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის კანონმდებლობით.

„ჩვენი კანონით ასეა განასაზღვრული, რომ ბრალის წასაყენებლად სახეზე უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული წესით მოპოვებული მტკიცებულებების ერთობლიობა. კანონიერი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს კონკრეტულ პირთა ორგანიზებული ჯგუფის ქმედებები“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლევან ალაფიშვილი.

საერთაშორისო სამართლის ექსპერტი, ლია მუხაშავრია ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე, არ შეიძლება ცალსახად ითქვას, რომ ამ პირების მიმართ უნდა დაიწყოს გამოძიება. მუხაშავრია ფიქრობს, რომ საგამოძიებო ორგანომ უნდა გააგრძელოს მუშაობა და მოიპოვის დამატებით სხვა მასალები, რომ მოხდეს ბრალის დასაბუთება.

„აუცილებილია, მოიპოვოს დამატებითი მტკიცებულება არის თუ არა ნამდვილად აქ შეთქმულება გადატრიალების მიზნით, რადგან ეს საუბრები არ არის ვიღაცა კერძო პირებს შორის, ლაპარაკია ხალზე, რომელთაც ამის კარგი გამოცდილება აქვთ, რაც მთავარია, აქვთ წვდომა და სერიოზული გავლენები იმ ადამიანებზე, რომელთა ხელთ არის დღეს სამხედრო ძალა. ამიტომ, ეს ყველაფერი ძალიან ფრთხილად და ყურადღებით უნდა გაკეთდეს“, - ამბობს ლია მუხაშავრია.

მისივე განცხადებით, საქმის სიმძიმიდან გამომდინარე გამოძიებამ გარკვეული სახის ინფორმაცია უნდა მიაწოდოს საზოგადოებას.

„მე ვერ ვხედავ ხელისუფლების მხრიდან ადექვატურ რეაქციას. ადექვატურში ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ კი არ უნდა ვმარჩიოელობდეთ არის თუ არა დანაშაულის ნიშნები, არამედ გამოძიება უნდა გევუბნებოდეს რას აკეთებს, ადგას თუ არა კვალს და წარუდგენს თუ არა კონკრეტულ პირებს ბრალს. რა თქმა უნდა, არ ვითხოვთ იმას, რომ გამოძიების საიდუმლო გაამჟღავნოს, მაგრამ სახელმწიფომ უნდა დაგვარწმუნოს, რომ ყველაფერს აკეთებს იმისათვის ქვეყანაში არ მოხდეს სახელმწიფო გადატრიალება.

ამ ჩანაწერიდან იკვეთება გარკვეული მომზადება, თავისთავად, ასეთი მძიმე დანაშაულის მომზადებაც დანაშაულია და დასჯადია. ნიშნები იმისა, რომ ეს ხალხი რაღაცა ავს აპირებს, სახეზეა, მაგრამ ეს ნიშნები არ არის საკმარი ვამტკიცოთ, რომ აუცილებლად სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებენ. ამიტომ, საჭიროა კიდევ მეტი ინფორმაცია და მუშაობა“, - აცხადებს for.ge-სთან ლია მუხაშავრია.